ტერორისტობიდან ბრაზილიის პრეზიდენტობამდე

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ახალ რეიტინგში ბრაზილიის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა, ერთი წლის განმავლობაში ერთბაშად 92 პუნქტით აიწია და 95-დან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. 2011 წლის 1-ელ იანვარს მან ძალაუფლება ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსისაგან, თავად პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა დე სილვასაგან გადაიბარა და ბრაზილიის პირველი არჩეული ქალი-პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე წლის წინ ცოტა თუ დაიჯერებდა, რომ ლულა თავის შემცვლელად სწორედ დილმა რუსეფს დაასახელებდა. იგი ყოველთვის უფრო ხისტი და კომპეტენტური ტექნოკრატი იყო და საჯარო პოლიტიკაში გამოცდილება არ გააჩნდა. რუსეფი, ქარიზმატული ლულასაგან განსხვავებით, კამერების წინ დღესაც შებოჭილია და ინტერვიუს მიცემისას მშრალი ფაქტებით საუბარს ამჯობინებს. "ძლიერი პიროვნება მაჩოს ხასიათით" - ასე ახასიათებს მას კულტურის ყოფილი მინისტრი, მუსიკოსი ჟილბერტუ ჟილი.

რუსეფის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლულას, რომელიც მხარს უჭერდა მას მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ამომრჩეველთა უმრავლესობამ სწორედ იმ იმედით მისცა რუსეფს ხმა, რომ იგი ლულას პოლიტიკას გააგრძელებდა. მისი პრეზიდენტობის რვაწლიან პერიოდში 20-მა მილიონმა ბრაზილიელმა ღარიბთა ფენიდან საშუალო კლასში გადაინაცვლა; ეკონომიკა რეკორდული ტემპით იზრდებოდა: 2003 - 2010 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3,8-ჯერ გაიზარდა. მაგრამ რუსეფს ლულასაგან მემკვიდრეობით არა მარტო ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი და რთული ეკონომიკა ერგო, არამედ არანაკლებ ჩახლართული და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემაც. ახალმა პრეზიდენტმა უკვე გამოიწვია მრავალი პოლიტიკური მოთამაშის უკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ სახელმწიფო თანამდებობების უმეტესობა დამოუკიდებელ სპეციალისტებს ჩააბარა, გარდა ამისა, ჩინოვნიკებსა და მათ პროექტებს დაფინანსება შეუკვეცა და ღია ბრძოლა წამოიწყო კორუფციის წინააღმდეგ. ივნისში, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა გახსნეს ფულის გადახდის არასამართლებრივი (ე.წ. რეგულარული "ოტკატების ")სქემა, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ტრანსპორტის მინისტრი და სამინისტროს რამდენიმე ათეული ჩინოვნიკი, ამავე პერიოდში დაატოვებინა თანამდებობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურსაც. აგვისტოში საბიუჯეტო თანხების დატაცების ბრალდებით დააპატიმრეს ტურიზმის სამინისტროს 30 თანამშრომელი. რუსეფს სერიოზულ შიდაპოლიტიკურ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ, თუ ჩინოვნიკებთან კომპრომისზე არ წავა და უკვე დადგენილი, ჩვეული წესების შეცვლის მცდელობას თავს არ დაანებებს. თუმცა მისი ნებისყოფის გატეხა ძალიან ძნელია: მან, როგორც მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, წრთობა ციხეში გაიარა.

დილმა რუსეფი დაიბადა 1947 წელს ბულგარელი ემიგრანტის, პეტრე რუსევის, მატერიალურადუზრუნველყოფილ ოჯახში, რომელმაც ბრაზილიაში საკმაოდ წარმატებული ბიზნესი შექმნა. ბავშვობაში იგი კათოლიკურ სკოლაში დადიოდა, სადაც აღმზრდელი მონაზვნები გოგონებთან მხოლოდ ფრანგულად საუბრობდნენ; სწავლობდა მუსიკას და ბალერინობაზე ოცნებობდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი 1947 წელს შეიცვალა, როდესაც ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა: პრეზიდენტი ჟუან გულარტი, რომელიც ბრაზილიის მუშათა მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი იყო, თანამდებობიდან გადააყენეს და არმიამ მმართველობის სადავეები სამხედრო მთავრობას გადასცა. " მე მაშინვემივხვდი, რომ ამქვეყნად დებიუტანტების ადგილი არ არის", - იხსენებს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეფი. ამ წელს მან სწავლა დაიწყო უნივერსიტეტში და გაწევრიანდა მემარცხენე სტუდენტურ ორგანიზაცია "მუშურ პოლიტიკაში". ორგანიზაციის ორ ფრთად დაშლის შემდეგ რუსეფი შეუერთდა მის რადიკალურ ნაწილს - "გათავისუფლების ნაციონალურ გუნდს", რომელიც შეიარაღებული ბრძოლის მომხრე იყო. იმ პერიოდის ფოტოებზე იგი იატაკქვეშელს უფრო წააგავს, ვიდრე კარგი ოჯახიდან გამოსულ ქალიშვილს: მოკლედ შეჭრილი ხვეული თმა, კუბოკრული პერანგი, სქელმინიანი, კუსბაკნისჩარჩოიანი სათვალე (მისი თქმით, იმ დროს მას მიოპიის გართულებული ფორმა ჰქონდა - მინუს 10-მდე). როგორც მისი ყოფილი თანამებრძოლები იხსენებენ, გაბედული და მტკიცე რუსეფი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, გამომძიებლები მას ჟანა დარკს ეძახდნენ.

1969 წელს, "გათავისუფლების ნაციონალური გუნდიდან " წარმოიქმნა ახალი რადიკალური ორგანიზაცია "შეიარაღებული რევოლუციური ავანგარდი პალმერასი". პარტიზანული ომის - გერილიას - მემარცხენე ფრთამ ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე უცხოელი ელჩის მოტაცებას, რათა შემდგომ ისინი პოლიტპატიმრებზე გაეცვალათ. დილმა რუსეფს, მისი თქმით, იარაღი ხელში არ აუღია, იგი პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ფინანსებზე, მონაწილეობას იღებდა იატაკქვეშა ბინების ორგანიზებასა და აქციების დაგეგმვაში - მათ შორისაა სან -პაულუში მცხოვრები ერთ-ერთი გავლენიანი ბრაზილიელი პოლიტიკოსის ვილის გაქურდვა, საიდანაც პარტიზანებმა მოიპარეს სეიფი მრავალმილიონიანი შიგთავსით. 1970 წელს რუსეფი დააპატიმრეს, ციხეში მას სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ. მისი იმდროინდელი მეგობარი, პოეტი და მხატვარი ნეუზა ლადეირა, რომელიც ასევე დაპატიმრებული იყო, იხსენებს: „ციხის შემდეგ დიდი სიცარიელე ვიგრძენით. ჩვენი ოცნება გაქრა და მისი ადგილი პრაგმატიზმმა დაიკავა. ყველა თავის გზას დაადგა".

გამხდარი და ავადმყოფი დილმა რუსეფი ციხიდან 1972 წლის მიწურულს გამოვიდა. გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლა განაგრძო - ამჯერად ბრაზილიის სამხრეთში, შტატ რიუ-გრანდე-დუ-სულში. აქ სასჯელს იხდიდა მისი მეორე ქმარი, კარლოს არაუჟო, რომელიც ასევე რევოლუციური იატაკქვეშეთის ერთ-ერთი წევრი იყო. იგი 1973 წელს გათავისუფლდა, 1976 -ში კი მათ ქალიშვილი შეეძინათ. კიდევ ერთი წლის შემდეგ რუსეფმა აიღო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, ეკონომიკის განხრით. პირველი სამუშაო მან თავისი რევოლუციური წარსულის გამო დაკარგა და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. შემდგომში, თავის რეზიუმეში, იგი ამტკიცებდა, რომ მაგისტრის დიპლომი მიიღო, თუმცა ტყუილი მხოლოდ 2009 წელს გამჟღავნდა, როდესაც ამის შესახებ ბრაზილიურმა ჟურნალმა " პიაუიმ " დაწერა. რუსეფმა აღიარა, რომ დოკუმენტში " შეცდომა იყო დაშვებული", თუმცა დეტალების დაზუსტებას თავი აარიდა. 1980-იან წლებში საკანდიდატო შრომაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ისიც არ დაასრულა. მან განაახლა კავშირები მემარცხენე ორგანიზაციებთან, მაგრამ ამჯერად ლეგალურად მოქმედებდა და „მუშათა დემოკრატიული პარტიის" მრჩეველი გახდა.

1980-იან წლებში ბრაზილიაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. 1985 წელს, დემონსტრაციებისა და პროტესტის სერიების შემდეგ, სამხედროებმა დათმეს ძალაუფლება და პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. 1988 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც ბრაზილიელებს ძირითადი სამოქალაქო თავისუფლებები დაუბრუნა. 1985 წელს „მუშათა დემოკრატიული პარტიამ" მოიგო პირველი პირდაპირი არჩევნები შტატ რიუ-გრანდე-დუ-სულის დედაქალაქ პორტუ-ალეგრიში. დილმა რუსეფს ქალაქის ადმინისტრაციაში შესთავაზეს სამსახურისადაც ბიუჯეტის დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი. აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა: 1993 წელს იგი შტატის ენერგეტიკის მინისტრი და შესამჩნევი პოლიტიკური ფიგურა გახდა. ენერგიის დეფიციტის ასაცილებლად, მან ახალი ელექტროსადგურები ააგო, 1000 კმ ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანა და მოახერხა შტატის მოსახლეობის დარწმუნება ესწავლათ ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება. ყოველივე ამის შედეგად, 2002 წელს ბრაზილიაში მომხდარი რამდენიმე სერიოზული სისტემური ავარიის ფონზე, რიუ-გრანდე-დუ-სული აღმოჩნდა იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორის, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხებულა.

სწორედ ამ დროს დაინტერესდა რუსეფით მომავალი პრეზიდენტი ლულა დე სილვა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა, 2005 წელს კი - თავისი ადმინისტრაციის მეთაურად. მთელი ამ ხნის მანძილზე ის, ფაქტობრივად, ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 2007 წელს ბრაზილიაში ნავთობის მსხვილი შელფური საბადოები აღმოაჩენეს, მათი ათვისების მოდელს ამუშავებდა, რომელშიც ძირეული როლი მიჩენილი ჰქონდა ნახევრადსახელმწიფო კონცერნ Petrobras-ს. 2003 წლიდან მოყოლებული, შვიდი წლის განმავლობაში რუსეფი Petrobras -ის დირექტორთა საბჭოს შეუცვლელი თავმჯდომარე იყო და ის მხოლოდ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას დატოვა.

არჩევნებისათვის მზადების პერიოდი მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა: 2009 წელს ლიმფური სისტემის კიბო გადაიტანა და გამოჯანმრთელების შემდეგ, როდესაც ქიმიოთერაპიის შედეგად გაცვენილი თმა კვლავ გაეზარდა, სახალხოდ მოიხსნა პარიკი. გამარჯვების მისაღწევად მან სრულიად შეიცვალა იმიჯი: რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სათვალე მოიხსნა. „აქ მე ერთადერთი ქალი ვარ,- სუსტი მამაკაცებით გარშემორტყმული ძლიერი ქალი", - თქვა მან 2005 წელს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან დაჟინებით მოითხოვა მინისტრის ცხრა პორტფელის ქალებისათვის ჩაბარება, ივლისში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური გლეიზი ჰოფმანი გახდა. როგორც ჩანს, დილმა რუსეფმა გადაწყვიტა ბრაზილიის პოლიტიკაში ქალების ახალი თაობა მოიყვანოს.

 

წინა სტატია

რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?
28 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

ხართ თუ არა დაბადებული იმისთვის, რომ იყოთ მილიარდერი?
29 დეკემბერი, 2011
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა