ტრილიონობით შესაძლებლობა

ტრილიონობით შესაძლებლობა

ჯესიკა რიჩმენს ესაუბრა რიჩ კარლგაარდი, Forbes-ის კონტრიბუტორ-რედაქტორი და გლობალური ფუტურისტი.

ჯესიკა რიჩმენის სასინჯი აღჭურვილობა გეხმარებათ, მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს ჯანმრთელობას: ის თქვენს სხეულში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს აანალიზებს. 

რა არის მიკრობიომები და რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი?

ეს ჩვენს სხეულში მცხოვრები ტრილიონობით მიკროორგანიზმია: ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები. ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, დღეს კი, დნმ-ის მსგავსად, მიკრობიომების სეკვენირებაც შეგვიძლია. 

იმიტომ რომ, სეკვენირების ხარჯები ეცემა?

დიახ. და ჩემი კომპანია, uBiome-ი, პირველი იყო, ვინც საზოგადოებისთვის მიკრობიომების სეკვენირების კომერციალიზაცია დაიწყო. 

რა პროდუქტებს სთავაზობთ დღეს მომხმარებელს?

ერთ-ერთია სასინჯი აღჭურვილობა, რომელიც სახლის პირობებში გამოიყენება და გაძლევს მონაცემებს, თუ როგორ მოქმედებს შენი დიეტა შენს ჯანმრთელობაზე. დანარჩენი ორი სინჯი ექიმების შეკვეთით მზადდება, ერთი ისეთ პრობლემებს ამოწმებს, როგორიც კრონის დაავადებაა, მეორე კი სქესობრივად გადამდებ დაავადებებს. 

“რაოდენობრივი მე”-ს კონცეფცია მთელ თქვენს ცხოვრებას ფონად გასდევს. მაშინაც კი, როცა პროფესიონალი ბოდიბილდერი იყავით.

ბოდიბილდინგის ერთ-ერთი თვალში საცემი უპირატესობა ისაა, რომ ზუსტად შეგიძლია, იცოდე, რამდენად ძლიერი ხარ. 

როგორ მოიზიდა uBiome-მა ფული?

კრაუდფანდინგით. ათ კვირაში $350,000 დავაგროვეთ. 

არ იყო კრაუდფანდინგი სარისკო იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, კომპანია ერთგვარად არასერიოზულად აღქმულიყო მეცნიერების ძალიან სერიოზულ სამყაროში?

მილიონობით ადამიანს, ვინც არ არის მეცნიერი, სურს მეცნიერებაში მონაწილეობა. მე ამას “სამოქალაქო მეცნიერებას” ვუწოდებ. მეცნიერება, თავისთავად, შეზღუდვებიანი დარგია. 

რას გულისხმობთ შეზღუდვებში?

თუ არ გაქვს დოქტორის ხარისხი ან არ მუშაობ აკადემიასა თუ კვლევით ინსტიტუტებში, არ ხარ “მეცნიერი”. ეს სულელური მოსაზრებაა. მილიონობით მოყვარულ მეცნიერს შეუძლია სამეცნიერო საქმიანობა, თუ მათ მონაცემებზე წვდომას მისცემ. 

$22 მილიონი ტრადიციული ვენჩურ-კაპიტალის ფირმებისგან, მათ შორის, Andreessen Horowitz-ისგან, გაქვთ მოზიდული. რას ფიქრობთ მარკ ანდრისენის წინასწარმეტყველებაზე, რომ ღია წყაროზე დაფუძნებული ჯანდაცვა გვექნება, ისევე როგორც ღია წყაროზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა გვაქვს?

ის მართალია. თუმცა, მონაცემთა კონფიდენციალობის გათვალისწინებით, ჯანდაცვაში ეს საქმე უფრო მეტ სიფაქიზეს მოითხოვს. 

მიგაჩნიათ, რომ კონფიდენციალობაზე ჭმუნვა უფრო თაობის სენია? ახალგაზრდა მომხმარებლები თითქოს უფრო მზად არიან, კარგი, დაბალხარჯიანი პროდუქტის სანაცვლოდ, უარი თქვან ანონიმურობაზე.

ნაწილობრივ, თაობის სენია. თუმცა ზოგიერთ კლიენტს იმიტომ უნდა Bitcoin-ით გადახდა, რომ ანონიმური დარჩეს. 

რა არის uBiome-ის შემდეგი ნაბიჯი?

საინტერესო კორელაციები არსებობს ნაწლავისა და ღრძილის მიკრობიომებსა და ზოგად ჯანმრთელობას შორის; რთულად განსაკურნ ჯანმრთელობის მდგომარეობებს, მაგალითად, ლაიმის დაავადებას და ქრონიკულ დაღლილობას ვგულისხმობ. ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც კი. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *