ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტზე დატოვა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი 7 პროცენტზე დატოვა. განაკვეთის მთავარი სამიზნე ინფლაციის დონეა. ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გავლენა აქვს ფასების დონეზე.
აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) ირგვლივ იმერყევებს. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვა. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული მონეატარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.