ბუნების ფასი

სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, სუფთა ნიადაგი - ასეთია RMG ჯგუფის მიერ დასახული მიზანი, რომლის მისაღწევადაც კომპანიას 2020 წლამდე პერიოდი აქვს განსაზღვრული. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით სამთო-მოპოვებითმა კომპანიამ 30 მილიონი ლარი გამოყო.

RMG ჯგუფმა 2014 წელს სამართავად გარემოსთან 40-წლიანი ურთიერთობის გამოცდილების მქონე საწარმო ჩაიბარა. ეს გამოცდილება კი არცთუ იშვიათ შემთხვევაში გარემოზე მავნე ზემოქმედებას გულისხმობდა. კომპანიაში აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ, თუმცა ახალი სამოქმედო სტრატეგიის მიხედვით, სამთო-მოპოვებითი ბიზნესი სრულად ახალ რელსებზე გადასვლას აპირებს. დაგეგმილი ღონისძიებებიდან, რომლებიც მრავალია, ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეებზე გამწმენდი ნაგებობების დამონტაჟებას, სპეციალური დანადგარებით მტვერთან ბრძოლასა და ნარჩენების უსაფრთხო მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები დაინტერესებული პირებისთვის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

RMG ჯგუფის ახალი სტრატეგიის შესახებ კომპანიის დირექტორს გარემოს დაცვის საკითხებში, მიხეილ კვარაცხელიას ვესაუბრეთ.

ბატონო მიხეილ, გარემოსდაცვითი საკითხები საკმაოდ პრობლემურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვისაც. იქნებ რამდენიმე სიტყვით გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება გლობალურ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით?

გარემოს დაცვის საკითხები მსოფლიოში გასული საუკუნის ბოლოდან ძალიან მწვავედ დგას. ადამიანის ზემოქმედება და ინდუსტრიული ზრდა, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, ძალიან დიდ ტვირთად დააწვა გარემოს, რაც, მაგალითად, გლობალური დათბობის კუთხით გამოიხატა. კლიმატის ცვლილება დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდა.თუმცა დიდი ხანია, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამის გამოსასწორებლად საჭირო იყო ქმედითი ზომების მიღება, რაც აისახა რიგ საერთაშორისო კონვენციებსა და ქვეყნების შიგნით ახალი კანონმდებლობის შექმნასა და მათ გამკაცრებაში. საქართველოს, როგორც აღნიშნული კონვენციების მონაწილე ქვეყანას, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მხარეს, პირველ რიგში ევალება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შეცვლა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო შემდგომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლად ამოქმედებული კანონმდებლობის პრაქტიკაში სწორად გამოყენება და აღსრულება. 

 საქართველოში რა უნდაგაკეთდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა, რომლებსაც გარემოზე ზემოქმედება უწევთ, არსებული რისკები მინიმუმამდე შეამცირონ? 

ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი – საზოგადოების, ხალხის ცნობიერების ამაღლებაა გარემოს დაცვის სფეროში და ამის პარალელურად სწორი კანონმდებლობის შექმნა. ამ მხრივ ძირეული ცვლილება ჯერ არ მომხდარა და მთავრობამ ამაზე უნდა იზრუნოს. გამართული კანონმდებლობის არსებობის შემდეგ კი უნდა მოხდეს მისი აღსრულება. დიდმა სამრეწველო კომპანიებმა უნდა გაითავისონ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ წარმოებისა, რასაც ერთად თუ ცალ-ცალკე ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ სწორად შეაფასოს გარემოზე ზეგავლენა, შეიმუშაოს შემარბილებელი ღონისძიებები ამ ზეგავლენის შესამცირებლად და ამის შემდგომ საწარმოს ექსპლუატაციის პირობებში განახორციელოს გარემოს კომპონენტებზე უწყვეტი მონიტორინგი. დღესდღეობით არის ამის მსოფლიო გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. 

RMG ჯგუფი როგორ პასუხობს ამ გამოწვევას?

კომპანია RMG-ს საწარმოო მოღვაწეობა 2014 წლიდან იწყება და მისი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მადნეულის კარიერი და სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. ის პრობლემები, რომელთაც ჩვენ დღეს ვუმკლავდებით, დაახლოებით 40 წლის განმავლობაშია დაგროვილი. უკვე მეორე წელია, ჩვენ მოქმედებაზე გადავედით ამ ძველი და მიმდინარე გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. კომპანიამ შეიმუშავა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც კომპანიის სტრატეგიული დოკუმენტია, ამასთან ჩვენ ვთანამშრომლობთ სამთო-მოპოვებით სფეროში გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო ბრიტანულ კომპანიასთან.  მათთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ კომპანიის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა, ასევე გარემოსდაცვითი პროგრამა და უშუალო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, რომელიც 100-ზე მეტ პუნქტს მოიცავს და სადაც დეტალურადაა განხილული გარემოს თითოეული კომპონენტის დაცვის ღონისძიებები. აღნიშნული კომპანია დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან სხვადასხვა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და წინასაპროექტო წინადადებების დამუშავებაზე. 

კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროგრამა? 

წყალი, ჰაერი და ნიადაგი – გარემოს ამ სამივე კომპონენტის დაცვას ემსახურება ის ღონისძიებები, რომლებიც შევიმუშავეთ. მაგალითად, უკვე დასრულების ეტაპზეა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება მდინარე კაზრეთულას დაცვას. კაზრეთულა დროებით, გარკვეულ მონაკვეთზე მოვაქციეთ მილში და ამით დაბინძურების წყაროს საბოლოოდ ავარიდეთ. ასეთივე სწორი გარემოსდაცვითი მიდგომა გვაქვს ამ რაიონში არსებულ კიდევ ორ მდინარესთან, კერძოდ, ფოლადაურსა და მაშავერასთან. აქაც დაგეგმილია რამდენიმე გამწმენდი ნაგებობის პროექტირება და მონტაჟი, რაც ამ მდინარეებში დაბინძურებული წყლის ჩაშვებას სრულად გამორიცხავს. ჩვენი პროგრამით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადებით ეს პრობლემა 2020 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღმოვფხვრათ. ვადებში ჩავეტევით, არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

მოდი, გადავიდეთ თქვენ მიერ ხსენებულ დანარჩენ კომპონენტებზეც. ამ ეტაპზე როგორ ახერხებს RMG მტვერთან ბრძოლას? 

დღეს კომპანია მტვერს ებრძვის იმ გზებზე, რომლებზეც მადნის გადაზიდვა ხდება. იმისთვის, რომ გვცოდნოდა, რა პირობებში, რა ინტენსივობით არის საჭირო ამა თუ იმ გზის მორწყვა, სპეციალური ექსპერიმენტიც ჩავატარეთ. ეს არ არის ახალი, თუმცა გზებზე მტვერწარმოქმნასთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ჩვენ ამ ეტაპზე ვამატებთ სარწყავ მანქანებს და ჯამში უახლოეს ხანში შვიდი ავტომანქანა გვეყოლება. გარდა ამისა, გამამდიდრებელ ფაბრიკაში, სადაც სამსხვრევი საამქროების მთელი რიგია და სადაც ასევე დიდი რაოდენობით მტვერი გამოიყოფა, წლის ბოლოდან დაიწყება კონკრეტული დანადგარების დამონტაჟება. ფილტრების ეს დიდი, თანამედროვე სისტემა  99%-ით შეამცირებს მტვრის გამოყოფას როგორც საამქროების შიგნით, ასევე გარეთაც. ჩვენ ასევე გვაქვს გარე სამსხვრევებიც, რომლებიც ღია ცის ქვეშ ოპერირებს. ამ შემთხვევაშიც თანამედროვე იტალიური დანადგარები შევიძინეთ, რომლებიც მტვრის დაჭერას ღია პირობებში უზრუნველყოფს. 

რაც შეეხება ნარჩენების მართვას, როგორ მუშაობს კომპანია ამ მიმართულებით? 

2018 წლის იანვრიდან ჩვენი კომპანია გადავიდა ახალ მიდგომებზე. პრიორიტეტი მივანიჭეთ ნარჩენების მინიმიზაციას და ხელმეორედ გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიაში უკვე დაწყებულია სეპარირებული შეგროვება, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ნარჩენების გადამმუშავებელ რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც ჩვენგან იღებენ ქაღალდს, სხვადასხვა სახეობის პლასტმასას,  მეტალს და სხვა გადამუშავებად ნარჩენებს და სახიფათო ნარჩენებს. კომპანიამ უკვე დაიწყო სახიფათო ნარჩენების მართვა ახალი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამას გარდა, ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე დროებითი განთავსების ადგილების მშენებლობა, მათი მოწყობა, ნარჩენების შესამცირებელი დანადგარების შეძენა და მრავალი სხვა. ამ სფეროშიც ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია. არ დავმალავ, რომ აქამდე ეს არ ხდებოდა. 

ამ ყველაფრის მონიტორინგს ვინ უზრუნველყოფს? ხშირია თუ არა დაჯარიმების ფაქტები? 

პირველ რიგში კომპანიის გარემოს დაცვის სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული მონიტორინგის გეგმის შესაბამისად. კომპანია განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროში ანგარიშს წარადგენს გაწეული მონიტორინგის შედეგების თაობაზე.  ამას გარდა თავად სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩამოდიან ადგილზე და გარკვეულ წერტილებზე იღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზს უტარებენ და თუ რაიმე გადამეტება და დარღვევაა, მაშინ კომპანია ჯარიმდება. მინდა გითხრათ, ბოლო პერიოდში ჯარიმებიც მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმის დასტურია, რომ კომპანიის საქმიანობა გაუმჯობესდა და მოდერნიზაციის პროცესი დაიწყო. დღეს RMG სერიოზული ნაბიჯებით ვითარდება.

რამდენს ხარჯავს RMG ჩამოთვლილი გარემოსდაცვითი ღონისძიებებისთვის? 

სრულად გარემოსდაცვითი პროგრამისთვის გამოყოფილია დაახლოებით 30 მილიონი ლარი, რომელიც 2018-2020 წლებზეა გაწერილი.

რამდენად აქტიურები ხართ სხვა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების მხრივ?

ყოველწლიურად კომპანია სხვადასხვა ფართობზე ტყეს აშენებს. ამჟამად ვმუშაობთ მარტყოფის რაიონში. 11,6 ჰექტარი მიწის ფართობზე უკვე დავრგეთ 16 ათასი ნერგი და შემოდგომამდე ეს რიცხვი 30 ათასამდე გაიზრდება. გარდა დარგვისა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია მის მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს. ყოველწლიურად ამისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს ვხარჯავთ. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მისი საწარმოო მიზნებისათვის მოჭრილი ხე-ტყის საკომპენსაციო საფასურს იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით, მომავალი წლიდან ჩვენ ვგეგმავთ დამატებითი ფართობების აღებას, სადაც ეროვნულ სატყეო დეპარტამენტთან შეთანხმებით ტყეს გავაშენებთ. ამ კუთხით ბევრი სხვა საინტერესო იდეაც გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად დავიწყებთ.

ამის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად ისმის თქვენი კომპანიის მისამართით კრიტიკა, ხშირად ამბობენ, რომ RMG ჯგუფი გარემოსდაცვით ვალდებულებებს არ ასრულებს. როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას და რა იქნება თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით?

ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად ძველი მემკვიდრეობის სირთულით არის გამოწვეული, თუმცა ხანდახან თემა აბსურდულ სახეს იძენს, რაც საქმესთან კავშირში საერთოდ არ არის. ჩვენ ძალიან დიდი და მართლაც მოტივირებული გუნდი ვართ, რომ საქმე გამოვიდეს. ეს უნდობლობაც  შემობრუნდება, რადგან 3500-ზე მეტი ადამიანი შრომობს და ეს ქვეყნის, რეგიონისა და ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ ხდება. რეალობას ვერ გავექცევით, შესაბამისად, ჩვენი გაკეთებული საქმე იქნება ყველა კითხვაზე პასუხი. დღეს თუ 30 პუნქტი გვაქვს შესრულებული, ხვალ მეტი იქნება და ორ წელიწადში ყველა პუნქტი შესრულდება. ბიზნესისთვის გაკეთებულ საქმეზე კარგი პასუხი არაფერია! 

აპირებთ თუ არა გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას? 

ბოლო პერიოდში კომპანიაში საზოგადოდ ბევრი სიახლე გვაქვს და ღიად ვთანამშრომლობთ როგორც მედიასთან, ასევე ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ პირთან. ჩვენი გარემოსდაცვითი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია კაზრეთში გარემოსდაცვითი ცენტრის ჩამოყალიბება. კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს იქნება ხალხთან, არასამთავრობო ორანიზაციებთან შეხვედრების, მათი გაცნობისა და მონიტორინგში ჩართვის ადგილი. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და იმედია, გაამართლებს.

ჩვენ გირჩევთ

მონაცემთა ფერმა

აგვისტოში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაძვირდა

მონაცემთა ფერმა

მონაცემთა ფერმა

წინა სტატია

საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების გარიგება ADB-ის მიერ წლის გარიგებად დასახელდა
06 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 30 მილიონი დოლარი ღირს, ყაზახეთის - 18 მილიონი
06 სექტემბერი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა