საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება

2019 წლიდან საქართველოს საბაჟო სფეროში ახალი კანონმდებლობა ექნება. 

ახალი საბაჟო კოდექსით, უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღარ იქნება საჭირო რეექსპორტის დეკლარაციის წარგდენა და შესაბამისი საფასურის გადახდა. მარტივდება საქონლის დროებით შენახვის დასრულება და მარტივდება თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულება. 

ახალი საბაჟო კოდექსით შესაძლებელია იმპორტის გადასახადის დაბრუნება ან ჩათვლა. ახალი საბაჟო კოდექსით, იმპორტიორი სრულად დაიბრუნებს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე  გადახდილ იმპორტის გადასახადის თანხას, თუ ის იმპორტიდან90 დღის განმავლობაში გავა ექსპორტზე. შესაბამისად, საქართველოში გადახდილი იმპორტის გადასახადი არ აისახება სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციო ფასში, რაც იმპორტიორს გაუადვილებს საზღვარგარეთ მის რეალიზაციას. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც შეამცირებს საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. 

ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში, რაც უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. 

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის – თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას.  

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *