უკან მიმავალი გზა

სანამ არსენას მოკლავდა, გიორგი კუჭატნელმა ერთი კარგი საქმე გააკეთა – ორი საუკუნის წინ დაცლილი ყვარლის მაზრის სოფელი ახალსოფელი ხელახლა დაასახლა.

სოფელი კი ლეკიანობის გამო იყო დაცლილი. დაღესტნიდან კახეთში ბევრი გადმოსასვლელი იყო, მაგრამ თავდამსხმელებისათვის ყველაზე ადვილად გადმოსავლელი ახალსოფლის გზა იყო. სოფლის ბოლოდან საზღვრამდე ამ გზით სულ თხუთმეტიოდე კილომეტრია.

სოფლიდან რომ გახვალთ, ტყიან აღმართს უნდა აუყვეთ. შემოდგომობით აქ მთელი სოფელი წაბლს აგროვებს. შემდეგ ვაკე ადგილამდე მიხვალთ, რომელსაც ღოლოიანს ეძახიან და რომელიც კომუნისტების დროს ადგილობრივების სააგარაკო ადგილი იყო. შემდეგ გზა ტყესა და ალპურ მდელოებს შორის გადის და ადალას გორას მიადგება. ამ გორის ბოლოში, 2100 მეტრის სიმაღლეზე უღელტეხილია, იქიდან კი დაღესტანი იწყება.

ამ, ერთ დროს ლეკებისა და ამ გზის გამო დაცლილ სოფელში, დღეს რომ იკითხოთ, თითქმის ყველა გეტყვით, რომ გზის აშენებას მხარს უჭერენ. ლეკიანობა არ ახსოვთ. ვერც ეხსომებათ, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც აქ ლეკიანობის დროს ცხოვრობდა, აიყარა და წავიდა, ესენი კი მოგვიანებით, მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში ჩამოსახლდნენ.

გზის მშენებლობას მხარს უჭერს ახალსოფლის მეზობელი სამი სოფლის: სარუსოს, თივისა და ჩანტლისყურის მოსახლეობაც. არც არის გასაკვირი, ამ სოფლებში ლეკები ცხოვრობენ. ადრე იქვე მეოთხე ლეკური სოფელიც იყო, მაგრამ მისი მცხოვრებლები გამსახურდიას დროს გაასახლეს.

ლეკებს იმიტომ უხარიათ გზის მშენებლობა, რომ მათთვის რუსეთში სამუშაოდ და ნათესავების მოსანახულებლად წასვლა უფრო იოლი იქნება. ქართველებისათვის კი მთავარი ხეირი ამ გზის მეშვეობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე გატანაა.

ამ გზაზე ბოლოს 2011 წელს ვიყავი. მესაზღვრეების პოსტამდე მისვლას, ანუ დაახლოებით 13 კილომეტრის გავლას უნიმოგით (მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანა) სამ საათზე მეტ ხანს მოვუნდით. მესაზღვრეების გარდა იმ გზაზე დროდადრო შეშისმჭრელები დადიან სამხიდიანი მანქანებით. მათ გარდა გზის ახლომახლო საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებს თუ შეხვდებით. ოქტომბრის ბოლოს მესაზღვრეების პოსტი იკეტება. თოვლის გამო გზა გაუვალი ხდება. მესაზღვრეები ახალსოფლის თავში ჩამოდიან და ადალას გორაზე მხოლოდ აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში ბრუნდებიან.

1990-იან წლებში სპირტის ბუმის დროს ამ გზას კონტრაბანდისტები იყენებდნენ. მაშინ საზღვრამდე სამანქანო გზა მიდიოდა. საზღვარზე ის რუსულ გზას უერთდებოდა, რომელიც ბეჟთაში ჩადიოდა. 2000-იანი წლებიდან სპირტის კონტრაბანდა დასრულდა, თუმცა გზა დარჩა. 2008 წელს, ომის დროს, გზა ქართველებმა ააფეთქეს. საამისო მიზეზიც ჰქონდათ. დაღესტანში, საზღვრიდან სულ რამდენიმე საათის სავალზე, ქალაქ ბოტლიხში განთავსებული იყო რუსული სამთო ქვეითი ბრიგადა. რუსებმა ბაზის მშენებლობა 2005 წელს დაიწყეს და 2007 წელს დაასრულეს.2008 წლის დასაწყისში სწორედ ამ ბაზაზე სტუმრობისას პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ ბოტლიხიდან საქართველოს საზღვრამდე აშენებულიყო ახალი გზა.საზღვრამდე მაღალხარისხიანი გრუნტის გზა მართლაც აშენდა, მაგრამ შემდეგ ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოუსწრო და რუსებს მშენებლობის გადადება მოუწიათ. გზის გარეშე, როგორც ჩანს, მთებში სამხედრო ბაზის შენახვასაც აღარ ჰქონდა აზრი და 2011 წელს ბოტლიხის ბრიგადა მაიკოპში გადაისროლეს.

ამის შემდეგ, რამდენიმე წელი გზის შესახებ საუბრები შეწყდა. ავარეთ-კახეთის გზის ნაცვლად, ომის შემდეგ რუსებმა ტრანსკავკასიური მაგისტრალის (როკის გვირაბზე გამავალი გზა) რეკონსტრუქცია დაიწყეს. მხოლოდ როკის გვირაბის გარემონტებაში 600 მილიონი დოლარი დახარჯეს. გაარემონტეს როკი-ცხინვალის გზაც. თუმცა, ტრანსკამი რაც არ უნდა არემონტო, მთავარი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია: ზამთარში ზვავების, ან ზვავსაშიშროების გამო გზა კვირაობით იკეტება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე პრობლემა: ეს გზა ერგნეთსა და ცხინვალს შორის ბეტონის ბლოკებითაა გადაკეტილი და აქ მანქანით გავლის უფლება მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებს აქვთ. თავის მიერვე დაწესებულ ამ აკრძალვას რუსები ზედმიწევნით იცავენ.

2013 წელს დასრულდა აფხაზეთზე გამავალი ფსოუ-ენგურის გზის დარჩენილი მონაკვეთის რემონტიც. თუ ორიოდე წლის წინ ენგურის ხიდიდან ქალაქ გალამდე მიღწევას ლამის ერთი საათი სჭირდებოდა, ახლა ამ გზას ათ წუთში გაივლით. თუმცა, ამ გზასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ტრანსკამს: ბლოკპოსტი ენგურის ხიდთან. მართალია, აქ შეზღუდვები ნაკლებად მკაცრია, ვიდრე ერგნეთთან, მაგრამ საერთაშორისო მიმოსვლისათვის ამ გზის გამოყენება მკაცრად აკრძალულია.

რუსეთსა და საქართველოს დღეს ერთადერთი პირდაპირი ლეგალური გზა აერთებს: საქართველოს სამხედრო გზა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ლარსი 2010 წელს გაიხსნა. წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ამ გზით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს გზა ძალზე აქტიურად გამოიყენება, მასაც აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები. წელს მეწყერების გამო ის უკვე ორჯერ დაიკეტა. თუმცა ყველაზე დიდი სტიქიური უბედურება 2002 წელს მოხდა, როდესაც მყინვარწვერის ჩრდილოეთის კალთას 110 მილიონი კუბური მეტრი მასა მოსწყდა და ჩრდილოეთ ოსეთში კარმადონის ხეობაში 125 ადამიანი ცოცხლად დამარხა. როგორც ამბობენ, არსებობს რუსული გეოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დარიალის ხეობის გეოლოგიურმა არასტაბილურობამ (ვულკანური პროცესების გააქტიურებისა და კლიმატიც ცვლილებების გამო მყინვარების დნობის შედეგად) ისეთ წერტილს მიაღწია, რომ მასში გამავალი გზა არასაიმედოდ უნდა ჩაითვალოს.

როდესაც ორი გზა პოლიტიკური ფაქტორების გამო გადაკეტილია, ხოლო მესამე გეოლოგიურად არასაიმედო, დღის წესრიგში დადგა მეოთხე გზის მშენებლობა. სახელმწიფოებს შორის გზის მშენებლობას თავისი წესები აქვს. მაგალითად, როდესაც საქართველომ და თურქეთმა კარწახის ტბასთან ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის აშენება გადაწყვიტეს, ჯერ მოილაპარაკეს, დეტალურად შეისწავლეს პირობები, გააანალიზეს ავ-კარგი, შემდეგ შეთანხმდნენ და მერე უკვე გზისა და გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყეს. რუსები კი რუსულად იქცევიან: არავისთან არაფერი მოულაპარაკიათ, არც არაფერზე შეთანხმებულან, ადგნენ და პირდაპირ დაიწყეს მშენებლობა და მალე საქართველოს საზღვარს პირდაპირ მოაყენებენ გზას.

დაღესტნელი მეგზევეების ცნობით, ახალი გზის სიგრძე 83 კილომეტრი იქნება და 30 მილიარდი რუბლი დაჯდება. თუმცა, ცხადია, ეს 30 მილიარდი მხოლოდ წინასწარი ბიუჯეტია და მშენებლობის დაწყებასთან ერთად, ის რამდენჯერმე გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ასაშენებელი იქნება 5 გვირაბი და 25 ხიდი. როდესაც ანალოგიური სირთულის გზებს სოჭის ოლიმპიადისთვის აშენებდნენ, რუსული კომპანიები ბიუჯეტს იმდენად გადასცდნენ, რომ, ერთი ექსპერტის შეფასებით, ეს გზა უფრო იაფი დაჯდებოდა, ასფალტის მაგივრად შავი ხიზილალის ორსანტიმეტრიანი ფენით რომ დაეფარათ. რას იზამ, ასე შენდება გზები რუსეთში. სხვათა შორის, ასე შენდება საზღვარგარეთ რუსული ფულით დაფინანსებული გზებიც.

იმის შესახებ, რომ ავარეთ-კახეთის ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, საქართველოში შემთხვევით გავიგეთ. რაიმე დისკუსია ამ თემაზე არ გამართულა, გარდა იმისა, რომ ერთი-ორმა მინისტრმა იდეა მოიწონა და ამდენივემ (უკვე ყოფილმა) დაიწუნა. რაიმე გადაწყვეტილება ამ თემაზე, რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიღებული არ არის. საკითხის საჯარო განხილვაც არ მიმდინარეობს. არც ოფიციალური მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის. რუსები კი გზის მშენებლობას აგრძელებენ. სექტემბრის ბოლოს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა განაცხადეს ამ გზის მშენებლებზე დაღესტნელი მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

თუ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის, რატომ ყრიან რუსები ამდენ ფულს წყალში? საქართველოს მთავრობის პასუხი ამაზე ასეთია: თავიანთ ტერიტორიაზე ვერც გზის მშენებლობას დავუშლით და ვერც ფულის წყალში გადაყრას. თუმცა, ეს არასერიოზული მსჯელობაა.

გზის მშენებლობის მომხრეები, საქართველოშიც და რუსეთშიც, როგორც ჩანს, დარწმუნებული არიან, რომ საკითხი, საბოლოოდ, მათ სასარგებლოდ გადაწყდება. რუსეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის ექსპორტი განუხრელად იზრდება. საქართველოს მთავრობისთვის ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი სერიოზული ეკონომიკური წარმატებაა. ამიტომაც, ოცნების ლიდერებმა “რუსეთთან დალაგება” და “რუსული ბაზრის გახსნა” ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის რანგში აიყვანეს. რუსეთში ექსპორტის თითქმის ასი პროცენტი ლარსის გავლით ხორციელდება. რას იზამს მთავრობა, თუ მორიგი სტიქია ლარსს კიდევ ერთხელ ჩაკეტავს? არადა, ეს თითქმის გარდაუვალია. დააყენებს ოცნება საფრთხის ქვეშ თავის ერთადერთ ეკონომიკურ მიღწევას თუ დათანხმდება სარეზერვო გზის მშენებლობას? მე მგონია, რომ დათანხმდება.

შემდეგი კითხვა, რომელიც ჩნდება, ვინ დააფინანსებს გზის მშენებლობას? საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება. ტრადიციული კრედიტორები მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან ასეთ პროექტს ხელს არ მოჰკიდებენ. დაფინანსების ერთადერთი შესაძლო წყარო რუსული კრედიტია. თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით მრავალასეულმილიონიანი (თუ არა მილიარდიანი) რუსული კრედიტი აიღო, ის, ფაქტობრივად, რუსული ბაზრის მძევალი ხდება. ბაზრის დაკეტვის მუქარით, რუსეთი “ოცნებას”, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.

უპრიანია გავიხსენოთ გასული წლის შემოდგომა, როდესაც სწორედ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის მუქარამ და ფაქტობრივად გაკოტრებული ქვეყნისთვის რუსული კრედიტის აუცილებლობამ აიძულა იანუკოვიჩი, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირებაზე და საბაჟო კავშირში შესვლას დათანხმებოდა.

კიდევ ერთ საინტერესო გარემოებაზე ღირს ყურადღების გამახვილება. რაც არ უნდა ამტკიცოს პრემიერ-მინისტრმა, რომ “ოცნების” მთავრობამ ავტობანის 40-კილომეტრიანი მონაკვეთი ააშენა, ამ გზაზე ვისაც უწევს მგზავრობა, ყველამ იცის, რომ რეალურად, ორი წლის განმავლობაში გზას მხოლოდ რუისის თავიდან რუისის ბოლომდე მონაკვეთი დაემატა. იმ პროექტების განხორციელებას, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ, მთავრობა დიდად არ ჩქარობს. ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები კი, სადაც სტანდარტებიც ადგილობრივია და კონტრაქტორებსაც არა მსოფლიო ბანკი, არამედ საქართველოს მთავრობა არჩევს, სწრაფად კეთდება. ავარეთ-კახეთის გზის მშენებელს, ცხადია, მთავრობა შეარჩევს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სოჭის ოლიმპიადის ხარჯები და ასფალტი შავი ხიზილალის ფასად, ბუნებრივად ამოტივტივდება გონებაში.

ვინმემ შეიძლება მითხრას, თუ ეს ყველაფერი ასეა, თქვენ თვითონ რას ფიქრობდით, როდესაც 2010 წელს დარიალის გზის გახსნას თანხმდებოდითო. თუმცა ამაზე პასუხი მარტივია. ჩვენ დარიალის გზა გავხსენით და არა ავაშენეთ. რუსეთს ეს გზა ისევ რომ გადაეკეტა, ბევრს არაფერს ვკარგავდით და ამიტომ მოსკოვს ამით ჩვენი დაშანტაჟება არც უცდია. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც კი ამერიკელების ნაჩუქარი ფულით აშენდა. დარიალის გზის აღდგენაში მილიარდი რომ დაგვეხარჯა, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა. მართალია, დარიალიდან ყოველწლიურად ასეულათასობით ტურისტი შემოდიოდა, მაგრამ იმისათვის, რომ გზის შესაძლო ჩაკეტვის რისკები შეგვემცირებინა, მაქსიმალურად ვახალისებდით ტურიზმს სხვა ქვეყნებიდან. ახლა კი უკვე სამი თვეა, არარუსი ტურისტების რაოდენობა განუხრელად მცირდება.

რატომ არის ახალი გზის მშენებლობა ცუდი აზრი?

დღეს თითქმის მთელი თავისუფალი სამყარო, ამერიკით და ევროპით დაწყებული, იაპონიითა და ავსტრალიით დამთავრებული, რუსეთთან სანქციებისა და კონტრსანქციების რეჟიმში ცხოვრობს. ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ ისე წაიყვანონ საქმე, რომ რუსეთთან არსებულმა და მომავალში მოსალოდნელმა სანქციებმა მათი ეკონომიკა ნაკლებად დააზარალოს. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ეს, ალბათ, აღარ შეიცვლება. ამ ვითარებაში, საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი ძვირად ღირებული გზის მშენებლობაზე, ბუნებრივია, საქართველოს დასავლელ პარტნიორებში ეჭვებს გააჩენს.

დღეს ყველაზე დიდი საფრთხე, რაც საქართველოს სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს ემუქრება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიაა. ანექსიის შესაჩერებლად, ერთადერთი ქმედითი ბერკეტი საქართველოსთვის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და იმის მიღწევაა, რომ რუსეთზე დაწესებული უკვე არსებული თუ მომავალი ეკონომიკური სანქციები დაუკავშირდეს არა მხოლოდ უკრაინის მიწების ანექსიასა და ოკუპაციას, არამედ აფხაზეთ/სამაჩაბლოს დე ფაქტო ანექსიასაც. თუ საქართველოს მთავრობა აპირებს ამ გზით წასვლას (არადა, ამ გზით არწასვლა კაპიტულაციას ნიშნავს), მას თავად მოუწევს რუსეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციებს შეუერთდეს. ამ დროს გზის მშენებლობა უკიდურესად გაუგებარი იქნება ყველასთვის.

როდესაც საქართველო პარტნიორი ქვეყნებისაგან ითხოვს მაპის მინიჭებას, თავდაცვითი იარაღის მიწოდებას თუ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას, ჩვენი მთავარი არგუმენტი, აქამდე, ყოველ შემთხვევაში, რუსეთისაგან მომავალი სამხედრო საფრთხე იყო. თუ საქართველომ თავად დაიწყო რუსეთთან ახალი გზის მშენებლობა, რთული იქნება ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს მთავრობა გულწრფელადაა შეშფოთებული რუსული საფრთხით.

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებაში უკვე სერიოზული ეჭვები არსებობს. ამ ეჭვების გაქარწყლების მცდელობა იყო პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით “ნიუ-იორკ-ტაიმსში” გამოქვეყნებული სარეკლამო სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი პუტინის კაცი არ არის. ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა მთავრობიდან “თავისუფალი დემოკრატების” გაშვებამ და განსაკუთრებით ამასთან დაკავშირებულმა ცალკეულმა დეტალებმა. მხედველობაში მაქვს ხმები, რომელთა უარყოფა მთავრობას არ მოუხდენია, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს ყოფილ თავდაცვის მინისტრს მოსთხოვეს, არ მოეწერა ხელი საფრანგეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმზე.

სამთავრობო ცვლილებებს მოჰყვა, ერთი მხივ, ეჭვების გაღრმავება დასავლეთში, მეორე მხრივ, აშკარა ენთუზიაზმი რუსეთში. ამ ვითარებაში ყველა ელოდება საქართველოს მთავრობის მორიგ სიგნალებს, რათა საბოლოო დასკვნა გააკეთოს ოცნების მთავრობის საგარეო ორიენტაციაზე. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმდინარე ანექსიის პირობებში “ოცნებას” გაჭიანურებისა და ორაზროვნების ფუფუნება არა აქვს. ამიტომაც, ამ ვითარებაში ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე თანხმობას ყველა, მტერიც და მოყვარეც ერთნაირად აღიქვამს, როგორც პრორუსული ორიენტაციის ღია დეკლარირებას.

წინა სტატია

სოციალური მედიის ახალი შერეკილები. Pinterest
29 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

Forbes Woman Georgia-ს პირველი ნომერი
01 დეკემბერი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა