სადილი სახლში მიტანით

Munchery იმედოვნებს, რომ სადილის სახლში მიტანისთვის თავის კონკურენტებთან ბრძოლაში გასამარჯვებლად, მას ცივი გონების ლოგისტიკა დაეხმარება.

Munchery თავისი კლიენტებისთვის სადილის მომზადებას ყოველი სამუშაო დღის დილის 5 საათზე იწყებს – იმ დროს, როცა სან-ფრანცისკოს Outer Mission-ის რაიონში განლაგებული კომპანიის კუთვნილ შენობაში, პირველი მზარეულები ჯიშიანი პომიდვრების ჭრას და ღორის ხორცის ჩათუშვას მიჰყოფენ ხელს.

პირველი საათისთვის გაშმაგებული მუშაობა უკვე ამწყობ კონვეიერებზე გადადის, სადაც პერსონალი კუსკუსით, ქათმის ბარკლებითა და ბოსტნეულით მომზადებულ შეკვეთილ სადილს ბიოლოგიურად ხრწნად პაკეტებში ხელით ფუთავს. სხვადასხვა კერძის მთელი წყება ერთ დიდ ოთახ-მაცივარში ხვავდება, სადაც ოპერატიული გუნდი – ფლისის ჟაკეტებსა და ქუდებში გამოწყობილი – საჭმელს ჩანთებში ახარისხებს და კურიერებს გადასცემს, რომლებიც ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებიან და თავიანთი მანქანებისკენ მიიჩქარიან. საღამოს ოთხი საათისთვის, გაყინული საჭმლით სავსე სატვირთო ავტომობილები ავტოსადგომებზე ჩერდებიან ისეთ ადგილებში, როგორიცაა Rockridge-ი და Burlingame-ი, სადაც მათ სხვა მძღოლები ხვდებიან, შეკვეთილი სადილის ულუფებს არამარკირებულ ხაოიან ნაჭრის ჩანთებში ათავსებენ და კლიენტებისთვის შეკვეთების დასარიგებლად სხვადასხვა მიმართულებით იფანტებიან, რომელსაც მათ ხელთ არსებული განაცხადების მიხედვით განსაზღვრავენ. „მთელი ეს ოპერაცია თითქმის უსიტყვოდ მიმდინარეობს, რაც მას შორიდან ნარკოგარიგებას ამსგავსებს“, – ამბობს ტრი ტრენი, Munchery-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

საჭმლის მომზადების მთლიანი ციკლის ზედამხედველია ტრენი – ორი შვილის მამა, რომელმაც Munchery 2010 წელს კონრად ჩუსთან ერთად იმიტომ დააარსა, რომ ორივე, თავიანთი ოჯახებისთვის, ერთსა და იმავე კითხვაზე ეძებდა პასუხს: „რა გვაქვს სადილად?“ კვების ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე სტარტაპების ბრძოლის ველზე Munchery იმ საწარმოებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე უკეთესი დაფინანსება აქვთ და ყველაზე დიდი ხნისანი არიან, მაგრამ ისეთი კონკურენტები, როგორიცაა Sprig, SpoonRocket-ი და Blue Apron-ი, მზად არიან შესანსლონ ეს კომპანია, თუ ის მათ როდისმე გზაზე გადაეღობება.

39 წლის ტრენი, რომელიც მოკრძალებულ ჩაღილულ პერანგებსა და ოვალური ფორმის სათვალეებს ატარებს, სხვა პირველი სტარტაპების შემქმნელებისგან განსხვავდება – და ამ ფაქტს ის თავის სასარგებლოდ იყენებს. როდესაც Munchery, აპრილში, $28 მილიონის დაფინანსების მოპოვებას ცდილობდა, ტრენი ინვესტორებს კომპანიის ირგვლივ საუბრის ნაცვლად, თავისი ბავშვობის შესახებ მოუთხრობდა. ის ბებიასა და უფროს ძმასთან ერთად, 11 წლის ასაკში, ვიეტნამიდან ნავით გამოიქცა და ბოლოს, ბიძა-ბიცოლასთან სან-ხოსეში ჩავიდა. მშობლები MIT-ის („მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“) დასრულებამდე აღარ უნახავს. როგორც მან პოტენციურ ინვესტორებს განუცხადა, ყოველივე ამის შემდეგ სტარტაპის ამუშავება უკვე არც ისე ძნელი ყოფილაო.

შერვინ პიშევარი, ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც ფსონს Uber-ზე ჩამოვიდა, იმ დროს, როცა Uber-ი, ჯერ კიდევ, შავი ავტომობილის საშუალებით არასრულყოფილი მომსახურება იყო, Munchery-ითა და ტრენით აღფრთოვანებულია. მან თავისი ახალი ფონდიდან, SherpaVentures-დან, $25 მილიონის კაპიტალდაბანდება გააკეთა, რაც მის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა. მართალია, პიშევარი Uber-ის დამაარსებელს, ტრევის კალანიკს, „დაუცხრომელ“ ლიდერს ეძახის, მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ ტრენის „ჩუმი ხელმძღვანელის ხასიათით“ აღფრთოვანებულია. „კრებაზე როცა იჯდა, ვერც კი მიხვდებოდით, რომ გენერალური დირექტორია, – ამბობს პიშევარი, რომელიც იცრემლება, როდესაც სიტყვა ტრენის ბავშვობაზე ჩამოვარდება. – მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ტრენისნაირი ადამიანი მულტიმილიარდდოლარიან კომპანიას ქმნის“.

ეს სიტყვები შეიძლება გამართლდეს, მაგრამ Munchery-ის პირველი დღეები ასეთი იმედისმომცემი არ ყოფილა. თავიდან ის გაიხსნა როგორც ქსელი, სადაც მზარეულები კერძებს საკუთარ სამზარეულოებში ამზადებდნენ და Munchery-ის ვებგვერდზე ყიდდნენ. ტრენს ხვეწნა უხდებოდა, რომ მათ, საკუთარ შეკვეთებთან ერთად, ტრენის ვებგვერდზე მიღებული შეკვეთებიც დაემზადებინათ. იმ დროს ტრენი დღეში მხოლოდ 50-100 ცალი შეკვეთის შესრულებას თუ ახერხებდა. მაშინ ერთი კერძი $25 ღირდა და ტრენი შეკვეთებს კლიენტების მისამართებზე თვითონ არიგებდა, თანაც ცდილობდა გაერკვია, ვინ იყვნენ ეს შეშლილები, რომლებიც დამატებითი საფასურის გადახდაზე თანხმდებოდნენ (აღმოჩნდა, რომ ასეთ კლიენტებს შორის ძალიან ბევრი ცნობისმოყვარე ინვესტორი იყო, რომლებმაც საბოლოო ჯამში ტრენის წამოწყებაში ფული დააბანდეს). როცა კომპანიამ ზრდა დაიწყო, პარტნიორი მზარეულის მოდელი კომპანიის საქმიანობას კარგად ვეღარ მოერგო. „როდესაც Munchery-თან თანამშრომლობა დავიწყე, ის ბევრ სირთულეს განიცდიდა – უამრავ შეკვეთას იღებდნენ – სინამდვილეში კი ასეთი ტიპის სამუშაოსთვის მზად არ იყვნენ“, – თქვა დაიან დევიდსონმა, რომელიც, თითქმის მთელი 2013 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი კონტრაქტორის ამპლუაში თანამშრომლობდა, შემდეგ კი Munchery-თან მუშაობას თავი დაანება და დამოუკიდებელ მზარეულად სცადა ბედი, რადგან Munchery-ში მუშაობა მისთვის მეტისმეტად შრომატევადი და ინტენსიური აღმოჩნდა.

გასულ წელს Munchery-მ მზარეულების მთლიანი შტატით დაქირავება და ამ პროცესის უმეტესი ნაწილის – ყიდვა, მოსამზადებელი სამუშაო, ულუფებად დანაწილება – ერთ ჭერქვეშ წარმართვა დაიწყო. კომპანიის სან-ფრანცისკოს მთავარ სამზარეულოში, კერძების უმრავლესობას შვიდი მზარეული ყოველდღე ამზადებს. ტრენი ამბობს, რომ ამ ცვლილებებმა კერძების ფასი შეამცირა და მათ ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე უფრო მეტი კონტროლი უზრუნველყო.

კლიენტთა შეკვეთებით მომუშავე კონკურენტი სტარტაპები მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდების კონცეფციით განსხვავდებიან. Sprig-სა და Spoon-Rocket-ის ამოცანაა, 20 წუთში ან ნაკლებ დროში, კლიენტებს ცხელი, საჭმელად გამზადებული კერძი კართან მიუტანონ. Blue Apron-ი და Plated-ი კერძის დასამზადებლად საჭირო პროდუქტების ნაკრებების მიტანაზე იღებენ შეკვეთებს – რამდენიმე კერძის დასამზადებელი ინგრედიენტები, რომლებიც კლიენტებისთვის დანიშნულზე უფრო ნაკლები დროის განმავლობაში კარებამდე მიაქვთ – რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კერძები თვითონვე მოამზადოს. Munchery-მ ფსონი ამ ორი სხვადასხვა უკიდურესობის საშუალო ვარიანტზე გააკეთა: მისი კერძები მზადდება, ნაწილდება, გრილდება და სადილის საათებში მომხმარებელს სახლებსა თუ ოფისებში მიეწოდება, ხოლო ამ კერძების გაცხელება უკვე კლიენტებს ევალებათ. როგორც წესი, კლიენტებმა საჭმელი დღის სამ საათამდე უნდა შეუკვეთონ, იმავე დღეს მისი მიღება თუ სურთ. სან-ფრანცისკოსა და სიეტლში კერძო შეკვეთებით მომუშავე სწრაფი სერვისი ასევე სწრაფად ვითარდება. გაყინული კერძის მიტანა მომხმარებლისთვის, რომელიც მას თვითონ გააცხელებს, თითოეული შეკვეთის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ამარტივებს და საჭმელიც თავის სტრუქტურასა და ხარისხს კარგად ინარჩუნებს. თანაც ცივი კერძები კალიფორნიაში დღგ-ის გადასახადისგან თავისუფალია, რაც ხარჯებს დაახლოებით 9%-ით ამცირებს.

დღეს რა ღირებულებისაა მისი კომპანია? ყოველთვის ზრდილობიანი ტრენი დაძაბულად იღიმება (FORBES-ის გამოთვლით $180 მილიონი). ის ნანობს, აპრილში ჟურნალისტებს რატომ გამოუტყდა, რომ დღეში 1500 შეკვეთას იღებდა, რადგან კონკურენტებისთვის სტატისტიკა „სასროლად გამზადებულ სამიზნეს ნიშნავს“. ახლა შეკვეთების რიცხვი „ბევრად, ბევრად“ გაიზარდა, რაც ტრენს საშუალებას აძლევს, საშუალო ფასი $12-დან $10-მდე შეამციროს. ტრენი ფოტოგრაფებს სთხოვს, სამზარეულოს ცხელ ხაზს, ბრტყელძირიანი ტაფებისა და მობუყბუყე კასრების ფართო რიგს სურათები არ გადაუღონ, იმიტომ რომ მას სურს კომპანიის სამზარეულოს მოწყობილობა საიდუმლოდ შეინახოს იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რომელიც თითოეულ კერძს აკონტროლებს.

ტრენი უფრო გულღიად შრომის ეკონომიკაზე საუბრობს, რაც მტკივნეული საკითხია ბევრი კომერციული ვებგვერდისთვის, რომელიც მთლიანად დაუზღვეველ და დაბალანაზღაურებად კონტრაქტორ მუშახელს ეფუძნება. Munchery-ს შეკვეთების მიმტანი მუშები დაქირავებული თანამშრომლები არიან, ხოლო მძღოლები საათში $11-ს იღებენ და თუ თავიანთი საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ, ერთ მილზე 56 პროცენტი ემატებათ. კვირაში 30 საათზე მეტს ვინც მუშაობს, ის ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა პრივილეგიებსაც იღებს. Sprig-ის მიმტანებიც, აგვისტოს თვემდე, დაქირავებულ თანამშრომლებად ირიცხებოდნენ, როდესაც, კომპანიის იურისტების რჩევით, ეს სტატუსი მათ შეეცვალათ. ახლა მათი შრომის ანაზღაურების გადახდა თითოეული შეკვეთის მიტანაში საათობრივი მინიმუმის უზრუნველყოფით ხორცილდება. ტრენს ეჭვი აქვს, რომ Sprig-მა ეს გადაწყვეტილება ხარჯების შესაბამისად გააკეთა და აღიარებს, რომ მისი მორალური პოზიცია შესაძლოა ფინანსური მდგომარეობის გამო შეიცვალოს. „არ მსურს ჩვენი გადახდის სისტემის ფართოდ რეკლამირება, იმიტომ რომ შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი პოზიცია შეიცვალოს“, – ამბობს ის.

მაგრამ მოცემული მომენტისთვის საუბრის მთავარი თემა კომპანიის ზრდაა. Munchery-მ ივლისში სიეტლში ახალი ფილიალი გახსნა; დღის წესრიგშია შემდეგი ფილიალების გახსნა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში. ახალი სამზარეულოს გახსნა იგეგმება სან-ფრანცისკოს სამხრეთ ნაწილშიც, რომელიც, პიშევარის სიტყვებით, დღეში 8000-დან 25 000-მდე შეკვეთის შესრულებას შეძლებს. მისი კონკურენტები, რომლებსაც კარგი დაფინანსება აქვთ, მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან, მაგრამ ტრენს ისინი არ ანაღვლებენ. ცხელი კერძის შესახებ ის ეჭვს გამოთქვამს: „რამდენ ხანს გაატარებს ეს კერძი მანქანაში?“, ხოლო სადილის მოსამზადებელი ინგრედიენტების მიტანაზე აცხადებს: „სამი კერძი ნიშნავს 20-კილოგრამიან ყუთს, რომელიც თავის შეფუთვასთან ერთად მეტისმეტად ბევრს იწონის“. ის კვლავ ერთგული რჩება მისი კომპანიის მოქმედი კონცეფციისა, რომ შეკვეთილი სადილის მომხმარებლამდე ცივად მიტანა საუკეთესო ვარიანტია.

 

წინა სტატია

ნონა მამულაშვილი. დიპლომატიიდან კერძო სექტორში
02 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის ინოვაცია. ბიოტექნოლოგიის მშენებელი
03 დეკემბერი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა