დევიდ ლაშაპელი: ფოტოგრაფიიდან ფოტოხელოვნებამდე

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ლაშაპელს ზედმეტი კომერციულობისთვის აკრიტიკებენ, როგორც შეურაცხმყოფლად პროვოკაციულსა და გროტესკულს, ფოტოგრაფიის სფეროში ის მაინც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა..

დევიდმა საოცრად დიდ წარმატებას მიაღწია. გართობისა და მოდის სამყაროს უაღრესად ცნობილ პიროვნებებთან მუშაობამ, მისმა საინტერესო იდეებმა უსაზღვრო შემოქმედებითობასა და განსხვავებული სტილის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. დეკადენტური დეკორაციების აწყობით, ის თავის მოდელებს დელირიულ, ბაროკოს ფონს უქმნიდა, რაც მიზნად ვიზუალურად მიმზიდველი და ამავე დროს ინდივიდუალური, უნიკალური გამოსახულებების შექმნას ისახავდა, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მანერით მოგვითხრობენ თავიანთ შესახებ და მოგონებებს აღგვიძრავენ. ლაშაპელს შესწევს უნარი, პერსონაჟები მის მიერ წამოჭრილი თემატიკის საშუალებით განავითაროს, თუმცა საკუთარ აზრს მათ სახეებთან ასოციირებული სტერეოტიპებით გადმოსცემს. ჩალმაში გამოწყობილი ელიზაბეტ ტეილორი მან ხუთდოლარიან მკითხავს დაამსგავსა; კორტნი ლავი – ქალწულ მარიამს; ლედი გაგა მხოლოდ პრესის მყვირალა სათაურებით შემოსა; წამებულად გამოსახა საესტრადო არტისტი მაიკლ ჯეკსონი, რომელსაც ვერავინ გაუგო; ანჯელინა ჯოლი სიშიშვლის სხვადასხვა მდგომარეობაში ასახა, ხოლო პამელა ანდერსონი სრულიად შიშველი მოათავსა ოთახში, რომლის კედლებზე ჟურნალ Playboy-ის ყდები იყო გაკრული, ყდებზე კი პამელას ფოტოები მოჩანდა. მსოფლიო რეკლამისა და პუბლიკაციის დარგში ყველაზე მოთხოვნადი ამ ფოტოგრაფისა და რედაქტორის კვალი ყველგანაა შემორჩენილი, რამდენადაც სწორედ დევიდ ლაშაპელმა შემოიღო და დაამკვიდრა გლამურული სელებრითების პორტრეტული მხატვრობის ახალი სტანდარტები. მან უკვდავყო მადონა, ელტონ ჯონი, ნაომი კემპბელი, ლილ’ კიმი, უმა თურმანი, დევიდ ბეკჰემი, პარის ჰილტონი, ჰილარი კლინტონი, მუჰამედ ალი, ბრიტნი სპირსი და ალისია კისი... და ეს ჩამონათვალი არასრულია. წარმატების ზენიტში ყოფნის პერიოდში, ლაშაპელის ფოტო იყო ემბლემა იმისა, რომ ხარ მოდური და თამამი. ყველა პოპულარულ ახალგაზრდა ვარსკვლავს – მუსიკის, კინოსა თუ მოდის სფეროში – ჰქონდა სურვილი, რომ დევიდი მისი ფოტოგრაფი, ვიდეოკლიპის ან ფილმის რეჟისორი ყოფილიყო.

ამიტომ ისმის კითხვა, რატომ დაემშვიდობა ლაშაპელი გადამეტებული, ჰიპერსექსუალური ფოტოების შექმნის და ყოველგვარი შეზღუდვებისა თუ ტაბუს გარეშე ცხოვრების სტილს და ტაბლოიდებისგან შორს, ჰავაის კუნძულზე დასახლდა, სადაც ბიოპროდუქტების მოყვანა-მოხმარებასა და დილაობით მშვიდ მედიტაციურ ცხოვრებას ეწევა? ის მოდური ფოტოსურათებიდან კვლავ ფოტოხელოვნებას დაუბრუნდა და თუ ადრე იმ ყველაფერზე, რაც მის სამუშაოს შეადგენდა, რასაც აკეთებდა, შეყვარებული იყო, ახლა ამასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება. მოდის სამყაროში მას თითქოს სათქმელი აღარ დარჩა, ხოლო ჟურნალებისთვის მის მიერ წამოჭრილი თემები სულ უფრო რთული გადასამუშავებელი გახდა. მანიაკალური პერფექციონისტი იმავდროულად წარმოადგენდა ადამიანს, რომელიც მუშაობას თავს ვერ ანებებდა და, რადგან ის უარის თქმის უნარს მოკლებული იყო, თვეების განმავლობაში, ერთი გამოსასვლელი დღის გარეშეც კი, 14-საათიანი სამუშაო დღის რეჟიმში მოღვაწეობდა, რამაც საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დააკარგვინა. სტუდიაში გატარებულმა დაუსრულებელმა საათებმა, დეტალებისადმი აკვიატებულად ორიენტირებულმა ხასიათმა და რეგულარულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარების ჩვევამ მას დიდი დარტყმა მიაყენა. მიხვდა, რომ ასე მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. ლაშაპელს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს; ის დარწმუნებული იყო, რომ შიდსით იყო დაავადებული და როდესაც თვითდაფინანსებით შექმნილმა, კრიტიკოსების მიერ აღიარებულმა დოკუმენტურმა ფილმმა – Rize-მა, რომელიც ლოს-ანჯელესის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარე ხულიგნური უბნებიდან წარმომდგარი ქალაქური ცეკვის ერთ-ერთ ფორმას შეეხებოდა, დიდი აუდიტორია ვერ მოიპოვა, საქმიანობა შეწყვიტა, ბარგი-ბარხანა ჩაალაგა, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის სახლები მიატოვა და თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. საკუთარი თავი იძულების წესით გადასახლებაში გაგზავნა და ნუდისტური ფოტოგრაფიის ზენიტში მყოფი კარიერა, ჰავაის კუნძულების შორეულ რაიონში, ჯუნგლების ცენტრში მდებარე ორგანულ ფერმაში ყოველდღიურ შრომაზე გაცვალა. ფიქრი იმის შესახებ, რომ პოპვარსკვლავებსა და ჟურნალებთან მუშაობა აღარ მოუწევდა, თავისუფლების გრძნობას ჰგვრიდა. ეს იყო 2006 წელი.

დღეს, მოდის სფეროდან წასულმა 51 წლის ფოტოგრაფმა, რომელიც მაუიში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საკუთარი კარიერა ფოტოგრაფიის დარგში კვლავ ააღორძინა. ამჯერად მან ისეთი სახეები შექმნა, რომლებსაც მის ადრინდელ, დიდი რაოდენობის კომერციულ ნამუშევრებთან ვერასოდეს გააიგივებენ. ეს სახეები იმ რთულ და ხშირად დამანგრეველ საზოგადოებას ასახავენ, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიხდება. მან სრული წრე შეკრა: მისი სურვილი იყო ადრეული, 80-იანი წლების პერიოდი აესახა, როდესაც ცხოვრება ჯერ კიდევ ტრაგედიის გარეშე მიმდინარეობდა. ამან საშუალება მისცა დაჰბრუნებოდა იმ ხელოვნებას, რომელიც მისი საქმიანობის სფეროს ჯერ კიდევ მაშინ წარმოადგენდა, როდესაც ის პირველად მოხვდა ნიუ-იორკში და საკუთარ ნამუშევრებს საგამოფენო დარბაზებსა და გალერეებში აჩვენებდა. იმის მაგივრად, რომ მოვლენები დოკუმენტურად, ორაზროვნების გარეშე დაადასტუროს, ის ამ მოვლენებს სილამაზეს შთაბერავს იმგვარი საავტორო სტილით, რომელიც არ ერიდება არც ინტენსიურ ფერებს და არც ცნობილ სახეებს. ის, წლების განმავლობაში, კომერციულად მუშაობის პერიოდში შეთვისებულ, მისი პროფესიისთვის დამახასიათებელ ბევრ ხრიკს იყენებს და ამას არა ხალხის გასაღიზიანებლად, არამედ მოზიდვის მიზნით აკეთებს. თუმცა უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე კომერციულ არენაზე ასეთი დიდი სახელის მოხვეჭის შემდეგ ის არ ფიქრობს, რომ ხელოვნების სამყარო მას მიიღებს, რადგან ბევრისთვის იგი ჯერ კიდევ საკამათო ფიგურაა. ლაშაპელს მიაჩნია, რომ მისი ნამუშევრები უფრო ჟურნალების პროდუქციად მოიაზრება, ვიდრე ხელოვნების კუთვნილებად. მიუხედავად ამისა, ხელოვნების გალერეებმა თავისი ახალი ნამუშევრებით გამოფენებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.

ლაშაპელის სტილი მეტისმეტად გაჯერებულია: ის თეატრალურია, სიურრეალისტური. ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვე პოპკულტურის ნარევს წარმოადგენს. სიქსტის კაპელაში მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ფრესკით, The Deluge-ით („წარღვნა”), შთაგონებულმა ლაშაპელმა წყალდიდობით ინსპირირებული ფოტოების მთელი სერია შექმნა. ამას The Raft-ის („ტივი”) თემა მოჰყვა. ლუვრში გამოფენილი თეოდორ ჟერიკოს მიერ 1819 წელს შექმნილი ტილოს, The Raft of the Medusa („მედუზას ტივი”), გავლენით მისმა გუნდმა, ფოტოების გადასაღებად, ხის ფიცრებისა და ჟანგმოდებული კასრებისგან ტივი შეკრა. ლაშაპელი განმარტავს, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ნამუშევრების თემასთან დაკავშირებით: „ინსპირაცია შიგნიდან მოდის. ენერგია არსებობს ჩვენ გარშემო და ჩვენში. შეგვიძლია შევუერთდეთ მას, შესაძლებლობების უსასრულო მდინარეს, თუ გახსნილები ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ გამტარები. იდეა სიზმრის ან ოცნების მსგავსად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. შემდეგ მისი მნიშვნელობა ეხსნება ინტელექტს. შეიძლება ითქვას, რომ მე უფრო იძულების წესით ვქმნი გამოსახულებებს, ვიდრე შთაგონებით. ეს არის მოწოდება. იდეა ან ხედვა მკარნახობს, ეს მამრობითი სქესია თუ მდედრობითი. როდესაც ხედვა დასრულებულია, ამის შემდეგ ჩემი ამოცანაა, რომ ავაგო ის და მისი მანიფესტაცია მოვახდინო მატერიალურ პლანზე”.

შეაშინა რა ბევრი ცხოვრების, სიყვარულის, სექსის და თუნდაც სახარებების საკუთარი ხედვით, ლაშაპელი, ცვილით შესრულებული ნამუშევრების კოლექცია Last Supper-ით („საიდუმლო სერობა”), 2009 წელს დაგვიბრუნდა. მას შემდეგ, რაც ვანდალებმა Dublin Wax Museum („დუბლინის ცვილის ფიგურების მუზეუმი”) დაარბიეს, ცნობადობის პრობლემით შეპყრობილი ხელოვანი დუბლინში გაემგზავრა ცნობილი სახეების განადგურებული ორეულების აღსარიცხად, რამაც ის საბოლოოდ კალიფორნიისა და ნევადის ცვილის ფიგურების მუზეუმების გამოკვლევამდე მიიყვანა.

ფოტოგრაფიულ ფრესკაში, რომლითაც ლაშაპელი ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობას” ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ის თავიანთ ადგილებზე განათავსებს ქრისტესა და მისი მოციქულების უსხეულო თავებს, განცალკევებულ, ძალიან ექსპრესიულად გამოსახულ ხელებს კი – მუყაოს ყუთებში. ამგვარად, ის ამ შედევრს ზუსტი, მაგრამ გასაოცარი თანამედროვე ხედვით წარმოადგენს. მისი საკულტო ნამუშევრის, Jesus is My Homeboy-ს („იესო ჩემი ძმაკაცია”) შექმნიდან ათი წლის შემდეგ, მისი „საიდუმლო სერობა” წარმოდგენილია ახალგაზრდა, სვირინგების მქონე მამაკაცებით, ბეისბოლის კეპებში, რომლებიც ლუდს მიირთმევენ; ის აერთიანებს ქუჩის მხატვრობას რელიგიასთან; ამ ნამუშევრით ავტორი ჩვენს მატერიალიზმით გაჯერებულ საზოგადოებაში სულიერი აღორძინების ჭვრეტას განაგრძობს. როდესაც ამ ნამუშევრების სერიამ აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი სურათები მკრეხელური და შეურაცხმყოფელია, ავტორმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნეგატიური რეაქცია უბრალოდ ამჟღავნებდა აუდიტორიის მიკერძოებულობას თანამედროვე ქრისტეს წარმოდგენის უუნარობის გამო.

სთავაზობს რა დამთვალიერებლებს უცნაურ და ღრმა სანახაობას, ნამუშევრების სერია, Still Life-ი („ნატიურმორტები”), პოპკულტურისა და პოლიტიკური სამყაროს ბნელ მხარეს ეხება და მოიცავს ცნობილ სახეებს, ლეონარდო დი კაპრიოთი დაწყებული, ჯონ ფ. კენედითა და ლედი დიანათი დამთავრებული. ამ სერიაში მათი პორტრეტები დაყვანილია საშინელ მივიწყებულ ცვილის მანეკენებამდე, რომლებიც დაზიანებულან, ან, რომლებსაც უბრალოდ მუზეუმის საწყობებში გადანახვა აქვთ მისჯილი, რაც დიდების, სახელისა და გავლენის წარმავალ ბუნებაზე მიანიშნებს. ეს დამახინჯებული ადამიანური „ნატიურმორტები”, ერთ დროს ჩვენ მიერ გაფეტიშებული გმირების დაცემით გამოწვეულ ჩვენს აღფრთოვანებასაც ეხება. გამოსახულებების მეტისმეტად რეალისტურ სტილში ასახვა ამ დაზიანებულ იმიტაციებს ავთენტურობას ანიჭებს, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია და შემაშფოთებელიც, რადგან ლაშაპელს ბევრი მათგანი რეალურ ცხოვრებაშიც ჰყავს გადაღებული. სერია „ნატიურმორტების” იმავე იდეას დეტალურად განიხილავს სხვა სერიაში, Earth Laughs in Flowers-ში („დედამიწა იცინის ყვავილებში”), სადაც თანამედროვე ამაოებას, მანკიერებას, მიწიერი ქონების წარმავლობასა და კაცობრიობის სიმყიფეს იკვლევს.

ლაშაპელმა ასობით ცნობილი ადამიანის ფოტო გადაიღო. ფოტოებს ყოველთვის გამომწვევ ხასიათს აძლევდა, როგორც წესი, სრული ან ნაწილობრივი სიშიშვლის წყალობით. მის მიერ ეროტიკული ასპექტის გამოყენება ქალის სხეულს პორნოგრაფიული კონოტაციებისგან ათავისუფლებს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სიშიშვლე ასოციირდეს ცოდვასთან, ხოლო ვნება სექსუალურ დაკმაყოფილებასთან, ძალადობასა და დამცირებასთან გათანაბრდეს. ის იმედოვნებს, რომ მის მიერ გადაღებული ქალის გაშიშვლებული ფიგურები ასეთ შეტყობინებას გადმოსცემენ: „ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე სხეული; ჩვენში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური”. ის ასე აღწერს იმ უდიდეს გამოწვევას, რომელიც მის წინაშე ქალის ფიგურის სურათზე ასახვისას დგება: „დარჩე ერთგული განზრახვისა, რომელიც მოცემული სანახაობის ზუსტად გადმოცემას ისახავს მიზნად, რაც მსგავსია სიტუაციისა, როდესაც რაიმე ფასეულის დანიშნულების ადგილამდე წაღება ან მიტანა გევალება”.

ლაშაპელის მიდგომა სხეულისადმი, იქნება ის ქალის თუ მამაკაცის, ერთი და იგივეა: „ცხოვრების აუცილებელი წესრიგი გულისხმობს ბალანსს მამრობითსა და მდედრობითს შორის. როდესაც ეს წესრიგი ირღვევა, შედეგად ვიღებთ კეთილდღეობის დარღვევას (ავადმყოფობა), იქნება ეს ინდივიდში თუ საზოგადოებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაზრისი ის არის, რომელიც გადაიცემა – რა გრძნობები და აზრებიც გადაეცემა დამთვალიერებელს – იმის საშუალებით, რაც იქმნება. ჩემი მიზანი – განზრახვის სიცხადეა”. საბოლოო ჯამში, მას სურს ადამიანებთან თავისი ნამუშევრების საშუალებით კავშირი დაამყაროს, ისე, რომ ადამიანებს მისი გამოფენიდან გამოსვლისას სხვაგვარი განცდა გაუჩნდეთ, ვიდრე იმავე გამოფენაზე შესვლისას ჰქონდათ. მას სჯერა, რომ ადამიანები ხელოვნების საშუალებით ცისკროვნდებიან: ხელოვნება მათ მეტ განათლებას აძლევს საკუთარი თავის შესახებ, იმ ეპოქისა და კულტურის შესახებ, რომელშიც ცხოვრობენ.

უორჰოლის Marilyn Monroe-ს („მერილინ მონრო”) შთაგონებით, ლაშაპელი ხშირად იყენებს ტრანსსექსუალ მოდელს, ლეპორეს, რითაც პლასტიკური ქირურგიისა და გენდერული როლის შესახებ კამათს იწვევს. ის მას განიხილავს, როგორც ცნობილ ფიგურას, რომელმაც ვარსკვლავის სიმაღლეს სქესის შეცვლით მიაღწია და აღიარებს მის მრავალჯერად ქირურგიულ პროცედურას ამ მოდელის გადაჭარბებული სახასიათო შტრიხებით, რითაც ფარისევლობასა და სექსუალობასთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებს უპირისპირდება. ცნობილ ფოტოსურათში, სადაც ლეპორე კოკაინის მაგივრად ალმასებს შეისუნთქავს, ის წარმოადგენს მოდელს, რომელიც გლამურზე რადიკალურად არის დამოკიდებული. როგორ უღებს ფოტოს ლაშაპელი ადამიანს, რომელიც მამაკაცის სხეულში დაიბადა, თუმცა მასზე უარი თქვა, თავისი ოცნება აისრულა და ქალი გახდა, რაც საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივ სიმართლესა და გულწრფელობას წარმოადგენს? ის ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „ტრანსსექსუალები განსაკუთრებული არსებები არიან. ჩემთვის ისინი ღვთაებებივით არიან: მამაცები, ლამაზები, იდუმალები. მათში ორივე სქესის ენერგიაა”.

ლაშაპელს ყოველთვის უნდოდა, მხატვარი გამოსულიყო. პირველი ცოდნა ფოტოგრაფიის შესახე მან დედისაგან მიიღო, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფი იყო და ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ სიტუაციებში უღებდა მას ფოტოებს. კონექტიკუტის გარეუბანში გაზრდილი ლაშაპელი შესვენებებს ხელოვნების სალონებში ატარებდა, სადაც ჩხუბისთავებს ემალებოდა, შემდეგ სკოლაში სწავლას თავი მიანება და 15 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადაიხვეწა.

მისი პირველი სამსახური ოფიციანტის ასისტენტობა იყო ლეგენდარულ კლუბ Studio 54-ში, სადაც ის შეხვდა უორჰოლს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის დამრიგებლად დარჩა. მამამისმა მხოლოდ მას შემდეგ მიაგნო მას, რაც ჩრდილო კაროლინაში, ხელოვნების სკოლაში ერთი წელი ისწავლა. ფოტოგრაფის პროფესია გულში სწორედ იქ ჩაუვარდა. 18 წლის ასაკში ნიუ-იორკში დაბრუნდა (მაშინ, როდესაც ახალი ხელოვნების ისეთი ვარსკვლავები იბადებოდნენ, როგორიცაა კიტ ჰარინგი და ჟან-მიშელ ბასკია), ისტ-ვილიჯში დამკვიდრდა და კარიერა კომერციული ფოტოგრაფიის დარგში დაიწყო; პარალელურად ის უორჰოლის ჟურნალ Interview- ში („ინტერვიუ”), მსახურობდა, რომლისთვისაც პირველად ტაიმზ-სკვერზე, Beastie Boys-ი გადაიღო. ხელოვნების სამყარო და საკლუბო სცენა მაშინ ერთმანეთთან მტკიცედ იყო დაკავშირებული და მისი, როგორც დამწყები ფოტოგრაფის, ცხოვრება, თავბრუდამხვევი საღამოების მღელვარებისგან, ნარკოტიკებისა და სექსისგან შედგებოდა; მან სრულწლოვანებას მაშინ მიაღწია, როდესაც მანჰეტენზე შიდსის პანდემია შემოქმედებით საზოგადოებას ანადგურებდა. ძალიან მალე ყველაზე პოპულარული საგამომცემლო პუბლიკაციებისთვის დაიწყო ფოტოსურათების გადაღება და მისი თაობის ზოგიერთი ყველაზე საკულტო სარეკლამო კამპანიების სათავეებში მოექცა. კომერციული ფოტოგრაფიის სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრების შემდეგ ის თეატრალურ დადგმებსა და დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე გადავიდა. ასევე შექმნა მუსიკალური ვიდეოკლიპები ისეთი საესტრადო მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან მობი, ჯენიფერ ლოპესი და ნოუ დაუთი, მათ შორისაა, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი ვიდეოკლიპი, რომელიც კრისტინა აგილერას ერთ სიმღერაზე, Dirrty-ზეა, შექმნილი.

2009 წლიდან დღემდე ლაშაპელი Paradise-ზე მუშაობს. ეს იმ ნამუშევრების სერიებია, რომლებშიც სიტყვა სამოთხე გაცისკროვნებისა და ზეციური სამყაროს მეტაფორადაა გამოყენებული. ამ ნამუშევრების შთაგონება მან ბუნებაში ჰპოვა და მათში მისი სულიერი განახლება აისახება. ამ გამოსახულებების დიდი უმრავლესობა ეფუძნება განახლებული სამოთხის თემას, ხოლო ედემის მსგავს ფონად ავტორი მაუის მწვანედ გაფურჩქნილ ტროპიკულ ტყეს იყენებს. მართალია, ახალ ნამუშევარში რელიგიური სიმბოლიზმი და ხელოვნების ისტორიის მითითებებია წარმოჩენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ვარსკვლავების, გარეგნული პეწისა თუ წინააღმდეგობრიობის მიმართ მისწრაფებას მაინც ინარჩუნებს. მისი გენიალურობის ნაწილი და რეკლამის სფეროში გამორჩეულობა განპირობებული იყო იმით, რომ ის ხშირად აერთიანებდა მეტაფორებს ან ცნობად ელემენტებს დიდი ოსტატების ნამუშევრებიდან მორალურ, რელიგიურ მოტივებთან, – რაც ჟურნალის სარეკლამო სამყაროსა და თანამედროვე ფოტოგრაფიისთვის უცხოა.

ხანგრძლივი მუშაობისა და ამ საქმეში სერიოზული ადგილის მოპოვების შედეგად, მან თავს უფლება მისცა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილისთვის გადაიღოს სურათები; ახლა ის ფოტოების საშუალებით ცდილობს უფრო მეტი ადამიანის გულამდე მიაღწიოს, რაც, მისი აზრით, უმწიკვლობაა, რადგან ის აკეთებს იმას, რაც მას აღელვებს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები. მთელი იმ დროის მაძილზე, რაც კომერციულად მუშაობდა, ის ასახავდა ამერიკის აკვიატებებს – ვარსკვლავების გაღმერთებას, მატერიალიზმსა და ყველაფერი იმას, რაზეც მთელი ამერიკა, როგორც ერი, კოლექტიურად ფიქრობდა, – და ცდილობდა მატიანეში ჩაეწერა ადამიანები, რომლებიც ეპოქას განსაზღვრავდნენ. დღეს კი მას შეუძლია შექმნას ისეთი გამოსახულება, რომელსაც გაყიდის, როგორც საკუთარ იდეას – მასში არ იქნება გამოყენებული ვინმე ცნობილი სახის პროდუქტი ან რომელიმე ვარსკვლავი, თუ საკუთარ ნამუშევარში მის გამოყენებას თვითონვე არ გადაწყვეტს. მისი კრიტიკული ხმა თავისუფალია და მას ქვეცნობიერად, ქვესიუჟეტის ჩართვა არ სჭირდება; ყველაფერი შეიძლება იყოს დაუფარავი. ის ხანდახან ისევ მუშაობს სარეკლამო სფეროში, თუმცა ამას მხოლოდ საკუთარი ხელოვნების დასაფინანსებლად აკეთებს. ასე რომ ის დრო, როდესაც ლაშაპელი მოდის სამყაროში ღრმად იყო ჩანერგილი, სახვით ხელოვნებასა და აუქციონის დარბაზებთან საქმე არ ჰქონდა, ლაპარაკია წარსულზე, გავიდა, – შეუძლებელია იყო კომერციული ფოტოგრაფი და საგამოფენო დარბაზებში გამოჩნდე – ლაშაპელმა საზღვარი გადაკვეთა და ნიშანწყალი არ ეტყობა იმისა, რომ უკან დაბრუნებას აპირებს. იყო დრო, როდესაც ის ფოტოსურათებს იღებდა ჟურნალისთვის, რომელიც ბოლოს საგამოფენო დარბაზში ხვდებოდა. ახლა ის საპირისპიროდ მოქმედებს: იღებს სურათებს საგამოფენო დარბაზისთვის, რომლებიც საბოლოოდ ჟურნალში ქვეყნდება.

(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

წინა სტატია

ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან
08 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ჟურნალმა Forbes Georgia დაარსა Forbes Georgia Woman Club-ი
08 დეკემბერი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა