2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

ზოგადი მიმოხილვა

ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. აქედან გამომდინარე, საინტერესოა გავეცნოთ 2015 წლისთვის დაგეგმილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელსაც პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტი უკვე ცნობილია და დეკემბერში მისი მცირედი კორექტირება მოხდება, ის მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება.

2015 წლის ბიუჯეტი დაფუძნებულია 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდასა და 4,2%-იან ინფლაციის დონეზე, ანუ 2015 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ჯამში 9,2%-ით გაიზრდება. პროგნოზი ასეთია.

ბიუჯეტი ოთხი თემატური ნაწილისგან შედგება: შემოსავლები, ხარჯები, დეფიციტი და დეფიციტის დაფინანსების წყაროები. ცალ-ცალკე განვიხილოთ 2015 წლის ბიუჯეტის ოთხივე ნაწილი.

2015 წლისთვის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 8 მილიარდი ლარია, რაც 10,5%-ით მეტია 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლებზე. აქედან 7,6 მილიარდი ლარი (94%) საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. ხარჯების გეგმა 7,8 მილიარდი ლარია და 5,8%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე აშკარაა, 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 500 მილიონი ლარით „გაირღვევა“ და, შესაბამისად, 2015 წელს ხარჯების ზრდა 10%-მდე იქნება, თუ ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლისთავზე მაინც შეძლო მთავრობამ ბიუჯეტის შესრულება. ყველაზე მეტი დაფინანსება, ხარჯების 33,5% (2,7 მილიარდი ლარი), მოდის სოციალურ უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ორგანიზაციების (ფართო გაგებით – ბიუროკრატია) შენახვაზე გათვალისწინებულია ხარჯების 29,4% (ხელფასები + საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ჯამში 2,3 მილიარდი ლარია).

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები, მილიონ ლარებში

დასახელება

2014 წელი (გეგმა)

2015 წელი (გეგმა)

შემოსავლები

7319

8090

 საგადასახადო შემოსავლები

6820

7600

 გრანტები

144

215

 სხვა შემოსავლები

355

275

ხარჯები

7540

7979

 შრომის ანაზღაურება

1318

1405

 საქონელი და მომსახურება

854

943

 პროცენტი

305

359

 სუბსიდიები

241

206

 გრანტები (ტრანსფერები)

1112

1171

 სოციალური უზრუნველყოფა

2581

2672

 სხვა ხარჯები

1128

1223

საოპერაციო სალდო

-221

111

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ვხედავთ, 2015 წლისთვის შემოსავლები აღემატება ხარჯებს და, შესაბამისად, საოპერაციო სალდო დადებითია (111 მილიონი ლარი). თუმცა აღნიშნულ შემოსავლებსა და ხარჯებში არ შედის არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მიზნით დაგეგმილი ხარჯები და აღნიშნული აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები, რომლებიც ბიუჯეტის კლასიფიკაციის მიხედვით ცალკე მუხლებში იწერება.

არაფინანსური აქტივების ზრდაში იგულისხმება ინფრასტრუქტურის განვითარება, ანუ მოიცავს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც 2015 წლის ბიუჯეტში 855 მილიონი ლარია. აქტივების კლება კი მოიცავს პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, რაც მომავალ წელს 80 მილიონის დონეზეა დაგეგმილი.

ფინანსური აქტივების ზრდაში იგულისხმება მთავრობის დეპოზიტების ზრდა, სესხების გაცემა, ფასიანი ქაღალდების შეძენა, რაც 2015 წელს ჯამში 327 მილიონი ლარი იქნება, ხოლო ფინანსური აქტივების კლება, რაც მოიცავს წინა წლებში გაცემული სესხების უკან დაბრუნებას, 70 მილიონი ლარის დონეზეა დაგეგმილი.

ჯამში, საოპერაციო სალდოს თუ დავუმატებთ ფინანსური და არაფინანსური აქტივების ცვლილების სალდოს, 2015 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 921 მილიონი ლარია.

921-მილიონიან დეფიციტს სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის აღებით დააფინანსებს. შესაბამისად, მომავალ წელს სახელმწიფო ვალი აღნიშნული მოცულობით გაიზრდება. სახელმწიფო სულ 930 მილიონი ლარის საგარეო ვალს აიღებს, სანაცვლოდ კი წინა წლებში აღებულ 346 მილიონი ლარის ვალს დაფარავს. საგარეო ვალის წმინდა ზრდა (აღებას გამოკლებული დაფარვა) 584 მილიონი ლარია, საშინაოსი კი 337 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები, მილიონ ლარებში

დასახელება

2014 წელი (გეგმა)

2015 წელი (გეგმა)

შემოსულობები

9105

9570

 შემოსავლები

7319

8090

 არაფინანსური აქტივების კლება

80

80

 ფინანსური აქტივების კლება

70

70

 ვალის აღება

1636

1330

გადასახდელები

9080

9520

 ხარჯები

7540

7979

 არაფინანსური აქტივების ზრდა

734

855

 ფინანსური აქტივების ზრდა

208

277

 ვალის დაფარვა

598

409

ნაშთის ცვლილება

25

50

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

ბიუჯეტი სახელმწიფო უწყებების მიხედვით

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა მნიშვნელოვანწილად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს. თეორიულად, 2015 წელს დაფინანსება ეზრდებათ იმ მიმართულებებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც მთავრობა უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევს. მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია მაღალბიუჯეტიანი უწყებების 2014 და 2015 წლების ბიუჯეტების შედარება. 2015 წელსაც ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს ექნება (2775 მილიონი), რომელიც წინა წელთან შედარებით 117 მილიონი ლარით იზრდება. ყველაზე მეტად (125 მილიონი ლარით) იზრდება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი.

მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება, მილიონ ლარებში

უწყებები

2014წელი (გეგმა)

2015წელი (გეგმა)

სხვაობა

ჯანდაცვის სამინისტრო

2658.0

2775.0

117.0

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

875.0

1000.0

125.0

განათლების სამინისტრო

754.3

853.9

99.6

თავდაცვის სამინისტრო

616.0

640.0

24.0

შინაგან საქმეთა სამინისტრო

600.0

615.0

15.0

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

263.5

291.0

27.5

სასჯელაღსრულების სამინისტრო

154.0

155.0

1.0

ენერგეტიკის სამინისტრო

114.6

125.0

10.4

ეკონომიკის სამინისტრო

131.0

120.0

-11.0

ფინანსთა სამინისტრო

96.0

100.0

4.0

საგარეო საქმეთა სამინისტრო

90.0

100.0

10.0

იუსტიციის სამინისტრო

60.5

68.5

8.0

პარლამენტი

59.5

60.5

1.0

საერთო სასამართლოები

47.4

50.0

2.6

საზოგადოებრივი მაუწყებელი

38.0

40.8

2.8

მთავრობის ადმინისტრაცია

20.0

32.5

12.5

საპატრიარქო

25.0

25.0

0.0

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

9.0

9.0

0.0

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

ფუნქციონალურ ჭრილში სახელმწიფოს ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკურ საქმიანობაზე, სახელმწიფო მომსახურებაზე (ბიუროკრატიაზე) და განათლებაზე. ეკონომიკური საქმიანობის ხარჯების ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდითაა განპირობებული. სახელმწიფო მომსახურების ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ადგილობრივი მთავრობების დაფინანსების ზრდით. განათლების ხარჯების ზრდა კი საშუალო ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდამ განაპირობა.

სახელმწიფო ბიუჯეტი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, მილიონ ლარებში

ფუნქციები

2014 წელი (გეგმა)

2015 წელი (გეგმა)

სხვაობა

ეკონომიკური საქმიანობა

1000

1155

155

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

1897

2019

122

განათლება

769

851

82

ჯანმრთელობის დაცვა

674

740

66

სოციალური დაცვა

2117

2160

43

დასვენება, კულტურა და რელიგია

158

200

42

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

890

928

38

თავდაცვა

634

650

16

გარემოს დაცვა

36.3

46

9.7

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

98

84

-14

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას ერთ-ერთი ყველაზე სადისკუსიო საკითხი იყო პენსიების ზრდის თემა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება 10 ლარით, რაც სრულად დეკემბრის ბოლოს პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტში აისახება და 2015 წელს სოციალური დაცვის ხარჯი დაახლოებით 60 მილიონი ლარით გაიზრდება.

საბიუჯეტო პოლიტიკის მოკლე ანალიზი

ზემოთ განვიხილეთ, როგორია 2015 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა ვაჩვენოთ, რამდენად ეფექტიანია დღეს საბიუჯეტო (ფისკალური) პოლიტიკა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარამეტრებზე დაკვირვება. ესენია: ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 921 მილიონი ლარია, რაც მშპ-ის მიმართ 2,9%-ია. დეფიციტის მაჩვენებელი არ სცდება კანონით დაწესებულ ჭერს – მშპ-ის 3%-ს, მაგრამ მაღალია და იწვევს სახელმწიფო ვალის ზრდას როგორც ნომინალურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. 2015 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 35,8%-ს მიაღწევს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული პარამეტრები მიღწეული იქნება. 2014 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 35,7%-ია.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით 2014 წლის ბიუჯეტი 1,1 მილიარდი ლარით მეტია, მაგრამ აქედან ვალის აღებაზე მოდის 888 მილიონი ლარი. ანუ, აქამდე ბიუჯეტი, ფაქტობრივად, მეტი სახელმწიფო ვალის აღების გზით იზრდებოდა. 2015 წლის ბიუჯეტი კი 1,6 მილიარდი ლარით მეტია 2012 წლის ბიუჯეტზე, თუმცა ვალის წვლილი ისევ მაღალია აღნიშნულ მეტობაში, დაახლოებით 600 მილიონი ლარი.

დღეისათვის საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემა საბიუჯეტო პროცესის მენეჯმენტშია. ბოლო ორი წელია, მთავრობა გეგმავს მეტ საბიუჯეტო ხარჯებს, ვიდრე დახარჯვა შეუძლია. ამასთან, 2013 წელს პრობლემა იყო შემოსავლების მობილიზებაშიც, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 91%-ით შესრულდა. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები ითხოვენ უფრო მეტ ფულს, ვიდრე დახარჯვა შეუძლიათ. არც ერთი სამინისტროს წლიური ხარჯების გეგმა არ სრულდება 100%-ით. გასულ წელს დაახლოებით 800 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე დაგეგმილი იყო, წელს ეს ციფრი დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. ამ ფონზე, მთავრობა აცხადებს, რომ ყველა პროექტი და რეფორმა გეგმაზომიერად მიმდინარეობს, არსად ჩავარდნა არ არის. მაშინ გაუგებარია, რატომ ითხოვდნენ/ითხოვენ ასეთი მოცულობის თანხებს. ერთ მხრივ, იგეგმება მაღალდეფიციტიანი ბიუჯეტი (მშპ-ის 3%-მდე), დიდი მოცულობით სახელმწიფო ვალის აღება, რაც აზიანებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და შემდგომ ფაქტია, რომ ასეთი დეფიციტის დაგეგმვა არ იყო აუცილებელი, შესაბამისად, არც ამდენი ფულის სესხება.

ყველაზე მეტად ჩავარდნაა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დაგეგმილი პროექტების 60-70% სრულდება. შედეგად, აუთვისებელი რჩება შეღავათიანი კრედიტების მნიშვნელოვანი მოცულობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

საბიუჯეტო პროცესის მენეჯმენტის პრობლემა ჩანს ბიუჯეტის ხარჯების კვარტალურ გადანაწილებაში. 2013 წლის პირველი 3 კვარტალის ბიუჯეტი არ იყო დეფიციტური, შესაბამისად, დეფიციტის მთლიანი ტვირთი დააწვა მე-4 კვარტალს. რასაც მოჰყვა დიდი მოცულობით ლარის მიმოქცევაში გამოშვება, ფასების დონის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურება. იგივე ტენდენციაა 2014 წელსაც, მთავრობა ან ვერ შეასრულებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ან დეკემბერში წლიური ბიუჯეტის 18%-ს დახარჯავს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ ამა თუ იმ წლის ბიუჯეტის პროექტს, არამედ მეტი აქცენტი გაკეთდეს ბიუჯეტის შესრულებაზე. თუ ბიუჯეტის ვერშესრულება ტრადიციად გვექცა, მაშინ დიდი მნიშვნელობაა არა აქვს, როგორ ბიუჯეტს დაამტკიცებს პარლამენტი დეკემბერში, 2015 წლის ბოლოს მაინც რადიკალურად განსხვავებული სურათი გვექნება.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

წინა სტატია

პაშა ბანკმა ქართული პანორამის გამარჯვებული დააჯილდოვა
11 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

რეკომენდებული კამპანია
12 დეკემბერი, 2014
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა