შესანიშნავი კასბა. რიჩარდ ბრენსონის მაროკოული რეზიდენციის ინტერიერში

Kasbah Tamadot-ში, მაროკოს ატლასის მთებში, სადილის დაწყებას რამდენიმე წუთი აკლია, რიჩარდ ბრენსონი კი უზარმაზარ ფირუზისფერ აუზში ჩახტომას აპირებს, თანაც ჩაცმული. ის აუზის კიდეზე დგება, სამამდე ითვლის და ხტება. სახიდან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ღიმილს არ იშორებს და სანამ წყალში ბოლომდე ჩაეშვება, ორივე ხელის ცერა თითს მაღლა სწევს. ცოტა ხანში, წყლის ზედაპირს ზემოდან მოქცეული, ყვირის:”უფრო თბილია, ვიდრე მეგონა!”

“ირლანდიის ზღვაზე უფრო თბილი?” – ვეკითხები მე. აქ ვგულისხმობ 1987 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის სანაპიროსთან მის წყალში გადაშვებას, მალევე მას შემდეგ, რაც მან და პერ ლინდსტრანდმა ის პირველი ჯგუფი შექმნეს, რომელმაც ატლანტის ოკეანე აეროსტატით გადაკვეთა. ის იცინის და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

ბრენსონს მხიარულების ბევრი მიზეზი აქვს: ის საკუთარ მაროკოულ რეზიდენციაში, Kasbah Tamadot-ში ისვენებს. დიდ კიბეს ფართოდ გაშლილ აგურისფერ მთავარ შენობასთან მივყავართ, სადაც ის ბევრ მეგობარს მასპინძლობდა, მათ შორის: მიკ ჯაგერს, ენი ლენოქსს, პიტერ გებრიელსა და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მზადაა, კომპლექსის 27 ოთახიდან ერთ-ერთში გატარებულ ღამეში $3000 გადაიხადოს.

მის წინ თოვლით დაფარული ატლასის მთები მოჩანს, ქვემოთ ყავისფრად ბუჩქნარი გაშლილა. ასეთი მკვეთრი კონტრასტი ძალიან ლამაზია, ბრენსონში კი ის საკუთარი საჰაერო თავგადასავლების შესახებ მოგონებებს აღვიძებს. რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს გარშემო აეროსტატით ბედუკუღმართი მოგზაურობის დროს, რომელიც მარაკეშის მახლობლად დაიწყო, ის სწორედ ამ მწვერვალებთან ჩამოვარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეს ასე მოხდა: ბრენსონის ფრენის პირველ დღეს, როდესაც ღამის გრილმა ჰაერმა მაროკოული მზის მცხუნვარება შეცვალა, ჰელიუმი მის აეროსტატში უფრო სწრაფად შეიკუმშა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რის გამოც აეროსტატმა 9000 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა დაიწყო. შიგნით მილიარდერი და მისი ორი თანამემამულე იმყოფებოდნენ.

იმ დროს, როდესაც ისინი წუთში 600 მეტრის სიჩქარით განაგრძობდნენ ვარდნას და თავის სანთურებს ტყუილად წვავდნენ, ბრენსონი სიბნელეში გადახტომასა და პარაშუტით დაშვების მცდელობაზე ფიქრობდა, მაგრამ მის წინ გაშლილი კლდოვანი, დაუსახლებელი მიწა გადარჩენის ძალიან მცირე შანსს იძლეოდა. ამიტომ ის და მისი ეკიპაჟი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი სიმძიმე გადაეყარათ, რათა ვარდნა შეენელებინათ.

“ჩვენ, უბრალოდ, რაც კი გვქონდა, ყველაფრის გადაყრა დავიწყეთ, – იხსენებს ბრენსონი. – ჩემოდნების, სკამების, ჩვენი ტანსაცმლის. გვქონდა ფულით სავსე ჩანთა, რომელიც ასევე გადავაგდეთ. ჩვენ სწორედ დროზე მოვახერხეთ შეჩერება, ამიტომ ღირდა ცოტა ფულის დაკარგვა ასეთი შემთხვევის გამო”. მათ 600 მეტრის სიმაღლეზე აეროსტატის სტაბილიზება მოახერხეს და მთელი ღამის განმავლობაში ფრენა გააგრძელეს. შემდეგ დილას მათ შუა საჰარაში საკმაოდ უხეში დაჯდომა განახორციელეს. ისინი ალჟირელი ჯარისკაცების მძიმედ შეიარაღებულმა რაზმმა იპოვა და ადგილობრივ მეთაურთან მიიყვანა.

“ეს იყო გარკვეულწილად ყველაზე საუცხოო გატაცება, – ამბობს ბრენსონი. – მეთაურიჩვენთვის ბატკნებს წვავდა, ჩვენ კი ყოველდღე, ისე, რომ ძალიან უპატივცემულოდ არ გამოგვსვლოდა, ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა, რომ სიამოვნებით წავიდოდით სახლში. საბოლოოდ მოვახერხეთ და ალჟირის პრეზიდენტს მივაწვდინეთ ხმა. მან კი ჩვენს გადასარჩენად ვერტმფრენი გამოგზავნა”.

Kasbah Tamadot-ი მარაკეშიდან ჯიპით 45 წუთის სავალზე მდებარეობს (ვერტმფრენით თხუთმეტი წუთის საფრენზე, თუმცა სერ რიჩარდი უპირატესობას ავტომობილით მგზავრობას ანიჭებს). ჩემი ჩამოსვლისას, აღდგომის კვირას, ბრენსონი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც შემხვდა. მან შესასვლელიდანვე თბილად გაიღიმა, ხელი დამიქნია და გააღო კარი, რომელიც დახურულ აუზზე გადიოდა. “აჩვენე მას საუნა, კარგი?”, – თავმომწონედ სთხოვა თანმხლებს, სანამ ბოდიშს მოიხდიდა და რაღაც სამუშაოს შესასრულებლად გაიქცეოდა.

“მე პირადად არასოდეს ვმუშაობ ოფისში, – დაამატა მან, – ამიტომ ყოველთვის ლამაზ ადგილებში მუშაობა მიყვარს”.

Tamadot-ი ნამდვილად შეესაბამება ამ აღწერას. ბრენსონმა ეს შენობა 1998 წელს, თავისი მშობლების დაჟინებული მოთხოვნით შეიძინა, რომლებიც იმ დროს ქვეყანას სტუმრობდნენ, რათა თავიანთი შვილის გვერდით ყოფილიყვნენ, როცა ის მსოფლიოს გარშემო ექსპედიციისთვის ემზადებოდა (“მსოფლიოში საუკეთესო ადგილი აეროსტატის ასაფრენად არის მაროკო, – ამბობს ის. – ამინდი შესანიშნავია და რეაქტიული ნაკადი პირდაპირ ზევიდან გადადის”). ყოველდღიური გასეირნებისათვის გამოყოფილი საკუთარი აეროსტატით მათ ახლანდელ Kasbah Tamadot-ს გადაუფრინეს და მისი პოტენციალი მაშინვე დაინახეს. მიწაზე დასხდომის შემდეგ ბრენსონები ძველ რიადში დაბრუნდნენ (სასახლის ადგილობრივ ვარიანტში, რომელიც შადრევნებით დამშვენებული შიდა ეზოს გარშემოა აშენებული და რომელსაც ზემოდან ტერასები გადმოჰყურებს. კონკრეტულად ამ სახლში თავდაპირველად კოლონიის ფრანგი გუბერნატორი ცხოვრობდა) და კარზე დააკაკუნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იქ ცხოვრობდა ანტიკვარი ლუსიანო ტემპო, რომელმაც ისინი ფინჯან ყავაზე დაპატიჟა. როდესაც ბრენსონი მოგზაურობიდან დაბრუნდა, მისმა მშობლებმა მას ულტიმატუმით მიმართეს.

“ისინი დაბრუნდნენ და მითხრეს, რომ თუ მე მას არ ვიყიდდი და მსოფლიოში ულამაზეს სასტუმროდ არ გადავაქცევდი, ისინი ჩემზე უარს იტყოდნენ, – ამბობს ის, – და რადგან ჩემი მშობლები მიყვარდა, გადავწყვიტე, რომ ჯობდა მივსულიყავი და მენახა. მეც ძალიან მომეწონა ის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური რამ, რაც მოჰყვა ჩემს სურვილს, ჩარჩოებს გარეთ გავსულიყავი”.

მან რიადისთვის დაახლოებით $1,5 მილიონი გადაიხადა და ბონუსად ახლომდებარე ქალაქ ასნიში განლაგებული ტემპოს ანტიკვარიატის საწყობი მიიღო. “იმ მომენტისთვის Tamadot-ი ჯერ კიდევ დეკორატიულ შენობას წარმოადგენდა, ის ჯერ არ იყო სასტუმრო, როგორც დღეს, – ამბობს ბრენსონის და ვანესა.

შვიდი წლის განმავლობაში მან ამ საკუთრების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი პერსონალის დაქირავება– სწავლებისთვის თავის თავდაპირველ ინვესტიციასთან შედარებით ბევრად მეტი ჩადო. ბრენსონის Virgin Unite-ი და მისი დედის Eve Branson Foundation-ი მას ხელს უწყობდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინა. ამ მიზნით ხალიჩების საამქრო და სახელოსნო ააშენეს, სადაც ადგილობრივები დაასაქმეს. ყველა ნივთი, რომელიც Tamadot-ში იყიდება, მაროკოშია შექმნილი.

რაც შეეხება კასბას, ბრენსონმა იმავე სახის მდიდრული შტრიხები დაამატა, რაც მის სხვა ეგზოტიკურ სახლებს ახასიათებს, რომლებიც, იმავდროულად სამხრეთ აფრიკაში, კუნძულ ნეკერის ჩათვლით, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და ულუსაბას კერძო სანადირო ნაკრძალში ბუტიკ-ოტელების ფუნქციას ასრულებენ. Tamadot-ში ფუფუნებაა. სტუმრების ოთახებში ახალი ხილის უსასრულო მარაგია, აქ ყოველდღიურად ვარდის ფურცლებს ყრიან, ამ ყველაფერს თან უფასო მინიბარი და Bose-ის მუსიკალური სისტემიდან თითოეულ ოთახში გადმოღვრილი დამამშვიდებელი მაროკოული მუსიკა ახლავს.

აქაურობა ძალიან მდიდრულადაა კეთილმოწყობილი: კლდის კიდესთან უშველებელი, გათბობის სისტემით აღჭურვილი აუზია გაშლილი. სასტუმროს შიგნით განლაგებულია რესტორანი Kanoun-ი, სადაც ტრადიციულ ბერბერულ კერძებსა და საერთაშორისო სამზარეულოს შემოგთავაზებენ, და დასასვენებელი ზონა, დაკომპლექტებული ჩოგბურთის კორტებით, პინგპონგის მაგიდითა და პატარა ამფითეატრით. გენერალური მენეჯერი, ვინსენტ პადიოლო ამბობს: “არავის დაუჩივლია იმის გამო, რომ ჩვენ ტელევიზორები არ გვაქვს”.

ბრენსონისთვის Tamadot-ის ფლობა ასევე მისი ცნობილი მეგობრების ყველაზე იდილიურ გარემოში გართობის მიზანს ემსახურება. მაროკო დიდი ხნის განმავლობაში გართობის ინდუსტრიის ვარსკვლავების საყვარელ ადგილს წარმოადგენდა – 1960-იან წლებში, Rolling Stones-ით დაწყებული, ბოლო წლებში Game of Thrones-ის გადამღები ჯგუფით დამთავრებული. ბრენსონი პატივს სცემს ქვეყნის ბოჰემურ ჯგუფებს, მის სტუმართმოყვარე ადგილობრივ მცხოვრებლებს და უხვ მცენარეულ მიმზიდველობას (“ხომ იცით, მაროკო ცნობილია თავისი ოპიუმით”, განმარტავს ის).

ბრენსონის სტუმართაგან ბევრი, პიტერ გებრიელის ჩათვლით, აეროსტატით ფრენასთან დაკავშირებით მის ენთუზიაზმს იზიარებს. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მილიარდერმა და როკვარსკვლავმა მთის სოფლებს გადაუფრინეს. ხედავდნენ, როგორ მისდევდნენ მათ ადგილობრივი ბავშვები, რომლებსაც მანამდე დირიჟაბლი არასოდეს ენახათ. სხვა მოგზაურობის დროს მათ თივის ზვინზე ახალგაზრდა საყვარლების წყვილი შენიშნეს. იგრძნეს რა ცელქობის შესაძლებლობა, ისინი ჩუმად დაეშვნენ იქამდე, სანამ მხოლოდ რამდენიმე იარდის დაშორებით აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ სანთურები აანთეს და გაფრინდნენ.

ბრენსონი ამბობს: “მე არასოდეს მინახავს, ორ ადამიანს ამდენი ეხტუნავოს!”

ბრენსონი Tamadot-ს ასევე უფრო სერიოზული საქმეებისთვისაც იყენებს. ის და გებრიელი არიან უხუცესების საკონსულტაციო საბჭოს – ნელსონ მანდელას მიერ დაარსებული მსოფლიოს შუამავლების ელიტარული ჯგუფის – წევრები. ამჟამად კოფი ანანის თავმჯდომარეობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის თორმეტი კაცისგან შემდგარ ცვალებად შემადგენლობაში წინათ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი ერნესტო სედილიო და არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ შედიოდნენ.

როდესაც რამდენიმე წლის წინ ბრენსონი Kasbah Tamadot-ში ერთ ჯგუფს მასპინძლობდა, რომლის წევრები ცდილობდნენ კენიაში მომწიფებული აჯანყების პრობლემის გადაჭრის გზა ეპოვნათ, მან გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ტუტუს, რომელიც ცნობილია თავისი მამაცი ანტიაპარტეიდული აქტივობით და შემდგომი პრობლემების გადაჭრის უნარით გლობალურ არენაზე, აგრეთვე კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

“ხალხი ყოველთვის მადანაშაულებს ცნობილ ადამიანებთან ნაცნობობით ტრაბახში, – თქვა ტუტუმ ერთ-ერთ შეხვედრაზე. – სასაცილოა, სულ რაღაც გასულ კვირას, მე ბაკინგემის სასახლეში ვიყავი და დედოფალმა მკითხა, – ‘არქიეპისკოპოსო, ყოველთვის რატომ ტრაბახობ ხოლმე ცნობილ ადამიანებთან ნაცნობობით?’”

სხვა დროს, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც უგანდის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი – და ჰომოსექსუალური აქტივობის შესახებ ენის არმიტანა – სამუდამო პატიმრობით უნდა დასჯილიყო, ტუტუმ ამ უდავოდ სერიოზულ საკითხში ხუმრობის ნოტების სწორედ შესაფერისი რაოდენობა შემოიტანა. ამ სვლის დაგმობის შემდეგ, მან განაცხადა: “თუ მე სამოთხეში მოვხვდები და აღმოვაჩენ, რომ ღმერთი ჰომოფობია, მე მას ვთხოვ, რომ სხვა ადგილას გამგზავნოს”.

თუმცა ბრენსონისა და მისი ცნობილი მეგობრების შესახებ ყველა ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე წლის წინ მას ტაბლოიდ News of the World-დან ჟურნალისტი დაუკავშირდა. ამჟამად არარსებული ტაბლოიდი პირველ ზოლზე სტატიის გამოქვეყნებას გეგმავდა, სადაც დაიწერებოდა, რომ ბრენსონი გამოიჭირეს, როდესაც კუნძულ ნეკერზე, მთავარ საძინებელში, კეიტ მოსთან და კიტ რიჩარდსთან ერთად (რომელიც არასოდეს არ ყოფილა ნეკერზე), კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ორგიაში მონაწილეობდა. “მე ცოტა ხნით შევყოვნდი და ვიფიქრე, ‘ეს ისტორია მეტისმეტად კარგია უარყოფისთვის’, – სიცილით ამბობს ბრენსონი, – და შემდეგ ძალიან უხალისოდ ვუთხარი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა”.

ბრენსონი ადვილად აღიარებს, რომ ხშირად მონაწილეობს ნაკლებად აღვირახსნილ ჯგუფურ შეკრებებში Tamadot-ში, სადაც კვირაში ორჯერ ტარდება სადილი ერთ მასიურ მაგიდასთან, რათა ყველა სტუმარმა ერთმანეთის გაცნობა შეძლოს. ეს ასევე კარგად შეესაბამება მის ფილოსოფიას Virgin Atlantic-ის მიმართ – როდესაც ის დაფრინავს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ საუბრებს მგზავრებთან, ლაპარაკს პერსონალთან და ჩანიშვნების გაკეთებას.

Tamadot-ში ყოფნისას, სადაც ის წელიწადში მინიმუმ ორჯერ ცდილობს ჩასვლას, ბრენსონი ხშირად სტუმრებში გაერევა ხოლმე (აუზთან, ჭამის დროს, სუვენირების მაღაზიასთან ახლოს და სასტუმროს ზოგიერთ მყუდრო კუთხეში, სადაც არის მაგიდები, სკამები და შესანიშნავი ხედები იშლება). $5 მილიარდი ქონებით, მას თავისუფლად შეეძლო ეს საკუთრება მხოლოდ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის გამოეყენებინა, მაგრამ მას არ უნდა ახალ ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხოს.

“მე მიყვარს ხალხი, და, საბედნიეროდ, ჩემს ცოლსაც უყვარს ხალხი, – ამბობს ის. – მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან შეხვედრაა. თუ შენ ისეთ ადგილს ფლობ, როგორიცაა Kasbah Tamadot-ი, იცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრების მისალმება, ხელის ჩამორთმევა და კითხვების დასმა. ვფიქრობ, სწორედ ეს აქცევს მას განსაკუთრებულ ადგილად ჩვეულებრივი ადგილისგან განსხვავებით”.

ახლა, როდესაც თავის ბიზნესკარიერაში ნახევარი საუკუნე გამოიარა, ბრენსონმა Virgin-ის დროშა ისეთ სხვადასხვანაირ დარგებში აღმართა, როგორიცაა მუსიკა, ავიახაზები, რკინიგზა, საბანკო საქმიანობა, სასმელები და წიგნები. დასვენების დროსაც კი ის თავისი შემდეგი პროექტის, Virgin Galactic-ის შესახებ საუბრისგან თავს ვერ იკავებს.

მრავალრიცხოვანი დაყოვნებების შემდეგ, როგორც ჩანს, კომპანია თითქმის მზადაა კოსმოსური ტურისტების ცაში გაშვება დაიწყოს – 800 კაცი, ლედი გაგას, ეშტონ კატჩერისა და ტყუპი უინკლვოსების (რომლებმაც, როგორც ამბობენ, ბილეთებში $250 000 გადაიხადეს Bitcoin-ის სახით) ჩათვლით. ბრენსონი დარწმუნებულია, რომ ეს ბიზნესი იანვრისთვის დაიწყება და ამუშავდება.

“ეს უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა” – ამბობს ის, – მაგრამ ახლა რაკეტა ტესტირებულია სრულ ხანგრძლივობაზე, რაც საჭიროა მისი კოსმოსში გაშვებისთვის და მან გაიარა რიგი ტესტებისა მიწაზე. ვიმედოვნებ, რომ შემოდგომაზე კოსმოსში აღმოვჩნდები”.

ჯერჯერობით ბრენსონს Kasbah Tamadot-ის სიმაღლით დაკმაყოფილება მოუწევს – ზღვის დონიდან სულ რაღაც 1300 მეტრის სიმაღლეზე. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე იქნება, როდესაც მთის ჰაერი საკმარისად მშრალია იმისთვის, რომ მწველი მზე ასატანი გახადოს. საიდანღაც ჩოგბურთის კორტების მხრიდან, ბრენსონის ოთხი ჯორიდან - Pepper­mint (პიტნა), Parmesan (პარმეზანი), Paprika (პაპრიკა) და Peanut (არაქისი) – ერთ-ერთი ემოციურად ყროყინებს (ზოოპარკი, სადაც სამი ვირი და ორი აქლემია, ნებისმიერი სტუმრის განკარგულებაშია, ვისაც ადგილობრივი ხანმოკლე გასეირნება სურს).

ამასობაში ბრენსონის პერანგმა ძლივს გაშრობა დაიწყო. ის კვლავ აუზს გასცქერის. ფაქტია, რომ ის ჯერ კიდევ მზადაა ნებისმიერი ფრენისთვის, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ხანმოკლე იქნება იგი.

“კიდევ ერთხელ კარგი იღბლისთვის?”

(გამოქვეყნებულია Forbes Woman Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

წინა სტატია

არიანა ჰაფინგტონის (მ)შვიდი ცხოვრება
18 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

5 საუკეთესო ინვესტიცია ქალებისათვის
22 დეკემბერი, 2014
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა