ისტორიული რესტორნების სახელმძღვანელო

ისტორიული რესტორნების სახელმძღვანელო

მაშინ როცა სხვა დაწესებულებები, გურმანთა ახირების შესაბამისად, დახვეწილი დეკორატიულობით გამორჩეული კერძების ხელახლა შექმნას ცდილობენ, ქვემოთ ჩამოთვლილი კლასიკური ევროპული რესტორნები – რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა შეარჩიეს – უკანასკნელი ერთი თუ უფრო მეტი საუკუნის მანძილზე თითქმის არ შეცვლილან.

LA TRAIDA, ლა-კორუნია, ესპანეთი î Calle de Torreiro

სოფლის ნაზი ყველი, სარდინის ემპანადები, ჩიჩერონი (გალიციური ღორი) – სულ ეს არის. მენიუს შემადგენლობა არასოდეს იცვლება. სისა და მარი კარმენი ამ ადგილას მთელი თავიანთი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე მუშაობენ. ეს რესტორანი დების მამამ 1936 წელს გახსნა და თუ კედლებზე გაკრული პოსტერებით ვიმსჯელებთ, მას შემდეგ აქ დიდად არაფერი შეცვლილა. ყოფილი ციხის სარდაფს ფანჯრები არ გააჩნია და მისი იატაკი ანტიკური ქვებით არის გაწყობილი. აქ დაბალი სკამებით გარშემორტყმული სულ სამი მაგიდა დგას, ასევე – რამდენიმე კასრი, რომელთაც შეიძლება დაეყრდნოთ. როგორც ამ ტიპის ტავერნებშია, ღვინო თეთრია, პირდაპირ კასრებიდან, ხოლო თავად კასრები სოფლიდან მოაქვთ. არანაირი დაძველება, არანაირი ზედმეტი ძალისხმევა. თქვენ აქ ღვინოს მცირე ზომის კერამიკის ჭიქებით მიირთმევთ, რომელთაც Cuncas-ს უწოდებენ. მე შევუკვეთე ნაზი ყველი სობრადოდან, რომელიც აქაურობას ერთი საათის საავტომობილო გზით არის დაშორებული და გალისიის ყველის მწარმოებელი რეგიონის გულში მდებარეობს. ყველი ნაჭრებად არის დაჭრილი, მაგრამ ზუსტად თხევადსა და მყარ მდგომარეობას შორისაა და ისეთი ახალია, რომ თითქოს ძროხის ხმას გამოსცემს.

RULES, ლონდონი  î 35 Maiden Lane

1798 წელს თომას რულზს მისმა ოჯახმა უკანასკნელი შანსი მისცა, რათა საკუთარი უცნაური ზნე-ჩვეულება შეეცვალა. მან ამ გამოწვევას შემდეგნაირად უპასუხა, Maiden Lane-ზე, ზუსტად the strand-ზე Rules Oyster House-ი გახსნა. ყველას გასაკვირად ეს წამოწყება უმალ წარმატებული გახდა. ახლაც, 212 წლისა და ოთხი მეპატრონის გამოცვლის შემდეგ, რესტორანი კვლავ წარმატებულად მუშაობს და, როგორც ამბობენ, ყველაზე ძველიც კია ლონდონში. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში რთული პერიოდებიც იყო, მაგრამ Rules-ი ახლა ერთგვარი რენესანსის ეპოქაში იმყოფება. 2008 წელს მცირე ზომის სასადილო ოთახი ლონდონში ერთ-ერთ საუკეთესო ბარად გადაკეთდა და ამის სათავეში ლეგენდარული ბარმენი ბრაიან სილვა იდგა. როდესაც აქ მოხვდებით, სანამ ვახშმისათვის მაგიდას მიუსხდებით, პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, კოქტეილი უნდა გასინჯოთ. Rules-ი ტრადიციას აგრძელებს და კლიენტებს ისეთ ძველ ბრიტანულ კერძებს სთავაზობს, როგორიც არის ოისტერი, კონსერვირებული ხამანწკები, სტეიკი, თირკმლისგან დამზადებული პუდინგი და ნეკნები. მას შემდეგ, რაც ამ დაწესებულების სამზარეულოში გარკვეული დრო გავატარე, შემიძლია მოწმედ დავდგე, რომ აქ მთელი წლის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები აქვთ. თუმცა სამზარეულო საოცარ ადგილად სწორედ საჭმლის მომზადების პროცესში იქცევა. აქ საუკეთესოდ ამზადებენ კაკაბს, ირმის ხორცს კი ფორმალურ და კომფორტულ გარემოში ლივრეაში გამოწყობილი ოფიციანტი მოგართმევთ.

LE TRAIN BLEU, პარიზი. î პირველი სართული, Gare de Lyon

პირველად რესტორან Le Train Blue-ს, რომელიც ლიონის რკინიგზის სადგურის ცენტრში მდებარეობს, მამაჩემთან ერთად 15 წლის წინ ვესტუმრე. დავინახე თუ არა, მან თავისი დიდებულებითა და სიმდიდრით ჩემი წარმოსახვა მაშინვე მიიტაცა – სკულპტურები, მოოქრული გარემო და ნახატები. ეს რესტორანი კომპანია Paris – Lyon-Meiterranean-მა 1900 წელს ააგო. იგი ქალაქის ნაწილია და აქ ნამდვილი პარიზის ბისტროსათვის დამახასიათებელი სული ტრიალებს. რესტორანი ცნობილია კლასიკური პარიზული სამზარეულოთი: ჩვენ დავაგემოვნეთ ცხენის სტეიკი, ფუა-გრა, ბავეტე (მკერდის ნაწილი) და Paris-Brest-ი, რითაც ეს ადგილი განთქმულია. Paris-Brest-ი ყოველთვის იყო მენიუში. მსუბუქი ტკბილი ცომითა და ნიგვზის კრემით დამზადებული ეს დესერტი იმ ველორბოლის გამო შეიქმნა, რომელიც ამ ორ ქალაქს შორის პირველად 1981 წელს გაიმართა. რესტორნის პერსონალი ისე გამოიყურება, თითქოს ის ყოველთვის, დასაწყისიდანვე აქ იყო. ამ რესტორანს არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს.

ANTICO CAFFE GRECO, რომი, î 86 Via dei Condotti

ამ კაფეში, რომელიც გადატვირთულ Via dei Condotti-ზე მდებარეობს, ყველა სოციალური ფენისა და ეროვნების გამვლელებს, ცნობილ თუ უცნობ ადამიანებს 1760 წლის შემდეგ ფეხი შეუდგამთ, რითაც იგი მსოფლიოს სამ ყველაზე ძველ კაფეთა რიცხვში შედის. მას უმასპინძლია ისეთი ადამიანებისათვის, როგორებიც იყვნენ ბაირონი, შელი, კიტსი და კაზანოვა. იგი მშვენიერი ინტერიერით გამოირჩევა მწვანე ხავერდის სკამები, ძველი სარკეები, მარმარილოს მაგიდები და უამრავი შავ-თეთრი ფოტო გულგრილს არავის ტოვებს. კაფეს ასევე რამდენიმე მცირე სალონური ოთახიც გააჩნია, სადაც ტრადიციული იტალიური კერძებით გაგიმასპინძლდებიან. მე ვარჩევ მცირე ზომის ხის ბარს, სადაც სურნელოვან ყავას და საუცხოო საკონდიტრო ნაწარმს შემოგთავაზებენ.

HACI ABDULLAH, სტამბული. î Aga Camii, Atıf Yılmaz Cad 9/A

ოტომანთა იმპერიის კულინარიული ტრადიცია გრძელდება Haci Abdullah-ში, რესტორანში, რომელიც სტამბულის ბეიოღლუს უბანში მდებარეობს და რომლის ისტორიაც 1888 წლიდან იწყება. როგორც რესტორნის მფლობელები ამბობენ, აბდულჰამიდ II-მ, ოტომანთა იმპერიის 34 სულთანმა, კარაკოის სანაპიროზე, ოქროს რქის შესართავთან, თავად გასცა მისი გახსნის ნებართვა. ადგილის რამდენიმეჯერ შეცვლის შემდეგ, Haci Abdullah ამჟამად Aga-ს მეჩეთის უშუალო სიახლოვეს, მცირე ბორცვზე, Atif Yilmaz Caddesi-ზე, მდებარეობს. ინტერიერის მუქი წითელი კედლები დახატული ტიტებითა და მოოქრული იმპერიული ბეჭდით არის შემკული. თაროები ხილის ჩირით სავსე თასებისაგან იბრიცება, მენეჯერის ოთახთან მოთავსებულია უზარმაზარი გოგრა და სხვა ბოსტნეული. კარმინისფერ წინსაფრებში გამოწყობილი ოფიციანტები keskek-ს (მოთუშული ხორცი და ხორბალი) მოგართმევენ, sarma (კომბოსტოს ფოთლის რგოლები) და ic pilav (ბრინჯი ფიჭვის თხილითა და მოცხარით). ძირითად კერძს დესერტად Komposto (ხილის კომპოტი მსხლის ნაჭრებითა და ბროწეულის მარცვლებით) მოჰყვება.

AU RENDEZ-VOUZ DES CHAUFFEURS, პარიზი. î11 rue des Portes Blanches

ეს რესტორანი 1904 წელს გაიხსნა და დღემდე ტრადიციული ფრანგული სამზარეულოთი ანებივრებს მის თავდაპირველ კლიენტურას, რომლის სახელიც ეწოდა თავად რესტორანს. აქ სტუმრებს ისეთ კერძებს სთავაზობენ, რომლებსაც არ ახასიათებთ გადატვირთული დეკორატიულობა და ზედმეტი შტრიხები. თავის დროზე, Au Rendez-vouz des Chauffeurs-ის მოპირდაპირე მხარეს პარიზში ტაქსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაჩერება მდებარეობდა. ტაქსის მძღოლთა თაობები, დათქმულ დროს, მუშაობის დამთავრების შემდეგ, სავახშმოდ თუ დასალევად სწორედ ამ რესტორანში იკრიბებოდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1914 წელი, როდესაც ტაქსის მძღოლებმა აქ გასამხნევებლად ბოლო ჭიქა დალიეს, სანამ დაახლოებით 6,000 ჯარისკაცს საბრძოლველად წაიყვანდნენ. გარდა თუთიის ჭურჭლისა (რომელიც 1940 წელს ნაცისტების მიერ იქნა მითვისებული) რესტორანი ხელუხლებელია, იგი ადრინდელივით გამოიყურება და აქ სადილობა პარიზის მოსახლეობისთვის წარსული დღეების გახსენებას ნიშნავს რესტორნის იმ მუდმივი სტუმრების გარემოცვაში, რომლებიც უკვე მრავალი ათეული წელია, აქ დადიან. კურდღელი, ანდუვიეს სოსისები, ძროხის მკერდისა და ცხენის სტეიკი მცირე მენიუში შედის. ლანჩის დროს formule (რომელიც ორი კერძისაგან შედგება) €11.90 ღირს, გამეის ჯიშის ყურძნის წითელი ღვინის მცირე ულუფა კი – € 8.

ANTICA FOCACCERIA SAN FRANCESCO, პალერმო, სიცილია. î Via Paternostro, 58.

ხბოს მოხარშული ელენთა – Milza და caciocavallo-ს ყველის ნაჭერი ფუნთუშით შეიძლება გადასაყლაპად მძიმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი უკვე 1834 წლის შემდეგ პალერმოში მდებარე Antica Focac­ceria San Francesco-ში იზიდავს კლიენტებს, რომელთა შორის იყო ჯუზეპე გარიბალდი, რომელმაც აქ ცოტა ხნით შეისვენა, როდესაც იტალიის გაერთიანებას აპირებდა. ამ რესტორანს კონტიჩელოთა ოჯახის უკვე მეხუთე თაობა მართავს. Focacceria ტურისტებით მუდმივად გადაჭედილია და მათი მოზიდვის ერთ-ერთი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ დახლთან შეუკვეთოთ და შემდეგ გარეთ მოედანზე გახვიდეთ იქვე მყოფ პოლიციელთან ერთად, რომელიც აქ ოჯახის გადაწყვეტილებით იმყოფება, რათა გამოიჭიროს ის ადგილობრივი გამომძალველები, რომლებიც ტურისტებისაგან უსაფრთხოების სანაცლოდ ფულს ითხოვენ. მეტალის დიდ ჭურჭელში მოხარშული ელენთა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, მაგრამ სუსტი გულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ სხვა მცირე ზომის ისეთი ულუფებით დაკმაყოფილდნენ, როგორიც არის arancine al ragu (შემწვარი ბრინჯის ბურთულები შიგთავსად ხორცის სოუსით), panelle (თურქული ბარდის მცირე ზომის ნამცხვარი) და sfincioni – ნაზი პიცა პომიდვრით, ანჩოუსით, ხახვითა და caciocavallo-ს ყველით. უფრო ფორმალური ხანგრძლივი კერძისათვის მეორე სართულზე მდებარე რესტორანს ეწვიეთ.

LA CAMPANA, რომი. î Vicolo della Campana 18.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ასევე მსოფლიოს ყველაზე ძველი რესტორნებით ამაყობს. La Campana 1518 წელს გაიხსნა ძირითადად Forestieri-თვის (ქალაქის გარედან მოსულები), იგი უკვე ორ-ნახევარი საუკუნის მანძილზე არსებობდა, როდესაც გოეთე აქ თავის რომაული პროლეტარიატის მუზას, ფაუსტინას შეხვდა. ეს იყო ფედერიკო ფელინის საყვარელი ადგილი 60-იან წლებში და მას შემდეგ დიდად არც მენიუ, არც ოფიციანტი და არც კარგად მოწესრიგებული კლიენტურა შეცვლილა. ისტორიული მონაცემების შესაბამისად, La Campana არაჩვეულებრივ ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებთ, რომლებიც, ფაქტობრივად, კულინარიული გადაშენების ზღვარზეა – ასეთია vignarola – უგემრიელესი საზაფხულო სუპი ფართომარცვლოვანი მუხუდოთი, ბარდითა და შებოლილი შაშხით (guanciale).

SOSTANZA, ფლორენცია. î Via della Porcellana, 25.

Sostanza, რომელიც 1869 წელს გაიხსნა, ფლორენციაში ყველაზე ძველი ტრატორია გახლავთ და სტატუსის შესაბამისადაც გამოიყურება. მაგრამ ეს არ არის ტოსკანური გასტრონომიის დიდებული სასახლე, ქალწულებრივი ზეთისხილის ხეივნებით, ვინაიდან ეს ადგილი ყოფილი საყასბოა და ახლაც აქვს იმ მაღაზიის დამახასიათებელი შტრიხები – სრულიად თეთრი ფილები და გამძლე ხის ზედაპირები. ასეთივეა საჭმელიც. კერძების უდიდესი ნაწილი მზადდება ღია სივრცეში, მხრჩოლავ ნახშირზე. რესტორნის რეგულარული სტუმრები უბრალოდ შეაბიჯებენ ხოლმე უძველეს სამზარეულოში, რათა ჰკითხონ ასევე უძველეს მზარეულს, თუ რა აქვს დღეს ყველაზე კარგი მენიუში. Sostanza ცნობილია თავისი ჯადოსნური არტიშოკებით ომლეტისათვის, რომელიც მაგიდაზე მორთმეული ისე გამოიყურება, თითქოს მერინგეს ბუდე იყოს. სახელგანთქმულია მეორე კერძიც. ეს არის კარაქში მცურავი ორი შემწვარი წიწილის მკერდი. ეს კერძები ისეთი გემრიელია, რომ ამ ადგილას მოხვედრისთვის სიკვდილიც შეიძლება, როგორც გადატანითი მნიშვნელობით, ასევე პირდაპირითაც, თუკი აქ ხშირად მიირთმევთ.

H FOLIA TIS KYPSELIS, ათენი. î 6 Barbogli Street.

H Folia Tis Kypselis-ი ათენური ტავერნა გახლავთ, რომელსაც დაახლოებით ერთი საუკუნეა, ერთი ოჯახი მართავს. სწორედ აქ იყრიდნენ თავს 60-იან წლებში კომპოზიტორი თეოდორაკისი და მისი მეგობრები. დღესაც კლიენტურის უმრავლესობას ეტყობა, რომ ისინი აქაურობის მუდმივი სტუმრები არიან. თქვენ აქ დააგემოვნებთ padakia-ს (გრილზე შემწვარი ბატკნის კატლეტი), horta-ს (ველური მწვანილეულობა) და თავბრუდამხვევევად ცხარე tzatzaki-ს. აქ მიირთმევთ ოჯახის მიერ თავად დამზადებულ ვარდისფერ, ოდნავ მწკლარტე ღვინოს და მოუსმენთ ასაკოვან ბიჭებს, რომლებიც ბუზოკიზე და გიტარაზე უკრავენ.

LA TABERNA DE DON MARIANO, პედრაზა, ესპანეთი. î Plaza Mayor

პედრაზა, ზღაპრული შუა საუკუნეების ქალაქი მადრიდიდან ჩრდილოეთით, ესპანეთის შუაგულში მდებარეობს. მის მთავარ მოედანზე ძველი ტავერნაა განთავსებული. ამ ტავერნას, რომელსაც ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობა მართავს, სახელწოდების მაჩვენებელი არანაირი წარწერა არ გააჩნია, მხოლოდ ხისგან დამზადებულ უბრალო დაფაზე აწერია სიტყვა vinos (ესპ. – ღვინოები). აქ არჩევანი არ გაქვთ; ისინი წითელ ღვინოს ყველთან, ჩორიზოსა და მცირე ზომის პურთან ერთად მოგართმევენ. დაბალი ხის სკამები ასწლიანი გამოყენებისაგან უკვე გაცვეთილია. თითბრის ჭურჭელი, რომელიც შავებში ჩაცმული ბებიის ხელით არის გაკრიალებული, ამ სხვაგვარად ჩვეულებრივ ადგილს განუმეორებელ იერსახეს ანიჭებს.

LHARDY, მადრიდი. î Carrera de San Jerónimo 8

მადრიდში ბევრად უფრო ძველი რესტორნებიც არსებობს, მაგრამ მე ყოველთვის, მცირე ხნით, ერთი ულუფა caldo-სა (ბულიონი) და ერთი ჭიქა შერისათვის, სარდაფის მაგვარ რესტორან Lhardy-ში (რომელიც 1839 წელს გაიხსნა) შეყოვნება მირჩევნია. ბულიონი, რომელსაც რესტორნის ხითა და ქვით გაწყობილ მშვენიერ ოთახში მოგართმევენ, წვიმიან ამინდში ყოველგვარ ღრუბელს გადაყრის ციდან, მაგრამ თუ მას ასევე შერისაც დააყოლებთ, მაშინ ეს უკვე ნამდვილი მზის სხივი იქნება, რომელიც როგორღაც თქვენს პირში აღმოჩნდა. მეორე სართულზე არის რესტორანი, სადაც, როგორც ამბობენ, შებოლილი ორაგულის ფანტასტიკურ სენდვიჩებს ამზადებენ, მაგრამ მადრიდში, ტაპას ნამდვილ მექაში, თქვენ, როგორც წესი, ერთ ადგილას მიდიხართ ერთი კერძისათვის, მეორე კერძისათვის კი უკვე სხვა ადგილს ირჩევთ. Lhardy-ში ბულიონისათვის უნდა მოხვიდეთ. მადრიდის განახლებულ სან-მიგელის ბაზართან რესტორანს მცირე ფილიალი გააჩნია, სადაც ბულიონს პოლიესტერინის ჭიქაში ასხამენ, მაგრამ ნამდვილი გემოსათვის წაბრძანდით პირველ რესტორანში, სადაც ბულიონს შესაბამისი ჭურჭლით მოგართმევენ.

DO MORI, ვენეცია. î San Polo

ვენეციაში ცნობილი 548-წლიანი ღვინის ბარს სახელი იმ ორი მავრის გამო ეწოდა, რომლებიც აქ მე-17 საუკუნეში მსახურობდნენ. ეს მომაჯადოებელი ადგილი ორ ხეივანს შორის არსებული ბნელი დერეფნისგან შედგება. კერძები სიმარტივით გამოირჩევა: პატარა შეჭამანდები (cicheti), დამარილებული ვირთევზა პოლენტათი, ანჩოუსი ტოსტზე, მცირე ზომის ნაზი სენდვიჩები სახელწოდებით francoboli (საფოსტო მარკა), ზამთარში კი ღორის სოსისები ბულიონით. ღვინო ადგილობრივია: Custoza ვენეტოდან, Pinot Bianco ფრიულიდან. ყოველ დილით ეს ადგილი Rialto-ს თევზის ბაზრიდან მოსული მოვაჭრეებით ივსება, რომლებიც აქ თავიანთი დღის პირველი ombra-თვის (მცირე ზომის ჭიქა ღვინო) მოდიან. მომსახურება აქ ღიმილს მოკლებული და მოუხეშავია, მაგრამ ეს თქვენ არ განაღვლებთ; თქვენ იცით, რომ ეს ნამდვილი ვენეციაა, მალული, მარტივი, უპრეტენზიო და ნახევარი საუკუნის მანძილზე თითქმის უცვლელი.

BRASSERIE GEORGES, ლიონი î 30 cours de Verdun

ლიონის ცენტრალური სადგურის, Perrache-ს უკან განთავსებულია ლიონური კულინარიის ინსტიტუტი, Brasserie Geoges-ი ამ ლამაზი ქალაქის ყველაზე მომხიბვლელ ადგილას როდი მდებარეობს, მაგრამ მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ, რათა ფრანგული თეატრალური სამზარეულოს ტაძარი აღმოაჩინოთ. ლიონი ის ქალაქია, რომელიც მომაჯადოებელ ბოჟოლესა და კოტ-დე-რონის ვენახებით განთქმულ რეგიონებს შორის მდებარეობს. აქ ლუდი მხოლოდ და მხოლოდ რესტორნის წარმოშობაზე მიანიშნებს – თავდაპირველად ის ნამდვილი ლუდსახარში იყო, რომელიც 1836 წელს ალიასკიდან ჩამოსულმა ოჯახმა ააშენა და იქვე რესტორანიც გახსნა. დასაწყისიდან, მენიუს მთავარი კერძი ელზასის რეგიონის ხორციანი კომბოსტოს კლასიკური შეჭამანდი, choucroute-ი, იყო. ეს დღესაც ასე არის, თუმცა მას სხვა ტრადიციული ლიონური კერძებიც შეემატა. კერძი აქ გულით მომზადებული უფროა, ვიდრე დახვეწილი, ატმოსფერო კი უფრო ხმაურიანი და მხიარული, ვიდრე მყუდრო.

CA’ D’ORO-ALLA VEDOVA, ვენეცია. î Cannaregio 3912, Ramo Ca’d’Oro

ვენეცია სავსეა ისეთი ღვინის სარდაფებითა და რესტორნებით, რომლებიც ისე გამოიყურებიან, თითქოს საუკუნეების მანძილზე არსებობდნენ – დაბალი ჭერი, სპილენძის ქოთნებით სავსე ოთახები, ჭურჭლის ყრუ ჟღარუნი და ძველი მეზღვაურების მსგავსი კლიენტურა – მაგრამ რეალურად ეს სარდაფები ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაჩნდნენ. ვენეციის უძველესი რესტორნები – Poste Vecie სან-პოლოში და Osteria II Milion კანარეჯოში (ისინი შესაბამისად, მე-16 და მე-18 საუკუნეებიდან არსებობენ) – შესანიშნავად იყენებენ რა საკუთარ ასაკს, უზომოდ გაბერილი ფასებით, ტურისტების ხაფანგად ქცეულან. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტრადიციული გასტრონომიის უფრო მაღალი სტანდარტებისათვის Ca’ d’Oro alla Vedova უნდა აარჩიოთ, სადაც არაჩვეულებრივ spaghetii alla busara (მოზრდილი კრევეტები) ამზადებენ. ამავე დროს, risotto con le secoe (ძროხის ხორცის ზურგის ნაწილი) რესტორან Dalla Marisa-ში, რომელიც Fondamenta San Giobbe-ზე მდებარეობს, ლეგენდარულია.

U MEDVEDIKU, პრაღა. î Na Perstyne 7

ხმაურიანი, მეტისმეტად განათებული, გაკვამლული… და მომაჯადოებელი. U Medvediku-ს რეგულარულ სტუმრებს ლირიკული განწყობა ეუფლებათ, როდესაც პრაღის ძველ ნაწილში მდებარე ამ 500 წელზე მეტი ასაკის მქონე პაბში მიირთმევენ გემრიელ ძროხის ხორცს ლუდით. პაბის უამრავი კორიდორი მუდმივად გადატვირთულია, მაგრამ ეს ტურისტების მისატყუებელი ადგილი არ არის. როდესაც უხეში, თუმც ეფექტური ოფიციანტები ლუდ Budvar-ს ასხამენ, იმედოვნებენ, რომ თქვენ მენიუს იცნობთ, ვინაიდან ისინი დიდხანს ვერ აიტანენ ისეთ სტუმარს, რომელსაც არ გაუგია cesnekova (ნიორის წვნიანი), Kachna (იხვი მჟავე კომბოსტოთი და კარტოფილის გუფთებით) ან koleno (თაფლში ამოვლებული ღორის კანჭი). თუკი იმედი არ გაქვთ, რომ შეკვეთის მიცემას მოახერხებთ, მაშინ, სანამ ამ რესტორანს ესტუმრებით, უმჯობესია ჩეხური სამზარეულოს კლასიკა წინასწარ, მის ვებგვერდზე შეისწავლოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *