რატომ გაუფასურდა ლარი?

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. გაუფასურება 20 ნოემბრიდან დაიწყო და 6 დეკემბერს ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ერთი დოლარის მიმართ 1.95-ს მიაღწია. თუმცა კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადასაცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის კურსი 2 ლარს აჭარბებდა. ლარის კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევროს მიმართაც – ერთი ევროს ფასი 2.41 ლარამდე გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართაც, გარდა რუსული რუბლისა.

ბოლო ორ წელიწადში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ლარის კურსი მნიშვნელოვნად უფასურდება. 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ლარი დოლარის მიმართ 25 თეთრით (15%-ით) გაუფასურდა.

ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ

(იანვარი 2012 – დეკემბერი 2014)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის გაცვლითი კურსი ყალიბდება ე.წ. თავისუფალი ცურვის შედეგად. ეს გულისხმობს, რომ ლარის კურსს დოლარის მიმართ ადგენს სავალუტო ბაზარი. სავალუტო ბაზარი შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის.

ეროვნული ბანკი არ არის ვალდებული, ლარის კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს, ის ვალდებულია ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ტემპი არ დაუშვას, კერძოდ, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები არ გაიზარდოს 6%-ზე მეტად. აქედან გამომდინარე, თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, ლარის კურსი იმდენად გაუფასურდა დოლართან მიმართებით, რომ შესაძლოა სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე აისახოს, ის ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას – ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს.

კურსის გაუფასურების მიზეზები

ლარის კურსი მყარდება, როდესაც ლარზე მოთხოვნა იზრდება, რასაც ქვეყანაში დოლარის დიდი ნაკადის შემოდინება განაპირობებს. რადგან საქართველოში თანხის დახარჯვა ძირითადად ლარშია შესაძლებელი, მოსახლეობას დოლარის ლარში გადაცვლა სჭირდება.

ლარის კურსი უფასურდება, როდესაც ქვეყანაში ლარის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დოლარის მოცულობა და ამასთან, ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის იმდენად მაღალი, რომ ლარის მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდის აუცილებლობა იყოს. მსგავსი მოვლენა 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა. მაღალი დეფიციტური სახელმწიფო ხარჯების (700-მილიონამდე ლარი) გამო სწრაფად გაიზარდა ლარის მოცულობა, დოლარის მოცულობა კი არ გაზრდილა. შესაბამისად, ლარი გაუფასურდა. ჭარბი ლარის მიმოქცევიდან ამოსაღებად ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვიდან 440 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის გაუფასურება შეაჩერა.

ლარის კურსი უფასურდება იმ შემთხვევაშიც, თუ ლარის მოცულობა არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, მაგრამ მცირდება საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადები. სწორედ ასეთი მოვლენა იკვეთება ბოლო თვეებში საქართველოში.[S1] 

ნებისმიერ ქვეყანაში, უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ფაქტორული შემოსავლები, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება.

დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია 2014 წლის 10 თვის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები. 2013 წლის 10 თვესთან შედარებით ექსპორტი გაზრდილია 5%-ით, იმპორტი კი – 11%-ით. სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) გაუარესდა 593 მილიონი დოლარით და - 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ საქონლით ვაჭრობის შედეგად, საქართველოდან 4.6 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ, ექსპორტის მხრივ, სიტუაციამ აშკარა გაუარესება აგვისტოდან დაიწყო. აგვისტო-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 69 მლნ დოლარით (8.4%) შემცირდა. ასეთი შემცირება კი საქართველოს ექსპორტს 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ აღარ განუცდია.

საქონლით ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან გადინებული დოლარი უნდა დაებალანსებინა დოლარის შემოდინების სხვა წყაროებს. ჯერ არ გვაქვს 10 თვის მონაცემები ყველა სხვა წყაროსთან დაკავშირებით, მაგრამ წლის პირველი ნახევრის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ტენდენციებზე ვიმსჯელოთ.

საქართველოს მომსახურებით ვაჭრობის ბალანსი ბოლო წლებში ყოველთვის დადებითი იყო. წლევანდელი წლის პირველი ორი კვარტალის ბალანსიც დადებითია (574 მილიონი დოლარი), მაგრამ 2013 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შემცირდა 59 მილიონი დოლარით. აღნიშნული შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების 33 მილიონით შემცირებამ.

ფულადი გზავნილები ის თანხა გახლავთ, რომელსაც საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველები საქართველოში გზავნიან. გზავნილები საქართველოსთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა. ბოლო წლებში ამ გზით წლიურად $1.2-1.4 მილიარდი შემოდიოდა. 2014 წლის 10 თვეში, 2013 წლის 10 თვესთან შედარებით, 5 მილიონი დოლარით მეტია შემოსული, მაგრამ ივლისიდან აღნიშნული ნაკადების კლება იკვეთება. მაგალითად, წელს, ოქტომბერში 9 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე 2013 წლის ოქტომბერში.

ფაქტორული შემოსავალი ძირითადად შედგება ინვესტიციებისგან მიღებული შემოსავლებისგან (მოგება, დივიდენდი). რადგან საქართველოში გაცილებით მეტი უცხოური ბიზნესია, ვიდრე ქართული – საზღვარგარეთ, ქვეყნიდან გამავალი ნაკადები აჭარბებს შემომავალს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ გზით ქვეყნიდან 158 მილიონი დოლარი გაედინა.

რომ შევაჯამოთ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და ფაქტორული შემოსავლები, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 750 მილიონი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

აღნიშნული დოლარის დეფიციტი (750 მილიონი) უნდა დაებალანსებინა უცხოური საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინებას. 2013 წელთან შედარებით, 2014 წლის ორ კვარტალში უცხოური ინვესტიციები და კრედიტები 135 მლნ დოლარით შემცირდა. პორტფელური ინვესტიციების $317 მილიონით ზრდა, პირდაპირი ინვესტიციების $55 მილიონითა და სხვა დაფინანსების $408 მილიონით შემცირებამ (რაც სახელმწიფოს მიერ მოზიდულ კრედიტებსაც მოიცავს) გადაფარა. საბოლოოდ, $750-მილიონიანი დეფიციტი დაფინანსდა მხოლოდ $420 მილიონის ინვესტიციებითა და კრედიტით. სხვაობა (750-420) 330 მილიონი არის დოლარის ის მოცულობა, რომლითაც შემცირდა დოლარის ოდენობა საქართველოში.

9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოში შემოვიდა 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც 2-ჯერ აღემატება 2013 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს. ამასთან, საქართველოში მესამე კვარტალი ტურიზმის პიკით გამოირჩევა. ეს ყოველივე ვალუტის კურსზეც აისახა. ივლის-აგვისტოში ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იყო, კურსი დოლარის მიმართ 1.77-დან 1.74-მდე გამყარდა. ამასთან, აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 120 მილიონი დოლარი შეისყიდა, რომ ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარება არ მომხდარიყო.

როგორც აღვნიშნეთ, ბოლო თვეების ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გვაქვს, რომ ზუსტად ვთქვათ, როგორ შეიცვალა დოლარის ნაკადები. თუმცა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ ოქტომბრიდან რეზერვებმა შემცირება დაიწყო: თუ 30 სექტემბრის მდგომარეობით 2 მილიარდ 488 მილიონი დოლარი იყო, 30 ნოემბრისთვის 2 მილიარდ 396 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო თვეებში გაგრძელდა წლის პირველი ნახევრის ტენდენცია, ქვეყანაში უფრო ნაკლები დოლარი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა.

დოლარის ნაკადების შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტმაც. მთავრობამ ვერ მოახერხა ბიუჯეტით გათვალისწინებული უცხოური შეღავათიანი კრედიტების სრულად ათვისება. 9 თვის გეგმას დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დააკლდა.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები გახლავთ ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეეძლო ლარის კურსის 2 ლარამდე გაუფასურება დოლარის მოცულობის ასეთ დისბალანსს. ბუნებრივია, დისბალანსი არ არის იმდენად დიდი, რომ კურსი 25 თეთრით გაუფასურებულიყო. კურსის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსახლეობაში გაღვივებულმა შიშმა, რომ კურსის გაუფასურება არ შეჩერდებოდა. ეს შიში რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: 1. კურსმა სწრაფად დაიწყო გაუფასურება – ორ კვირაში 10 თეთრით გაუფასურდა; 2. შარშანდელი გამოცდილება, როდესაც კურსი ზუსტად ნოემბერ-დეკემბერში გაუფასურდა და ახლაც იყო რისკი, რომ ბიუჯეტის მაღალი ხარჯები კიდევ უფრო გააუფასურებდა კურსს; 3. ხელისუფლების წევრების არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ მათი კომპეტენცია არ არის ლარის კურსი, ბიუჯეტს შეასრულებენ (ბევრ ფულს დახარჯავენ), თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რადგან დოლარი სხვა ქვეყნებშიც მყარდება.

დოლარის სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ გამყარებას შესაძლოა ირიბი გავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე, მაგრამ თუ ჩვენ შიდა პრობლემები არ გვექნებოდა, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებდა და შესაძლოა, მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუფასურებულიყო. მაგალითად, დოლარის გლობალური გამყარება დაიწყო მიმდინარე წლის მაისში, მაგრამ ლარის კურსი ივლის-აგვისტოში სამი თეთრით გამყარდა დოლარის მიმართ ზემოთ აღწერილი მოვლენების გამო. ასევე, შარშან ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ლარის კურსი 10 თეთრით გაუფასურდა, ამ დროს დოლარიც უფასურდებოდა სხვა ვალუტების მიმართ.

ხელისუფლება ყურადღებას არ ამახვილებს ხელისშემწყობ გარე ფაქტორებზე, ესენია: ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ნავთობის მსოფლიო ფასის 40%-ით გაიაფება. რომ არა ეს დადებითი გარე ფაქტორები, დღეს საქართველოს ეკონომიკა და სავაჭრო ბალანსი გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

9 დეკემბრიდან ლარმა გამყარება დაიწყო და 3 დღეში ოფიციალური კურსი 1.95-დან 1.89-მდე შემცირდა. ამის მიზეზი იყო: 1. ეროვნული ბანკის მიერ 80 მილიონი დოლარის გაყიდვა; 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ კურსის გაუფასურებაზე გავლენა ჰქონდა ქვეყნის შიდა ფაქტორებს, რაც უკვე აისახა გაუფასურებულ კურსში და მეტ გაუფასურებას აღარ უნდა ველოდეთ. რომ მიაღწია მთავრობასთან თანხმობას, დეკემბერში ბიუჯეტის ხარჯვა არ იქნებოდა დეფიციტური და მზადყოფნა გამოთქვა სავალუტო ინტერვენციებზე, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნებოდა; 3. მოსახლეობაში პანიკის შემცირება; 4. მასტაბილიზებელი სპეკულაციები. მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო გაუფასურებამდე ნაყიდი დოლარის მაღალ კურსში გაყიდვა.

კურსის გაუფასურების შედეგები

ლარის კურსის გაუფასურებამ უკვე მიაყენა ზიანი ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რადგან:

1. ვალუტის კურსის მნიშვნელოვნად მერყეობა ნიშნავს არასტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს;

2. ბიზნესს იზიდავს სტაბილური გაცვლითი კურსი, რადგან ამ დროს არ არსებობს სავალუტო რისკები;

3. საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 60% არის დოლარში. ლარში ეს არის 7.1 მილიარდი ლარის სესხი. ყველა – იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვისაც დოლარში აქვს სესხი, დაზარალდა კურსის გაუფასურების შედეგად, რადგან სესხის დასაფარად მათ დოლარის შესყიდვა უხდებათ. მაგალითად, თუ პირს სესხის მომსახურებაში ერთ თვეში ბანკში ჰქონდა შესატანი 500 დოლარი, ამისთვის 2013 წლის ნოემბერში სჭირდებოდა 830 ლარი, 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში – 880 ლარი, დეკემბრის დასაწყისში კი – 950 ლარი;

4. საქართველოს სახელმწიფო ვალის 74% არის საგარეო ვალი. ოქტომბრის ბოლოს საგარეო ვალი იყო $4 066 მილიონი, ანუ 7133 მილიონი ლარი. ნოემბრის ბოლოს, ლარის გაუფასურების გამო, საგარეო ვალი გაიზარდა 500 მილიონი ლარით. ეს ქვეყნისთვის ვალის ტვირთის მნიშვნელოვნად ზრდაა;

5. კურსის გაუფასურების შეჩერებას შეეწირა 80 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვი. ვალუტის რეზერვი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტია და მისი გამოყენება უკიდურეს შემთხვევებში ხდება;

ლარის კურსის გაუფასურებას დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ექსპორტის გაიაფების და, პირიქით, საქართველოში იმპორტის გაძვირების კუთხით. თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია რეალური გაცვლითი კურსის ცვლილება და არა ნომინალურის. რეალური გაცვლითი კურსი, ვალუტის ფასის გარდა, ფასების დონეებს შორის სხვაობას ასახავს. მაგალითად, თუ ლარი უფასურდება, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა (პროდუქციაზე ფასები იზრდება), კურსის გაუფასურებით მოპოვებულ სავაჭრო უპირატესობას ფასების ზრდა გააბათილებს.

ერთ წელიწადში ლარის კურსის ორჯერ მნიშვნელოვნად გაუფასურება კარგი გაკვეთილია, თუ ხელისუფლება შეცდომებზე სწავლას შეძლებს. უკვე კარგად ვიცით, რომ:

1. მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი და, მით უმეტეს, ამ დეფიციტის წლის ბოლოს რამდენიმე თვეზე გადანაწილება სახიფათოა როგორც ლარის კურსისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის;

2. ეკონომიკაში რეგულაციების გამკაცრებით და სახელმწიფოს როლის გაძლიერებით ვერ მივიღეთ ექსპორტის ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკა. პირიქით, სავაჭრო ბალანსი უარესდება;

3. უნდა გაგრძელდეს რეფორმები ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოს მომდევნო წლებში სულ უფრო მეტი ინვესტიცია დასჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად;

4. უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის გართულება, სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის მომრავლებული ფაქტები საბოლოოდ ქსენოფობიურ პოლიტიკასთან ასოციირდება, რაც დააფრთხობს პოტენციურ უცხოელ ინვესტორებს;

საბოლოო სურათი ასეთია: ლარი არ დაუბრუნდება პირვანდელ კურსს, მაგრამ ახალ წონასწორობის წერტილზე გაჩერდება. თუმცა ეს დროებითი სტაბილურობა იქნება, რადგან, თუ ფუნდამენტურად არ გადაიხედა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, საიდანაც გამომდინარეობს ლარის გაუფასურების სტატისტიკური მიზეზები, ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება.

წინა სტატია

შეუძლია თუ არა ბრაზილიას გახდეს მეტი, ვიდრე მოჩვენებითი ძალა?
24 დეკემბერი, 2014

შემდეგი სტატია

თბილისის მოზარდი კინოფესტივალი
08 იანვარი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა