სექსი, ტყუილი და iPhone-ები

სექსი, ტყუილი და iPhone-ები

შონ რედი, თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, იმ აპლიკაციის შემქმნელია, რომელმაც ბოლო ორი წლის მანძილზე ახალგაზრდა ადამიანების შეხვედრისა და დამეგობრების პროცესი სრულიად შეცვალა – Tinder-ის. აი, გასულ თვეშიც, ფილადელფიაში მდებარე მოდური სასტუმროს, Hotel Palomar-ის ერთ-ერთ ნომერში, 28 წლის მამაკაცი მორიგი სიახლის შეთავაზებაზე ფიქრობდა. მას, Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წარმატებული ადამიანი 30 წლის ასაკს ქვემოთ) სამიტზე, განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნა პიტერ ტილის, მონიკა ლევინსკის, Oculus VR-ის დამფუძნებლის, პალმერ ლაკისა და ნობელის პრემიის გამარჯვებულის, მალალა იუსუფზაის გვერდით. რედი გეგმავდა, გაემხილა Tinder-ის პირველი შემოსავლის მომტანი პრემიუმ-კლასის სერვისის საიდუმლო.

ნაცვლად ამისა, მან ახალი ამბავი გაიგო. რედმა დაინახა, რომ ტელეფონზე IAC-ის თანამშრომელი სემ იაგანი ურეკავდა. ტექნოლოგიურ სტარტაპებს შორის ყველაზე ჩახლართული გარიგებების საშუალებით, ბარი დილერის IAC-ი, Tinder-ის დიდ ნაწილს ფლობს და ამის შედეგად IAC-ის ციფრული გაცნობების კურატორი რედის დე ფაქტო ბოსია. ხელმძღვანელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა: რედი აღარ იყო იმ კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც მან დააარსა და რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიების ოთხ ყველაზე აქტუალურ თემას მოიცავდა: სოციალურ აღმოჩენას, გეიმიფიკაციას, ლოკაციასა და მესიჯების გაგზავნას.

გაოცებული რედი ახალი ამბის გააზრებას ცდილობდა. „მე წამიერად გავიარე მწუხარების ყველა ეტაპი – შიში და შელახული ეგო, – ამბობს ის, როდესაც ამ ყველაფერს იხსენებს. – მე დავიწყე ჩემსა და კომპანიის მომავალზე ფიქრი“. ასეთი განწყობით ის პენსილვანიის კონფერენც-ცენტრში წავიდა. იქ, მწვანე ოთახში, სუპერმოდელ პეტრა ნემცოვასთან ერთად Instagram-თვის პოზირებდა, შემდეგ სცენაზე ავიდა, სადაც 30 წუთის განმავლობაში 1 500 წამყვან ახალგაზრდა მეწარმეს პოპულარული ფენომენის შექმნის მასტერკლასი ჩაუტარა.

ვიწრო ჯინსსა და ცისფერ ბლაიზერში ჩაცმულმა რედმა გამაოგნებელი სტატისტიკური ინფორმაცია გაამხილა. ბოლო 12 თვის მანძილზე Tinder-ის მომხმარებელთა რიცხვი 600%-ით გაიზარდა და 2012 წელს მისი შექმნის დღიდან ის 40-მილიონჯერ იყო ჩამოტვირთული. 30 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი ყოველდღიურად 1.2 მილიარდ პროფილს ათვალიერებს – 14 000 პროფილს წამში. და ისინი არა მხოლოდ ერთმანეთს ათვალიერებენ: ყოველ 24 საათში Tinder-ი 14 მილიონი რომანტიკული წყვილის შექმნას უწყობს ხელს. როგორც თავიდანვე დაგეგმილი იყო, შემდეგ რედმა პრემიუმ-კლასის სერვისის იდეა გაამხილა. ინტერნეტში ეს ინფორმაცია ათასობით ტვიტის საშუალებით გავრცელდა. გამოსვლის შემდეგ მან ჰოლში CNBC-ს ინტერვიუ მისცა. „ამ წლის შემდეგ, – იხსენებს ის წარსულს, – სცენაზე გამოსვლა პარკში გასეირნებას ჰგავდა“.

სასტუმროში დაბრუნებისას ის საწოლზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა. ნომერში მასთან ერთად მისი საუკეთესო მეგობარი და Tinder-ის მარკეტინგის ყოფილი დირექტორი, ჯასტინ მატინი იყო. რედის რთული მდგომარეობა უმეტესწილად მატინთან იყო დაკავშირებული. ივლისში Tinder-ის ყოფილმა თანამშრომელმა და მატინის ყოფილმა შეყვარებულმა, უიტნი ვოლფმა, მატინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რაც საშინელი ზეწოლისა და მარკეტინგის დირექტორის თანამდებობიდან დროებით გადაყენების მიზეზი გახდა. სექტემბერში მატინი ოფიციალურად მოხსნეს. იგი გადაყენებულია, ხოლო IAC-ი შეწუხებულია იმის გამო, რომ ის კვლავ რედის მრჩეველია, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი მეგობარი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ისინი კვლავ დღეში ოთხჯერ საუბრობენ, ერთად სადილობენ. როდესაც მე რედს ლოს-ანჯელესში ვესტუმრე, სადაც Tinder-ი მდებარეობს, მან სამხედრო კლასის ავტომობილი, Mercedes G-ი $115 000 -ად იყიდა და მატინის ზუსტად ასეთ, ოღონდ შავი ფერის მანქანაში გადამსვა.

რედს ორი ვარიანტი ჰქონდა. IAC-ის თქმით, მას არ სურდა, რომ რედი საერთოდ წასულიყო და მისი გადაყენების შემდეგ, ეს, ფაქტობრივად, პირველი გამოქვეყნებული სტატიაა. მათ სურდათ, რომ რედს ხელმძღვანელი თანამდებობა დაეტოვებინა და კონცენტრირება პროდუქტზე მოეხდინა. „დირექტორთა საბჭოს აზრით, საუკეთესო გზა – გენერალური დირექტორის აყვანა იყო. საბჭო ფიქრობდა, რომ ამ თანამდებობაზე უფრო ნიჭიერი ადამიანი დაენიშნა, – ამბობს რედი. – მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები“. რა უნდა ქნას, წავიდეს თუ დარჩეს?

მომდევნო რამდენიმე საათი რედი ფილადელფიის ქუჩებში დასეირნობდა. მისი გაანგარიშებით, თითქმის 10 მილი გაიარა და სულ ტელეფონზე საუბრობდა. ის იაგანსა და იაგანის ბოსს, IAC’s Match Group-ის თავმჯდომარეს, გრეგ ბლატს ურეკავდა, აგრეთვე თავის ბიზნესკონსულტანტებსა და ადვოკატებს, თავის შეყვარებულს, მამამისს, შეყვარებულის მამას – ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელსა და მილიარდერს, მაიკლ დელს. კონსენსუნსი არ იყო: ნახევარი ნაკლებ თანამდებობაზე დათანხმებას, ნახევარი კი საერთოდ წასვლას ურჩევდა.

იმედგაცრუებულმა რედმა ლოს-ანჯელესში რეისი გააუქმა და მატარებლით წავიდა ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც დიზაინერ ფრენკ გერის დაპროექტებული IAC-ის ოფისი მდებარეობს. „ყველაფერი კარგად მიდიოდა, – ამბობს ის. – კომპანია ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ჩვენ მოგების მიღებას ვიწყებდით, ჩემი ურთიერთობა სემთან [იაგანთან ] უკეთესი ვერ გახდებოდა და ჩვენ სექსუალურ ძალადობაზე შეტანილი სარჩელის ყველა ეტაპი უნდა გაგვევლო“. მისი მიზანი ეს იყო: „მეგონა შევძლებდი IAC-ი დამერწმუნებინა, რომ შეხედულება შეეცვალათ“, — ამბობს რედი.

მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ყველაფერი მომდინარეობდა ორი მიზეზიდან: პირველი ეს არის კონტროლი. კონტროლი აღმოჩნდა მთავარი მიზეზი იმ შექსპირისეული დრამისა, რომელიც დატრიალდა Tinder-ის გარშემო. დრამაში ადგილი ჰქონდა ბრძოლას ძალაუფლებისათვის, ღალატს, სიმდიდრეს და სექსს. მთელი ამ დრამის ძირი დაკავშირებული იყო უფრო ადვოკატებთან ვიდრე ბარდებთან: კორპორატიული სტრუქტურა. განა შეძლებდნენ ისეთი გამოუცდელი ახალგაზრდა მეწარმეები, როგორებიც არიან მარკ ცუკერბერგი და snapchat-ის დამფუძნებელი ევან შპიგელი თავიანთი კომპანიების სწრაფი და ხშირად მტკივნეული განვითარების დაწყებითი სტადიის გადატანას, თავიდანვე რომ არ ეზრუნათ „ტყვიაგაუმტარი“ თავდაცვითი მექანიზმის შექმნაზე?

მეორე არის ფული. ანალიტიკოსების აზრით, რომლებმაც IAC-ის აქციები შეაფასეს, Tinder-ის ფასი, სავარაუდოდ, $1 – 1.5 მილიარდს შეადგენს, მაგრამ ისინიც აღიარებენ, რომ ეს არის ბევრად უფრო ცოტა იმასთან შედარებით, რაც მას ვენჩურული კაპიტალისტებისგან შეეძლო მიეღო. ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ანალიტიკოსმა მითხრა, რომ კერძო ბაზრების გათვალისწინებით, მარტო მდგომი Tinder-ი შეიძლება $5.5 მილიარდად შეფასდეს, რაც უტოლდება IAC-ის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციას.

შონმა კარგად იცის მეწარმეობაც და ამერიკული ოცნებაც. მისი მშობლები ირანელი ებრაელები არიან, რომლებიც ქვეყნიდან აიათოლა ჰომეინის ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე წამოვიდნენ. ისინი მართავდნენ რედის ბაბუის (დედის მხრიდან) დაარსებულ ელექტრონიკის მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანია ESI International-ს , რომელიც იმდენად წარმატებული გახდა, რომ ოჯახს საშუალება მიეცა, რედი პრივილეგირებულ გარემოში, კალიფორნიის ქალაქ ბელ-ეირში გაეზარდა.

რედმა ბიზნესის სწავლა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში დაიწყო, მაგრამ 2006 წელს სასწავლებელი მიატოვა, რათა საკუთარი ბიზნესოცნებები განეხორციელებინა. მან ელექტრონული წერილების სერვისი – Orgoo აამუშავა, რომლის საშუალებითაც ელექტრონული მისამართების, კონტაქტებისა და წერილების გაერთიანებას ახდენდა. ის წარმატებული აღმოჩნდა. უკეთეს შედეგს მარკეტინგული კომპანია Adly-ით მიაღწია, რომლის საშუალებით ბრენდებისა და იმ ვარსკვლავების დაკავშირება ხდებოდა, რომლებიც მათ Twitter-ში რეკლამას გაუკეთებდნენ. ცოტა ხანში რედი და სნუპ დოგი, ტვიტერსა და ტელეარხ NBC-ის Community-ზე (რომელშიც კიმ კარდაშიანი მონაწილეობდა) Toyota-ს ფარის ფერსოზე საუბრობდნენ. ის, რაც რედს ავტომატურ გაანგარიშებად წარმოედგინა, ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. „არ მინდა, საქმე ცნობილ ვარსკვლავებთან და ბრენდებთან მქონდეს, – ამბობს რედი. – მე არ ვარ მედისონ-ავენიუს ტიპი“. სამ წელიწადში კერძო ინვესტიციების კომპანიას თავისი წილი რამდენიმე მილიონად მიჰყიდა და ფიქრი ახალ ბიზნესზე დაიწყო.

Hatch Labs-ი არის ნიუ-იორკში მდებარე მობილური აპლიკაციების ინკუბატორი, რომელიც IAC-ის ყოფილმა თანამშრომელმა, დინეშ მურჰანიმ შექმნა, IAC-მა და Xtreme Labs-მა კი დააფინანსა. ისე ჩანდა, რომ ეს ამ საქმის გასაკეთებლად ძალიან კარგი ადგილი იყო. „მე მინდოდა პლატფორმა, რომელზეც ვითამაშებდი და მობილური ტექნოლოგიების სფეროში საუკეთესო კადრების დაქირავებას შევძლებდი“, – ამბობს რედი, რომელმაც 2012 წელს მიიღო ხელფასი და მუშაობის უფლება Hatch-ის ლოს-ანჯელესის წარმომადგენლობაში, სადაც ის Cardify-ზე – საცალო ვაჭრობის ლოიალურობის ბარათების აპლიკაციაზე – აგებდა პასუხს.

ამავე დროს, რედმა გვითხრა, რომ ის და მატინი სასიყვარულო აპლიკაციის იდეაზე მუშაობდნენ, რომელიც ურთიერთმოწონების სისტემაზე იქნებოდა დამყარებული. რედის პირველ სამუშაო კვირას Hatch-მა ჰაკატონი გამოაცხადა და მან ინჟინერ ჯო მუნოზთან ერთად მისი პროტოტიპი შექმნა, რომელსაც Matchbox-ი დაარქვეს. მან მოიგო ჰაკატონი და საბოლოო ჯამში მურჰანიმ Cardify-ის გუნდი მის სამომავლო განვითარებაზე სამუშაოდ გადაიყვანა.

„თავიდან მეგონა, რომ ეს კარგი პატარა აპლიკაცია იქნებოდა“, – ამბობს რედი. სერიული მეწარმე ენდრიუ ფრეიმი, რომელიც ადრეულ სტადიაზე Hatch Labs-გან Tinder-ის $750,000-ად გამოსყიდვას ცდილობდა, აზუსტებს: „მათ ეგონათ, რომ ეს აპლიკაცია გოგოების გაცნობაში დაეხმარებოდათ“. ფრეიმმა შესთავაზა დაეხურათ სერვისი, დაეტოვებინათ მისი აუდიტორია, რომელიც ჯერ კიდევ ასობით მომხმარებლით აღირიცხებოდა, შეეთავაზებინათ IAC-ის პატარა პროცენტი, რათა ის Hatch-ის ზედამხედველობიდან გამოეყვანათ და სან-ფრანცისკოში გადაეყვანათ. რედი ორჭოფობდა, Tinder-ი სწრაფად ვითარდებოდა და ეს გარიგება ჩაიშალა. „მე ვნანობ, რომ არ ჩავხტი მათთან ერთად მანქანაში და კაბელები სერვერებიდან არ გამოვრთე“, – დასძენს ფრეიმი.

Tinder-ის ხიბლი არის ციფრული გამოხატვა იმისა, თუ ადამიანები ერთმანეთს ყურადღებას როგორ აქცევენ და ეს ძალიან მარტივად ხერხდება სმარტფონის საშუალებით: ერთი დაჭერით შედით თქვენი Facebook-ის გვერდზე და აპლიკაციის ალგორითმი თქვენს რეგიონში მცხოვრები პოტენციური ნახევრების უამრავ ფოტოს წამებში გამოგიგზავნით. გამოკითხვები არ არის – მხოლოდ სახეები. თუ ადამიანი მოგწონთ, მარჯვნივ დააჭირეთ, თუ არ მოგწონთ – მარცხნივ. თუ ადამიანს, რომელიც თქვენ მოგეწონათ, თქვენც მოეწონებით, Tinder-ი ორივეს ჩატში დაგაკავშირებთ. „ჩვენ უარის მიღების შიში შევამცირეთ“, – მითხრა რედმა საუზმის დროს Cecconi-ში, რომელიც Tinder-ის დასავლეთ ჰოლივუდის 40-კაციანი ოფისიდან 3 წუთის სავალში მდებარეობს. „თუ მე ბარში მჯდომ უცნობ ქალთან გასაცნობად მივალ, მე ვინერვიულებ, რომ ის უარს მეტყვის და ისიც თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ჩვენ ადამიანების დაახლოების სხვა გზა მოვნახეთ – Tinder-ის დაწყვილება შეიძლება შევადაროთ იმ გრძნობას, როდესაც ოთახში ვინმეს მზერას დაიჭერთ“.

„კი არა“-ს, რომლის დიზაინი თანადამფუძნებლის, ჯონათან ბადინის მიერ არის შექმნილი, პაემნების დანიშვნაში თამაშის ელემენტი შემოაქვს, ყოველი დამთხვევა მომხმარებლის ეგოსთვის ძალიან სასიამოვნოა. Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად, Tinder -ი თავის მომხმარებლებს ვირტუალურ ვუაიერიზმს სთავაზობს. თუ Instagram-ში „ლაიკი“ მომხმარებლებს შორის ინტერაქციას ასრულებს, Tinder-ის დამთხვევა მხოლოდ დასაწყისია. ეს ფაქტორები ამ პროდუქტს ძალიან მიმზიდველს ხდის. წყაროების ინფორმაციით, Tinder-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 18 მილიონს უდრის (დარეგისტრირებული მომხმარებლების ნახევარი), ხოლო ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 9 მილიონს შეადგენს. როგორც მაიკლ დელმა მითხრა: „როდესაც აუდიტორიის რაოდენობისა და ჩართულობის სტატისტიკას ნახულობ, ხვდები, რომ რაღაც დიდი სასწაული ხდება“. თუ გაინტერესებთ Tinder-ის მომხმარებელთა დონე, უნდა იცოდეთ, რომ რედმა Dell-ის მფლობელის ქალიშვილი, ალექსა, Tinder-ში გაიცნო.

საწყის ეტაპზე, 2012 წლის გაზაფხულზე, რედი ხელმძღვანელობდა „გუნდსა და პროდუქტს“, მუნიოსი – Facebook-ში ინტეგრაციას, ბადინი – გარე ინტერფეისსა და iOS-თან ინტეგრაციას, კრის გულჩინსკი – დიზაინს, ადამ ჰიუ – ფინანსებს, ხოლო მურჰანი საქმიანობას კურირებდა. $50 000-ის მიღების შემდეგ, სამ კვირაში, Tinder-ის დუბლიკატი-პროდუქტი, შეხვედრების საიტი, Match.com-ი ამუშავდა, რათა IAC-ის „მეწველ ძროხასთან“ გაუგებრობა არ მომხდარიყო.

აჟიოტაჟს ჯასტინ მატინი ქმნიდა. რედი მატინს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან იცნობდა, სადაც მისი მეგობარი სტუდენტურ ღონისძიებებს აწყობდა. მის მიერ კოლეჯში გამოყენებული ფორმულა ეფექტური გამოდგა. „მე სტუდენტებს შორის ყველაზე კომუნიკაბელურ ადამიანებს ვეძებდი, რათა მათ ბილეთები გაეყიდათ და ყოველ ათ გაყიდულ ბილეთში ერთს უფასოდ ვაძლევდი“, – ამბობს მატინი, ლოს-ანჯელესში გვიანი სადილის დროს, ზუსტად მას შემდეგ, რაც ის ბიგ-სურიდან დაბრუნდა, სადაც ჰიპივით ჩაცმული დადიოდა (როგორც ამბობს, მთლიანად გამოწყობილი). „მე ვიცოდი, რომ, თუ ლიდერებს მოვიზიდავდით – დანარჩენები მათ წამოჰყვებოდნენ“. და ამიტომაც Tinder-ის ბეტა-ვერსია თავის ბლოკნოტში ჩაწერილ ლოს-ანჯელესში ყველაზე პოპულარულ 600 ახალგაზრდას ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა და ონლაინაუდიტორია ახალგაზრდა და სიმპათიური მომხმარებლებით შეავსო. ცოტა ხანში Tinder-ზე ათიათასობით ადამიანი ერთმანეთს ნახულობდა. რედი ამბობს: „ჩვენი მეგობრები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ამან მათი ცხოვრება შეცვალა“.

იმისთვის, რომ ტემპი არ დაკარგულიყო, მატინი მარკეტინგის დირექტორი და თანადამფუძნებელი გახდა, შემდეგ ცუკერბერგის ნაბიჯი გაიმეორა და Tinder-ი ელიტარული სკოლების მოსწავლეებს სასკოლო საღამოებზე ეტაპობრივად გააცნო. მათი მეგობრების უმცროსი და-ძმების დახმარებით Tinder-მა სამხრეთ კაროლინის, არიზონის, ოსტინისა და ამერიკის თითქმის ყველა კოლეჯის კამპუსების დაპყრობა დაიწყო. 2013 წლის დასაწყისში Tinder-ს 400 000 მომხმარებელი ჰყავდა. გასული წლის ზამთარში, მას შემდეგ, რაც მატინმა Tinder-ი მარტოხელა ადამიანების ყველაზე ექსკლუზიურ ფართზე გაიყვანა – სოჭის ზამთრის ოლიმპიადის სპორტულ სოფელში, Tinder-ი კოლეჯის სცენიდან ძირითად ნაკადში გადავიდა. ოლიმპიურ თამაშებზე Tinder-ის დახმარებით დამყარებული კავშირები საერთაშორისო დონის სიახლეს წარმოადგენდა. ცოტა ხანში Tinder-ზე მილიონი დამთხვევა მოხდა და ამან IAC-ის ყურადღება მიიქცია.

Tinder-ის საკუთების სტრუქტურაში მატრიოშკის ელემენტი ფიგურირებს. Hatch Labs-ი Tinder-ის 100%-ს ფლობს, ვინაიდან რედი ანაზღაურებადი თანამშრომელი იყო და Hatch Labs-ის დიდ ნაწილს IAC-ი ფლობდა. როგორც ამას Hatch-ის დამფუძნებელი, დინეშ მურჰანი განმარტავს, როდესაც კომპანია Hatch-ის დაქვემდებარებიდან გამოვიდა, აქციების გასხვისება მოხდა დამფუძნებელთა გუნდზე. მაგრამ, მისი თქმით, Hatch-ში დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ მათი კომპანიების აქციათა საკონტროლო პაკეტი, საბოლოო ჯამში, ბარი დილერსა და IAC-ს ექნებოდა.

2012 წლის აგვისტოში მურჰანი უკვე Hatch -ის კომპანიების სხვა კლასის ასამუშავებლად ემზადებოდა, მაგრამ ამბობს, რომ IAC-ი ახალ პირობებს, რომლებიც დამფუძნებლებს სტარტაპებში უფრო მეტ დამოუკიდებლობას სთავაზობდნენ, არ დაეთანხმა. მურჰანიმ Hatch-ი 2013 წლის დასაწყისში დახურა. რედი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, მასთან დაახლოებული პირების თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ Hatch-ი Tinder-ს გამოყოფდა და მას კომპანიაზე კონტროლს მისცემდა.

ნაცვლად ამისა, მურჰანი წავიდა. IAC-მა რედს უთხრა, რომ Tinder-ი მისია, ის კი მხოლოდ უბრალო თანამშრომელია. იაგანის თქმით: „ჩვენ დავასაქმეთ შონი, იმიტომ რომ ის კარგ პროდუქტს ქმნის და Tinder-ი მან ჩვენთან მუშაობის დროს შექმნა. ჩვენ განვითარების რესურსი მივეცით. მან ჩვენთვის ბევრი ღირებული რამ გააკეთა და ეს კარგადაც ავუნაზღაურეთ“.

რედი დაუკავშირდა ტექნოლოგიების სფეროს გავლენიან ადამიანებს, ისეთებს, როგორებიც არიან SV Angel-ის რონ კონვეი და მსახიობი-ინვესტორი, ეშტონ კატჩერი, რათა მათ დილერთან ახალი პირობების ლობირება მოეხდინათ. საბოლოო ჯამში მათ ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს: IAC-ი აქციების 60%-ს გააკონტროლებდა, რედი 10%-ს შეინარჩუნებდა, მატინი და ბადინი ოდნავ უფრო ცოტას, დანარჩენს სხვა მფლობელები გაინაწილებდნენ. გენერალური დირექტორის სტატუსით, რედი Tinder-ს ყოველდღიურად აკონტროლებდა: პროდუქტს, გუნდს, მარკეტინგსა და ბრენდინგს. მაგრამ რედი, მატინი და ბადინი მალე მიხვდნენ, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ბარი დილერის ხელში იყო.

 სიტუაცია სექსუალური ძალადობის ბრალდებით სარჩელის შეტანის მერე გამძაფრდა. იუტაში დაბადებული, 24 წლის უიტნი ვოლფი, რომელიც მატინის უმცროს დას იცნობდა, Cardify-ის გაყიდვების გუნდს შეუერთდა, შემდეგ Tinder-ში გადავიდა და საბოლოო ჯამში მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რომელიც უშუალოდ მატინს ექვემდებარებოდა. მათ შორის რომანი დაიწყო, მაგრამ როდესაც ეს ურთიერთობა შეწყდა, ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ვოლფი რედთან და მის შეყვარებულ დელთან ერთად იზრდებოდა (რედმა რამდენჯერმე მითხრა, რომ ის ვოლფს თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად თვლიდა). ბინძურმა დაშორებამ Tinder-ზე იმოქმედა. „სტარტაპში მეგობრებთან ერთად მუშაობა შესანიშნავია, იმიტომ რომ ეს რთულ პერიოდებში გაძლიერების საშუალებას გაძლევთ, – ამბობს რედი. – მაგრამ დისტანცია დაირღვა, საზღვრები უფრო მყარი უნდა ყოფილიყო“.

ვოლფმა Tinder-ისა და IAC-ის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სარჩელი შეიტანა. თავის ბრალდებაში მან მატინი ძალაუფლების გადამეტებასა და თანადამფუძნებლის წოდების ჩამორთმევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ის ქალია და რედი და იაგანი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. ლოს-ანჯელესში შეტანილ სარჩელს თან მატინის მიერ ვოლფისთვის გაგზავნილი სექსისტური, რასისტული და უხეში მესიჯები ახლდა (ერთმა შეურაცხყოფა დილერსაც მიაყენა).

რედი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი გუნდი, მისი მეგობრები და მატინის ოჯახი მას სთხოვდა, მეგობარი და თანადამფუძნებელი დაეცვა, მაგრამ IAC-მა Tinder-ში ყველას უბრძანა, ხმა არ ამოეღოთ. „ჯასტინს შეეძლო თავისი თავის დაცვა და უიტნის წინააღმდეგ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც მის რეპუტაციას შელახავდა, – ამბობს რედი. – ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიას სიბინძურეში გარევდა. ის ხმას არ იღებდა, რითაც თავის თავს ავნო, მაგრამ გუნდი გადაარჩინა“.

მატინი თავის თავს ნამდვილად ძალიან ბევრის უფლებას აძლევდა („მე მართლა მეგონა, რომ შენ კარგი დედა და მეუღლე იქნებოდი, – ეწერა ერთ-ერთ ამობეჭდილ მესიჯში, რომელიც სარჩელს ახლდა. – მე საშინლად ვცდებოდი“), მაგრამ მრავალი ინტერვიუდან და სასამართლოს ქაღალდებიდან გაირკვა, რომ ვოლფიც დამნაშავე იყო. მესიჯებსა და წერილებში, რომლებსაც ვოლფი მატინს სწერდა, ის ისეთივე ლექსიკას იყენებდა, რომლის გამოც მან მატინს უჩივლა. დეტალების გახმაურების გარეშე, რედი ამბობს, რომ მასთან, მის შეყვარებულსა და მატინთან ახლო ურთიერთობის გამო, ვოლფი ცუდად იქცეოდა. ასეთი საქციელისთვის თანამშრომლები Tinder-ში სამსახურს დაკარგავდნენ.

საბოლოო ჯამში, ეს გამოვიდა უსასრულო „მან თქვა. არა, ამან თქვა“ და სექტემბერში ვოლფმა და Tinder -მა საპროცესო გარიგებას მიაღწიეს, რომლის შედეგად ბრალდებულად არავინ არ ცნეს – არც მატინი და არც Tinder-ის ან IAC-ის სხვა რომელიმე თანამშრომელი. წყარომ, რომელიც საქმის დეტალებს კარგად იცნობდა, გვითხრა, რომ ვოლფმა $1 მილიონი მიიღო. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ თანხისა, რომელსაც მისი ადვოკატები თავიდან ითხოვდნენ.

ზიანი მიყენებული იყო და IAC-ი იმის ყურებას არ აპირებდა, თუ ახალგაზრდების მორიგი შეცდომების გამო, თავის ახალ პოტენციურ ფულის მანქანას როგორ დაკარგავდა. რედს დამფუძნებლის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ თავის ბედს კომპანიაში ის არ აკონტროლებდა. ეს რამდენიმე კვირის შემდეგ ფილადელფიაში განხორციელებული ზარის მიზეზი გახდა. „უიტნისთან დაკავშირებული ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, IAC-თვის რთული იქნებოდა შონის დაქვეითება, ვინაიდან მაშინ ამისთვის პასუხის გაცემა მოუწევდა, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი. – მაგრამ სარჩელმა მათ ხელ-ფეხი გაუხსნა“.

თავად რედი ჯერ კომპანიაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ Tinder-ს მისი კომპანიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი IAC-თან ნიუ-იორკში შეხვედრა, რომელსაც დილერი არ ესწრებოდა, კომპანიაში მისი დარჩენის საფუძველი იყო. „შონმა Tinder-ის ბრენდის შექმნაში, მომხმარებლებთან მუშაობასა და პროდუქტის განვითარებაში ძალიან კარგად გამოავლინა თავი, –ამბობს იაგანი. – ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რაც ამ სფეროებში მის გავლენას შეამცირებს“. რედი იქნება პრეზიდენტი და დარჩება Tinder-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ვიდრე შემცვლელს ვიპოვით, გენერალური დირექტორის პოსტსაც დაიკავებს. „ჩვენ ერიკ შმიდტის მსგავს პიროვნებას ვეძებთ, – ამბობს რედი. – ჩვენ არ გვეყოლება გენერალური დირექტორი, რომელსაც მე ვერ შევეწყობი, რადგან ეს კორპორაციული სუიციდი იქნება“.

რა თქმა უნდა, Google-ის ყოველი ერიკ შმიდტისთვის Apple-ის ჯონ სკალი არსებობს. ყველა კანდიდატს სურს, რომ დამფუძნებელმა ისინი ამოიცნოს. მაგრამ რედს, თავის მხრივ, ახალი პარტნიორი ჰყავს. ოქტომბერში, თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მან ცნობილი ვენჩურული ინვესტორი, მეტ კოლერი ფონდ Benchmark Capital-დან დაარწმუნა, Tinder-ის აქციათა მფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი გამხდარიყო. „ჩვენ გვჭირდება ექსპერტიზა და გარე რატიფიცირება, რათა სამყაროსა და მომავალ თანამშრომლებს ვაჩვენოთ, რომ ეს არის დიდი კომპანია, – ამბობს რედი. – და რომ ლიკვიდურობის სტრუქტურა საკმაოდ კარგია ვენჩურული კაპიტალის კომპანიისთვის“. პირობები უცნობია, მაგრამ, წყაროების ინფორმაციით, გარიგება იყო არამონეტარული და Benchmark-ი თავისი დროის სანაცვლოდ, აქციებს მიიღებს. „Tinder-ის ორგანული გამოყენება და მასში ჩართულობა ძალიან იშვიათი და განსაკუთრებული რამ არის“, – ამბობს კოლერი.

შემოსავლის მიღების დიდი გეგმა არის Tinder Plus-ი, რომლის შესახებ რედმა 30 Under 30 სამიტის სცენაზე გამოაცხადა. ის მალე ამუშავდება და მას მომხმარებლებისთვის ორი ფასიანი ფუნქცია აქვს. პირველი – სამოგზაურო ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს პოტენციური წყვილები მთელ ქვეყანასა თუ მსოფლიოში, მაგალითად, ბარსელონაში ან ბოსტონში, რიოში თუ რომში ნახონ. მეორე არის ის, რასაც მომხმარებლები Tinder-ის დაარსების დღიდან ითხოვდნენ – „დაბრუნების“ ღილაკი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ისევ ესტუმრონ იმ პროფილებს, რომლებსაც მათ სისწრაფეში მარცხნივ გადაქაჩეს ანუ არ მოიწონეს.

რედს უფრო ამბიციური გეგმებიც აქვს. ის Tinder-ის შეხვედრების აპლიკაციის სოციალურ GPS-ად გარდაქმნას იმედოვნებს. Tinder Places-ის ფუნქცია არის სიგნალის გავრცელება ბარებში, სტადიონებზე, მუზეუმებსა და პარკებში, რათა დაეხმაროს Tinder-ის მომხმარებლებს ახალი ადამიანების გაცნობაში (შეყვარებულებისა თუ მეგობრების) იმ ადგილებში, სადაც ისინი გამგზავრებას აპირებენ.

იდეა: თქვენ ადამიანების შესახებ ბევრის თქმა შეგიძლიათ, იქიდან გამომდინარე, თუ ისინი სად მუშაობენ, სად სადილობენ, სად ყიდულობენ ან თავისუფალ დროს სად ატარებენ. „ჩვენ უნდა მოვხვდეთ ათასობით ლოკაციაში მსოფლიოს მასშტაბით. ტექნოლოგიური გამოწვევა არის ის, რომ დავამუშაოთ მილიარდობით პოტენციური ტრანზაქცია, რომელიც ღრუბელზე მოხვდება. ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ მასშტაბურ ოპერაციულ პროექტზე“.

IAC-ი ამ დიდ და ძვირ პროექტში, სავარაუდოდ, არ ჩაერთვება – ყოველ შემთხვევაში, სანამ მოგების მიღების ისეთი უფრო დაბალფასიანი და მარტივი წყაროები არსებობს, როგორიც გამოწერა და რეკლამაა. კიდევ არსებობს ყველა მონეტიზირებული მონაცემი, რომელსაც Tinder-ის მომხმარებელი იძლევა. „ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დღევანდელი ფუნქციების ფარგლებს გარეთ გასვლა, – ამბობს იაგანი. – მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე გაცნობის ფუნქციას შევკვეცთ“. ზეწოლა ფულის კეთების გამო იზრდება. IAC-ის თანამშრომელმა, გრეგ ბლატმა, ზაფხულში უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს უთხრა, რომ მომავალ წელს Tinder-ის Ebitda-მ შესაძლოა, $75 მილიონი შეადგინოს. Bank of America-ს აზრით, 2015 წელს, Tinder-ის მოგება $150 მილიონს შეადგენს; Barclays-ს მიაჩნია, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი $200 მილიონს გაუტოლდება.

ხშირად ჩნდება კითხვა, დარჩება თუ არა რედი Tinder-ში 2016 წლამდე? ადამიანი, რომელიც ფილადელფიაში ყოფნის დროს სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობდა, ახლა თამაშის გასაგრძელებლადაა განწყობილი და ამბობს, რომ Tinder-ის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს. მას აქვს აქციების 10%-იანი წილი, რომლის ფასი უკვე ათნიშნა რიცხვით გამოიხატება. ის ნამდვილად განწყობილია აქ დასარჩენად. „შეიძლება მიამიტი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სამომხმარებლო კომპანიის სული არის პროდუქტი, – ამბობს რედი. – თუ პროდუქტისთვის პასუხისმგებელი ადამიანები აღარ იქნებიან, კომპანია მოკვდება“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *