მარად ახალგაზრდა

ნედ დევიდს, რომელიც ახლა თავის მეხუთე სტარტაპზეა კონცენტრირებული, სარფიანი ბიოტექნოლოგიის შექმნის გეგმა აქვს. მისი ბოლო პროექტის იდეა ასაკით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებაში მდგომარეობს.

ნეთანიელ “ნედ” დევიდი სამხრეთ სან-ფრაცისკოში, საკონფერენციო მაგიდასთან ზის. ლურჯ ჯინსში, შავ მაისურსა და Tevas-ს ფეხსაცმელებში გამოწყობილი, კიანუ რივზივით გამოიყურება და ლაპარაკობს, არადა საუბრის თემა მისი უახლესი სტარტაპი, Unity Biotechnology-ია. Unity-ს იდეა – დაბერების პრევენცია – გიჟურად კი ჟღერს, თუმცა ზურგს მას ათობით სამეცნიერო სტატია უმაგრებს, მათგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კი Nature-შია დაბეჭდილი. არსებობს უჯრედები, სახელად ფიზიოლოგიური დაბერების უჯრედები, რომლებიც მთელ სხეულს ედება და მონაწილეობს იმაში, რასაც ჩვენ ტიპურ სიბერედ აღვიქვამთ – მაგალითად, სახსრების ტკივილი, დაქვეითებული მხედველობა, შესაძლოა, ალცჰაიმერიც კი. მაგრამ დევიდი თვლის, რომ თუ ამ დაბერების უჯრედებს წამლებით გაანადგურებ, ხალხი შეიძლება, დაუძლურების გარეშე დაბერდეს.

“რა მაგარი იქნებოდა, არა? – კითხულობს 50 წლის, უჩვეულოდ ახალგაზრდული გარეგნობის მქონე დევიდი. – პრობლემა ისაა, რომ პირველი პატარა ნაბიჯის გადადგმა იმის საჩვენებლად მოგვიწევს, რომ ეს შესაძლებელია. სწორედ ეს არის პირველი თავის თემა: მოახდინე ადამიანის გამოყენებით იმის დემონსტრირება, რომ ფიზიოლოგიური დაბერების უჯრედები ამ დრომდე დაბერების გარდაუვალ ასპექტს წარმოადგენენ და მათი გაუვნებელყოფა ან შეაჩერებს დაბერების პროცესს, ან შემოატრიალებს”.

Unity-ს აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე, 56 წლის კიტ ლეონარდი, დევიდს აწყვეტინებს. “ბოდიში, მაგრამ ესეც ბევრია, – სარკასტულად შენიშნავს, ვინაიდაინ იცის, რომ მისი პარტნიორის “პატარა ნაბიჯიც” კი გიგანტურ ნახტომად ჟღერს. – უფრო ადვილია, Food & Drug Administration-ს დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ მის მკურნალობაზე ელაპარაკო, ვიდრე ნაადრევად დაიწყო რეალური მუშაობა და დაავადების პრევენცია მოახდინო, – აღიარებს ლეონარდი. – მაგრამ [პრევენცია] ისაა, რისი მიღწევაც ძალიან გვინდა”.

ეს შესანიშნავი მიზანია, რომელსაც ზურგს დიდი მეცნიერება უმაგრებს, რომ არაფერი ვთქვათ $222 მილიონის ვენჩურ-კაპიტალსა და მაისში, პირველად საჯარო შეთავაზებაზე მოზიდულ $85 მილიონზე, რა დროსაც Unity – ბოლო საინვესტიციო რაუნდის შემდეგ ერთგვარ სტაგნაციაში მყოფი – $700 მილიონად იქნა შეფასებული. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელ რისკსაც შეიცავს: როცა წამლის ტესტირება ადამიანებზე იწყება, ალბათობა, რომ ის ბაზარზე მოხვდება, 10%-ია. მაგრამ რამდენადაც დევიდი ბერკლის დოქტორანტი გახლდათ, მისი კარიერა ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატების მოპოვების სქემად იქცა: საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში გაჩენილ იდეებს ის სიცოცხლისუნარიან კომპანიებად, საინვესტიციო მოგებებად და, შესაძლოა, სულაც წამლებად გარდაქმნის. დევიდის ხუთ კომპანიას $1.5 მილიარდი აქვს მოზიდული, ინვესტორები კი $2 მილიარდთან მიუახლოვებია ისე, რომ თავად არც ერთი ეს კომპანია მოგებიანი არ გამხდარა.

“ალბათ [დევიდი] საუკეთესოა მსოფლიოში, როცა საქმე დიდი აკადემიური მეცნიერების აღმოჩენაზე, მისთვის დაფინანსებული სახის მიცემასა და შემდეგ მის გასაყიდად ვარგის ბიზნესგეგმად ქცევაზე მიდგება”, – ამბობს Arch Venture Partners-ის მმართველი დირექტორი კრისტინა ბეროუ, რომელიც დევიდს მისი დოქტორანტურის პერიოდიდან იცნობს და რომელსაც მისი ოთხი სტარტაპი აქვს დაფინანსებული.

დევიდი ბიოტექნოლოგიის ფინიშის ხაზამდეც – წამალზე ნებართვის მოპოვებამდე – მისულა, თანაც – ორჯერ. პირველი – დიაბეტის წამალი იყო მისი პირველი სტარტაპიდან, აღმასრულებელი დირექტორი კი – ისევ და ისევ ლეონარდი. მათი წინა კომპანია, Kythera, 2015-ში, $2.1 მილიარდად Allergan-ს მიეყიდა. კომპანიამ შექმნა ინიექცია, სახელად Kybella, რომელიც ღაბაბებს ებრძვის. ინიექცია დევიდსა და ლეონარდს პირადადაც აქვთ გაკეთებული და ალბათ ამიტომაა, რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მაგრამ შეძლებენ კი ფუნდამენტურად დაამარცხონ ასაკით გამოწვეული გარდაუვალი უძლურებანი? 

დევიდს ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი აქვს ჰარვარდიდან და მოლეკულური და უჯრედოვანი ბიოლოგიის დოქტორის ხარისხი – ბერკლიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი). ეს დრო “ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდად” აგონდება, როცა მეცნიერებასა და ტრიატლონებს შორის იყო გამოკიდული. დოქტორანტურაში სწავლის ბოლო წელს, სანამ 31-ის გახდებოდა, პირველი კომპანია, Syrrx-ი, წამოიწყო, რომელიც ინოვაციური ბიოლოგიის გამოყენებით წამლების შექმნას ისახავდა მიზნად. ვენჩურ-კაპიტალისტებისგან $79 მილიონი მოიზიდა, 2005-ში კი Takeda-ს $270 მილიონად მიეყიდა. დიდი ალბათობით, დევიდს რამდენიმე მილიონი დოლარი ერგო. Syrrx-ის ერთ წამალზე, დიაბეტის სამკურნალო Nesina-ზე, აშშ-ში 2013 წელს სანქცია გაიცია.

Syrrx-ის შემდეგ ახალ პროექტებზე გადაერთო, მათ შორის, ერთდროულად ორი კომპანიისთვის მუშაობდა სან-ფრანცისკოს ვენჩურ-კაპიტალის ფირმა Versant Ventures-ის რეზიდენტი ანტრეპრენიორის რანგში. პირველი 2002-ში დაფუძნებული ანტიბიოტიკების კომპანია Achaogen-ი იყო, რომელიც საჯარო ბაზარზე 2014-ში გავიდა, ამჟამად კი თავისი ექსპერიმენტული წამლები ცდათა ბოლო ეტაპებზე აქვს გაყვანილი. მეორე Kythera იყო – ღაბაბის ცხიმის წამლის კომპანია. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ესთეტიკის ინდუსტრიაში უფრო მკაცრი სამეცნიერო ლინზები ყოფილიყო გამოყენებული.

Kythera გარდამტეხი კომპანია გამოდგა, ვინაიდან დევიდს გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, ლეონარდი გაუჩინა, რომელიც Kythera-ს თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად იქცა 2005-ში. ერთმანეთს ისინი ბიოტექნოლოგიის ვენჩურ-კაპიტალისტმა, იმხანად Versant-ში მოღვაწე ქამი სემუელსმა გააცნო. ლეონარდი, დევიდის თქმით, ხვდება, როგორ უნდა განახორციელოს თავისი გიჟური და ქაოსური იდეები. “ცხოვრებაში უამრავჯერ მქონია განცდა, რომ იმ რაღაცების გამო განმსჯიდნენ, რაც კარგად არ გამომდიოდა”, – ამბობს დევიდი, ლეონარდთან კი “საშუალება მაქვს, ის ადამიანი ვიყო, ვინც ვარ”, და ამატებს: “კიტთან მუშაობის შესაძლებლობა ჩემი პროფესიული ცხოვრების საუკეთესო ეტაპია”.

Kythera-ში დევიდი არაერთგზის ეცადა წარმატების მოპოვებას. სამმა წამალმა კრახი განიცადა, მათ შორის, ნაწილობრივ CIA-ს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, რომელსაც იმგვარი ნივთიერების შექმნა ჰქონდა განზრახული, თავის მხრივ, ფუნდამენტურად რომ უნდა შეეცვალა ადამიანის სახე და შესაძლოა, ის სულ სხვა ადამიანისთვისაც კი დაემსგავსებინა. Kybella-ზე, ღაბაბის ცხიმის წამალზე, კონცენტრირების ზრდის კვალდაკვალ, დევიდის ყურადღებამ გაფანტვა იწყო. 2009-ში, მისი დახმარებით, კომპანიაში მისივე ჩამნაცვლებელი – ახალი სამეცნიერო დირექტორი დაიქირავეს, თავად კი Arch-ის ვენჩურ-პარტნიორად, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ გაეშურა. მისი დიდი იდეებით გატაცება კარგად შეეწყო Arch-ის მთავარი შეშლილის, Forbes-ის წამყვან ვენჩურ-კაპიტალისტთა ყოველწლიური რეიტინგის – “მიდასის რეიტინგის” – მეხუთე ადგილის მფლობელის, რობერტ ნელსენის მოიგე-ან-შინ-წადი-ტიპის დამოკიდებულებას.

დევიდის პირველი კომპანია Arch-ში, Sapphire Energy, მისი ყველაზე უიღბლო ფსონი გამოდგა. იდეა წყალმცენარეებით ნავთის ჩამნაცვლებლის შექმნაში მდგომარეობდა, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, ნავთობის ფასები დავარდნამ იდეა არაეფექტიანი გახადა.

Unity-ის იდეა დევიდმა 2001 წელს, ი-მეილის ინბოქსში, ერთდროულად რამდენიმე გამომგზავნისგან მიიღო. ეს Nature-ში გამოქვეყნებული ჯან მ. დერსენის სტატია Mayo Clinic-ის ლაბორატორიიდან იყო. ვან დერსენს გენეტიკური ინჟინერიით თაგვები შეექმნა ისე, რომ ფიზიოლოგიური დაბერების არაერთი უჯრედი გაენადგურებინა. ამ და სხვა შემდგომი ექსპერიმენტების შედეგები ნამდვილად თვალში საცემი იყო. თაგვები, რომლებშიც დაბერების უჯრედებს გაედგა ფესვი, გაქუცულ და აცახცახებულ არსებებად ქცეულიყვნენ, რასაც თირკმლის დისფუნქცია, კატარაქტები და მოკუზული ხერხემლები ემატებოდა, ხოლო თაგვები დაბერების უჯრედთა გარეშე ჯანმრთელად და მხნედ აგრძელებდნენ მთელ დარჩენილ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ თაგვებზე უფრო ხანგრძლივად არ ცოცხლობდნენ (ყველა თაგვი სამი წლის ასაკში კვდებოდა). მაგრამ ისინი, ვისაც ნაკლები ჰქონდა დაბერების უჯრედები, სიკვდილამდე ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას. მოკლედ, ეს თაგვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თერგუდ მარშალის ცნობილი კომენტარის ერთგვარ ლაბორატორიულ ვერსიას წარმოადგენდნენ – კომენტარისა, რომელიც მარშალმა თანამდებობიდან წასვლის პირას გააკეთა: “ვაპირებ, 110 წლისა მოვკვდე, ეჭვიანი ქმრის ტყვიით”. წამლები, რომელთაც მიზანში დაბერების უჯრედები აქვთ ამოღებული, ეფექტიანობის შემთხვევაში, ადამიანებს უკვდავებით ვერა, მაგრამ უკეთესი ცხოვრებით უზრუნველყოფენ.

სან-ფრანცისკოს Buck Institute-ში ვან დერსენმა დევიდს ჯუდით კამპისი გააცნო, რომელსაც დაბერების უჯრედთა დარგის დაფუძნებაში შეეტანა წვლილი. კამპისი, თავდაპირველად, კიბოზე მუშაობდა, დაბერებაში უჯრედთა როლით კი იმიტომ დაინტერესდა, რომ ამის დახმარებით, 1990-იანებში, სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. თავიდან სკეპტიკურად განწყობილმა კამპისიმ აღმოაჩინა, რომ დაბერების უჯრედები ისეთ ქიმიურ ნაერთებს გამოიმუშავებდნენ, რომლებიც, შესაძლოა, მართლაც უწყობდნენ ხელს დაბერებას. Arch-მა Unity 2011-ში დააარსა, თანადამფუძნებლები კი ვან დერსენი და კამპისი იყვნენ. ხუთი წელიწადი კომპანიას ოფისიც კი არ ჰქონდა. ყველა სამუშაო მეცნიერთა ლაბორატორიებში მიმდინარეობდა.

“ყველა ფუნდამენტური მეცნიერის ოცნებაა, მისმა ფუნდამენტურმა კვლევამ რაიმე სიკეთე მოიტანოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ კომპანიის გარეშე ასეთი რამ, პრაქტიკულად, არ ხდება, – ამბობს კამპისი. – ნედი ჭკვიანი და მომხიბლავი ადამიანია და უამრავ რამეში შეუძლია, დაგარწმუნოს, ჰოდა, მეც დამარწმუნა, მასთან გამეერთიანებინა ძალები”. 

2015-ში, როცა KYTHERA ALLERGAN-ს მიეყიდა, დევიდმა, რომელსაც უკვე ათასობით აქცია გაეყიდა, $30 მილიონი ჩაიგდო ხელში, ლეონარდმა – $50 მილიონი, Arch-მა კი $120 მილიონი. როგორც დევიდი ამბობს, რჩევისათვის გამუდმებით ურეკავდა ლეონარდს. ახლა, როცა Kythera სუფრას ჩამოშორდა, მათ კვლავ შეეძლოთ გაერთიანება იმავე ფირმაში. 2016-ში ლეონარდმა Unity-ს აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის ფუნქციები შეითავსა (რასაც დევიდი “შვებად” აფასებს) და მარდად მოიზიდა $151 მილიონი ისეთი ინვესტორებისგან, როგორიც Arch-ი და გარე წყაროებზე დაფუძნებული ჩინური წამლის მკვლევარი, გიგანტი WuXi PharmaTech-ია. კიდევ $60 მილიონი Unity-მ პირველად საჯარო შეთავაზებამდე მოიპოვა; Unity-ს აღმასრულებელთა თანახმად, საჯარო ინვესტორები მოწადინებულნი იყვნენ, შეთავაზებაში მონაწილეობა მიეღოთ. და მაინც, მას მერე, რაც კომპანიამ Nasdaq-ზე დაიწყო ბრუნვა, მისი აქციების ფასი 20%-ით დავარდა.

რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს Unity-ს მეცნიერება, სკეპტიციზმისთვის ნამდვილად არსებობს მიზეზი: დაბერების საწინააღმდეგო მეცნიერებას ინვესტორები უკვე გაბითურებული ჰყავს. 2007-ში კომპანია, სახელად Sirtris-ი, საჯარო ბაზარზე გავიდა, რაც წითელ ღვინოსთან დაკავშირებული დაბერების საწინააღმდეგო ნაერთების გარშემო ატეხილი ხმაურის დამსახურება იყო. 2007-ში Sirtris-ი GlaxoSmithKline-მა $720 მილიონად იყიდა, მაგრამ მის აქტივობას არავითარი წამლები არ მოჰყოლია შედეგად და 2013-ში დაიხურა კიდეც.

შემდეგ, ორი წლის წინ, სან-დიეგოში დაფუძნებულმა დაბერების საწინააღმდეგო კომპანია Samumed-მა მოახერხა და, $12 მილიარდად (!) შეფასებულმა, $320 მილიონი და Forbes-ის გარეკანი მოიხვეჭა. მის დაბერების საწინააღმდეგო წამლებს კვლავაც აქვს იმედები გასამართლებელი. Samumed-ის მეოცედად შეფასებული Unity, ცხადია, გაცილებით იაფი გამოდის. ფულადი რისკები აღმასრულებლებს პირადად აქვთ: დევიდი დაახლოებით $50 მილიონის ტოლფას წილს ფლობს კომპანიაში, ლეონარდი კი $30 მილიონისას.

Unity-მ უნდა აჩვენოს, რომ წამალს შესწევს ძალა, ადამიანებში ცალსახა ეფექტი გამოიწვიოს. პირველი მცდელობის – UBX0101-ის – სამიზნე ართრიტი იქნება. როცა მუხლის შეცვლის ოპერაციის დროს პაციენტი ხრტილის გარეშე რჩება, ამ წამლის დახმარებით ხრტილი სინჯარაში კვლავ იზრდება. ახლა, ადამიანზე ჩატარებულ პირველ ცდაში, მისი ინიექცია 30 პაციენტის მუხლში მოხდება; ეს ადამიანები შეავსებენ კითხვარს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ძლიერ ტკივილს გრძნობენ, მათ მუხლიდან სითხეს ამოუღებენ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გადაუღებენ. შემდეგ მათ იმ ათ პაციენტს შეადარებენ, რომელთაც პლაცებო-ინიექცია გაუკეთდებათ. ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ წამალი პაციენტებს უკეთ ხდის, შემდგომი კვლევების საფუძვლად იქნება განხილული. Unity აპირებს, რომ წლის ბოლოსათვის კიდევ ორი წამალი გამოსცადოს ადამიანებზე. პოტენციურ სამიზნე დაავადებათა შორის არის გლაუკომა, რომლის შემთხვევაშიც დაბერების უჯრედების განადგურება, წესით, თვალში ჩამდგარ წნევას ადაბლებს, და ფილტვის დაავადებები, რა დროსაც ამ უჯრედების განადგურებამ, შესაძლოა, მოატყუოს ფილტვის უჯრედები და შეაწყვეტინოს ნაჭრევიანი, ფიბროზული უჯრედების წარმოშობა. Unity-მ ამდენი ფული სწორედ იმიტომ მოიზიდა, რომ მისმა აღმასრულებლებმა იციან – წამლის აღმოჩენას მრავალი ცდა შეიძლება, დასჭირდეს. უცნობია, რა რისკები ახლავს დაბერების უჯრედების განადგურებას; შესაძლოა, ამ რისკთა შორის, მაგალითად, ჭრილობის შეხორცების შენელება იყოს. სანამ ცდების ჩატარება ადამიანებზე არ დაიწყება, ამის გაგება ვერაფრით მოხერხდება.

წამლების განვითარება უმოწყალო საქმეა, მაგრამ დევიდს ეს არ უშლის ხელს, უფრო მასშტაბურ ჭრილში იფიქროს. ლეონარდი კომპანიას აშენებს, დევიდი კი რეგულარულად მართავს შეხვედრებს ხუთკაციან გუნდთან თავის ოფისში (სადაც სამუშაო მაგიდა არ არის, თუმცა ფანჯარასთან მთის ველოსიპედი კიდია) და პოტენციურ ტექნოლოგიათა სხვა სახეობებზე ლაპარაკობს, რამაც დაბერება ნაკლებმტკივნეულ პროცესად შეიძლება, აქციოს. “საქმე საკმაოდ ბევრია, მომდევნო ათი წელი დაკავებული რომ ვიყო”, – ამბობს ის.

ჩვენ გირჩევთ

ინვესტორი

გაქცეული მილიარდერი

ინვესტორი

ინვესტორი

წინა სტატია

IMF уменьшил прогноз экономического роста Грузии
30 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო
31 ოქტომბერი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა