Ford-ის ტვირთის შემსუბუქება

Ford-ის ტვირთის შემსუბუქება

ნიუ-იორკის პროვინციული ჩრდილოეთი შემოგარენი, ონტარიოს ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთი კიდე აშშ-ის საავტომობილო მრეწველობის მომავლის ასაშენებლად საკმაოდ უცნაური ადგილია. და მაინც, ამ ქარხანის მუშაკები, რომლებიც სასმელების მრეწველობისთვის ალუმინის ქილებს აწარმოებენ, ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის შემდეგი თაობის გამოშვებაში გადამწყვეტი როლისთვის ემზადებიან.

Novelis-ის ქარხანა, პატარა ოსვიგოში გარკვეულწილად Ford Motor Co.-ს ინოვაციური ახალი პიკაპის, F-150-ის დაბადების ადგილია. ამ მოდელის მახასიათებელია ის, რომ იგი, მთავრობის მოთხოვნების თანახმად, 700 ფუნტით უფრო მსუბუქია – და ამიტომ საწვავის ხარჯვისას უფრო ეკონომიურია – რადგან მისი ძარის ფოლადის პანელები მსუბუქი ალუმინით შეცვალეს. ფსონები უფრო მაღალი ვერ იქნებოდა. პიკაპი F-150 Ford-ის სიამაყის საგანია, რომელიც წელიწადში $20 მილიარდზე მეტ შემოსავალს და მისი წლიური მოგების 40%-ს გამოიმუშავებს.

მსოფლიოს უმსხვილესმა ალუმინის გადამამუშავებელმა Novelis-მა Ford-ს აჩვენა, თუ როგორ შეეძლო მას ბოქსიტისგან მიღებული ახალი ალუმინის შესყიდვის მაგივრად, გადამუშავებული ჯართის გამოყენებით, უფრო ხელსაყრელ ალუმინზე გადასულიყო (რაც ერთი სატვირთო მანქანის ფასს $750-ით გაზრდიდა). მათ ერთად ინოვაციური მომარაგების ჯაჭვი შექმნეს, რომელიც Ford-ს საშუალებას აძლევს, ალუმინზე თავისი დანახარჯების დიდი ნაწილი მიმწოდებლებისთვის ჯართის უკან მიყიდვით და მისი ხელახალი გამოყენებით აღადგინოს.

ფილ მარტენსი, Ford-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად ატლანტაში მდებარე Novelis-ის აღმასრულებელი დირექტორია, ამბობს, რომ იღბლიანი მოვლენების ჯაჭვი რისკების მართვის კარგი მაგალითია. “მოგვეცით თქვენი ჯართი და ის თქვენს პროდუქტად გადაიქცევა”.

დარგის დანარჩენი წარმომადგენლები პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. საწვავის ეკონომიის მკაცრი ახალი კანონები ავტომწარმოებლებისგან მოითხოვენ, რომ 2025 წლისთვის, მათ თავიანთი პარკის საშუალო ეკონომიურობა, ფაქტობრივად, გააორმაგონ 54,5 მილამდე ერთ გალონზე. ახალი F-150-ის საწვავის ეკონომიურობის მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ ფედერალები ამბობენ, რომ 2025 წლისთვის Ford-მა ერთ გალონზე 30,2 მილს უნდა მიაღწიოს, ახლანდელ გალონზე 19 მილისგან განსხვავებით.

Ford-მა FORBES-თან თავისი ტექნოლოგიური პროცესის შესახებ საუბარზე უარი თქვა, მაგრამ დახურული ციკლის გადამუშავების სისტემა ანალოგიურია იმისა, რომელსაც Novelis-ი ევროპაში უკვე იყენებს Jaguar-ისთვის, Land Rover-ისა და Ford-ის ყოფილი ლუქსის კლასის ბრენდებისთვის. ძირითადი განსხვავება მასშტაბში მდგომარეობს.

აი, როგორ მუშაობს ეს: როდესაც ავტომობილის ძარის შტამპირება ხდება, ლითონის დაახლოებით 40% ჯართად იქცევა. იმის მაგივრად, რომ ლითონის ყველა სახეობის ჯართი შეეგროვებინა დირბორნში, მიჩიგანში, ბუფალოში, ნიუ-იორკში მდებარე თავისი დასაშტამპი ქარხნებიდან, Ford-მა $60 მილიონის ღირებულების პნევმატური ჯართის გადამამუშავებელი აღჭურვილობა დაამონტაჟა, რომელიც ალუმინის შენადნობების ჯართს კონვეიერებზე გამოაცალკევებს და სხვა ხარისხის ლითონით დაბინძურებისგან თავიდან ასაცილებლად, სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერებში შეინახავს. Novelis-მა, პირვანდელ მდგომარეობაში არსებული ჯართის თავის ოსვიგოს ქარხანაში უკან, ხელახალი გადამუშავებისთვის გადასაზიდად, 150 ტრეილერისგან შემდგარი პარკი დაიქირავა. ჯართი Alcoa-სგან, კიდევ ერთი მიმწოდებლისგან, უბრუნდება მის ქარხანას დევენპორტში, აიოვის შტატში.

გაფანტული, დაქუცმაცებული ჯართი Novelis-ის ქარხანაში თვითმცლელებზე დაყრილ მდგომარეობაში მიიღება და ნესტის ან ზეთის მოსაშორებლად მისი გაშრობა ხდება. შემდეგ სპეციალიზებული შენადნობების ხელახლა გასასწორებლად, კიდევ სხვა ინგრედიენტების დამატებით, ნაწილებს 2000-გრადუსიან ღუმელში ადნობენ. როდესაც გამდნარი ლითონი მზად არის, მას დარჩენილი ჩანართები შორდება და შემდგომი დამუშავებისთვის, მასიურ 30 000-ფუტიან ზოდებად ისხმება. ზოდები დუიმის ერთი მეთექვსმეტედი სისქის ფურცლებად ბრტყელდება და გიგანტურ სახვევებად გარდაიქმნება, რომლებიც უკან, Ford-ის დასაშტამპ ქარხნებში ტრანსპორტირებისთვის მზად არის, სადაც პროცესი თავიდან იწყება.

Novelis-მა გადამუშავების გამოცდილება საჭიროების გამო შეიძინა. 2005 წელს, Alcan-ს ალუმინის კანადური მწარმოებლის გლინვის განყოფილება გამოეყო, როგორც საჯარო კომპანია, შექმნა რა Novelis-ი და ორი წლის შემდეგ, $40-მილიარდიანი ინდური კონგლომერატის, Aditya Birla Group-ის მიერ $6 მილიარდად იქნა შეძენილი. მან სამთო-მეტალურგიული პარტნიორების გარეშე ადაპტირება ისწავლა და ქილებისთვის ალუმინის გლინვას მიწისქვეშა მაღაროების მაგივრად, “ქალაქური მაღაროებიდან” ახორციელებს.

როდესაც 2009 წელს მარტენსი კომპანიას შეუერთდა, ის გადამუშავებაზე გადასვლას მიუახლოვდა და საავტომობილო მრეწველობაზე ფოკუსირება დაიწყო, რათა იაფფასიანი ჩინური ალუმინის ქილების კომპენსირება მოეხდინა. “ჩვენ ყოველთვის გვინდა ვიყოთ ლიდერები ქილების წარმოებაში, – თქვა მან, – მაგრამ გავაცნობიერეთ, რომ უფრო მეტად ტექნიკური საფუძვლის მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, თანაც ძვირად ღირებული პროდუქტებით. მათი კოპირება რთულია და ისინი ძლიერ ურთიერთობებს ემყარება. ეს არის საავტომობილო მრეწველობა. უფრო მოგებიანია თუ არა ის? დიახ. უფრო რთულია თუ არა ის? დიახ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამის გაკეთება ღირს”. ამ ათწლეულის ბოლოსთვის Novelis-ი, $9,8 მილიარდი მიმდინარე შემოსავლით, იმედოვნებს, რომ საავტომობილო ლითონის ფურცლებმა შეიძლება მისი ბიზნესის 25%-ს გადააჭარბოს, ხუთი წლის წინანდელი 4%-ისგან განსხვავებით, იმ დროს, როდესაც მისი ქილების ბიზნესი 50%-მდე მცირდება, გასულ წლის 62%-ისგან განსხვავებით.

გასულ სამ წელიწადში, გადამუშავების სისტემებში მსოფლიოს მასშტაბით, ოსვიგოში, ბარიაში, კენტუკიში, გაფართოების ჩათვლით, კომპანიამ $500 მილიონი დააბანდა. მისი მიზანია, 2020 წლისთვის, საავტომობილო ლითონის ფურცლებში 70% გადამუშავებული მასალა გამოიყენოს, ხუთი წლის წინ 10%-ზე ნაკლებისგან განსხვავებით.

როდესაც იციან, რომ არსებობს მათი ნარჩენი ალუმინის მყიდველი, ავტომწარმოებლებს სტიმული აქვთ, რომ ლითონის ჯართი ქარხანაში დაახარისხონ და მისი ღირებულება დაიცვან, – ამბობს ტომ ბოუნი, Novelis-ის ვიცე-პრეზიდენტი ავტოტრანსპორტის დარგში. “ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ღირებულება და ხელახლა გამოვიყენოთ ხოლმე ის, – ამბობს დერეკ პრიჩეტი, ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გადამუშავების დარგში. – ეს ყველას ინვესტიციებს ამართლებს”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *