უმსხვილესი კერძო კომპანიები. Cargill

Cargill-ის ახალი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ მაკლინენი მსოფლიოს უმსხვილესი აგრობიზნესის კიდევ უფრო გაზრდასთან დაკავშირებით მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავის გეგმებს მოკლედ აღწერს და მას ამაში დიდი დახმარება არ სჭირდება.

დევიდ მაკლინენი, Cargill-ის გარდა, ნებისმიერი სხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რომ ყოფილიყო, სწორედ ახლა პრობლემები შეექმნებოდა. გასულ დეკემბერს, ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების შემდეგ, პირველ სამ კვარტალში შემოსავლები 22%-ით, $1,2 მილიარდამდე დაეცა. მისმა აგრესიულმა გეგმამ, ჩინეთში, $370-მილიონიანი ქათმის გადამამუშავებელი ქარხანა აეშენებინა, მარცხი განიცადა, რადგან ქათმის გრიპზე შიშებსა და მომატებულ კონკურენციას პირდაპირ შეეჩეხა. კომპანია გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გლობალურ ისტერიაში აღმოჩნდა გარეული. როდესაც ხელისუფლებამ Cargill-ის ტვირთი, რომელიც სიმინდისგან შედგებოდა, არ მიიღო, რადგან ის, სავარაუდოდ, გმო-ებს შეიცავდა, კომპანიამ $90 მილიონი დაკარგა.

და მაინც, როდესაც 55 წლის მაკლინენი, თავის ახალ კუბოკრულ კოსტიუმში გამოწყობილი (ოღონდ ჰალსტუხის გარეშე), Cargill-ის სათავო ოფისში, რომელიც მინეაპოლისიდან 20 წუთის სავალზეა განლაგებული, საკონფერენციო მაგიდასთან ზის, ის თავის არსებობას კი არ ამართლებს, არამედ აჩვენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მოიცავს: ახალ, $100-მილიონიან კაკაოს ქარხანას ინდონეზიაში, $91-მილიონიან საქონლის საკვების ფაბრიკას კორეაში და მეწველი ძროხების საკვების ფაბრიკას ინდოეთში, ასევე სათავო ოფისის მახლობლად მდებარე საკვები პროდუქტების სფეროს საინოვაციო ცენტრის ორჯერ გაზრდის შანსს და მისი ევროპული ეკვივალენტის რეორგანიზაციას $10 მილიონის ფარგლებში. საერთო ჯამში, გასულ წელს, Cargill-მა ობიექტების მოდერნიზაციაში, შესყიდვებსა და ახალ პროექტებში მსოფლიოს მასშტაბით, $3 მილიარდზე მეტი ჩადო.

ერთი მხრივ, Cargill-თვის, ოჯახის კუთვნილი $135-მილიარდიანი (2014 ფისკალური წლის გაყიდვები) საკვები პროდუქტების გიგანტისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფერმებსა და თქვენს სასადილო მაგიდას შორის ყველა გზას განკარგავს, ეს წვრილმანია. მაგრამ, როგორც მაკლინენი ამტკიცებს, ამავე დროს, მნიშვნელოვანი წვრილმანია. მას შემდეგ, რაც 1865 წელს კომპანია დაარსდა, მისი ბიზნესის საფუძველი ყოველთვის ფართო მოხმარების საქონლით ვაჭრობა იყო – მთელ მსოფლიოში ფერმერების მიერ მოყვანილი მოსავლის შესყიდვა, საწყობებში განთავსება, ტრანსპორტირება და გაყიდვა. 1998 წელს Cargill-მა გლობალური სასურსათო ბაზრის შუაგულში დომინირება იმით განამტკიცა, რომ თავისი კონკურენტისგან, Continental Grain-გან, რომელიც ამერიკაში იმ დროს მეხუთე უმსხვილესი კერძო კომპანია იყო, მარცვლეულის შენახვისა და ტრანსპორტირების კომპლექსი დაახლოებით $300 მილიონად შეიძინა. დღეს Cargill-ი მსოფლიოში გემების უმსხვილეს ფლოტს მართავს, რომელსაც პროდუქტების მშრალი ტვირთი გადააქვს. მსოფლიოს 6000 პორტში დაახლოებით 550 გემი ჩერდება.

მაგრამ ეს არარენტაბელური სამუშაოა. მას შემდეგ, რაც 30 წლის წინ, FORBES-მა კერძო კომპანიების შემოსავლების თვალყურის დევნება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ Cargill-ს საერთო გაყიდვებიდან წმინდა მოგება 4%-ზე მეტი (ანუ $4 მილიარდზე მეტი) არც ერთხელ არ მიუღია. მაკლინენი იმედოვნებს, რომ ახალი ინოვაციური პროდუქტების დიდი რაოდენობა ამ შემოსავლების დონის გამოცოცხლებას შეძლებს. „ჩვენი სიდიდე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უფრო ნელი ვართ“, – ამბობს ის.

მისი გეგმა: გააქციოს სპილო ელვისებური სისწრაფით ან საშუალო სიჩქარით მაინც. Cargill-ის, მინეაპოლისის საზღვარზე განლაგებული სპეციალიზებული სამრეწველო განყოფილების შიგნით, მეცნიერები მცენარეებისგან მეორადი წარმოების პროდუქტებზე ცდებს ატარებენ, რათა ისინი ისეთ საჭირო პროდუქციად გადააქციონ, როგორიცაა საღებავი, წებო, ფეხსაცმლის ძირები და მინა. განყოფილების გაყიდვები, ბოლო 16 წლის განმავლობაში, წლიურად 15%-ზე მეტად იზრდებოდა. წელს მათი 30%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

მისი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტები დღეს? მაგალითად, მოდიფიცირებული მცენარეული ზეთი, რომელიც ზამთარში ასფალტის გაბზარვისა და ზაფხულში გუდრონად გადაქცევის ალბათობას ამცირებს. Cargill-მა მისი გაყიდვა ორი წლის წინ დაიწყო და უკვე, მსოფლიოს მასშტაბით, 30 მილიონი ფუნტის პროდუქტი გაგზავნა. 2020 წლისთვის წელიწადში მისი 100 მილიონი ფუნტის ოდენობით გაყიდვაა დაგეგმილი. კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იქნება სოიას ზეთი, რომელიც შესაძლებელია ავტომობილის სავარძლების დასამზადებელ ღრუბელად გადაიქცეს. დღეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისგან დამზადებული სავარძლებით ავტომობილების ოცდაათი პროცენტია აღჭურვილი, მაგრამ Cargill-ის პროგნოზის თანახმად, ეს რიცხვი მომავალ წელს გაორმაგდება. კომპანიის მიერ წარმოებული ასეთი ღრუბელი, აშშ-ში, უკვე Ford-ის მარკის ყველა მანქანაში გამოიყენება.

კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა? მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს და 2,1 მილიარდი ადამიანი – ჭარბწონიანია. „არიან ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ვინაიდან არასაჭირო კალორიებს მოიხმარენ, – ამბობს მაკლინენი, – და არიან ადამიანები, რომლებიც დაბალკალორიულ რაციონზე ძლივს არსებობენ და მათ მეტი კვება სჭირდებათ. სწორედ აქ შეგვიძლია მსოფლიოს დახმარება აღმოვუჩინოთ“.

მეცნიერებმა კარგა ხანია, იციან, როგორი ტიპის საკვები იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ ხალხი მათ მოსაზრებას არ ითვალისწინებს, რადგან ამ საკვების უფრო ჯანსაღ ალტერნატივას მუყაოს გემო აქვს. Cargill-ის ახლად გაფართოებულ, 40 ათასი კვადრატული ფუტის ფართობის სურსათის ინოვაციის ლაბორატორიაში ქიმიკოსებისა და დეგუსტატორების გუნდი სამი ყველაზე მთავარი პროდუქტის: შაქრის, მარილისა და ზეთის ხელახალ გამოგონებაზე მუშაობს.

ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატებაა შაქრის ნულკალორიიანი ალტერნატივის – Truvia-ს – წარმოება, რომელიც მიღებულია სტევიასაგან და არა შაქრის ლერწმისგან. 2008 წელს დაწყებული გაყიდვები ამჟამად $80 მილიონის დონეზეა. Coca-Cola მათი პარტნიორი ადრეულ ეტაპზევე გახდა. აგვისტოში, აშშ-ში, ახალი, სტევიათი დატკბილული, Coca-Cola Life-ად წოდებული სასმლის გაყიდვა დაიწყო – ჩვეულებრივი კოკა-კოლის ორი მესამედი კალორიულობით. მაკლინენს მიაჩნია, რომ Cargill-ის სტევიას გაყიდვები საბოლოო ჯამში $500 მილიონს მიაღწევს, რამაც შეიძლება მის წმინდა მოგებას სრული 5% დაუმატოს.

რა თქმა უნდა, რეალობა ასეთია: იმის მიუხედავად, ეს ინიციატივები წარმატებული იქნება თუ არა, Cargill-ს ყველაფერი წესრიგში ექნება – კომპანია, გლობალური აგრობიზნესისთვის, უბრალოდ მეტისმეტად დიდი და მეტისმეტად ცენტრალურია საიმისოდ, რომ სერიოზულად ჩავარდეს. როდესაც FORBES-მა 1985 წელს ამერიკის კერძო კომპანიების სია პირველად გამოაქვეყნა, Cargill-ი, $30 მილიარდი შემოსავლით, პირველ ადგილზე იყო. ოცდაათი წლის შემდეგ მან კვლავ არ დათმო პოზიციები და სიის პირველ ადგილზე (ის ორჯერ იყო მეორე ადგილზე) უკვე 28-დ მოხვდა. მსოფლიოს სასურსათო ჯაჭვის თითქმის ყველა ასპექტში ჩართული 69 განყოფილებით, Cargill-ი, გლობალური ბაზრის კაპრიზების მიუხედავად და მათთან საბრძოლველად ბუნებრივად არის დაზღვეული, რაც მას ბევრი სხვა კომპანიისგან გამოარჩევს. ბოლო წელი, როდესაც Cargill-მა მოგების მიღება ვერ შეძლო, 1938 იყო. ეპოქაში, რომელშიც Facebook-ის მსგავსი სწრაფად მზარდი კომპანიების ბუმია, ეს კომპანია, ათწლეულების განმავლობაში, მაინც აბსოლუტური სიდიდისა და შეუპოვარი, მდგრადი მართვის ძლიერ მტკიცებულებად რჩება. „მათი ბიზნესგეგმა გრძელვადიანია და, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, 7-მილიარდიანი, 8-მილიარდიანი, 9-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე მსოფლიოს გამოკვებას გულისხმობს, – ამბობს მაიკლ ბოლანდი, მინესოტის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომისტი. – 2025, 2050, 2075 წლებში მსოფლიოს მეტი სურსათი დასჭირდება“.

Cargill-ს მდგრად მდგომარეობაში მკაცრი კონტროლი ინარჩუნებს. კომპანიას, Cargill-ის დამაარსებლის და მაკმილანის ოჯახების დაახლოებით 90 ცოცხალი შთამომავალი ფლობს და $36 მილიარდი ქონებით, ამერიკის ათი უმდიდრესი ოჯახიდან ერთ-ერთს შეადგენს. ათი მათგანი ცალკეული მილიარდერია. რაც შეეხება მაკმილანების ოჯახის ოთხ წევრს, რომლებიც Leaderboad-ის რეპორტაჟში გაგაცანით, ისინი შეიძლება მდიდრები იყვნენ, მაგრამ მეტისმეტად ძლევამოსილები არ არიან. ოჯახის უკანასკნელი წევრი, რომელიც კომპანიას მართავდა, უიტნი მაკმილანი იყო, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა 1977-დან 1995 წლამდე ეკავა. ამ დროისთვის მან კომპანიის სავალდებულო საპენსიო ასაკს – 65 წელს მიაღწია.

და იმის მიუხედავად, რომ ოჯახის წევრები Cargill-ის 88%-ს ფლობენ, ოჯახის წევრებს შორის, 1990-იანების შუაში დადებული ზეპირი შეთანხმების წყალობით, კომპანიის 17-კაციან სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ 6 მათგანი შედის. (ხელმძღვანელობას ხუთი ადგილი უკავია, ხოლო გარეშე პირებს, როგორიცაა რიჩარდ ანდერსონი, Delta-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და რიჩარდ კოვასევიჩი, Wells Fargo-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დანარჩენი ექვსი).

ოჯახი, ხელახალი ინვესტირებისთვის, ყოველწლიურად შემოსავლების 80%-ტოვებს, რათა კომპანიას დაახლოებით $6,7 მილიარდის ფულადი საბიუჯეტო მარაგი ჰქონდეს.

ამ უსაფრთხოების გარანტიამ და კომპანიის „მყარმა“ და „უცვლელმა მიზანმიმართულობამ“, მაკლინენს იმხელა თავისუფლება უნდა მისცეს, რამხელაც მას ინოვაციისთვის ესაჭიროება. მიაღწევს თუ არა ის წარმატებას ოქროს სპილოს დაძვრაში, სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის საკითხი არ არის, რომელიც მფლობელებს ღამ-ღამობით არ აძინებს.

წინა სტატია

“მოსმენების გასაღები” კართან ჟღარუნობს
14 იანვარი, 2015

შემდეგი სტატია

PASHA Bank თურქეთის ბაზარზე შედის
15 იანვარი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა