მალალა იმის შესახებ, თუ როგორ ესროლეს მას

ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებამდე ოთხი თვით ადრე, FORBES-მა თავის Third Annual Summit On Philanthropy-ზე (“ქველმოქმედების მესამე ყოველწლიური სამიტი”), რომელიც 17 ივნისს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, მოზარდთა განათლებისთვის მებრძოლი პაკისტანელი აქტივისტი, მალალა იუსუფზაი მოიწვია. ლორინ პაუელ ჯობსმა, ადვოკატმა განათლებისა და ემიგრაციის საკითხებში და Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სტივ ჯობსის ქვრივმა, მალალას ინტერვიუ ჩამოართვა აუდიტორიის წინაშე, რომელიც განათლების პრობლემით დაინტერესებული 200 წამყვანი ფილანთროპისგან შედგებოდა.

ლორინ პაუელ ჯობსი: თქვენ წინაშეა ყველაზე მამაცი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრიხართ. ყველამ ზოგადად იცის მალალა იუსუფზაის ისტორია. 2012 წლის ოქტომბერში ერთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თალიბმა, პაკისტანში, სვატის ხეობაში, სკოლის ავტობუსი გააჩერა, ავიდა და შეშინებულ გოგონებს უღრიალა: “ვინ არის მალალა?” შემდეგ მან 15 წლის მალალას სახეში ტყვია დაახალა. რა დანაშაული მიუძღოდა მალალას? ის, რომ მან ადამიანის უფლებების დასაცავად ხმა აღიმაღლა, ასევე იმ რწმენის გამო, რომ ყველა ბავშვმა განათლება უნდა მიიღოს.

მათ მიერ განხორციელებულმა გაუმართლებელმა ძალადობამ შედეგად ის გამოიღო, რომ მალალას ხმა და პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდა. გასულ წელს მე შესაძლებლობა მომეცა, უკეთ ჩავწვდომოდი, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული ის შიში და ძრწოლა, რომელიც თალიბებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც განათლების მიღებასთან დაკავშირებით გოგონების უფლებების ხელყოფას ცდილობს, ამ ახალგაზრდა ქალის მიმართ აქვთ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მისი ხმის ჩახშობა შეუძლებელია. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მასზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, მითხრა: – “თალიბებმა სასროლად, ამ გოგონას სახით, არასწორი სამიზნე აირჩიეს”.

მალალა იუსუფზაი: გმადლობთ.

პაუელ ჯობსი: მოგვიყევით ცოტაოდენი რამ თქვენი ბავშვობის შესახებ და აღგვიწერეთ, თუ რა პირობებში ხდებოდა სვატის ხეობაში თქვენი აღზრდა და ჩამოყალიბება.

იუსუფზაი: თავისი მაღალი მთებით, ლამაზი მდინარეებით, ხშირი მცენარეულობით და ტყეებით დაფარული მწვანე გორაკებით სვატის ხეობა უმშვენიერესი ადგილია. ადრე აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტები ჩამოდიოდნენ. მე ყოველდღე დავდიოდი სკოლაში. მამაჩემი, დედაჩემი - მთელი ჩვენი ოჯახი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა, ეკონომიკური თვალსაზრისით მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ფასეულობები და ეთიკური პრინციპები იყო.

შემდეგ ხეობაში ექსტრემისტი თალიბები მოვიდნენ და ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა. გოგონებს განათლების მიღება აუკრძალეს. 400-ზე მეტი სკოლა დაანგრიეს. ქალებს ბაზარში სიარულიც აუკრძალეს. საპარიკმახეროები ააფეთქეს. მათ განაცხადეს, რომ არავის ჰქონდა უფლება, თავისუფალი ყოფილიყო.

მაგრამ ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა, რაღაცისთვის მიმეღწია. მინდოდა, ჩემი ინდივიდუალობა მქონოდა, პიროვნებად შევმდგარიყავი.

ორი არჩევანი არსებობდა. პირველი - შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი და არასოდეს მელაპარაკა, თუმც ოდესმე ტერორისტთა მსხვერპლი მაინც გავხდებოდი. მეორე – საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა ამემაღლებინა და ამ საქმისთვის მოვმკვდარიყავი. მე მეორე შესაძლებლობა ავირჩიე

2012 წლის 9 ოქტომბერს ტყვია მესროლეს და ამით ტერორისტებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა, რომ ჩემს გაჩერებას მოახერხებდნენ. და ჩემს სისუსტეებს სწორედ იმ დღეს ბოლო მოეღო. ჩემში ახალი ძალა დაიბადა. ვფიქრობ, მათი მადლიერი უნდა ვიყო.

პაუელ ჯობსი: რა მოხდა მას შემდეგ, რაც გესროლეს? სად ცხოვრობთ ახლა თქვენ და თქვენი ოჯახი?

იუსუფზაი: მას შემდეგ, რაც მესროლეს, ინგლისში, ბირმინგემში, Queen Elizabeth Hospital-ში (“დედოფალ ელიზაბეთის სახელობის საავადმყოფო”) აღმოვჩნდი, რომელიც თავისი ბრწყინვალე ექიმებითა და ექთნებით ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოა. ჩემზე ზრუნვა მათ თავიანთ თავზე აიღეს და ყველა ქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩამიტარეს. ძალიან კარგ სკოლაში დავდივარ. ჩემი სკოლელი გოგონები შესანიშნავები არიან. მე ძლიერ დაკავებული ვარ და ზოგჯერ ბევრი გაკვეთილის გაცდენა მიწევს. ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვისწავლო და ვიმუშაო.

პაუელ ჯობსი: პაკისტანში დაბრუნება არ შეგიძლიათ?

იუსუფზაი: საკმაოდ რთულია. უკან დაბრუნება ძალიან მინდა. პაკისტანის მთავრობასთან საუბარი უკვე გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უსაფრთხო არ იქნება.

პაუელ ჯობსი: როგორ ინარჩუნებთ ბალანსს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ხელმძღვანელებთან საუბარსა და, მეორე მხრივ, თქვენს მეგობარ გოგონებთან საუბარს შორის? როგორ ახერხებთ ყოველივე იმაში ორიენტირებას, რაც მოზარდობის ასაკს და ასევე, იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომელიც მთელ მსოფლიოში გოგონების განათლებისთვის მებრძოლი წარმომადგენლის ცხოვრებას თან სდევს?

იუსუფზაი: უმეტეს დროს ჩემი განათლების საქმეს ვანდომებ, ხოლო განათლებისთვის წარმოებული ბრძოლის საქმეს კი შაბათ-კვირასა და არდადეგებს ვუთმობ. ძირითადად ამ საქმეებთან დაკავშირებით ან ისეთ ღონისძიებებზე დასასწრებად, როგორიც დღევანდელი შეხვედრაა, სკოლის გაცდენა მიწევს.