მიზნობრივი მოგებები

მიზნობრივი მოგებები

პოზიტიური გავლენის მქონე წამყვანი ინვესტორები FORBES 400-დან.

თერთმეტი წლის წინ, იტალიაში, Rockefeller Foundation-ის Bellagio Center-ში, შემოღებულ იქნა შესიტყვება “პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირება”. ეს ახალი იდეა არ გახლდათ, თუმცა მან, როგორც იქნა, ოფიციალური სახელი მიიღო. “უზარმაზარი სიმბოლური ქოლგა შევქმენით, რომლის ქვეშაც ყველას შეეძლო თავმოყრა”, – ამბობს ენტონი ბაგ-ლევინი, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა დაგეგმა და რომელიც დღეს Nonprofit Finance Fund-ის აღმასრულებელი დირექტორია. მას მერე ეს ტერმინი არაერთმა ფინანსურმა ფირმამ და ინვესტორმა გაიზიარა და იმგვარ კომპანიებში იწყო კაპიტალდაბანდება, რომლებიც არა მხოლოდ ფულს აკეთებენ, არამედ სოციალურ თუ ეკოლოგიურ გარემოზე ხელშესახებ პოზიტიურ გავლენას ახდენენ.  Global Impact Investing Network-ის თანახმად, ამგვარ ინიციატივებზე, სულ ცოტა, $228 მილიარდი იხარჯება. ამ ინვესტორთაგან რამდენიმე ყველაზე გამორჩეული Forbes 400-ის წევრია. გაიცანით მოწინავე თორმეტეული. 

მარკ ბენიოფი ($6.4 მლრდ)

Salesforce-ის აღმასრულებელ დირექტორსა და მის ცოლს, ლინს, მათივე დოკუმენტების თანახმად, რამდენიმე პოზიტიური გავლენის მქონე, $100,000-დან $1,000,000-მდე ოდენობის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.  მაგალითად, Carrot-ი, რომელიც FDA-ის მიერ ნებადართულ ნახშირჟანგის სუნთქვის სენსორებს აკეთებს, რათა ჭკვიანი ტელეფონის აპლიკაციით ხალხს მოწევისთვის თავის დანებებაში დაეხმაროს, და New Wave Foods-ი, რომელიც წყალმცენარის ბაზაზე ამზადებს კრევეტებს, რათა ზღვის პროდუქტების წარმოების მავნე ზეგავლენა შეამციროს. ბენიოფები ამ ინვესტიციებიდან ექსპონენციური წლიური ზრდის 30%-იან ტემპს ელიან.

პოლ ალენი ($20.3 მლრდ)

Microsoft-ის თანადამფუძნებლის ფონდის, Vulcan-ის, ინვესტიციები, მეტწილად აფრიკაზეა მიმართული. ფონდი მზის ენერგიაზე მომუშავე ათ მიკროქსელს ფლობს კენიაში, რომელიც 21,000 სოფლად მცხოვრებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, და აფინანსებს კენიაშივე დაფუძნებულ იაფ ინტერნეტპროვაიდერს, Mawingu Network-ს. Vulcan-ის თქმით, მის პროექტებს აქვთ პოტენცია, დადებითი წვლილი შეიტანონ მილიონი ან მეტი ადამიანის ცხოვრებაში. 

სტივ ბალმერი ($42.3 მრლდ) 

Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სკოლებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და სოციალური სამსახურის სააგენტოებს ეხმარება, რომ ტექნოლოგია მუდამ განახლებულ მდგომარეობაში ჰქონდეთ. აგვისტოში ბალმერმა და მისმა ცოლმა, კონიმ, თქვეს, რომ $59 მილიონს დააბანდებდნენ Social Solutions-ში – პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში, რომელიც ორგანიზაციებს ფაილების გაციფრულებასა და მონაცემთა ანალიზში ეხმარება იმ კომუნებისთვის, რომელთაც ემსახურებიან. ბალმერებს წარუმატებლად აქვთ ნაცადი პრობლემასთან ფილანთროპიით გამკლავება, როცა ვაშინგტონის შტატის ბავშვთა კეთილდღეობის სააგენტოს მონაცემთა უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით ფული შესწირეს.   

ჯეიმს კოლტერი ($2.2 მლრდ)

TPG – კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა, რომლის თანადამფუძნებელიც კოლტერია – ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი ფირმა იყო, რომელმაც პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირებას მიჰყო ხელი. TPG-ის აღმასრულებლის, ბილ მაკგლაშენის, ბონოსა და ჯეფ სკოლის მიერ 2016 წელს დაფუძნებულ The Rise Fund-ს $2.1 მილიარდი აქვს ამგვარი ინვესტიციებიდან მოძიებული. ფონდი, რომლის საბჭოში კოლტერი მსახურობს, 21 კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორის არის რძის პროდუქტების ინდური ფირმა Dodla Dairy. ფირმა რძეს 240,000 ფერმერისგან ყიდულობს, რომელთა დიდ ნაწილს მაცივარი არა აქვს და მას Dodla-ს სახელით ჰყიდის. ფონდი წილს ფლობს ციფრული გადახდების ფირმა Cellulant-შიც, რომელსაც აფრიკის 11 ქვეყანაში იყენებენ.     

ჯეფ სკოლი ($4.6 მლრდ)

წამყვანი თემა სკოლის პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირებისა გახლავთ ფსონი იმ კომპანიებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ებრძვიან. სკოლის Capricorn Investment Group-ი, რომელიც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას ისახავს მიზნად, ელექტრომანქანების ფირმა Tesla-ს ერთ-ერთი პირველი ვენჩურული ინვესტორი იყო. მას ასევე დაუფინანსებია ბატარეის კომპანია Quantum Scape-ი, ელექტროენერგიაზე მომუშავე ავიაციაზე ფოკუსირებული Joby Aviation-ი, და Saildrone-ი, რომლის პატარა ავტომოცურავე ხომალდები ზომავენ წყლის ტემპერატურას, მარილის შემცველობასა და სხვ.    

ჯიმ ბრეიერი ($2.9 მლრდ)

ბრეიერმა Etsy-ში ადრევე დააბანდა ფული – ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების ონლაინბაზრობაში,  რომელიც საჯარო ბაზარზე ბრუნვად ერთ-ერთ პირველ B Corp-ად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია მაღალი სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტებით გამოირჩეოდა (გვიანდელ 2017-ში, როცა ბრეიერმა საბჭო დატოვა, Etsy-მ ეს სტატუსი დაკარგა). “ვფიქრობ, Etsy-ში გატარებულმა პერიოდმა ცხადად დამანახა ის ფაქტი, რომ კომპანიას შეუძლია, ფინანსურად წარმატებული იყოს და, ამავე დროს, სამყაროზე დადებითი გავლენა მოახდინოს”, – ამბობს ბრეიერი. მოგვიანებით მან ინვესტირება დაიწყო ჯანდაცვის ისეთ ტექნოლოგიებსა და პლატფორმებში, როგორიც mPharma-ა, რომელიც განვითარებადი სამყაროს ექიმებს, პაციენტებსა და ფარმაცევტებს უკეთეს წვდომას აძლევს ქრონიკული დაავადების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომ ფასად. მსგავსი ტიპის პლატფორმას, სადაც ის ინვესტიციას ახორციელებს, განეკუთვნება  Subtle Medical-იც – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რადიოლოგიის კომპანია, რომელიც სამედიცინო რენტგენოგრაფიის ცდებში ხარისხისა და სიჩქარის გაუმჯობესებაზე მუშაობს.      

დაიან ჰენდრიკსი ($6.8 მლრდ)

“აქ ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ეს ძველი ქალაქი მომუშავე ხალხით ცოცხლდება”, – ამბობს ჰენდრიკსი 37,000 ადამიანით დასახლებული ბელოიტის (ვისკონსინი) შესახებ. ეს ინდუსტრიული ქალაქი 2000 წელს გაიყინა, როცა Beloit Corp-ი, რომელსაც იქ 1,200 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, დაიხურა. ცხრა წლის შემდეგ საქმეში ჰენდრიკსი ჩაერთო იმედით, რომ სამუშაო ადგილების უზრუნველყოფასაც შეძლებდა და მოგებასაც ნახავდა. ქაღალდის მწარმოებლის ძველი კამპუსი სტარტაპ-ცენტრად აქცია, რომელიც 35-ზე მეტი ფირმისა და 1,000 თანამშრომლის თავშესაფარია. მან სხვა უძრავ ქონებასაც შესძინა ახალი დანიშნულება – გახსნა საკონფერენციო ცენტრი, კერძო კლუბი, სასტუმროები და რესტორნები, და ამით კიდევ 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ქალაქში.     

ჯ.ბ. პრიცკერი ($3.2 მლრდ)

პრიცკერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ე.წ. სოციალური გავლენის მქონე ობლიგაციებში დაიწყო კაპიტალდაბანდება, რომლებიც, გარკვეული შედეგების მიღწევის შემთხვევაში, ინვესტორებს კარგი უკუგებით უზრუნველყოფს. პრიცკერს, ამ ობლიგაციების მეშვეობით, იუტასა და ჩიკაგოში მცხოვრები ათასობით დაბალშემოსავლიანი ბავშვის სკოლამდელი პლატფორმები აქვს დაფინანსებული; უკუგება აქ იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ბავშვი დატოვებს საბავშვო ბაღს ისე, რომ ხარჯიანი საგანგებო განათლება არ დასჭირდება. “ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადრეული ბავშვობის განათლებას გადასახადების გადამხდელებისთვის არაჩვეულებრივი უკუგების პოტენციალი ჰქონდა”, – უთხრა პრიცკერმა Forbes-ს 2015-ში, და დაამატა, რომ სურდა, ეს ობლიგაციები ხალხის საპენსიო გეგმების (401(k)-ების) ფიქსირებულ კომპონენტად ქცეულიყო.     

ბილ გეიტსი ($97 მლრდ)

ბილ და მელინდა გეიტსები პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირებას თავისებურად ახორცილებენ: თავიანთი ფონდიდან საქველმოქმედო დოლარებს იღებენ, ხოლო ნებისმიერ ფინანსურ მოგებას ფონდშივე ტოვებენ. 2009-დან მოყოლებული, ფონდს 70 ინიციატივაში $2 მილიარდი აქვს დაბანდებული. მათ რიცხვშია AgBiome-ი – ჩრდილო კაროლინაში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური ფირმა, რომელიც მიკრობების იდენტიფიცირებაზე მუშაობს, რათა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს პესტიციდებისა და დაავადებებისადმი რეზისტენციულობაში დაეხმაროს, და სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Vir Biotechnology, რომელიც შიდსისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინებს ქმნის. ფონდმა $5 მილიონი M-KOPA-ს ასესხა – ნაირობიში მდებარე სტარტაპს, რომელიც დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მზის ენერგიაზე მომუშავე განათება და მობილური ტელეფონის დასამუხტი სისტემები კრედიტით, მობილური გადახდების მეშვეობით იყიდონ.

პიერ ომიდიარი ($11.6 მლრდ)

Ebay-ის დამფუძნებელმა Omidyar Network-ი 2004-ში წამოიწყო – ჯერ კიდევ მანამ, სანამ სიტყვათშეერთება”პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირება” გაჩნდებოდა. მას $600 მილიონზე მეტი, მათ შორის, $100 მილიონი 2017 წელს ისეთ სტარტაპებში აქვს დაბანდებული, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და ხელმისაწვდომი განათლების ტიპის საკითხებზე მუშაობენ. 2010-ში მან ინვესტიცია განახორციელა მზის სისტემაზე მომუშავე განათების სტარტაპ d.light-ში, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში ელექტროენერგიით უზრუნველყოფს კომუნებს შეზღუდული წვდომით ენერგიაზე. სტარტაპს 80 მილიონზე მეტი ადამიანი მზის სისტემაზე მომუშავე ფანრებით, დასამუხტებითა და რადიოებით ჰყავს უზრუნველყოფილი. ორი წლის შემდეგ ომიდიარმა Ruma-ში დააბანდა ფული – ინდონეზიაში დაფუძნებულ ფინანსური და ინფორმაციული სერვისების კომპანიაში, რომელსაც 10,000 დაბალშემოსავლიანი ანტრეპრენიორი (მეტწილად, ქალები) ჰყავს გაწვრთვნილი. Ruma ტაქსის გამოძახების ინდონეზიურმა ფირმა Go-Jek-მა შეიძინა 2017-ში. 

დასტინ მოსკოვიცი  ($10.9 მლრდ)

Facebook-ის თანადამფუძნებლის Good Ventures-მა, წელს $14 მილიონი დააბანდა Dementia Discovery Fund-ში და ამ ნაბიჯით ბილ გეიტსს შეუერთდა. Good Ventures-ს ასევე დაფინანსებული აქვს ადამიანის ნახშირბადის მავნე გავლენების შემცირების ისეთი ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, მისი 2016 წლის ფსონი – სტარტაპი Impossible Foods-ი, რომელიც ხორცს მცენარეების ბაზაზე ქმნის.  

ჯონ დორი ($7.9 მლრდ)

დორისთვის პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირება იმ “ექსტრაორდინარული” “ ანტრეპრიონერების დაფინანსებას ნიშნავს, რომელთაც სამყაროს შეცვლა დიდ მასშტაბებზე შეუძლიათ. Kleiner Perkins-ის ვენჩურ-კაპიტალისტი ხუთ პრობლემურ სფეროზეა კონცენტრირებული – განათლება, ჯანდაცვა, ენერგია და კლიმატი, სიღარიბე და ლიდერობა – და ყველაფერს აფინანსებს, მასწავლებლების აპლიკაცია Remind-ით დაწყებული, თბოელემენტების კომპანია Bloom Energy-თ დამთავრებული. “ჩემთვის პოზიტიური გავლენა უფრო მნიშვნელოვანი უკუგებაა, ვიდრე ფინანსური”, – ამბობს დორი და გავლენაში უამრავ რამეს გულისხმობს, იქნება ეს გადარჩენილი სიცოცხლე თუ კლიმატისთვის გამოცლილი ნახშირბადი. მაგრამ მაინც აქვს მოლოდინი, რომ მისი მოგება დაბანდებულ კაპიტალს, მინიმუმ, სამჯერ, მაქსიმუმ, ხუთჯერ გადააჭარბებს.   

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *