"შარლი ებდო" საქართველოსა და მსოფლიოსთვის

იდეოლოგიური დატვირთვა ტერორისტული აქტის განმარტების ნაწილია. მშვიდობიანი ადამიანების ხოცვას ყველა ტერორისტი რელიგიური, პატრიოტული თუ სხვა ამაღლებული მოტივებით ამართლებს და ასეთი შემთხვევა ყოველწლიურად ასეულობით აღირიცხება. ოღონდ შემფასებლები იშვიათად ცდილობენ ტერორისტების მოტივებზე საუბრისას მშრალი გააზრების ფარგლებს გასცდნენ. ამ თავშეკავების მიზეზი ჰუმანური ფასეულობებია და არა ზედაპირულობა.

განსხვავება მშრალ გააზრებასა და უფრო ღრმა გათავისებას შორის პრინციპულია. გააზრება არასოდესაა უადგილო. როდესაც ბოკო ჰარამი მორიგ ნიგერიულ სოფელს გადაბუგავს, ანალიტიკოსები მშვენივრად იაზრებენ, რომ ტერორისტებს რადიკალური ისლამისტური იდეოლოგია ამოძრავებთ. მაგრამ ისინი არ ცდილობენ მსხვერპლი ტრაგედიის თანაშემოქმედად, აქტიურ მხარედ აქციონ. არ გადააქვთ ტერორისტული აქტის განხილვა თურმეობით კილოში: “სოფლის მცხოვრებლებს რომ ბოკო ჰარამი საკუთარი დაუმორჩილებლობით არ გაეღიზიანებინათ...“.

მოსკოვის მეტროს აფეთქების შემდეგაც შეიძლებოდა რომელიმე ანალიტიკოსს დაეწერა, რომ მოსკოველები მხარს უჭერენ პუტინს, ხოლო პუტინმა ჩეჩენთა დამოუკიდებლობა სისხლში ჩაახრჩო. შესაბამისად, ტერორისტების ემოციები გასაგებია. რატომ არ გაუკეთებიათ ეს სოლიდურ გამოცემებს? ყველას გვესმის კავშირი პუტინის ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკასა და ჩეჩენ მეამბოხეთა მოქმედებებს შორის. მაგრამ როდესაც ხდება მსგავსი ტრაგედია, ცივილიზებული სამყარო არ იწყებს მსხვერპლის პირდაპირი თუ ირიბი “პასუხისმგებლობის“ გარკვევას. ტერორისტების მოტივები მხოლოდ ფონურ ინფორმაციად თუ აღიქმება.

“შარლი ებდოს“ შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. საქართველოშიც და მის გარეთაც, შემფასებლების დიდი ნაწილი ვერ ასცდა “რელიგიური გრძნობების“ თემის განხილვას. ტერორისტებს რომ სწორედ რელიგიური ექსტრემიზმი ამოძრავებდათ, გასაგებია და მნიშვნელოვანიც. მაგრამ განხილვაში იმ თემის შემოტანით, თუ სად გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, ნებით თუ უნებლიეთ ვანაწილებთ პასუხისმგებლობას თავდამსხმელებსა და მსხვერპლს შორის.

რატომ დავიწყეთ “შარლი ებდოზე“ თავდამსხმელთა ემოციებისა და მოტივების გათავისება – რატომ არ შემოვიფარგლეთ ჩვეულებრივი მწუხარებითა და ტერორიზმის აღმოფხვრისკენ მოწოდებებით? როგორ დავუშვით, რომ ტერორისტულ აქტზე პასუხი შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოიცავდეს: ოღონდაც მომავალში აღარ მოხდეს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“. ცივილურმა სამყარომ დაკარგა ცივილურობა, თუ “შარლი ებდოს“ შემთხვევა მართლაც ამდენად განსხვავებულია?

ზოგმა რელიგიური გრძნობების დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იდეა იმით გაამართლა, რომ საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში უკვე არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, საფრანგეთში დასჯადია ჰოლოკოსტის უარყოფა. აქტივისტი დიუდონ მბალა მბალა სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ იმიტომ მოექცა, რომ ღიად გამოხატა სიმპათია ებრაელთა მკვლელი ტერორისტის მიმართ. მაშ რატომ არ შევზღუდოთ მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის დაცინვაც? პირველი შეხედვით, აქ მართლაც შეიძლება დავინახოთ ორმაგი სტანდარტი. რა ლოგიკით იკრძალება ჰოლოკოსტის უარყოფა, თუ თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის გამოხატვის თავისუფლება ურყევი ფასეულობაა?

როგორი რთული დასანახიც უნდა იყოს, ლოგიკა არსებობს, თანაც საკმაოდ მყარი, და ეს ლოგიკა სიცოცხლის უფლების უზენაესობაა. ცხადია, შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ ჰოლოკოსტის უარყოფის აკრძალვას. მაგრამ ჰოლოკოსტის თემას სწორედ სიცოცხლის ღირებულებასთან სიახლოვე გამოარჩევს: მისი უარყოფა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის გაუფასურებას უკავშირდება.

მხოლოდ სიცოცხლე დგას ყველაფერ დანარჩენზე – თვითგამოხატვაზე, რელიგიურ გრძნობებზე, გაბატონებულ შეხედულებებსა თუ ეკონომიკურ ინტერესებზე მაღლა. თუ რომელიმე სხვა ინტერესის შეზღუდვა დასაშვებია, დასაშვებია სწორედ სიცოცხლის ღირებულებასთან შეჯახების შემთხვევაში. სწორედ ამ ჭეშმარიტების აღიარების წყალობითაა, რომ ადამიანებს აღარ წვავენ კოცონზე ერეტიკოსობისთვის, არ სწირავენ ღმერთებს მსხვერპლად და არ ახრჩობენ გაზის კამერებში.

როგორი ბუნებრივიც უნდა გვეჩვენებოდეს დღეს, სიცოცხლის უზენაესობა ისტორიის მანძილზე უმეტესწილად იდეის დონეზე თუ არსებობდა. ამ იდეის რეალობად ქცევა ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარია. დათმობა და უკან დახევა გრძელვადიანად მორიგ მსოფლიო ომზე დიდ უბედურებას ნიშნავს. ამიტომაც, რელიგიური პირის ან სიმბოლოს დაცინვა არ უნდა გაუთანაბრდეს არათუ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას, მუქარასაც კი.

რელიგიური გრძნობების სასარგებლოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა მიზეზებითაც არის სათუო. ჰოლოკოსტი ობიექტური რეალობაა. მკვდარი ადამიანი მკვდარი ადამიანია, იმის მიუხედავად, მას მუსლიმი უყურებს, ქრისტიანი, ბუდისტი, ათეისტი თუ მფრინავი სპაგეტის მონსტრის სატირული "ეკლესიის" წევრი. რელიგიური გრძნობები სუბიექტური და ინდივიდუალურია. ზოგისთვის შესაძლოა ზღვარი მუჰამედის გამოსახვაზე გადიოდეს; ზოგისთვის - იმავე მუჰამედის მხოლოდ დამცინავ გამოსახულებებზე. ვიღაცისთვის კი სულაც საყვარელი მოძღვრის დაცინვა შეიძლება იყოს უკიდურესად შეურაცხმყოფელი.

იმისთვის, რომ სახელმწიფომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახადოს, უნდა შეიქმნას დასჯად შეურაცხყოფათა განსაზღვრება. განსაზღვრება ვერ იქნება ყოვლისმომცველი და გარდაუვლად ჩააყენებს ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში. შესაძლოა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რამდენიმე მსხვილი რელიგიის მიმდევართა მოთხოვნები. მაგრამ რითაა, მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრები სიქჰის ან ჯაინის გრძნობები ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსლიმის? სად გადის ზღვარი მნიშვნელოვან და უმნიშვნელო რელიგიებს შორის, ან როგორ შეიძლება ადამიანის გრძნობების ფასს მისი თემის სიდიდე განსაზღვრავდეს? როგორ დავადგინოთ გრძნობების გულწრფელობა და, სულაც, რითაა ადამიანის თვითგამოხატვის სურვილი ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვისი თვითგამოხატვით გამოწვეული აღშფოთება? აქ უკვე ცივილიზაციის მონაპოვრებთან მეორე ძირეულ წინააღმდეგობას ვაწყდებით.

საქართველოში მოვლენის აღქმა და შეფასება დასავლეთევროპულისგან განსხვავებულმა "ძალთა ბალანსმა" დამატებით გაართულა. საფრანგეთსა და მეზობელ ქვეყნებში ისლამის დამცველები შეუდარებლად აგრესიულები და ძალადობისკენ მიდრეკილები არიან, ვიდრე ქრისტიანები. ჩვენში, აგრესიულ მართლმადიდებელთა რიტორიკა ხშირად უფრო ახლოსაა ევროპელი ისლამისტების განცხადებებთან, ვიდრე ჩვენივე მუსლიმებისა. მაგალითად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გინებასთან გათანაბრება და ამით ძალადობის გამართლება ისლამისტებისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ილეთია.

ჩვენებური მოცემულობის ფონზე, გასაგებია ზოგიერთი ლიბერალის წუხილი მუსლიმთა უფლებებზე. მართლაც, უსამართლობა იქნება, თუ "შარლი ებდოს" ტრაგედიის გამო, მაგალითად, აჭარელი მუსლიმების მიმართ აგრესია გაიზრდება.

დასავლეთევროპულ რეალობაში ტერაქტის ისლამიზმის თემისგან განცალკევების მცდელობები სულ სხვანაირად გამოიყურება. იმის უარყოფა, რომ ამ და სხვა ტრაგედიების უკან გავრცელებული და მძლავრი იდეოლოგია დგას, თავის მოტყუებაა. შარლი ებდოზე თავდასხმა, სამწუხაროდ, არ იყო მარტოსული ფსიქოპათის ბოდვების შედეგი. მუჰამედის დამცინავთა განადგურება თანხმობაშია იმ იდეებთან, რასაც წლობით ქადაგებს უამრავი მუსლიმი ლიდერი და მათ მილიონობით მიმდევარიც ეთანხმება. ამ ფაქტის აღიარება სულაც არ ნიშნავს ყველა მუსლიმის "ერთ ქვაბში მოხარშვას". პირიქით: რადიკალური ისლამის გავრცელების ფონზე, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მხარეს მდგომ მუსლიმთა პოზიცია ორმაგად დასაფასებელია.

წინა სტატია

მალალა იმის შესახებ, თუ როგორ ესროლეს მას
06 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

ნათიას ESHVI - სამკაული, რომელსაც ბედნიერება მოაქვს
09 თებერვალი, 2015
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა