საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს

მთელი საქართველოს ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გადახდის სრულიად ახალ სისტემას – QR PAY-ს ნერგავს. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის.   

იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ს გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ საქართველოს ბანკში მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს, ეროვნულ ვალუტაში. მცირე  მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-თ გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-თ გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.   

“ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითაროს საკუთარი ბიზნესი”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.   

მომხმარებლების წახალისების მიზნით საქართველოს ბანკი QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-თ, შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2-კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-თ პროდუქციის თუ  მომსახურების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ს მანიშნებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *