ქარვასლები ძველ თბილისში

ძველი shopping mall-ების მოკლე ისტორია.

ადგილმდებარეობა საქართველოს დედაქალაქს საუკუნეების განმავლობაში რეგიონში სავაჭრო გზების მნიშვნელოვან პუნქტად აქცევდა. გასაკვირი არ არის, რომ თბილისის ბევრი ქუჩა და ცალკეული შენობა ძველად ვაჭრობისთვის იყო განკუთვნილი.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქარვასლები, რომელთა უმეტესობა კალაში, სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. სიტყვა ქარვასლა სპასულ-თურქული წარმომავლობისაა და ქარავნის სახლს ნიშნავს, რომელიც ისტორიულად მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში სახალხო დაწესებულებას წარმოადგენდა როგორც ვაჭრებისთვის, ასევე შორ მანძილზე მოგზაურთათვის.

დღემდე შემორჩენილი ქარვასლების უმეტესობა მე-19 საუკუნეში არის აგებული და სტრუქტურულად ერთმანეთს ჰგავს: მართკუთხა ფორმის შიდა ეზოს ყველა მხრიდან რკინისა თუ ხის აივნები დაჰყურებს. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებდა ზომა, სართულების რაოდენობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა.

ძველ თბილისში ცნობილი იყო სიონის ეკლესიის მახლობლად განლაგებული, ეგრეთ წოდებული “ბატონიშვილების ქარვასლა”, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა და შედგებოდა სამოცდაორი სასტუმრო ოთახისა და ოცდაათი სავაჭრო დუქნისგან. ამას გარდა, ქარვასლაში ბევრი სახელოსნო იყო გახსნილი.

სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა “თეკლეს ქარვასლა”, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შენობა, ისევე როგორც ბევრი სხვა, 1795 წელს სპარსეთის შახის, აღა-მაჰმად-ხანის ცნობილი შემოსევის შედეგად განადგურდა. ახალ შენობას თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა უწოდეს.

კიდევ ერთი მცირე ზომის ქარვასლა მდებარეობს ახლანდელი ერეკლე მეორის ქუჩაზე. შენობის შიდა ეზო, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული ქარვასლები, მართკუთხა ფორმისაა, თუმცა მასშტაბებით შედარებით მცირეა.

დღეს თბილისში არსებულ ქარვასლებს შორის ყველაზე ცნობილი ე.წ. არწრუნის ქარვასლაა, რომელიც სიონის ქ. N8-ში მდებარეობს. ამ ადგილას პირველი ქარვასლა მე-17 საუკუნეში როსტომ მეფემ ააგო. ეს შენობა, ახლომდებარე სხვა ქარვასლების მსგავსად, აღა–მაჰმად– ხანის ლაშქრობას შეეწირა. განადგურებული შენობის ადგილას, უკვე მე-19 საუკუნეში, ძველი საძირკვლის გამოყენებით აიგო ის შენობა, რომელიც დღემდე არსებობს. 1855 წელს მომხდარი ძლიერი ხანძრის შემდეგ აღდგენილი ნაგებობის ფასადი შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ქარვასლამ თავისი თავდაპირველი ფუნქცია მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე შეინარჩუნა.

თანამედროვე სტილის სავაჭრო ნაგებობებს რაც შეეხება, ამ მხრივ განსაკუთრებულია დღევანდელ “თავისუფლების მოედანზე” მე-19 საუკუნეში აშენებული ე. წ. თამამშევის ქარვასლა.

მე-19 საუკუნის შუა ხანებში თბილისში მწვავედ იდგა თეატრის შექმნის საჭიროება. მაშინდელმა რუსულმა საიმპერიო ადმინისტრაციამ, კერძოდ კი მეფისნაცვალმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა ამ ინიციატივით კერძო პირებს მიმართა. თბილისელმა ვაჭარმა, გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალი შენობა იმ პირობით აეგო, რომ სანაცვლოდ ხელისუფლება მას უსასყიდლოდ გადასცემდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთს (დაახლოებით 1000 კვ/მ).

როგორც ვიცით, თეატრის მშენებლობა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდა. ვორონცოვის მოწვევით მშენებლობას სათავეში თბილისში 1845 წლის ბოლოს ჩამოსული იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817 – 1851 წწ.) ჩაუდგა.

პროექტის დასრულების შემდეგ თეატრი ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. სამხრეთ კავკასიაში ეს იყო პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, ფასადითა და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს ტოლს არ უდებდა.

თეატრი წარმოადგენდა ოთხსართულიან, სწორკუთხა, – 78 X 48 მ ზომის ნაგებობას. იმის გამო, რომ მოედანი არ იყო ერთნაირი დონის, შენობა მოედნის სამხრეთიდან ორსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთიდან სამსართულიანი იყო.

თუმცა აღნიშნულ შენობაში თეატრის გარდა, საიმპერიო ხელისუფლებამ გ. თამამშევს უფლება მისცა, განეთავსებინა როგორც საცხოვრებელი ოთახები, ასევე სავაჭრო სივრცეები. მაგალითად, პირველ სართულზე განთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 ნელი სარდაფი. მეორე სართულზე – 29 დუქანი, 16 ნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი. მესამე სართულზე – 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა, ფულის გადასახურდავებელი ოთხი დუქანი. მეოთხე სართულზე 21 მაღაზია ანტრესოლებით – სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო.

თეატრის შენობის ცენტრალური ნაწილი, მეორე და მესამე სართული ეკავა მაყურებელთა დარბაზსა და 47 მ. სიგრძის, 25,5 მ. სიგანის და 15 მ. სიმაღლის სცენას. ჯამში, თეატრი იტევდა 700 მაყურებელს. 1856 წელს თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა თავის წიგნში “კავკასია” წერდა, თუ როგორი გამორჩეული იყო თბილისის პირველი თეატრი.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თეატრმა მხოლოდ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და ის მთლიანად დაიწვა. გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნებული განცხადება თბილისელებს ამცნობდა, რომ თამამშევის ქარვასლას ცეცხლი თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია, ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე.

1879 წელს ქარვასლა აღადგინეს, თუმცა ეს არ შეეხო საკუთრივ თეატრს. ახლანდელ თავისუფლების მოედანზე ე.წ. “თამამშევის ქარვასლა” 1934 წლამდე იდგა, შემდეგ კი, თბილისის მასშტაბური აღმშენებლობის პერიოდში, შენობის დემონტაჟი განხორციელდა. დღეისთვის შენობისგან მხოლოდ თბილისის საკრებულოს წინ მდგომი ორი რკინის ძეგლი შემორჩა და საკუთრივ თავისუფლების მოედნის ქვაფენილის ქვეშ შენახული საძირკველი.

ჩვენ გირჩევთ

დასვენება ვალეტაში

პური და ღვინო სოხუმელი კლასელებისგან

დასვენება ვალეტაში

დასვენება ვალეტაში

წინა სტატია

ნოემბერში ბანკების მოგება 42 მილიონი ლარით გაიზარდა
21 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

JTI - Join The Idea
21 დეკემბერი, 2018
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა