მონაცემთა ფესტივალი 2018

მონაცემები, კომუნიკაცია და ტექნოლოგიები ის საკითხები აღმოჩნდა, რამაც ასეულობით ადამიანის ინტერესი გამოიწვია. დაინტერესებულ პირებს მსმენელებით სავსე დარბაზში, ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე ახალი ინფორმაციისა და რჩევების მოსმენა ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შეეძლოთ, როგორიცაა Facebook-ი, Google-ი, Deutsche Welle, ან, სულაც, Zalando. მგონი, ბევრი ახსნის გარეშეც გასაგებია, თუ რა მასშტაბებსა და პროფესიონალებზეა საუბარი. Datafest Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება 7-დან 9 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სამი დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე 35-ზე მეტი სპიკერი გამოვიდა, რომლებმაც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი მონაცემების დამუშავებასა და აღქმაში, ღია მონაცემებისა და სტარტაპების ურთიერთმიმართება, AMAZON-ის გასული 13 წლის რევოლუციური ინოვაციები, ღია მონაცემების გამოყენება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და კიდევ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი.

ფესტივალის თემატიკა იმდენად მულტიპროფილური იყო, რომ ყველას განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთ- ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებაზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე გავამახვილებ ყურადღებას. მსოფლიოში მიმდინარე ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, ეს თემა განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების მოწამვლისა და, მოგვიანებით, საუდის არაბეთის აგენტების მიერ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის მაგალითზე, ერთ- ერთმა სპიკერმა, კრისტიან ტრიებერტმა საჯარო მონაცემებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართებასა და ახალი ხერხების გამოყენებაზე ისაუბრა. სპიკერმა ბრიტანული მედიაპლატფორმა Bellingcat-ის მაგალითზე მიმოიხილა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტისა და მონაცემების სწორად დამუშავების საშუალებით, სხვადასხვა ძალიან რთული და სკანდალური საქმის “გახსნა”. შეგახსენებთ, რომ Bellingcat-ის მკვლევრებმა სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებული თავდასხმის ჩამდენების იდენტიფიცირება სულ ცოტა ხნის წინ შეძლო და ისინი საჯაროდ გამოააშკარავა. მიუხედავად შეცვლილი სახელებისა, გაყალბებული ბიოგრაფიისა და სხვა პასპორტების გამოყენებისა, რუსეთის სპეცსამსახურების ორი მუშაკი შეუმჩნეველი მაინც ვერ დარჩა, რისი მიზეზიც მათ მიერ დატოვებული “კვალი” და ამ მონაცემების სწორად გადამუშავება იყო.

DataFest Tbilisi-ის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი ის გახლავთ, რომ დამსწრეები მხოლოდ მსმენელების როლში არ გვევლინებიან და მათ საკუთარი შესაძლებლობების პრაქტიკაში ტესტირების საშუალება ეძლევათ. ასე მოხდა მიმდინარე ფესტივალზეც: პირველ დღეს მოსმენილი საინტერესო გამოსვლების შემდეგ მონაწილეებმა უშუალოდ საქმეზე გადაინაცვლეს. საკუთარი ინტერესების მიხედვით, მათ სასურველი ვორკშოპები და ტრენინგები აირჩიეს და ძალები მოსინჯეს. სპიკერების მსგავსად, ვორკშოპებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გაუძღვნენ. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მონაწილეები თუკი პირველ დღეს მხოლოდ მსმენელების როლში იყვნენ და სპიკერების გამოცდილებას ამ გზით იზიარებდნენ, მეორე დღეს მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვა მოუწიათ, რასაც უფრო მეტი “ხმაური” და ენერგიის დახარჯვა მოჰყვა. DataFest Tbilisi-ზე დასწრების ჩემი ორწლიანი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მეორე დღე იწვევს დამსწრეებში ყველაზე მეტ ენთუზიაზმსა და მოწონებას, რაც გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს.

ღონისძიებათა სამდღიანი ციკლის კიდევ ერთი ღირსება ის გახლავთ, რომ არც ერთი დღე არ ჰგავს წინამორბედს, რაც ამ ფესტივალის ერთგვარი ნიშიც გახლავთ უკვე. მესამე დღე “Datathons”-ს დაეთმო, რაც ასევე პრაქტიკულ სამუშაოსა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მსურველებს ინტერესის სფეროების მიხედვით, უშუალოდ სამუშაო პროცესში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. კონკურსანტები მენტორებისგან მითითებსა და დასამუშავებლად გამზადებულ მონაცემებს იღებდნენ, რის შემდეგაც მათ კონკრეტული დავალებების შესრულება უხდებოდათ. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ჯგუფებმა ერთმანეთთან ძალიან დაძაბული შეჯიბრი გამართეს და გამარჯვებულებიც მძიმე “ბრძოლის” შედეგად გამოირკვა. დილის 10 საათზე დაწყებული მუშაობა საკმაოდ დიდხანს, საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა. წინა ორი დღის მსგავსად, Datathon-ის ამ დღემაც წარმატებულად ჩაიარა.

ასე გამოიყურებოდა “მონაცემთა ფესტივალის” სამი დატვირთული დღე, რომლებიც განსახილველი თემების, სპიკერთა კვალიფიკაციისა და დამსწრეთა რაოდენობის მიხედვით სრულიად გამორჩეული იყო. ფესტივალის ამოსავალი წერტილი მუდამ იყო თემების მრავალფეროვნება და აუდიტორიის “სიჭრელე”, რაც მიმდინარე წელს კიდევ უფრო თვალში საცემი გახლდათ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Datafest-ს ქართულ რეალობაში გამორჩეული ადგილი უკავია და ის ყოველწლიურად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველი ხდება.

ბოლოსთვის მოვიტოვე სამადლობელი აბზაცი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც ფესტივალის გამართვას მხარი დაუჭირეს. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, ევროკავშირი, “ზალანდო”, “ექსაქთპრო”, “საქართველოს ბანკი” და თბილისის მერია არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ფესტივალის ძირითადი პარტნიორების სახით მოგვევლინენ. უშუალოდ საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, მადლობა ForSet-ს და Data Science Tbilisi-ს უნდა გადავუხადოთ. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება. ინსპირაცია, გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირება და კოლაბორაცია ის ძირითადი ელემენტებია, რასაც DATAFEST-ის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს წარმატებულად ასრულებენ.

ჩვენ გირჩევთ

JTI - Join The Idea

პური და ღვინო სოხუმელი კლასელებისგან

JTI - Join The Idea

JTI - Join The Idea

წინა სტატია

JTI - Join The Idea
23 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Gender Inequality in Economics and Politics: Georgia Ranked 99Th in the World
21 დეკემბერი, 2018
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა