2014 წლის საქართველოს ეკონომიკა და 2015 წლის გამოწვევები

2014 წლის საქართველოს ეკონომიკა და 2015 წლის გამოწვევები

2014 წლის საქართველოს ეკონომიკური განვითარება ორ ნაწილად უნდა გავყოთ: პირველი რვა თვე (იანვარ-აგვისტო) და ბოლო ოთხი თვე (სექტემბერ-დეკემბერი). პირველი რვა თვე უკეთესი იყო 2013 წელთან შედარებით, მაგრამ წლის ბოლოს სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა, ლარის კურსი გაუფასურდა, ექსპორტი და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა.

ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 5% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაეხმარა ნავთობის მსოფლიო ფასის 50%-ით შემცირება.

2014 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რამაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი პოზიტიური პერსპექტივები დაუსახა.

ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია აგვისტოდან დაიწყო და ნოემბერში უარყოფით მაჩვენებელს (-0.5%) მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ 2014 წლის ნოემბერში საქართველოში 0.5%-ით ნაკლები პროდუქცია ვაწარმოეთ, ვიდრე 2013 წლის ნოემბერში. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, რაც ემთხვევა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ ზრდის მაჩვენებელს. ამ ფონზე საკმაოდ ოპტიმისტურია ხელისუფლების მოლოდინი 5%-იანი ეკონომიკური ზრდისა 2015 წელს.

წლის ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება განაპირობა როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების შემცირებამ.

 

დღეისათვის ცნობილია საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზრდის პირველი სამი კვარტალის მონაცემები, საიდანაც ვიგებთ, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორი გაიზარდა (16.3%-ით). თუმცა 2013 წელს მშენებლობა 10.5%-ით შემცირდა და ამან ხელი შეუწყო მაღალი ზრდის მაჩვენებლის დაფიქსირებას 2014 წელს. საშუალოზე (5%) მაღალი ზრდა იყო ვაჭრობის (8%), ტრანსპორტის (8.5%), კავშირგაბმულობისა (6.2%) და საფინანსო სექტორში (10.6%). დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა (1.2%) და განათლების (1.6%) სექტორში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის 9 თვეში სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად 190 მილიონი ლარი დახარჯა, ამ პერიოდში გამოშვებული პროდუქციის რეალურმა ზრდამ კი მხოლოდ 14 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან ნათლად ჩანს, თუ როგორი დაბალი ეფექტიანობით ხარჯავს სახელმწიფო გადასახადის გადამხდელთა ფულს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 1.8%-ით შემცირდა ენერგეტიკის სექტორში გამომუშავებული პროდუქცია.

საგარეო ვაჭრობა

2014 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 2%-ით შემცირდა. 2003 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა. საქართველოს ექსპორტის 2009 წელს 24%-ით შემცირება გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. სხვა წლებში, მათ შორის 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა და 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო, ექსპორტი მაინც მნიშვნელოვნად იზრდებოდა: 2006-ში – 8.2%-ით და 2008-ში – 21.4%-ით.

ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი იყო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ 2005 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, რადგან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად საქართველოდან ხორციელდება. ამის შედეგად საქართველოს ექსპორტს დაახლოებით 130 მილიონი დოლარი დააკლდა. რომ არა ეს გარემოება, 2014 წელს საქართველოს ექსპორტი არ შემცირდებოდა, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი დაბალი (2%-მდე) იქნებოდა.

ექსპორტის შემცირებას თან დაერთო საქონლის იმპორტის ზრდა 7%-ით, რამაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) 12%-ით გააუარესა და უარყოფითმა სალდომ 5.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო არა მარტო ნომინალურ გამოსახულებაში გაიზარდა, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართაც გაუარესდა. 2013 წელს სავაჭრო სალდო მშპ-ის მიმართ 31.7% იყო, 2014 წელს კი – 35.4%. საქართველოს ექსპორტმა შემცირება აგვისტოდან დაიწყო და ჯამში ბოლო ხუთ თვეში, 2013 წლის ბოლო ხუთ თვესთან შედარებით, 470 მილიონი დოლარით შემცირდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუარესება მნიშვნელოვანწილად რუსეთ- უკრაინის ომმა განაპირობა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 92 მილიონი დოლარით (57%-ით) გაიზარდა, ხოლო იმავე პერიოდში რუსული საქონლის იმპორტი საქართველოში 18 მილიონი დოლარით (3.6%-ით) შემცირდა. ჯამში გამოდის, რომ 2014 წელს საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბალანსი 110 მილიონი დოლარით გააუმჯობესა. უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი 44 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო უკრაინიდან იმპორტი – 73 მილიონი დოლარით. შედეგად, უკრაინასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი 26 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა.

გარკვეულწილად რუსეთის აგრესიაზე გამოძახილია ნავთობის მსოფლიო ფასის მნიშვნელოვნად გაიაფება, რის შედეგადაც 2014 წელს ნავთობის იმპორტში საქართველომ 120 მილიონ დოლარამდე დაზოგა. ნავთობის გაიაფებამ ასევე შეუწყო ხელი სამომხმარებლო საქონელზე ფასების სტაბილურობის მიღწევას.

2014 წლის პირველ 9 თვეში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47 მილიონი დოლარით შემცირდა მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი, რაც ძირითადად საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ბალანსის გაუარესებამ განაპირობა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმის განვითარება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში ვიზიტორების ზრდას. 2014 წელს ამ მხრივ ზრდა 1.9%-ს შეადგენდა, როცა 2011-2013 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 40% იყო. ვიზიტორების რიცხვის შემცირება და ტურიზმის ზრდის ტემპის შეჩერება სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გამოიწვია. მხოლოდ ირანიდან და ერაყიდან ტურისტების შემცირების გამო (50%-ით შემცირდა) საქართველომ 60 მილიონ დოლარამდე შემოსავალი დაკარგა.

ვალუტის კურსი

2014 წლის აქტუალური თემები იყო საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შემცირება და ლარის კურსის გაუფასურება. გასულ წელს 2013 წელთან შედარებით საზღვარგარეთ დასაქმებულმა ქართველებმა საქართველოში 36 მილიონი დოლარით ნაკლები გადმორიცხეს. შემცირება რუსეთში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. 2014 წელს რუსეთიდან გზავნილები 92 მილიონი დოლარით შემცირდა.

ლარის კურსის გაუფასურება იმ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს მემკვიდრეობით ერგო. 2014 წელს ლარი დოლართან მიმართებით 7.3 %-ით (13 თეთრით) გაუფასურდა. გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირება იყო, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ განაპირობა.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ პიკს – 1.95-ს 6 დეკემბერს მიაღწია და 8 დეკემბრიდან გამყარება დაიწყო. კურსი 1.83-მდე გამყარდა. თუმცა დეკემბრის მეორე ნახევრიდან კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო და 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში ერთი დოლარის ფასმა 1.94 ლარი შეადგინა. გაუფასურების მეორე ტალღა გამოიწვია ლარის მასის სწრაფად ზრდამ, დეკემბერში სარეზერვო ფულის მასა 450 მილიონი ლარით გაიზარდა, როცა დეკემბრამდე წლიური ზრდა მხოლოდ 61 მილიონი ლარი იყო. ლარის მასის ასეთი სისწრაფით ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა, საიდანაც წლის ბოლო დღეებში 500 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ცვლილების ტენდენციები. 2013 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკს 2.601 მილიარდი დოლარის ვალუტის რეზერვი ჰქონდა, რომელიც ივლისის ბოლოსთვის 2.276 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. აგვისტოში ტურისტული სეზონის პიკმა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მოცულობით შემოსვლამ ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, ვალუტის რეზერვები 2.489 მილიარდამდე გაეზარდა. სექტემბრიდან რეზერვებმა ისევ კლება დაიწყო და ნოემბრის ბოლოს 2.397 მილიარდი შეადგინა. დეკემბერში ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც წლის ბოლოს სახელმწიფოს მიერ მოზიდულმა საგარეო კრედიტებმა განაპირობა. დეკემბერში ხელისუფლებამ ვალუტის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას რეზერვების ზრდა არჩია. რომ შევაჯამოთ, საბოლოოდ 2014 წელს ვალუტის ოფიციალური რეზერვები 111 მილიონი დოლარით შემცირდა.

2014 წელი არ გამოირჩეოდა ინფლაციის მაღალი დონით. წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა. ყველაზე მეტად, 6.7%-ით, გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, სურსათზე ფასები 2.5%-ით გაიზარდა. 5.5%-ით შემცირდა ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.

სახელმწიფო ბიუჯეტი

წლის „ცხელ“ თემებს შორის იყო სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხი. იანვრიდან ნოემბრამდე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმა ჩამორჩენით სრულდებოდა. თუმცა დეკემბერში მთავრობამ 1250 მილიონი ლარი დახარჯა და გადასახდელების წლიური გეგმა 98.9%-ით შეასრულა. დანაკლისმა 103 მილიონი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება მთელი წლის განმავლობაში ნორმალურად ხორციელდებოდა. საბოლოოდ, გეგმა 100.2%-ით შესრულდა, გადაჭარბებამ 16 მილიონი ლარი შეადგინა. 100.4%-ით შესრულდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ჯამში 6 847 მილიონი ლარი შეადგინა.

2014 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 531 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი – დაახლოებით 505 მილიონი ლარით. ჯამში სახელმწიფო ვალი დაახლოებით 1 მილიარდი ლარით გაიზარდა.

თუ იმ ფაქტორს გამოვრიცხავთ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება ბოლო დღეებში დაჩქარებული ტემპით მოხდა, შეიძლება ითქვას, ბიუჯეტი შესრულდა. მაგრამ აქ ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ორ გარემოებაზე: 1. მთავრობამ უგულებელყო ლარის კურსის გაუფასურების რისკი და დეკემბერში ხარჯები გაზარდა, რაც ლარის გაუფასურების მეორე ტალღის ძირითადი მიზეზი გახდა. ბიუჯეტის შესრულების პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ გადაწონა ლარის სტაბილურობა, მაშინ როდესაც მოსახლეობას ლარის გაუფასურება უფრო აზარალებს, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯების ნაკლები პროცენტით შესრულება; 2. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლები 27 მილიონის გადაჭარბებით შესრულდა, 2014 წლის ნოემბერ- დეკემბერში, წინა წლის ბოლო ორ თვესთან შედარებით, მხოლოდ 32 მილიონი ლარით მეტი საგადასახადო შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში. ანუ, წლის ბოლო თვეებში ეკონომიკაში ნათლად გამოჩენილი პრობლემები საგადასახადო შემოსავლებზეც აისახა და რომ არა პირველ ათ თვეში გადაჭარბებით შესრულებული საგადასახადო გეგმა, ბიუჯეტი ამ ნაწილში გაირღვეოდა.

2015 წლის გამოწვევები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ეკონომიკისთვის რთული იყო 2014 წლის ბოლო თვეები, შესაბამისად, 2015 წელს სერიოზული გამოწვევებით შევხვდით, ესენია: საშუალოდ 2%-მდე შემცირებული თვიური ეკონომიკური ზრდის ტემპი, დოლარის მიმართ 20 თეთრით გაუფასურებული ლარი, შემცირებული სავალუტო რეზერვები, შემცირებული ექსპორტი და ფულადი გზავნილები.

საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, საბიუჯეტო პარამეტრებიც 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებითაა დაგეგმილი. ბოლო თვეების ეკონომიკური შედეგების ფონზე 5%-იანი ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ტემპით ზრდა განვითარებადი ქვეყნისთვის არის საშუალო დონის ზრდა და არა მაღალი ზრდის ტემპი. ასეთი ტემპით საქართველოს მოსახლეობის რეალური შემოსავლები 14 წელიწადში გაორმაგდება.

გაცილებით რთული იქნება 2015 წლის პირველი ნახევარი, სანამ ზაფხულის ტურისტული სეზონი და წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (მაგალითად, ანაკლიის ახალი პორტი, შაჰ-დენიზის გაზსადენი) განხორციელება დაიწყება.

2015 წელს მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის შემცირება დაახლოებით 4%- ით, რაც საქართველოზეც აისახება ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მხრივ.

საქართველოს ეკონომიკას ძალიან ეხმარება ნავთობის ფასის 50%-თ გაიაფება, რადგან, ერთ მხრივ, ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და, მეორე მხრივ, ნავთობი წარმოების მნიშვნელოვანი რესურსია – ის ხელს უწყობს ბიზნესს, უფრო იაფად აწარმოოს პროდუქცია.

ასევე, ფაქტობრივად, ჯერ ვერ გამოვიყენეთ ის პოტენციალი, რაც 2014 წლის სექტემბრიდან ევროკავშირთან ამოქმედებულმა თავისუფალმა ვაჭრობამ მოგვანიჭა. ამ მხრივ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო როგორც ხელისუფლებას, ასევე ბიზნესსექტორს, რომ გაცილებით ეფექტიანად გამოვიყენოთ 550-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ბაზარზე თავისუფლად დაშვება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ 2014 წელი ცუდი არ იყო – ინვესტირებამ, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2015 წელს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა დაგვჭირდება, რომ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. შესაბამისად, მთავრობა ბიზნესგარემოს შემდგომი რეფორმირებისთვის უნდა ემზადებოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყანა აუმჯობესებს ბიზნესგარემოს და ინვესტიციებს თავისკენ იზიდავს. ამ კონკურენციაში არ უნდა ჩამოვრჩეთ, არ უნდა დავკარგოთ ბიზნესის კეთების ერთ- ერთი საუკეთესო ადგილის ნიში. ამ ნიშის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გატარება სჭირდება და არა ახალი რეგულაციების შემოღება, რითაც 2013-2014 წლები იყო გამორჩეული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *