უკომპრომისო ხელმძღვანელი

უკომპრომისო ხელმძღვანელი

TbilisiHillsGolf & Residences-ს მკაცრი, თუმცა სამართლიანი ანასტასია უდალოვა ხელმძღვანელობს.

“კარიერაში ყველაფერი, რასაც კი მივაღწიე, წარმოუდგენლად დიდი შრომის ფასად დამიჯდა. მუდამ მიწევდა იმის მტკიცება, რომ რასაც მივაღწიე, ვიმსახურებდი. გზა პატარა ქალაქიდან მასშტაბური მიზნების მიღწევამდე რთული და დაბრკოლებებით სავსე იყო” – ამ სიტყვების ავტორი დღეს მილიარდი ევროს საინვესტიციო ღირებულების პროექტის დირექტორია.

საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და ალბათ ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეთ, რომ კარიერაში ასეთი წარმატებისთვის ასეთ ადრეულ ასაკში მიგეღწიათ?

პასუხი ძალიან მარტივია – მე ლატვიის პატარა ქალაქში დავიბადე და თავისთავად მომიწია თავდაუზოგავი შრომა იმისათვის, რომ რაიმე ღირებულისთვის მიმეღწია. ახლაც, როცა მეკითხებიან,რითვარ დაკავებული თავისუფალ დროს საქართველოში, მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან თავისუფალი დრო პრაქტიკულად არასდროს არ მაქვს. ჩემთვის არ არსებობს საღამო, შაბათ-კვირა ან დღესასწაულები, მუდმივად სამუშაო რეჟიმში ვარ.

პროფესიული თვალსაზრისით რა გზა აირჩიეთ და რამდენად გიმაგრებთ ზურგს დღეს ეს პროფესიული არჩევანი ნებისმიერ მმართველ პოზიციაზე მუშაობაში?

ორი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული – იურისტისა და ფსიქოლოგის. იურიდიული კარიერის დასაწყისში ქალაქ რიგის საუკეთესო საადვოკატო ბიუროში ვმუშაობდი,სისხლის სამართლის დეპარტამენტში. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ აღნიშნული ბიუროს ერთ-ერთი პარტნიორის წინასაარჩევნო კამპანიასაც ვხელმძღვანელობდი, გარკვეული პერიოდით რიგის მერის თანაშემწედაც ვიმუშავე, ხოლო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც ლატვიის ყველა საგზაო ინფრასტრუქტურა ეკუთვნოდა. სხვათა შორის ამ კომპანიაში ჩემი მართვის პერიოდში 1632 ადამიანი მუშაობდა.

ახლა, როცა ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ მიღებული, რთულია Tbilisi Hillsის პროექტის ხელმძღვანელობა?

მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა, თუმცა ისევე, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს თავისი სირთულეები. საქართველოში ჩემთის ერთ-ერთი ასეთი იყო თანამშრომლების შერჩევა და მენეჯმენტი, რაც ცხოვრებისადმი განსხვავებული მიდგომით და მენტალური თუ კულტურული მახასიათებლებითაა გამოწვეული.

როგორც ხელმძღვანელი ძალიან მკაცრი ვარ. 22 წლის ვიყავი, როცა ხელმძღვანელის პოზიცია დავიკავე, შესაბამისად, არ შემეძლო, ვყოფილიყავი ზედმეტად ლმობიერი, რადგან ასეთ შემთხვევაში არავინ მიმიღებდა სერიოზულად. დღესდღეობით, როგორც დირექტორი, მე ვერ დავუშვებ კომპანიაში არასერიოზულ ან საქმისადმი ზედაპირული დამოკიდებულების მქონე ადამიანს, თუმცა ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლო ვარ თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

მანამდე, ვიდრე კონკრეტულად პროექტზე გკითხავთ, გვითხარით, რატომ საქართველო? რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში?

საქართველო არის შესაძლებლობების ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც განვითარების ეტაპზეა და არა სტაგნაციის. ეკონომიკური დარგის ნებისმიერ სპეციალისტს რომ ჰკითხოთ და აქ მე სიტყვა სპეციალისტი შემთხვევით არ მიხსენებია, გეტყვით, რომ საქართველოში შესაძლებლობების მთელი პალიტრა იშლება. ამას ვამბობ თუნდაც სამეწარმეო-საინვესტიციო საქმიანობის ფართო არეალიდან გამომდინარე, რომელიც ნამდვილად წარმოუდგენლად მრავალფეროვანი და მიმზიდველია. გარდა საქმიანი ნაწილისა, ცხადია, საქართველოში გხიბლავენ ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მეგობრულები და ღია ახალი ურთიერთობებისთვის. ყოველივე ზემოჩამოთვლილი განაპირობებს ჩემს სურვილს, დავრჩე საცხოვრებლად საქართველოში.

მოგვიყევით, როგორ დაიწყო Tbilisi hillsის განვითარება სამი წლის წინ.

ესტონელმა ინვესტორებმა პროექტი სამი წლის წინ დაიწყეს. მანამდე პროექტი ესპანელებს ეკუთვნოდა და მათი დაწყებული იყო, თუმცა უკვე 2014 წელს ესტონელებმა შეიძინეს Tbilisi Hills-ი და, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ყველაფრის აშენება, რადგან, სამწუხაროდ,ყოფილ მესაკუთრეებს შვიდი წლის განმავლობაში არაფერი ჰქონდათ გაკეთებული ამ ტერიტორიაზე. პირადად მე სამი წლის წინ ჩამოვედი პირველად საქართველოში, შემიყვარდა ეს ქვეყანა და ივლისში გადმოვედი აქ საცხოვრებლად და სამუშაოდ. აღნიშნული სამი წლის განმავლობაში კომპანიამ მოაწყო გოლფის მოედანი, უზრუნველყო ყველა სახის კომუნიკაციის გაყვანა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. უკვე დასრულებულია პირველი კერძო სახლების მშენებლობა, იწყება ტაუნჰაუსებისა და პირველი საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა. რაც შეეხება ამ პროექტის განვითარებას, ის ძალიან სწრაფი ტემპებით მიდის და Tbilisi Hills-ის პროექტს ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც ახალი ემატება.

როგორც ვიცი,სრულიად ახალი კონცეფციის ქალაქის და ამავდროულად ახალი ცხოვრების სტილის შექმნას აპირებთ Tbilisi Hillsის ფარგლებში. რას გულისხმობთ ცხოვრების ახალ სტილში?

ჩვენი მშენებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება ზოგადად საქართველოში მიღებული მშენებლობების კონცეფციისგან. პროექტის დაწყებამდე ჩვენ უკვე მზად გვქონდა მშენებლობის გენერალური გეგმა და ამ გეგმას მკაცრად მივყვებით. ეს გეგმა პროექტის განვითარების მომავალ 8-9 წელს მთლიანად მოიცავს და, ცხადია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მას. ეს გეგმა იმისთვის გაკეთდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ერთი მხრივ, მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე სცოდნოდა, როგორი იქნება დასრულებული პროექტი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებმაც უძრავი ქონება შეიძინეს, ჰქონოდათ გარანტია, რომ რამდენიმე წელიწადში მათი ფანჯრების წინ მაღალი შენობა არ აშენდება, მზის შუქს არ დაუფარავს და ხედს არ დაუმახინჯებს. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენი ჩანაფიქრით, ეს უნდა იყოს უცხო ადამიანებისთვის დახურული და მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო ქალაქი, სადაც მობინადრეებს ექნებათ აბსოლუტურად ყველაფერი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. მაგალითად,ზაფხულში ტერიტორიაზე იმუშავებს ღია აუზი, ასევე ფიტნესის დარბაზი, ტენისის კორტები, სპა, რესტორნები, ველობილიკები და განტვირთვისთვის საჭირო სხვა არაერთი რამ. ერთი სიტყვით, ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ცხოვრების ახალ სტილს, სადაც მინიმალურია ჰაერის დაბინძურება და ყველაფერია შემოთავაზებული ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ის, რასაც მე თბილისის ცენტრში ვხედავ, შემაშფოთებელია. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ქალბატონებისთვის საბავშვო ეტლით თავისუფლად ტროტუარზე გავლაც კი შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო ხედვა,თუ როგორ უნდა შევქმნათ კომფორტი Tbilisi Hills-ში. ჩვენ თავად ვიქნებით ამ პროექტის მცხოვრებლები და პრინციპში ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საკუთარი თავისთვის ვისურვებდით. გარდა ამისა, ხომ უნდა შევძლოთ ჩვენი მომავალი მეზობლებისთვის თვალებში ჩახედვა.

მოგეხსენებათ, უძრავი ქონების სექტორი ძირითადად სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, უფრო იშვიათობაა საზოგადოებაზე და მის კომფორტსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტი. “თბილისი ჰილსის” შემთხვევაში როგორია თქვენი ხედვა და სტრატეგია?

რასაკვირველია, ეს ჩვენთვის პირველ რიგში ბიზნესია, თუმცა ამავდროულად, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ თავად ვაპირებთ აქ ცხოვრებას და სწორედ მცხოვრებლების გადმოსახედიდან ვუყურებთ ამ პროექტის განვითარებას. Tbilisi Hills-ის მთავარ ინვესტორს, ოლეგ ოსინოვსკის უყვარს საქართველო და მუდმივად ჩამოდის აქ. მე თავად როცა ჩამოვედი საქართველოში,მივხვდი, რომ არ იყო თბილისში არც ერთი რაიონი და ქუჩა, სადაც ცხოვრება მენდომებოდა. როგორც ადამიანების უმეტესობას, მეც უპირატესობას ვანიჭებ ქალაქის წყნარ და უსაფრთხო ადგილას ცხოვრებას, თუმცა ასეთი ადგილი თბილისში ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვნახე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მშვიდი, ჯანსაღი და კომფორტული გარემო ქალაქის ხმაურისა და ქაოსისგან ოდნავ მოშორებით, თუმცა დედაქალაქის სიახლოვეს, საიდანაც ადვილია ავტომობილით ცენტრამდე მისვლა. მთლიანობაში ეს პროექტი დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის ნებისმიერ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გადმოსახედიდან,თუ ბიზნესი მხოლოდ დღევანდელ დღეზეა ორიენტირებული, მან, რასაკვირველია, შეიძლება მოიტანოს მოგება მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ეს მოგება დიდი არ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ გრძელვადიან ინვესტირებაზე, ისე, რომ სამომავლოდ ჩვენს შვილიშვილებს ჩვენი შექმნილის არ შერცხვეთ.

მოდი, ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ გეგმებზე და პროექტის განვითარებაზე. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროექტს 510 წლის შემდეგ?

რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ათი წლის შემდეგ Tbilisi Hills-ის მშენებლობა მთლიანად იქნება დასრულებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამჟამად უკვე დამონტაჟებულია ყველა საკომუნიკაციო სისტემა მთელ ტერიტორიაზე. მე ვგულისხმობ ბუნებრივ აირს, საკანალიზაციო სისტემას, ისევე როგორც ოპტიკურ ინტერნეტსა და ელექტროენერგიას. გარდა ამისა, კომპანია GWP-სთან ერთად დავამონტაჟეთ სასმელი წყლის რეზერვუარი, ამისათვის კი მდინარე მტკვრის რესურსს ვიყენებთ, შესაბამისად, აქ მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მორწყან თავიანთი გამწვანება ხუთჯერ უფრო იაფად. პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა დღეისათვის უკვე აჭარბებს 33 მილიონ ევროს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და განვითარებას, ვაპირებთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას და სწორედ ახლა ვართ აღნიშნული სასტუმროს ოპერატორის მოძიების პროცესში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძიების პროცესი არის და იქნება სიღრმისეული და მოთხოვნებიც მკაცრი, რადგან ეს უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტების სასტუმრო, რომელსაც ექნება ლუქს-კლასის სპა და აგრეთვე უმაღლესი დონის ფიტნესდარბაზი, რომლით სარგებლობასაც არა მხოლოდ სასტუმროს, არამედ მთელი კომპლექსის მობინადრეები შეძლებენ. სასტუმროს მშენებლობის გარდა, ასევე ვაპირებთ ავაშენოთ სამი რესტორანი “თბილისი ჰილსის” ტერიტორიაზე, ისევე როგორც სკოლა და საბავშვო ბაღი, რომელიც, სხვათა შორის, 2021 წლის სექტემბერში უკვე გაიხსნება. მანამდე ერთი წლით ადრე, 2020 წლის შუა პერიოდში, უკვე დასრულდება პირველი სექტორის მშენებლობა. არავის უნდა მუდმივ სამშენებლო ქაოსში ცხოვრება, ამიტომ პროექტს სექტორულად ვახორციელებთ. მხოლოდ ერთი სექტორის დასრულების შემდეგ ვიწყებთ შემდგომი სექტორის მშენებლობას. ამით ჩვენ გარკვეულწილად ვამსხვრევთ იმ რეალობას, რაც, მაგალითად, თბილისშია დღესდღეობით დაუსრულებელი მშენებლობების სახით.

საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული ინვესტიციები გოლფის მოედანსა და უძრავ ქონებას შორის Tbilisi Hillsში?

გოლფის მიმართულებას რაც შეეხება, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ აქ საინვესტიციო ეტაპი უკვე დასრულებულია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ძირითადი ინვესტიცია მოდიოდა მოედნისა და გოლფის აკადემიის მშენებლობაზე. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გოლფ-კლუბის ეგრეთწოდებული club-house-ის აშენება დარჩა, რასაც 3 მილიონი ევრო დასჭირდება და ამით დასრულდება გოლფისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. რაც შეეხება უკვე დასრულებული გოლფის მოედნის მოვლას,წლის განმავლობაში ეს 1 მილიონი ევრო ჯდება. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ გოლფის მოედანი თავის საინვესტიციო დანახარჯებს სამ წელიწადში ამოიღებს.

პროექტის მასშტაბებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ალბათ განიხილება “თბილისი ჰილსის” ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. ტურისტული უპირატესობა ამ პროექტს ნამდვილად ბევრიაქვს, თუნდაც გოლფი, რომელიც ლაქშერი სპორტად არის აღიარებული.

სამწუხაროდ, არსებობს მოსაზრება, რომ გოლფი ძალიან მდიდარი ადამიანების სპორტია. სინამდვილეში ეს სპორტი როგორც საშუალო ფენის, ისე ზოგადად ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის შემუშავებაზე, განსაკუთრებით საბავშვო პროგრამის, რათა გოლფი ხელმისაწვდომი და საინტერესო იყოს ადრეული ასაკიდან. რომ დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას ტურიზმის ნაწილში, ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. გოლფი – ეს არ არის ბრძოლა მოწინააღმდეგე მხარესთან, არამედ ნიშნავს ბრძოლას თავად მოედანთან.გოლფ-ტურიზმის ცნება მთელ მსოფლიოში არსებობს და აღნიშნული ტურიზმის ფარგლებში გოლფის მოთამაშეები ახალი მოედნების აღმოსაჩენად მოგზაურობენ. გოლფი,შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგად მიესადაგება ტურიზმს. Tbilisi Hills-ი უკვე არის გოლფის რამდენიმე მსოფლიო ასოციაციის წევრი და უკვე მომავალ წელს ჩავატარებთ ორ ტურნირს გოლფში – ქალთა ტურნირსდა ეგრეთ წოდებულ “senior tournament”-ს. ამ ტურნირების ჩატარება, რასაკვირველია, უზრუნველყოფს ტურისტების ახალი სეგმენტის დაინტერესებას საქართველოთი. ამავდროულად ჩვენი მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტები მომავალ წელს რამდენიმე წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე გაემგზავრებიან, რათა საქართველოს, როგორც გოლფის ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო და ახალ ლოკაციას გაუწიონ პოპულარიზაცია. ჩვენ ასევე დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ ტურისტებისთვის მომსახურების ახალი სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში. მომსახურებას რაც შეეხება, ზოგადად საქართველოში ეს სფერო ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და განვითარების გზაზეა.

საინტერესო და სენსიტიური საკითხი წამოჭერით. თქვენ რამდენად აქცევთ ყურადღებას სერვისს და რას აკეთებთ იმისთვის, რომ მომსახურება Tbilisi Hillsში უმაღლეს დონეზეიყოს?

ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ სამაგალითოები სერვისის კუთხით, ვასწავლით მომსახურე პერსონალს, თუ როგორ უნდა დახვდნენ სტუმრებს ევროპულად. რასაკვირველია, მე არ ვამბობ, რომ ქართული სერვისი ცუდია, უბრალოდ,სრულყოფილების მისაღწევად, სამუშაო ჯერჯერობით ბევრია. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და გამასპინძლებაც საუცხოოდ იციან, თუმცა,მაგალითად, ყველაზე პრესტიჟულ რესტორანშიც კი თითქმის ოცი წუთი უნდა ელოდო, სანამ მენიუს მოგიტანენ ან რამდენჯერმე უნდა სთხოვო.

რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, “თბილისი ჰილსის” პროექტზე, მთლიანობაში, დასრულებისას, რამდენი იქნება პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება?

ათი წლის თავზე, მაშინ როდესაც “თბილისი ჰილსის” პროექტი დასრულდება, მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდი ევრო იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ესტონელების ინვესტიციას ამ პროექტში, დასრულებისას ის 200 მილიონ ევროზე მეტი გამოდის, ხოლო ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია 33 მილიონი ევროს ინვესტიცია.

გეტყობათ, რომ გიყვართ გამოწვევები და სიახლეები საქმეში. ხედავთ თუ არა თქვენს თავს სხვა პროექტებში საქართველოში?

გარკვეულწილად სხვა მიმართულებების ათვისებასაც ვგეგმავთ “თბილისი ჰილსის” ქოლგის ქვეშ. მაგალითად, სულ ახლო მომავალში გავხსნით ინტერიერის სალონს, რომელიც, რასაკვირველია, არ იქნება ისეთივე მასშტაბური პროექტი, როგორიც “თბილისის ჰილსია”, თუმცა თემატურად მეტ-ნაკლებად დაახლოებული იქნება ამ პროექტთან. სიმართლე გითხრათ, თბილისში ერთ-ერთ ინტერიერის სალონთან მუშაობის არც ისე კარგი გამოცდილება მაქვს, მეტიც – გავოცდი მათი უპასუხისმგებლობით და დამოკიდებულებით კლიენტების მიმართ, რაც, ვფიქრობ, ერთი მხრივ კონკურენციის ნაკლებობითაც არის გამოწვეული. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ სალონის გახსნა გადავწყვიტეთ, რითაც TbilisiHills-ის მცხოვრებლებსაც ექნებათ საშუალება, შეიძინონ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული,დახვეწილი, ხარისხიანი და გემოვნებიანი ავეჯი თუ აქსესუარები ინტერიერისთვის, აქტუალური კოლექციებიდან, დათქმულ ვადებში და ხელმისაწვდომ ფასად.მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ინტერიერის სპეციალისტის მოძიება შეუძლებელია, ასეთი სპეციალისტები არსებობენ, რადგან ზოგადად ქვეყანაა მდიდარი ხელოვანი ადამიანებით და ჩვენსწორედ ასეთი ადამიანების გაერთიანება გვინდა ჩვენს სალონში. რაც შეეხება პროდუქციას, მხოლოდ საუკეთესო ევროპელ მწარმოებლებთან ვითანამშრომლებთ.

ანასტასია, სამი წლის თავზე, რაც საქართველოში უძღვებით “თბილისი ჰილსის” პროექტს, როგორ დაახასიათებთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს დღევანდელი გადმოსახედიდან?

მე ასე ვიტყოდი: ქვეყანას უდავოდ განვითარების კურსი აქვს აღებული, თუმცა ამ განვითარების ტემპი ბოლო წლებში შენელებულია, რაც შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესებთან იყოს დაკავშირებული ან თუნდაც ადამიანების მოტივაციის კლებასთან, ფაქტია, რომ ის, რაც მე სამი წლის წინ აქ ჩამოსვლისას დამხვდა, ის შემართება დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის. ვატყობ, რომ დღეს ადამიანებს ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების.მე მაინც იმედი მაქვს ამ ქვეყნის და აქაური ხალხის, მეიმედება ის რეიტინგებიც, რომლებიც აჩვენებენ, რომ განვითარება მაინც არის ქვეყანაში. აღვნიშნავ, რომ საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანი ქვეყანაა ევროპაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები გონივრულად გამოიყენებენ იმ სიკეთეებს, რაც აქამდე იყო და არის ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *