მასობრივი წარმოება მასებისთვის

პიტერ ვეიცმარსჰაუზენმა კომპანია Shapeways.com დააარსა, როგორც სპინ-ოფ პროექტი Philips Lifestyle Incubator-ში (PLI). ეს გახლავთ ვებსერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სამგანზომილებიანი ბეჭდვის საშუალებით აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. ვეიცმარსჰაუზენმა ჰოლანდიაში, ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში გამოყენებითი ფიზიკა შეისწავლა, მოგვიანებით ვების ენით დაინტერესდა, რამაც საშუალება მისცა შეექმნა ღია რესურსის სამგანზომილებიანი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, სახელად Blender. PLI-ის პროექტზე ერთი წელიც არ უმუშავია, რომ მისმა გუნდმა პირველი სამგანზომილებიანი პრინტი შექმნა. 2008 წელს Shapeways-ი Philips-ის შიგნით ცალკე კომპანიად გადაკეთდა, 2010 წლის სექტემბერში კი Philips-ისგან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა. ახლა კომპანიას ფილიალები აქვს ეინდჰოვენსა და ნიუ-იორკში. ვეიცმარსჰაუზენს Techonomy-ის წარმომადგენელი, Forbes-ის კონტრიბუტორი, ადამ ლუდვიგი ესაუბრა.

ლუდვიგი: სამგანზომილებიანი ბეჭდვისთვის რა მასალების გამოყენება შეუძლია თქვენს კომპანიას?

ვეიცმარსჰაუზენი: ძირითადი მასალა, რომელსაც ვიყენებთ, პლასტმასა, უჟანგავი ფოლადი, ვერცხლი, კერამიკა და შუშაა. თითოეულ მათგანს განსხვავებულ ზედა საფარს ვუკეთებთ. ზომა მასალაზეა დამოკიდებული - მაგალითად, ყველაზე დიდი ზომა რაც გვაქვს, პლასტმასის, დაახლოებით სკამის ზომისაა. ვერცხლი, ალბათ, ყველაზე მცირე ზომის გვაქვს, მაგრამ ამას ფასიც განაპირობებს. ჩვენი კომპანია ყოველთვიურად 30 ათასამდე უნიკალურ პროდუქტს ქმნის.

ლუდვიგი: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?

ვეიცმარსჰაუზენი: ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მას მერე, რაც Shapeways-მა მომხმარებლებს საკუთარი სერვისი შესთავაზა, კომპანია შეუფერხებლად იზრდება, ზრდის ტემპიც აშკარად მატულობს. თუ გაინტერესებთ, საით მივდივართ, ოდნავ უკან უნდა დაიხიოთ და ნახოთ, რატომ არის ჩვენი მომსახურება ასეთი მიმზიდველი. ადამიანებს არ მოსწონთ მასობრივად წარმოებული ნივთები, რადგან მწარმოებლები ე.წ. საერთო გემოვნებას იკვლევენ და ითვალისწინებენ, ადამიანებს კი ერთნაირი გემოვნება არა აქვთ. სამგანზომილებიან ბეჭდვას სწორედ ამ მოცემულობის მიღმა გავყავართ. მომხმარებელს ჩვენი საშუალებით შეუძლია თვითონვე ააწყოს ის, რაც სურს. თუ ადამიანების ქცევას დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ მათ მოსწონთ უნიკალური ნივთები, მოსწონთ, როდესაც მათი საჩუქარი, სამკაული, აქსესუარი - ერთადერთი და განსხვავებულია, მოსწონთ, როცა სხვებისგან გამორჩეული ჰობი აქვთ, მაგრამ მთლად ასე არაა უტილიტარული ნივთების შემთხვევაში. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი კომპანია თვეში 30 ათას უნიკალურ პროდუქტს ქმნის. დავუშვათ, რომ ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი დიზაინით ააწყონ თუნდაც 10% ნივთებისა, რასაც ყოველთვე ისედაც იძენენ. მაშინ ჩვენი კომპანია თვეში 30 ათასს კი არა, უკვე მილიონობით უნიკალურ პროდუქტს აწარმოებს.
როდესაც ვიწყებდით, მომხმარებელს ერთადერთ მასალას ვთავაზობდით - საკმაოდ შეუხედავ პლასტმასას. სამი წელი გავიდა და დღეს ოცი სხვადასხვა ტიპის მასალისა და ზედაპირის არჩევანი გვაქვს. ბეჭდვითი კომპანიები გვეკითხებიან, რა მასალა გვაინტერესებს, ასე რომ, აშკარად ვხედავთ ტექნოლოგიის ზრდას ხალხის მოთხოვნის მიხედვით.
ვაპირებთ გავამრავალფეროვნოთ მასალა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პლასტმასა, მეტალი და შუშა შევთავაზოთ. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო ხდება, როცა სხვადასხვა მასალას ერთმანეთში ურევ, რადგან პროდუქტის უმეტესობა სწორედ მასალის შერევითაა დამზადებული. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა მასალებისა და ბეჭდვითი ელექტრონიკის ერთმანეთთან შერევას შევძლებთ? ლეპტოპსაც კი დავბეჭდავთ! ადვილი მისახვედრია, რომ ეს შესაძლოა მულტიმილიარდიანი ბაზარი იყოს, ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ.

ლუდვიგი: როგორ მოხვედით ბიზნესში, რომლის ამოსავალი წერტილია, მომხმარებელს წარმოების საშუალება მისცე?

ვეიცმარსჰაუზენი: საქმეში ნელ-ნელა ჩახედვა 2007 წელს დავიწყე, როცა სამგანზომილებიანი პრინტერები თითქმის 18 წლის გამოშვებული იყო. მათ ჯერ კიდევ 1989 წლის დასაწყისიდან, ძირითადად პროდუქტის ასლების შესაქმნელად იყენებდნენ. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ამ მანქანების ოპტიმიზება ფასების ისე დასაწევად, რომ პრინტერების გამოყენება ყველასთვის ყოფილიყო შესაძლებელი. გამოდის, რომ ტექნოლოგია უკვე არსებობდა, ჩვენ, უბრალოდ, ის ხელმისაწვდომი გავხადეთ.
გარდა ამისა, ჩვენ სამგანზომილებიანი პრინტერით სარგებლობის პროცესი გავამარტივეთ. ამ ასპექტში საოცარ გარღვევას მივაღწიეთ. მაგალითად, თუ თქვენ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ონლაინ ატვირთავთ თქვენს დიზაინს, მაშინ მის სწორად დაბეჭდვას შეძლებთ, თუ პროგრამირების გამოცდილება არ გაქვთ, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით თქვენი პროდუქტის შექმნასაც მოახერხებთ.
მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ადრეული ნივთი იყო ე.წ. Lightpoem-ი - დეკორატიული სასანთლე, რომელიც მომხმარებლების მიერ არჩეული წარწერებით გავაკეთეთ. შეგიძლიათ დაბეჭდოთ ლექსი და შემდეგ ის სასანთლეზე გადაიტანოთ. როცა პირველად ვცადე ამ ტექნოლოგიის დედაჩემისთვის ახსნა, მითხრა, ტყუილად ირჯები, რთულია და არ მესმის, რას მეუბნებიო. მაგრამ შემდეგ მას ლექსის არჩევა ვთხოვე და როცა მის მიერ შერჩეული სტრიქონები კონკრეტული ნივთის სახით გამოვიდა პრინტერიდან, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი დიზაინით შექმნათ ბეჭდები, საყურეები, საკინძები. უკვე ძალიან დიდი ბაზარი არსებობს, რადგან უამრავ ადამიანს სურს, საკუთარი ხელწერით შექმნას სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტი.

ლუდვიგი: ესე იგი, ადამიანისთვის, რომელიც თქვენი მომსახურებით პირველად სარგებლობს, აუცილებელი არაა, რომ სამგანზომილებიანი დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფა იცოდეს?

ვეიცმარსჰაუზენი: თავიდან ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სწორედ ამ პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნეები იყვნენ, მაგრამ 2008 წელს შევქმენით პროდუქტის კონფიგურატორები, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, საკუთარი ინტერესების მიხედვით შეეცვალათ პროდუქტის არსებული დიზაინი და მას შემდეგ უკვე პროგრამის არმცოდნეებიც ჩვენს მომხმარებლებად იქცნენ. 2009 წლის იანვარში ჩვენს მომსახურებას მაღაზიაც დავამატეთ. მაღაზია სინამდვილეში პლატფორმაა, სადაც ადამიანებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვა შეუძლიათ. სწორედ ამ კონცეფციის საშუალებით ერთმანეთს ვაკავშირებთ ბაზარსა და პროგრამის კარგად მცოდნე დიზაინერებს.
ახლა ჩვენი მომხმარებლები დაახლოებით 50/50-ზე იყოფა - ნაწილი მაღალი დონის დიზაინერები, ნაწილი კი - ყოველგვარი პროგრამული უნარ-ჩვევების არმქონე ადამიანები, უბრალო მოყვარულები არიან. თუმცა საგულისხმოა, რომ ისეთი უფასო სამგანზომილებიანი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების შემოღების შემდეგ, როგორიცაა Google SketchUp-ი და Autodesk 123D-ი, საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამგანზომილებიანი პრინტერის პროგრამას იყენებენ. 2007 წელს ამ პროგრამის მცოდნეთა რიცხვი მილიონი იყო, ახლა კი დაახლოებით 5 მილიონამდე უნდა იყვნენ.

ლუდვიგი: როცა კომპანიას აარსებდით, როგორ წარმოგედგინათ ის: როგორც ადგილი, სადაც ადამიანები საკუთარ ნივთებს თავად გამოიგონებდნენ, თუ ადგილი, სადაც ადამიანები ახალ პროდუქტს გაყიდდნენ?

ვეიცმარსჰაუზენი: ვერ გამოიცანით. Shapeways-ი თავიდანვე წარმომედგინა იმ ადგილად, სადაც ადამიანები იმას გააკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ და შემდეგ თავისსავე შექმნილ პროდუქტსაც საკუთარი სურვილისამებრ მოექცეოდნენ. იქნებ შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, რომ თავისუფლად იყენებ სამგანზომილებიან პროგრამულ უზრუნველყოფას, ანდა იქნებ კონფიგურატორი გჭირდება, ან, სულაც, დიზაინერებთან ერთად მუშაობ - ჩვენ ყველა მსგავსი სცენარი დავამუშავეთ. შესაძლოა სხვა ვარიანტებიც იყო, რაზეც ჩვენ აღარ გვიფიქრია. თუმცა ფაქტია, ჩვენ გვინდა ადამიანებმა შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ მოსწონთ და არა აქვს მნიშვნელობა, ამ პროდუქტს თავისთვის შექმნიან თუ სხვისთვის. ზოგჯერ დიზაინერი მჭირდება იმისთვის, რომ სასურველი პროდუქტი მივიღო. სხვა დროს საქმეს თავად ვართმევ თავს - თუ სამგანზომილებიანი მოდელირების პროგრამულ უზრუნველყოფას ვერ ვიყენებ, ვპოულობ სხვა ადამიანს, რომელმაც ეს იცის და მეხმარება. ხშირად ადამიანები უფრო ნიჭიერები ვართ, ვიდრე თავად გვგონია - უბრალოდ, ამ ჩვენი დაფარული უნარების გამოსაჩენად სწორი საშუალებების პოვნაა საჭირო.

ლუდვიგი: წარმოებისთვის სხვა კომპანიებთან თანამშრომლობთ თუ თქვენთანვე ბეჭდავთ პროდუქციას?

ვეიცმარსჰაუზენი: ვთანაშრომლობთ კიდეც და თვითონაც ვბეჭდავთ. გვინდა, ტექნოლოგია საფუძვლიანად შევისწავლოთ, რადგან ჩვენი მიზანია გავიგოთ, მომხმარებლებისთვის რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი - არა. ჩვენი პარტნიორები ამ პროცესში გვეხმარებიან და საჭირო ტექნოლოგიასაც ქმნიან. ჩვენთან თანამშრომლობა მათ იმიტომ მოსწონთ, რომ ჩვენი აშკარად მზარდი ბაზარი მათთვის ღიაა. თუმცა, ცხადია, პროდუქციას თავადაც ვქმნით; ანუ ჩვენ არ ვაგებთ მანქანებს, მაგრამ ჩვენ ვმართავთ მათ. ვიყენებთ ორი ტიპის ამერიკულ პრინტერს - Stratesis-სა და 3D Systems-ს და ვმუშაობთ გერმანული EOS-ითა და ისრაელის Objet-ით - ძალიან მაღალხარისხიანი, პროფესიონალური დანადგარებით. თუმცა ახლა ასევე ვცდით ახალ სამომხმარებლო დანადგარებსაც: MakerBot-ს, Ultimaker-სა და Fab@Home-ს. ისინი ადამიანებს საშუალებას აძლევენ, სასურველი პროდუქტი პირდაპირ სახლში ამობეჭდონ.

ლუდგვიგი: თქვენი კომპანია ნაწილია ერთი დიდი მოძრაობისა, როცა ტექნოლოგიის საშუალებით ადამიანები თვითონ აწარმოებენ პროდუქტს. ეს თვითკეთება ერთ ცალკე კულტურადაც კი შეიძლება განვიხილოთ. ამ ყველაფრის შემდეგ რა ეტაპი შეიძლება დადგეს?

ვეიცმარსჰაუზენი: ის, რაც წარმოების დემოკრატიზაციას სდევს თან, აბსოლუტურად ცვლის თამაშის წესებს. ამ პროცესში მსოფლიო შენ თვალწინ გარდაიქმნება. ის, რომ მსგავს ტექნოლოგიაზე ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი, მთლიანად შეცვლის პროდუქტის წარმოებისა და განვითარების დღემდე ნაცნობ ხერხებს. თუნდაც ის რად ღირს, რომ დღეს უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მასალა თითქმის მოლეკულურ დონეზე შეაზავო. შემდეგ ეტაპზე ალბათ სრულიად ახალ, დღემდე უცნობ მასალებს გამოვიგონებთ. შეგიძლია ერთ პროდუქტში გააერთიანო მყარი და რბილი მასალები. შეგიძლია ააწყო იმის სურათიც კი, თუ, ვთქვათ, რა მოუვა პროდუქტს მასზე ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში. გაურევ ამ ყველაფერში ელექტრონულ სქემებს და ისეთ რაღაცას მიიღებ, წარმოდგენაც რომ რთულია. ნახეთ Shapeways-ში დამზადებული პროდუქტები ჩემს ოფისში - თითოეული მათგანის დამზადება ძველი, ტრადიციული მეთოდით იყო შესაძლებელი. მაგრამ განვითარების შემდეგ ეტაპზე ალბათ უკვე გვექნება ახალი პროდუქტები, რომელთა დამზადებაც ექსკლუზიურად ახალი ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი. სამგანზომილებიანი ბეჭდვით შეგიძლია, შენ მიერ დამზადებულ ერთ საგანზეც კი მოისმინო მომხმარებლის აზრი და შემდეგ გააუმჯობესო დიზაინი. ამზადებ მინიმუმ ერთს. ანუ, გამოდის, რომ ამ ტექნოლოგიის წყალობით პროდუქტები გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხელმისაწვდომია პროდუქტის დიზაინის შესაძლებლობებიც. ვერ გეტყვით, რას შევქმნით, რა გამოგვივა, მაგრამ ვიცი,რომ შედეგი არაჩვეულებრივი იქნება.

ლუდვიგი: რამდენად ცვლის ეს პროცესი ზოგადად დიზაინის ინდუსტრიას?

ვეიცმარსჰაუზენი: დიზაინერებს საკმაოდ უჭირდათ თავიანთი დიზაინისა და პროდუქციის გაყიდვა. მათ უნდა ესარგებლათ საკრედიტო ხაზით, ეპოვათ მწარმოებელი და ბაზრის სპეციალისტი, ზოგჯერ კი საკუთარი თავი მიეყიდათ დიდი კომპანიისთვის და დასჯერებოდნენ კი მხოლოდ მცირედ თანხას იმ პროდუქტისგან მიღებული მოგებიდან, რომელთა დიზაინიც თავად შექმნეს? ახლა კი, ნახეთ, რა ხდება: მათ შეუძლიათ შევიდნენ Shapeways-ის ვებგვერდზე და ყველაფერი თვითონ გააკეთონ. ჩვენს კომპანიაში უკვე 3 ათასზე მეტმა დიზაინერმა გახსნა მაღაზია და ფულსაც აკეთებს. იმას არ ვამბობ, რომ ყველას შეუძლია, დიზაინერი იყოს, უბრალოდ, დიზაინერებს ეს ტექნოლოგია უფრო მეტი წარმატების შანსს აძლევს.

ლუდვიგი: ხომ არ მოგვიყვებით ყველაზე კომპლექსური პროდუქტის შესახებ, რომელიც თქვენთან დაიბეჭდა?

ვაიხმარსჰაუზენი: ეს არის Animaris Geneticus Parvus-ი, რომელსაც 70 მოძრავი ნაწილაკი აქვს. ის ერთ, უწყვეტ პროცესში დაიბეჭდა და არა რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა მოძრავი ნაწილაკის შეერთებით. სამგანზომილებიანი ბეჭდვისას უკვე შესაძლებელია, შექმნა მექანიკურად შეერთებული მოძრავი ნაწილები. თუმცა, როცა ამ კომპანიას ვაარსებდით, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, თუ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა. ახლა კი ვხედავ, რომ რასაც ვაწარმოებთ, უკვე ათჯერ უკეთესია იმაზე, რასაც პირველ ეტაპზე ვბეჭდავდით. აი რა ხდება, როცა ტექნოლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდი.

Techonomy 2011 წლის კონფერენციის (13-15 ნოემბერი) შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.techonomy.com. Techonomy-ის ნახვა შეგიძლიათ Twitter-სა და Facebook-ზეც.

 

წინა სტატია

პორტერი თუ მინცბერგი: ვისი სტრატეგია უფრო რელევანტურია დღეს?
05 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

M.I.T თამაშის წესებს ცვლის: უფასო online-განათლება ყველასათვის
10 იანვარი, 2012
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა