ტურბულენტური 2019

ახალი წლის დადგომისასყველა ჩვენგანი ფიქრობს, ჩუმადაც და ხმამაღლაც, როგორი იქნება ეს წელი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის; ჩვენს წარმოდგენებში, ფიქრებში, სურვილებსა და ფანტაზიებში წამოგზაურების შემდეგ, ჩემი პროფესიის ადამიანები (და არა მხოლოდ) აუცილებლად მოვიცლით დედამიწისთვისაც და ვიკითხავთ, რა ამბები იქნება ნეტა ქვეყნად. ცხონებული ბებიაჩემი მკითხავდა ხოლმე სახლში დაბრუნებულს, რა ამბებია ქვეყნად. ეს ნიშნავდა, რომ შინაურულიც აინტერესებდა და გლობალურიც. მეც ვუპატაკებდი წვრილად. გურული არ იყო, მაგრამ ბრძენი ქალი ნამდვილად იყო ირა ბიქტორის ასული თოფურია და ამიტომაც ჩემი, ტრადიციულად იუმორნარევი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, თუ ვინ რას ჩივა, ვის სცხელა და ვის სცივა, აუცილებლად დაასკვნიდა, მთავარია მშვიდობა იყოს და ქვეყანა არ აირიოსო.

ამიტომაც ნაახალწლევს, ნაბახუსევს და ნასაცივებს, ჯერ კიდევ სანამ სრული ძალებით ჩავებმებით ყოველდღიურობის ფერხულში, მგონი, არც ჩვენ გვაწყენს ჩაფიქრება, პაწა (მრავალთა გონებასა და სისხლძარღვებში მაინც ჯერ კიდევ შობა-ახალწელიწადია) ჩაანალიზება და არავითარ შემთხვევაში პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეს წელი საერთაშორისო ურთიერთობებში. მოკლე პასუხი სათაურშივეა, ძვირფასო მკითხველო. თუ მაინც გააგრძელებთ კითხვას, მე შევეცდები მაქსიმალურად მსუბუქად და ღია ფერებში ავხსნა, რატომ მაინცადამაინც ტურბულენტური.

როგორც მოგეხსენებათ, ჰიდროდინამიკაში ტურბულენტობა არის სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების ქაოსური ცვლილებით. ეს გულისხმობს დინების მახასიათებელი წნევისა და სიჩქარის სწრაფ და შემთხვევით ცვლილებას სივრცესა და დროში. ჰოდა, ჩემო მკითხველო, რასაც ჩვენ გასულ წელს ვუყურეთ საერთაშორისო პოლიტიკო-დინამიკაში, რაც წნევების ავარდნ-დავარდნა იყო ქვეყნებსა და მათ ლიდერებს შორის, თუ ერთი ერთზე შეხვედრებისა და ვერშეხვედრების, დიდი შეკრებებისა და გარჩევების დროს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პოლიტიკო/ დინამიკოს შამქმნელი წელსაც ისევ ის ხალხია, ვინც შარშან იყო, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი მოგზაურობა 2019 წელში ტურბულენტური იქნება.

ვინ არიან მოწინავე რიგებში? მისტერ ტურბულენტობის პრიზი რომ თამაშდებოდეს, უეჭველი მიიღებდა და უკონკურენციოც იქნებოდა დონალდ ტრამპი. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მილიონობით ბავშვისა თუ მოზარდისთვის საყვარელი ატრაქციონი როლერკოსტერი, იგივე ამერიკული ბორცვები მისი ქვეყნის საფირმო ნიშანია. რაც პრეზიდენტი გახდა, მიდგა, მოდგა, მიანგრ-მოანგრია საერთაშორისო შეთანხმებები, ზოგიდან გავიდა, ზოგან დარჩა, სამიტებზეც ალაგ არ ჩავიდა და ალაგ ადრეც წავიდა. სავაჭრო ომი ჩინეთთან, სატარიფო ძაბვები ევროკავშირთან, დაძაბულობა ირანთან, რომელი ერთი ვთქვათ, იყო და წელსაც იქნება. ამ ყველაფერთან ერთად, ფლირტის მცდელობები დიქტატორებთან (კიმ ჟონ უნი, პუწინი) და თვალის ჩაკვრები ნავთოკრატებთან. ესეც იყო და აუცილებლად წელსაც იქნება. ნამდვილად მძიმეა მონომახის ქუდი. განსაკუთრებით, თუ შენს გემოზე არ გახურავს, ზაფხულში კუკუშას შეკერილივით გიჭერს და ერთი სული გაქვს, ან მოისროლო, ან დროებით საკიდზე მაინც ჩამოკიდო. ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან გავიდა, ტრანსატლანტიკური სავაჭრო მოლაპარაკებებიდანაც გავიდა. წელს რუსეთთან ბირთვულ ქობინებზე შეთანხმებიდანაც აუცილებლად გავა და ამერიკული დანაყოფები იემენიდან და სირიიდანაც წავა. რა ვიცი, რა ვიცი. სწორია ვითომ ახლა ეს?

ძია დონალდს ტურბო-სამეულში მხარს დიდი მაოს და დენ სიაოპინის საქმის გამგრძელებელი სი ძინპინი და ლენინისა და სტალინის თაყვანისმცემელი ვლაძიმირ პუწინი უმშვენებენ. ჩინეთის ლიდერი დინჯი და სერიოზული კაცია, პუწინივით წელსზემოთ შიშველი კი არ პოზირებს ფოტოკამერების წინ. მშვიდად და წყნარად, ამავე დროს აქტიურად და სწრაფად ახორციელებს ექსპანსიას ყველგან, სადაც კი ინტერესი აქვს, ანუ მთელ მსოფლიოში. ტრამპთან სავაჭრო დავებში თითქოს ცოტა მოლბა და მოთბა კიდეც, მაგრამ 2019-ში ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მილიტარიზაციის, აფრიკის, აზიისა და ევროპის ინფრასტრუქტურიზაციის, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტისა თუ 5G განზომილებაში ლიდერის მაისურის პრი–ხ–ვატიზაციისთვის ორთაბრძოლაში.

ორთა ბრძოლაში, იმიტომ რომ მათ წონით კატეგორიაში ნამდვილად ვერ გადის მესამეადგილოსანი პუწინი. ვერ გადის, იმიტომ რომ არც ტექნოლოგიების გაეგება გვარიანად, არც ეკონომიკის საფუძვლების და, რაც ყველაზე მთავარია, არც მშვიდობისა და სტაბილურობის სიკეთეების. როგორც ძაბავდა, ისევ ისე გააგრძელებს. არც უკრაინას მოასვენებს (თანაც 6 იანვარს ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღეს, მარტში კი საპრეზიდენტო არჩევნები აქვთ. წარმატებები უკრაინას), არც ჩვენ და არც დანარჩენ ევროპას. ისე, ტურბულენტობა მხოლოდ წნევის ვარდნას რომ ნიშნავდეს, ანუ თავქვე სინათლის სიჩქარით ვარდნას, პუწინს ბადალი ნამდვილად არ ეყოლებოდა. ასეა მისი და მისი თანამზრახველების ტვინი მოწყობილი – მოწამვლა, მოტაცება, წართმევა, ჩარევა და ყველაფერი შეთანხმებულის დარღვევა. ტიპი მოსიარულე ტურბულენციაა, ოღონდ ცუდი გაგებით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტურბულენციის ფსკერია. იმის იქით არ არსებობს.

არიან ადამიანები და არის თემები, რომლებიც განაპირობებენ ტურბულენციას. აქაც სამეულია: მიგრაცია, დეზინტეგრაცია და მილიტარიზაცია.

მიგრაციამ მთელ სახელმწიფოებში ხელისუფლებები შეცვალა. იტალიაში, ავსტრიაში, სკანდინავიასა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში განსაზღვრა პოლიტიკური ამინდი მიგრაციის პრობლემამ, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა და მწვავე. ასე იქნება 2019-შიც. რას იზამენ პოპულისტები და ნაციონალისტები ევროპარლამენტის არჩევნებში? რას და იმაზე მეტს აიღებენ, ვიდრე წინა არჩევნებში. ტალღაა ეგეთი, თავისებურად ტურბულენტური და ლიბერალურ ძალებს ამ შტოპორიდან გამოსვლა ჰაერივით სჭირდებათ.

წელს გაზაფხულზე უნდა გაფორმდეს ბრექსიტი. გაფორმდება კი? წლის ბოლოს, წინასაშობაოდ ისედაც ნისლიან ალბიონზე ისეთი ნისლი ჩამოწვა, როდის გამოცხადდება ფრენა, კაცმა არ იცის. იანვარი, თებერვალი და მარტი – ამ სამი თვის მანძილზე, თუ სადმე იქნება ტურბულენტობა, ეს დიდი ბრიტანეთია. ყოფნა-არყოფნაო, თქვა თავის დროზე დიდმა შექსპირმა და ისე აგიხდეთ ყველაფერი. ჩვენ კი ვიძახით გარედან, თუ ბი დედიჯან, თუ ბი, მაგრამ შორია დაუნინგ-სტრიტამდე. იყო და წელსაც იქნება საშტორმო გაფრთხილებები ფინანსისტებისთვის, ინვესტმენტ-ბანკირებისთვის, მანუფაქტორების თუ ანტრეპრენიორებისთვის. ტურბულენციაა მთელი სიგრძე-სიგანით. რას მოუტანს ევროპას ეს დეზინტეგრაცია? ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგს არაფერს.

იარაღის ჟღარუნი რბილად ნათქვამია, რაც მსოფლიოში შეიარაღება/ განიარაღების ამბებში ხდება. ბირთვულ იარაღთან თამაში განსაკუთრებით სახიფათოა. რას იზამენ ამერიკის გარეშე დარჩენილი ევროპელები ირანთან? შეინარჩუნებენ შეთანხმებას? შექმნიან ირანთან კომერციისთვის კომფორტულ ზონას? მეეჭვება, მაგრამ თუ გამოუვათ, ნამდვილად გამიხარდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ირანმაც შეძლოს საერთაშორისო თამაშის წესებთან მორგება, თორემ რუსეთზე აყოლა და ახლო აღმოსავლეთში ყველგან იარაღით ჩარჭობა არავის გამოსდგომია და საბოლოოდ არც მათ გამოადგებათ. ისე, რა სჭირთ რუსებზე ასაყოლი, ჩვენში დარჩეს და კაი ტურბულენტურები არიან ეგენიც. მეზობლად მაინც არ იყვნენ. როგორც კი დაიძაბება, ჩვენთანაც წნევები ეგრევე ვარდება. ისე ირანზე, რუსეთსა და ამერიკაზე გამახსენდა და ნავთობის ბაზარი ნამდვილი ტურბულენციის პიკია. მთავარია, ზედა წნევას არ აარტყას ნამეტანი და ქვედას გადავიტანთ. უფრო სწორად, მივესალმებით კიდეც. ამ საქმეში ძია დონალდის დიდი იმედი მაქვს. თუ არ დასწევს, დაიჭერს მაინც არსებულს. ნავთობის ბაზარს არც იარაღის ქარვასლა ჩამოუვარდება. წვიმის მერე სოკოებივით მრავლდება ს-400-ები მსოფლიოში. გლობალურს ვინ ჩივა, აგერ ყირიმშიც დააყენა, სირიაშიც და თურქეთშიც აპირებს. თუმცა, სად იყო და სად არა, გამოჩნდნენ ჩემი ამერიკული პეტრიოტები. წარმატებები პეტრიოტებს. ისე, მარტო მილიტარიზაციასა და კონკურენციას არა უშავს. ამასაც გავუძლებთ. მთავარია, არ გავარდეს.

მოკლედ, არ ვიცი, დაგარწმუნე თუ არა, ჩემო მკითხველო, რომ 2019 წელი ტურბულენტური იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილად ვიცი, რომ დღევანდელობას, ახალ წელსა და შობას და თუ გინდა მსოფლიო ტურბულენტობას ყველაზე მეტად შეესაბამება გურული სიბრძნე: გაუმარჯოს მშვიდობას!

გილოცავთ ახალ, ტურბულენტურ 2019 წელს!

ჩვენ გირჩევთ

გასული წელი და 2019 წლის გამოწვევები

2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენა

გასული წელი და 2019 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2019 წლის გამოწვევები

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2.2 პროცენტით გაიზარდა
31 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება 2018 წელს
03 იანვარი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა