კრისტიან და კარენ ბოროსების არტბუნკერში

კრისტიან და კარენ ბოროსების არტბუნკერში

საღამოს ათის თხუთმეტი წუთია, კრისტიან ბოროსი ხის დიდ კარს უხმაუროდ აღებს. ის პენტჰაუზში თავის მეუღლესთან, კარენთან და 8 წლის ვაჟთან, ენტონთან ერთად ცხოვრობს. ეს კარი კი ერთმანეთისგან ჰყოფს პენტჰაუზსა და მის ქვემოთ მდებარე ხუთსართულიან საგამოფენო სივრცეს. რეზიდენცია ვრცელი, ნათელი, შუშით მოპირკეთებული, ბერლინის ახლებურ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტილი შენობაა. სამაგიეროდ, მათი კუთვნილი კერძო მუზეუმი განლაგებულია მძიმე ბეტონის კონსტრუქციაში, რომელიც ნაცისტების მიერ კარგა ხნის წინ აშენებულ ბუნკერს წარმოადგენს. როდესაც ქალაქის ეს ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის გამგებლობაში იყო, შენობას სოციალისტური ელიტისთვის განკუთვნილი ტროპიკული ხილის საწყობად იყენებდნენ, ხოლო გერმანიის გაერთიანების შემდეგ მასში ტექნოკლუბი განთავსდა. 2008 წელს ბოროსმა ყოფილ ბუნკერში 30 000 კვ.მ ფართობზე 80-ოთახიანი საგამოფენო სივრცე გახსნა.

“მაპატიეთ, დავაგვიანე; ბოლო ფოტოს ინსტალაცია ვოლფგანგმა სწორედ ახლა დაამთავრა”, – ამბობს ის. კრისტიანი ვოლფგანგ ტილმანსზე საუბრობს, რომელიც აქ იყო და მისი საკუთარი 38 ნამუშევრისთვის საგამოფენო ექსპოზიციის მოწყობაში ეხმარებოდა. მისი

ნამუშევრები კრისტიანისა და კარენის თანამედროვე ხელოვნების შესანიშნავი ახალი კოლექციის პრეზენტაციაში იღებს მონაწილეობას. ამ გამოფენას შემოდგომის დასაწყისში, აქ შეკრებილი მხატვრებისა და რამდენიმე ახლო მეგობრის წრეში აეხდება ფარდა.

ახალი გამოფენა, რომელიც ბოროსების მიერ შეგროვებული 700 მხატვრული ნამუშევრიდან 101 მოიცავს, მათ საგამოფენო ბუნკერში მხოლოდ მეორე ექსპოზიციაა. სურათების საგამოფენო სივრცეში გადატანა ბევრად უფრო ადრე იგეგმებოდა. “ერთი-ორი წლის შემდეგ გამოფენის შეცვლა გვინდოდა. იმიტომ რომ ვამაყობთ იმ მშვენიერი ნამუშევრებით, რომლებიც ჩვენს კოლექციაშია, – ამბობს კრისტიანი. – მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რატომ? ჩვენი მიზანი ის ხომ არ არის, რომ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ ან კიდევ ის, თუ რა დიდი კოლექციის მფლობელები ვართ”.

მათი პირველი გამოფენა, რომელზეც 110 ნახატი იყო წარმოდგენილი, ოთხი წლის განმავლობაში 120 000 სტუმარმა დაათვალიერა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ გამოფენა იხურებოდა, როგორც კარენი ამბობს, უწყვეტი იმეილების ნაკადითა და სატელეფონო ზარებით უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი გამოითქვა. ცოლ-ქმარი აღიარებს, რომ მათ პირველ გამოფენას ბევრად უფრო მეტი დამთვალიერებელი ნახავდა, რომ არა მკაცრი განაწესი, რომლის თანახმად, მას მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი სტუმრები უნდა სწვეოდნენ. ამგვარი განაწესის არსებობის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ საგამოფენო სივრცეში, გამოფენის დასათვალიერებლად, ერთდროულად მხოლოდ 12 ადამიანი დაიშვებოდა. ეს შეზღუდვა კი, თავის მხრივ, იმ მიზეზით იქნა შემოღებული, რომ მასპინძლებს ოთახების “exit”-ის (“გასასვლელი”) ნიშნებით დამახინჯება არ სურდათ.

ერთი მიზეზი იმისა, თუ პირველი გამოფენის ჩვენება ოთხი წლის განმავლობაში რატომ გაგრძელდა, ის გახლავთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ნამუშევრების დიდი ნაწილის ინსტალაციისთვის საჭირო იყო რთული დაგეგმარება და კონსტრუქციების შექმნა. “ხალხი გვეუბნებოდა, რომ სისულელეს ვაკეთებდით, ზოგიერთ ნამუშევარს რომ ვხსნიდით, – ამბობს კრისტიანი. – ისეთი ნამუშევრების ინსტალაცია, როგორიცაა მონიკა სოსნოვსკას “შავი ელვა” და სანტიაგო სიერას “Layered Tar Forms” (“ფენებიანი გუდრონის ფორმები”) ძალიან ძნელი იყო. მათ დაშლას ერთი თვე დასჭირდა”.

თუმცა ზემოაღნიშნულმა სირთულემ ცოლ-ქმარი მაინც ვერ შეაშინა. მათ ახალ გამოფენაში საინსტალაციოდ რთული ნამუშევრები მაინც შეიტანეს. აი ვეივეის 2009-2010 წლებში შექმნილი “Tree”-ს (“ხე”) ინსტალაცია, რომელიც ცოლ-ქმარმა ბერლინის Neugerriemschneider-ის განმავლობაში Gallery Weekend-ზე იხილა, ყველაზე რთული აღმოჩნდა. “ბუნკერის შუაგულში ექვსი მეტრი სიმაღლის ხის დასაყენებლად, სადაც კარის სიგანე მხოლოდ ერთი მეტრია, საჭირო გახდა ჭერისა და კედლების ამოჭრა, რომლებიც შემდეგ ისევ ამოვავსეთ და შევღებეთ ისე, რომ დამთვალიერებლებს ვერაფერი შეემჩნიათ”, – ამბობს კრისტიანი და გვაჩვენებს, ნამუშევრის ზედა ტოტები კედლებიდან სულ რამდენიმე ინჩით რომ არის დაშორებული. გარდა იმისა, რომ საჭირო გახდა ალმასისპირიანი ხერხის გამოყენება, კონკრეტულად ამ ექსპონატის მოთავსება კიდევ უფრო მეტად გაართულა ბოროსების მიერ დაწესებულმა იმ მკაცრმა კანონმა, რომლის თანახმად, ავტორმა თავის ნამუშევარს ბუნკერში ინსტალაცია თავად უნდა გაუკეთოს. ეს კრეატიული პრობლემა რომ გადაეჭრათ, ბოროსები იძულებულები იყვნენ, ჩინეთის მთავრობის მიერ ახლახან აისთვის დანიშნული სასჯელისთვის გვერდი აევლოთ და რადგან სასჯელი აის ჩინეთიდან გამგზავრებას უკრძალავდა, ბოროსებმა მასთან დასაკავშირებლად Skype-ი გამოიყენეს, ხოლო გასულ თებერვალს მხატვართან შესახვედრად პეკინშიც კი გაემგზავრნენ.

მეორე გამოფენა პირველისგან შესამჩნევად განსხვავდება, რაც მასში მონაწილე ნამუშევრების უფრო მეტად ინტროვერტული ხასიათით არის განპირობებული. ბევრი მასიური ინსტალაცია კვლავ ნარევია, მაგრამ ამჟამად წარმოდგენილ ნამუშევრებს ნაკლები თვალისმომჭრელი ბრწყინვა ახასიათებთ და ისე ადვილად დასათვალიერებელიც არ გახლავთ, როგორც წინა. კლარა ლიდენის ნამუშევრის “Teenage Room”-ის (“მოზარდის ოთახი”) მსგავსმა ნამუშევრებმა, რომელიც შავი დანახშირებული ავეჯის ანსამბლს წარმოადგენს, შეცვალა ანსელმ რეილის მიერ შექმნილი კაშკაშა ტილოები და ინსტალაციები, რომლებიც პირველ შოუში მრავლად იყო წარმოდგენილი. ბოროსის ფავორიტი, ოლაფურ ელიასონი, რომლის კოლექციაც 30 ნამუშევარს მოიცავს, და რომელიც პირველ გამოფენაზე 14 ნამუშევრით იყო წარმოდგენილი, მეორე გამოფენაზე დამთვალიერებლების წინაშე მხოლოდ სამი ნამუშევრით წარდგება. 2009 წელს, მისი თითბრითა და სარკით შექმნილი ნამუშევარი, “Star”-ი (“ვარსკვლავი”), წყვილდება და 2010 წელს შექმნილ Colour Experiment No. 10-ს (“ფერის ექსპერიმენტი N10) ირეკლავს, ხოლო ასევე 2010 წელს შექმნილი “Driftwood Family” (“დრიფტვუდების ოჯახი”) ერთ ოთახში ვერ ეტევა და კარს გარეთ გამოდის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს 100-წლიანმა წყალდიდობამ 10 ფუტი სისქის კედლების მქონე ბუნკერში შეღწევა შეძლო.

სხვა თანამედროვე მხატვრები, როგორებიც არიან ელმგრინი & დრაგსეტი, სარა ლუკასი და რირკრიტ ტირავანია ახალი თაობის უმეტესწილად ბერლინელმა მხატვრებმა შეცვალეს. “ოთხი თუ ხუთი ახალგაზრდა მხატვარი ახალ გამოფენაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს, ესენი არიან: თეა ჯორჯაძე, ალისია კვადე კვადე ლიდენი, მიქაელ ზაილსტორფერი და დან ვო. ისინი ასაკით ძალიან ახალგაზრდები არ არიან, მაგრამ ჩვენ ისინი ყველაზე თანამედროვემხატვრებად მიგვაჩნია”, – შენიშნავს კარენი. ზაილსტორფერის 2010 წლის ნამუშევარი “Forest”( “ტყე”) თავდაღმა დაკიდებული ხეებით, ისე მბრუნავი, რომ ხეების კენწეროები იატაკზე ეთრევა, ხის ლაიტმოტივით აის Tree-ს და ელიასონის Driftwood-ს უკავშირდება. კვადეს 2009 წლის ნამუშევარს, “Der Tag ohne Gestern-ს (Dimension 1-11) [“Day Without Yesterday” – “დღე გუშინდელის გარეშე”], ერთი სართულის თითქმის ნახევარი უჭირავს. საგამოფენო დარბაზის ამ ნაწილში სხვადასხვა სიმაღლის, გლუვად მორკალულ და შავი ლაქით დაფარული ფოლადის სეგმენტების კენწეროებზე დამაგრებული პატარა ხმის გამაძლიერებლები ოთახში სტუმრების მიერ გამოცემულ ხმებს იმეორებენ, რითაც მუდმივად ცვალებადი ინსტალაციის გარშემო სუსტ გამოძახილს იწვევენ.

თაობების ცვლა, ნაწილობრივ, იმ კანონის ერთ-ერთ შემადგენლად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც კრისტიანმა კარენის გაცნობამდე დააწესა. “ჩვენ მხოლოდ იმ წელს ვყიდულობთ ნამუშევრებს, რომელ წელსაც ისინი იქმნება, რაც ახლანდელი ნამუშევრების ყიდვის კონცეფციაცაა, – განმარტავს ის. – მე, მაგალითად, ელიზაბეთ პეიტონის მიერ 90-იან წლებში შექმნილ ნამუშევრებს ახლა (მის კოლექციაში ამ მხატვრის 40-მდე ნამუშევარია) ან ოლაფურის ნამუშევრებს, რომლებიც 2000 წლით თარიღდება, არაფრით არ შევიძენ. თუ მაშინ ეს ნამუშევრები არ შევიძინეთ, დღეს მით უმეტეს არ შევიძენთ. მათი ნახვა მუზეუმშიც ყოველთვის შემიძლია”. კრისტიანისა და კარენის ყველაზე ბოლო შენაძენი, უელსელი და გერმანელი არტისტების დუეტის მიერ 2012 წელს შექმნილი “The Line of Fire” (“ცეცხლის ხაზი”), ფაქტობრივად, მაშინვე გაიყიდა, როგორც კი ჩაფიქრებულ იქნა.

კრისტიანმა მოგვითხრო, რომ როდესაც ბენჯამინ უოლტერი, ბუნკერში მოწყობილ ახალ გამოფენაზე თავის ერთადერთ ნამუშევარს, 2011 წლის “Latent Measures” (“ფარული ზომები”), ინსტალირებას უკეთებდა, (ეს იყო გახეხილი ლითონისგან დამზადებული ერთი მილი, რომელიც ბეტონის კედლების გავლით ექვს ოთახში მიიკლაკნება), ერთ-ერთი ოთახის გარე კედელში ხვრელი აღმოაჩინა. როდესაც კრისტიანი ქვემოთ ჩავიდა იმისათვის, რომ ენახა, თუ როგორ მიმდინარეობდა ინსტალირების პროცესი, უოლტერმა მას ახალი იდეა მიაწოდა: ქუჩაში გამავალ კედელში არსებული ხვრელი გაეფართოებინათ და ისარი ისეთნაირად მიემაგრებინათ, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს ხელოვნების ეს ციხესიმაგრე ამ ისრით იყო განგმირული. კოლექციონერმაც ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა.

კრისტიანის სურვილმა, დარჩენილიყო ერთგული შესყიდვის წესისა, რომელიც მხოლოდ ახალი ნამუშევრების ყიდვის უფლებას იძლეოდა, მის მიერ პირველად შეძენილი ნამუშევრის გაყიდვისკენ უბიძგა. ეს იყო იოზეფ ბოისის ნახატი, რომელიც 1968 წლით თარიღდებოდა. ბოროსმა ის 18 წლის ასაკში, 1982 წელს იყიდა, როდესაც მშობლებმა მას მანქანის შესაძენი ფული აჩუქეს. კოლექციონერს მიაჩნია, რომ მის მიერ კოლექციის შეგროვების დასაწყისად 1990 წელი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ის ლონდონში დიზაინს სწავლობდა. ბოროსი ამბობს, რომ მის კოლექციონერობას ბიძგი დემიენ ჰერსტთან გვიან ღამით წამოწყებულმა საუბარმა მისცა. ღამის კლუბებში სიარულის დროს ისინი საერთო გემოვნებაზე კამათიდან ესთეტიკის განხილვაზე გადავინენ, რაც საბოლოოდ მხატვრის სტუდიაში მისი ვიზიტით დასრულდა. ამ ვიზიტის დროს კრისტიანი მხატვრის ნამუშევრებით მოიხიბლა. დემიენ ჰერსტის მიერ წერტილებით შექმნილი ნახატი, რომელიც კრისტიანმა იქ იყიდა, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარია – მაგრამ ეს ნახატი ალბათ ყველაზე მეტად იმითაა აღსანიშნავი, რომ მთლიანად ჰერსტის ხელით შექმნილ რამდენიმე ნამუშევართაგან ერთ-ერთია – და ამჟამად ბოროსების სახლის ფოიეში კიდია. ფასი? “საკმაოდ ძვირი იყო სტუდენტისთვის, მაგრამ დღევანდელ ფასებთან შედარებით, არაფერია”, – სიცილით ამბობს ბოროსი და აგრძელებს თხრობას იმის შესახებ, თუ მას შემდეგ, რაც ჰერსტში, მისნაირი სტუდენტისა და ხელოვნების მოყვარულის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვია, მხატვარი როგორ დაარწმუნა, რომ მეორე ნახატი მისთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნკერის საგამოფენო სართულებზე ჰერსტის ნამუშევრები არ ჩანს, – კრისტიანი ამ მხატვრის კომერციალიზაციის წინააღმდეგია – ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლექციონერ ცოლ-ქმარს ადრე შეძენილი მისი ნამუშევრების მიმართ ინტერესი დაეკარგა. ახალ ექსპოზიციაში თომას რუფის 1990-1992 წლების “Sternbilder”- ის (“თანავარსკვლავედები”) კედლის ზომის ფოტოსურათების სერიებიდან სამ ფოტოსურათს ბუნკერის რამდენიმე ორსართულიანი მაღალი საგამოფენო დარბაზიდან ერთ-ერთში, გამოჩენილი ადგილები უჭირავს. “ეს ნამუშევრები ახლა ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილად ქცეულა, – ამბობს კრისტიანი. – თომასი ჩვენი მეგობარია. ჩვენი შვილები ერთად თამაშობენ, ჩვენ კი ერთად ვატარებთ ხოლმე არდადეგებს”. მოგვიანებით, ბუნკერის დათვალიერებისას, კარენს რუფის ნამუშევრებიდან მზერა ტილმანის ნამუშევრებზე გადააქვს და შენიშნავს: “საკმაოდ უცნაურია, რომ ახალ გამოფენაში, ჩვენი კოლექციიდან ფოტოსურათებით სულ ორი მხატვარი არის წარმოდგენილი”.

მაშინ, როდესაც ჩვენი თვალთახედვის არეში რუფის მხოლოდ სამი ნამუშევარია, ტილმანსის ნამუშევრების კრებული შეიძლება მუზეუმის რეტროსპექტივად ჩაითვალოს. ორ სართულზე განლაგებულია ამ მხატვრის ინსტალაცია, დაწყებული ფოტოგრაფის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი “Lutz&Alex”-ის (“ლუცი&ალექსი”) სერიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევრით და 2003 წლის Anemone II-ით (“ანემონ II”) დამთავრებული. ბოროსების წყვილი თითოეული ხელოვანის შემოქმედებას ბოლომდე სწვდება და მათ იდეებში ფულის დაბანდებას აგრძელებს.

ზოგიერთმა შეიძლება ბოროსები გააკრიტიკოს იმისათვის, რომ მათი შენაძენების ხასიათი ბერლინზე მათ გადამეტებულ ფოკუსირებას მიუთითებს, მაგრამ სინამდვილეში, ამას პროვინციალიზმთან საერთო არაფერი აქვს. “ჩემი აზრით, ბევრი ნამუშევარი იმით არის საინტერესო, თუ რა შეკითხვებს ბადებენ ისინი”, – ამბობს კარენი. კრისტიანი ეთანხმება მეუღლეს და ბერლინს უწოდებს “ერთ-ერთს მსოფლიოს იმ ცოტაოდენი ქალაქებიდან, რომელთა ზრდა-განვითარება ჯერ არ დასრულებულა. ლონდონში ან ნიუ-იორკში საკმაოდ დახშული საზოგადოებაა, რასაც ვერ იტყვი ბერლინზე, სადაც თავისუფალი ადგილები ჯერ კიდევ მოიძებნება. მე ის მხატვრები მომწონს, რომლებიც ცვლილებების ამ პროცესით არიან დაინტერესებულები”.

სწორედ უამრავი შესაძლებლობების ასეთმა ატმოსფერომ მიიზიდა წყვილი გერმანიის დედაქალაქში. 2003 წელს, უკვე საგამოფენო სივრცის იდეით შთაგონებულებმა, ბუნკერი შეიძინეს სახელმწიფოსგან, რომელმაც, თავის დროზე, მისი მფლობელობის უფლება კლუბის ოპერატორებისგან დაიბრუნა. ოჯახმა, თავიანთი პირველი გამოფენისთვის მზადებისას, მისი უიკ-ენდის სახლად გამოყენება დაიწყო, მაგრამ 2010 წლამდე ისინი ვუპერტალში ცხოვრებას განაგრძობდნენ. დიუსელდორფთან ახლოს, რაინის მიწაზე მდებარე ამ ქალაქში, სადაც კრისტიანი ექვსი წლის ასაკში პოლონეთიდან გადმოვიდა, 1990 წელს მან მისივე სახელის მატარებელი სტრატეგიული მარკეტინგული ფირმა დააარსა. საბედნიეროდ, ხელოვნების მიმართ მის ინტერესებთან თანხვდენილი კომპანიის კლიენტების რიცხვში არიან: Venice Biennale, Art Cologne, სააუქციონო სახლი Lempertz-ი, Art Berlin Contemporary და ბერლინის მრავალი სხვა სამხატვრო გალერეა, ხოლო Coca-Cola, 3M და Viva (გერმანული MTV), ამ სიის მნიშვნელოვან და ძველ კლიენტებად მოიაზრებიან. მისი საგამომცემლო სახლი, Distanz Verlag-ი, რომელიც Art Now-ს ავტორთან, უტა გროსენიკთან ერთად დააარსა, ისეთი მხატვრების კატალოგებსა და მონოგრაფიებს გამოსცემს, როგორებიც არიან ჯენი ჰოლცერი, ბორის მიხაილოვი და როზმარი ტროკელი.

კარენის პირადი და ბიზნესინტერესებიც ანალოგიურად ერთმანეთს ემთხვევა. 2005 წლიდან მას German VIP ურთიერთობების ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს Art Basel-ში და იმავდროულად განაგრძობს მისი ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების კომპანიის მართვას. მას განათლება ხელოვნების ისტორიასა და ფსიქოლოგიაში აქვს მიღებული ავსტრალიასა და კიოლნში, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში აურელ შაიბლერის გალერეაში მუშაობდა. სწორედ 14 წლის წინ, როდესაც ის Sprüth Magers-ის კიოლნის ყოფილ გალერეაში მხატვრებთან მეკავშირედ იყო დაქირავებული და Art Basel-ში გალერეის სტენდზე მუშაობდა, კრისტიანი გაიცნო. “საჭირო გახდა ედ რუშას ნახატის ყიდვა იმისათვის, რომ მასთან შეხვედრა მოგვეხერხებინა. მხატვართან პირველი შეხვედრა ძალიან ძვირი დაგვიჯდა”, – ენამახვილობს კრისტიანი. ნახატი, რომელიც, კარენის აზრით, მისი მეუღლის გემოვნებას არ შეესატყვისება, ახლა მათ საძინებელში კიდია. “ყოველ დილას ვიღვიძებ და ვამბობ, ‘გმადლობ, ედ’”, – დასძენს კრისტიანი.

ამ ერთი შენაძენის გარდა, ვერასოდეს ნახავთ, რომ კრისტიანსა და კარენს სამხატვრო გამოფენა-ბაზრობებზე რამე ეყიდოთ. “როდესაც გამოფენა-ბაზრობაზე მიდიხარ, ბრენდებს ყიდულობ, – ამბობს კრისტიანი. – მხოლოდ სამი წუთი გაქვს იმისათვის, რომ გალერისტს დაელაპარაკო და ერთი წუთი იმისათვის, რომ დაფიქრდე იმაზე, მართლა გსურს თუ არა ამა თუ იმ ნამუშევრის ყიდვა. ჩემი სურვილი კი ის არის, რომ ჩავწვდე ნამუშევარს, მესმოდეს, როგორ ფიქრობენ მხატვრები. მინდა მათთან საუბარი. მინდა, მათივე გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მათთან ერთად ღვინის დალევა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გალერისტებთან დიდხანს საუბარი, რადგან მათ ჩვენ ბევრი რამ შეიძლება გვასწავლონ”. იოჰან კიონიგი, ბოროსების ფავორიტი გალერისტი ადასტურებს, რომ ამგვარი საუბრები ყველასთვის სასარგებლოა, ვინც კი ამ საქმეში მონაწილეობს. “ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ თითოეულ შენაძენს, – ამბობს კიონიგი. – ის სპონტანური მყიდველი არ არის და მხატვრების შერჩევისას სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, შემდეგ კი ჩვენს გუნდს – რომლის შემადგენლობაში თვითონ, კარენი, მე და ესა თუ ის მხატვარი შევდივართ – ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რომელი ნახატი უფრო შესაფერია მისი კოლექციისთვის. ზოგჯერ იმ დასკვნამდეც მივდივართ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ნახატის ყიდვას საერთოდ აზრი არა აქვს”.

ერთი ამგვარი გუნდური გადაწყვეტილებით ზაილსტორფერის Forest-ის შეძენა მოხდა. “ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ის ჩვენს ბუნკერს ნამდვილად მოუხდებოდა”, – ამბობს მხატვარი. – როდესაც კრისტიანმა ეს პირველი ნახატი იყიდა (“Time Is Not a Highway” – “დრო არ არის გზატკეცილი”, 2008), კონტაქტი არ გვქონდა. მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ სისტემატიური თანამშრომლობა, რაც მან რამდენჯერმე მთხოვა, მისი კოლექციისთვის შესაფერის ნამუშევრებთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამომეთქვა”.

ზაილსტორფერი ახალ გამოფენაში თავის სამ კინეტიკურ ნამუშევარზე მიუთითებს, რომელთაგან თითოეული ბუნკერთან სრულ შესაბამისობაშია. “ხე ძალიან ბუნებრივია ამ არაბუნებრივ სივრცეში, – ამბობს ის. – პოპკორნის მოწყობილობა ბავშვურია, როდესაც მისთვის დამახასიათებელ ბედნიერ სურნელს ავრცელებს, მაგრამ აგრესიულ გარემოშია მოთავსებული. ხოლო საბურავი შესანიშნავად მიესადაგება ბუნკერს და პოპკორნის მოწყობილობის მსგავსად სურნელს ავრცელებს, ოღონდ – დამწვარი რეზინის სურნელს”.

კითხვაზე, საჭირო რომ გამხდარიყო, კრისტიანი ყოველივეს ისევ ნულიდან დაიწყებდა თუ არა, ის თვალებს ფართოდ აღებს და ხმამაღლა პასუხობს: “არა, არასოდეს! რომ მცოდნოდა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შემხვდა, აგრეთვე იმ ხარჯსა და დროზე, რომელიც დამჭირდა, ძალიან შემეშინდებოდა. ყოველივე ამან ხუთი წელი და მთელი ჩემი თმები წაიღო”. თუმცა ამ მომენტისთვის ბოროსი დარწმუნებით აცხადებს, რომ ახლანდელი ნამუშევრების შესწავლისა და შეგროვების პროცესი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ის ამქვეყნად აღარ იქნება. შეკითხვაზე, სად გამოფენს ყველა იმ ახალ ნამუშევარს, რომლებიც მეტისმეტად დიდი ზომისაა ამ ბუნკერისთვის, ის მპასუხობს: “ეს ხომ ერთადერთი შენობა არ არის, რომლის ყიდვასაც ვაპირებ”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *