რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?

რის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას, სად ჩააბაროთ ან სად მიიღოს თქვენმა შვილმა უმაღლესი განათლება?

ფასი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა, როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად შეესაბამება ხარისხი იმ ფასს, რომელსაც თქვენ განათლების მიღებაში იხდით? ან რამდენად მოგცემთ აქ აღებული დიპლომი, ვთქვათ, უცხოეთში სწავლის გაგრძელების ან თუნდაც, გლობალურ შრომის ბაზარზე კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას?

ამისთვის არსებობს საერთაშორისო სტანდარტები.

ითვლება, რომ რაც უფრო მეტად არის დაცული ეს სტანდარტები, მით უფრო ხარისხიანია ის გარემო, სადაც თქვენ სწავლობთ და მით უფრო გასაგებია დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული.

აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი 2017 წლის 5 მაისიდან საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განახლდა: თუ ადრე, ავტორიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, მხოლოდ 3 სტანდარტის დაკმაყოფილება საკმარისი იყო, ახლა მათი რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა და დღეს უმაღლეს სასწავლებლებს უკვე 7 საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება უწევთ.

ეს სტანდარტებია:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; 
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა; 
  3. საგანმანათლებლო პროგრამები; 
  4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი; 
  5. სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები; 
  6. კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა; 
  7. მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

განახლებული სტანდარტებით საქართველოში ავტორიზაცია სულ 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ 24–მა უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და პროცედურები, თუმცა მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილმა ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ ოთხმა – თავისუფალმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა – სხვებზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი: 24 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც შედიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები – მხოლოდ ერთმა კერძო – თავისუფალმა უნივერსიტეტმა და სამმა სახელმწიფო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიმსახურა უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომ რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწიოთ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს ექსპერტთა საბჭო, სადაც შედიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი და დასაქმების ბაზრის ექსპერტები და ასევე – სტუდენტებიც. ყოველი სასწავლებლისთვის თითოეული სტანდარტი 4 კრიტერიუმის საფუძველზე ფასდება.

ეს კრიტერიუმებია:

  • შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან

ექსპერტთა დასკვნები საჯაროა და ისინი თავს იყრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge. სწორედ მათზე დაყრდნობით შევადგინეთ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შედეგების ვიზუალიზაცია, რომლებმაც ამ დროისთვის უკვე მიიღეს ავტორიზაცია. შეგიძლიათ ნახოთ, რომელი უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ რომელ სტანდარტებს და საკუთარ საგანმანათლებლო მომავალთან დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიან ისეთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც, რომლებსაც ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის გავლა უწევთ 2019-2020-2021 წლებში. შესაბამისად, ისინი ამ მასალაში ვერ მოხვდებოდნენ. უფრო კონკრეტულად უნივერსიტეტების ჩამონათვალი და მათი სამომავლო ავტორიზაციის დამატებითი განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჩვენ გირჩევთ

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

წინა სტატია

2018 yılında havalimanında yolcu tarfığı %23.5 oranında arttı. Pazar lideri WizzarAir oldu
11 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს ძვირად?
14 იანვარი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა