M.I.T თამაშის წესებს ცვლის: უფასო online-განათლება ყველასათვის

„უოლ-სტრიტის ოკუპანტებისა" (Wall Street Occupiers) და კოლეჯის „სოციალურად უსამართლო" გადასახადის სხვა კრიტიკოსების მსოფლმხედველობისათვის ეს მოვლენა ნამდვილი დარტყმა იქნება: სრულიად უფასო განათლება თქვენი აკადემიური მოსწრებისა და ბექგრაუნდის მიუხედავად. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (M.I.T.) ორშაბათს განაცხადებს online-სწავლების ინიციატივის - M.I.T. x -ის შესახებ, რომელიც ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ სთავაზობს M.I.T. -ის კურსების online-შესწავლას.

პროგრამა სტუდენტებს M.I.T.-ის ხარისხoს მოპოვების საშუალებას არ აძლევს; სამაგიეროდ, ის პირები, რომლებიც online-პლატფორმის საშუალებით ნასწავლ საგნებს სრულყოფილად დაეუფლებიან, მიიღებენ კურსის დამთავრების ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც, რა თქმა უნდა, M.I.T.-ის დიპლომზე ნაკლებად ღირებული იქნება, თუმცა online-კურსის დამთავრების მოტივაციას ნამდვილად აღძრავს. New York Times-ის ცნობით, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სერტიფიკატი გაიცემა M.I.T.-ის მიერ დაარსებული ახალი არაკომერციული ორგანოს სახელით.

იმედია, ახალი online-პლატფორმა გაიზიარებს იმ წარმატებას, რომლითაც უნივერსიტეტის ძირითადი უფასო online-პლატფრომა OpenCourseWare (OCW) უკვე ათწლეულია, რაც სარგებლობს. აღნიშნული პლატფორმით, რომელიც დაახლოებით 2 100 კურსის მასალას შეიცავს, უკვე 100 მილიონზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. ახალი M.I.T. x პროგრამა შემოთავაზებული კურსების რაოდენობით OCW-ს ვერ შეედრება,თუმცა ის მეტად ინტერაქტიული იქნება.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას დისკუსიების სახით, რაც მათ საშუალებას მისცემს დასვან შეკითხვები ან მოაწყონ კოლექტიური „ბრეინსტორმინგი". ამავდროულად, მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ online-ლაბორატორიებით და თვითშეფასების ინსტრუმენტებით. სამომავლოდ სტუდენტები და პროფესორები საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩევენ სისტემაში ბაზირებულ კლასებს,რაც პერსონიზებული განათლების გარემოს შექმნის.

M.I.T. x უფასო online-განათლების ფართოდ გავრცელებული ბიზნესის ლოგიკურ ევოლუციას წარმოადგენს, რადგან ის სტუდენტებს ვიდეოფირზე ჩაწერილი ლექციების ნაცვლად ინტერაქტიულ მეთოდს სთავაზობს. Academic Earth-მა (რომელიც 2009 წელს Time Magazine-ის მიერ შერჩეულ 50 საუკეთესო ვებგვერდის სიაში მოხვდა), უფასო online-განათლების ბაზარი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც online-კურსების ფართო ასორტიმენტი - მოპოვებული ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა სტენფორდი და პრინსტონი - მთელი მსოფლიოსათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. Academic Earth-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ საკუთარი კომპიუტერების ეკრანებზე თვალი ადევნონ უნივერსიტეტების საუკეთესო პროფესორების ლექციებს. თუმცა მათ მხოლოდ ყურება შეუძლიათ. Khan Academy, online-განათლების კიდევ ერთი ცნობილი ვებგვერდი, სავარჯიშოებისა და შეფასებების სისტემის გზით მომხმარებელს თითქმის უფასო ინტერაქტიულ სწავლებას სთავაზობს, თუმცა განათლება K-12 დონით შემოიფარგლება. M.I.T. x პროგრამა Khan Academy-ის ინტერაქტიულობას Academic Earth- ის კოლეგიალურ მიდგომას შეუთავსებს და, ამასთან ერთად, ძირითადად M.I.T-ის მაღალი დონის საკურსო მასალებს გამოიყენებს.

„ M.I.T-ს ყოველთვის სწამდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს M.I.T-ის საკურსო მასალის დაძლევის საკმარისი მოტივაცია და უნარი, უნდა მიეცეს შანსი მიიღოს საუკეთესო განათლება, რამდენადაც ამის საშუალებას ინტერნეტტექნოლოგია იძლევა", - განაცხადა M.I.T-ის პრეზიდენტმა, სიუზან ჰოკფილდმა უნივერსიტეტის პრესრელიზში.

უნივერსიტეტის განცხადებით, M.I.T-ის ძირითადი სტუდენტები M.I.T. x -ს online-სტუდენტებისაგან განსხვავებულად გამოიყენებენ - მაგალითად, როგორც მათი ძირითადი კურსის დამატებით მასალას (პროფესორები და სტუდენტები თავად განსაზღვრავენ, როგორ ჩართონ პროგრამა თავიანთ კურსებში). უნივერსიტეტი გეგმავს ორივე პროგრამა ერთდოულად წარმართოს და არ შეამციროს OCW-ის შემოთავაზებები.

New York Times-ის თანახმად, კომპიუტერული პროგრამა უფასო იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ სერტიფიკატისათვის სტუდენტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი, მაგრამ „ხელმისაწვდომი"თანხის გადახდა მოუწევთ. პროგრამა ასევე იძლევა M.I.T-ის რთული და მკაცრი მისაღები პროცესისათვის თავის არიდების საშუალებას, ვინაიდან online-სწავლებით დაინტერესებულ online-სტუდენტებს არ მოეთხოვებათ პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება.

მათ, ვინც სულმოუთქმელად ელის M.I.T. x-ს, მოცდა მოუწევთ, რადგანაც უნივერსიტეტი პლატფორმის საპილოტე მოდელის ამუშავებას 2012 წლის გაზაფხულამდე არ გეგმავს. M.I.T-ის რექტორის, ლ. რაფაელ რეიფისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ანანტ აგარვალის განცხადებით, საპილოტე მოდელი მხოლოდ ერთი სასწავლო კურსით შემოიფარგლება, თუმცა მალე გაფართოვდება და ბევრ სხვა კურსს მოიცავს.

M.I.T-ის წარმომადგენლები მოელიან, რომ ამუშავების შემდეგ პროგრამა დიდი პოპულარობით ისარგებლებს იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც ცდილობენ შექმნან ან გააფართოონ თავიანთი online-საკურსო მასალების ბაზა. „სწავლების ღია ინფრასტრუქტურის შექმნა საშუალებას მისცემს სხვა დეველოპერულ საზოგადოებებს საკუთარი წვლილი შეიტანონ მის დახვეწაში, რაც პროგრამას თვითგანვითარებადს გახდის", - განაცხადა აგარვალმა M.I.T-ის პრესრელიზში.

წარმოადგენს თუ არა M.I.T. x საფრთხეს ისეთი ფასიანი online-უნივერსიტეტებისათვის, როგორიცაა University of Phoenix, APUS ან DeVry, დრო გვიჩვენებს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მალე პროგრამა მომხმარებელს შესთავაზებს კომერციული online-კოლეჯებისათვის დამახასიათებელ ბევრ ისეთ ღირსებას, როგორიცაა სწავლების საფუძვლიანი მართვის სისტემები და რეალურ დროში ვირტუალური ინტერაქცია, სავარაუდოდ, ფასიანი სწავლების კომპანიებს, რომლთა აქციებიც ბირჟებზე იყიდება, ფასების დაკლება მოუწევთ, რათა კონკურენცია გაუწიონ M.I.T-ის უფასო პროგრამას. ამასთან ერთად, M.I.T. x-ის, OCW-ისა და Academic Earth- ის წარმატებამ შესაძლოა კომერციულ კომპანიებს აიძულოს არსებითი ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, რათა მომხმარებელს უნიკალური, უფასო კონკურენტებისაგან განსხვავებული მომსახურეობა შესთავაზოს. უფასო განათლების მიღების მსურველთა რიცხვი სწრაფად იზრდება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სოციალური მედიის მხარდამჭერი მომსახურების მცირე ინდუსტრიის გაჩენა,რათა ეს ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს უფასო ინდივიდუალური სწავლებისა და დამხმარე სესიების საშუალებით.

STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) კურსდამთავრებულებზე არსებული დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, M.I.T. x რევოლუციურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვაში, თუ დიპლომზე პრეტენზია არ გაქვთ და უბრალოდ, ჩემსავით, რომელიმე სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება გსურთ. შესაძლოა „ჯენ მარქსის"(„მე რომ შავკანიანი ბავშვი ვყოფილიყავი") ტექნოლოგიაზე დაფუძნებული განათლების შეხედულება რეალობად იქცეს.

 

წინა სტატია

მასობრივი წარმოება მასებისთვის
09 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

„მკვდარი დახმარება“
11 იანვარი, 2012
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა