გავლენიანი ადამიანები - ჯეფრი გუნდლაჰი

ბილ გროსის საობლიგაციო ბაზრის მწვერვალიდან შთამბეჭდავმა ჩამოვარდნამ თამაშში ათობით მილიარდის ჩადება განაპირობა იმ დროს, როდესაც მწირი შემოსავლების გამო, ფიქსირებული შემოსავლის სუპერვარსკვლავზე მოთხოვნა იყო. ბრწყინვალე, ბრძოლაში გამოცდილი მილიარდერი, ჯეფრი გუნდლაჰი, სამეფო ტახტზე ასასვლელად მზად არის.

ობლიგაციების მენეჯერს, ჯეფრი გუნდლაჰს თეთრი მაისური, გაქექილი ცისფერი ჯინსი და ტყავის გაცვეთილი ყოველდღიური ფეხსაცმელი აცვია, ვინაიდან ის დილაობით დიდხანს სეირნობს თავის კარგად გამწვანებულ უკანა ეზოში, რომელიც კანიონის ზემოთ მდებარეობს და რომელიც მუქ ცისფერ წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს. ეს არის ოქტომბრის სამუშაო ორშაბათის შუადღე; ევროპული ბანკების აქციები ვარდება; ივნისიდან ნავთობის ფასები 25%-ით შემცირდა; სუსტი ეკონომიკისა და დასუსტებული ხაზინის ფონზე “ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი” მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს. ფინანსურ ბაზრებზე მღელვარების დრო დადგა, მაგრამ გუნდლაჰისთვის ეს სამხრეთკალიფორნიული შემოდგომის მშვენიერი დღეა და ის მის ხელთქმნილ სამოთხეში ცხოვრობს.

რას მოიმოქმედებენ ფედერალები? გუნდლაჰი უფრო დიდი სიამოვნებით ენდი უორჰოლის “ლიმონის მერლინზე” ისაუბრებდა, რომელიც მას ბუხრის თავს უმშვენებს, ან იმაზე, თუ როგორ ემორჩილება ფიბონაჩის რიცხვთა მიმდევრობის პროპორციას მინიმალისტ დონალდ ჯადის “პროგრესია”, რომელიც მის ჰოლში არის ჩამოკიდებული. “ეს არის ნეგატიური და პოზიტიური სივრცე, მას მართავს წესი, რომელიც მზის სისტემის სტრუქტურის აღწერაში გამოიყენება და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც 50-იან წლებში ესოდენ პოპულარული იყო – ემოციური შემოქმედება”, – ამბობს ის და ვილემ დე კუნინგის ტილოზე მიუთითებს. რამდენიმე წუთში ის სტუმარს ნაკვეთის გეომეტრიულ თავისებურებებს უხსნის, რომელზეც მისი 13,000- კვადრატული ფუტის, $16-მილიონიანი ეტრუსკული ვილა არის განლაგებული. დიზაინი ჰარმონიულად ირეკლავს კანიონის კლდეს და სარკისებურად იმეორებს მას.

ეს არის სამოთხე, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ გუნდლაჰი აქ თავს მშვიდად გრძნობს, ვინაიდან მისი ახალი თავშესაფარი კარგად არის გამაგრებული. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მასთან ან ტილოების კოლექციასთან ახლოს მისვლა მოუნდება, 8-ფუტიანი კედლის გადალახვა მოუწევს, რომელიც ქალაქგარეთ აშენებულ რეზიდენციას გარს ერტყმის. მის სამფლობელოში მოხვედრამდე თითოეული სტუმარი იძულებულია წინკარში მდგომ პირქუშ ფლოტის ვეტერანს პირადობის მოწმობა წარუდგინოს. მისი სახლი ცემენტის ფუნდამენტზე დგას, რომელიც ორმოცდაათი კესონისგან შედგება. აქედან ერთ-ერთის ჩვენებას გუნდლაჰი სავალდებულოდ მიიჩნევს. თოთოეულის დიამეტრი 3 ფუტს შეადგენს და კალიფორნიის უდაბნოს ფორისებული ქანების ნიადაგში 75 ფუტის სიღრმეზე ჩადის.

Bloomberg-ის ობლიგაციების პორტფელის მართვის ტერმინალის შავ-მწვანე უფსკრულში 30 წლის ყურების შემდეგ, გუნდლაჰი თავისი ბრწყინვალე ახალი რეზიდენციით ბიზნესში თავის დომინირებას ხაზს უსვამს. გუნდლაჰის სახლი, იმ უეცარი მეწყრების მსხვერპლი არ გახდება, რომლებიც კალიფორნიის მილ-ველსა ან მალიბუს ემუქრებიან. მას აქვს ვარსკვლავური დახასიათება – ღირსშესანიშნავად გაართვა თავი $60 მილიარდის აქტივების მართვას, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოაგროვა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების საოცარი კოლექცია. და ბოლო-ბოლო ჯეფრი გუნდლაჰი მილიარდერთა კლუბის წევრი გახდა. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კომპანია DoubleLine Capital-ი, რომლის დაარსებასა და აღზევებასაც გუნდლაჰმა ლოს-ანჯელესში, ხუთ წელიწადზე ნაკლები მოანდომა, საუკეთესო პოზიციაზე იმყოფება.

ერთი თვეც არ გასულა, რაც Pacific Investment Managament Co.-ის დამფუძნებელმა და ორი ათწეულის მანძილზე ობლიგაციების სამყაროს მბრძანებელმა, ბილ გროსმა, გუნდლაჰს აუდიენცია სთხოვა.

ეს სცენა შეიძლება აღიწეროს მხოლოდ ერთი სიტყვით – “შექსპირული”: ობლიგაციების მეფეს ცხელი შუადღის მთელი ერთი საათის გატარება მოუწია მანქანაში, როდესაც იგი გუნდლაჰის ახალი სასახლისკენ მიემართებოდა, რათა მის მიმართ “ქედი მოედრიკა”. გროსი დარწმუნებული იყო, რომ PIMCO-ს გერმანელი მფლობელები მის მოხსნას აპირებენ და იმ შუადღეს მან თავის კონკურენტს სამსახური სთხოვა – ინვესტიციების მმართველის პოზიცია DoubleLine-ში. გროსის თქმით, მას უნდოდა ემართა “ნებაყოფლობითი” ობლიგაციების ფონდი, რომელიც მის მიერვე დაფუძნებული $200-მილიარდიანი Total Return Fund-ის პატარა ნაწილს წარმოადგენდა. როდესაც მზე წყნარ ოკეანეში ჩადიოდა და გუნდლაჰის ინფინიტი აუზში ციმციმებდა, გროსი მლიქვნელობისთვის მზად იყო.

“მან მითხრა: ‘მე ვარ კობი ბრაიანტი და შენ ხარ ჯეიმს ლებრონი. მე ხუთი ბურთი ჩავაგდე და შენ ორი, მაგრამ შენ ალბათ იმ გზაზე ხარ, რომ ხუთი ჩააგდო და შენ ამის დრო გაქვს’”, – ამბობს 55 წლის გუნდლაჰი. (70 წლის გროსმა ამ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა). “ბილი თავის ამპლუაში იყო, – აგდებული კილოთი ამბობს თავისი სახლით ამაყი გუნდლაჰი. – მას არაფერი უთქვამს ჩემი სახლის შესახებ, არაფერი. სამი საათის განმავლობაში არაფერი უჭამია და ერთი ყლუპი წყალიც კი არ დაულევია”.

გროსი შეხვედრიდან შეთანხმების გარეშე წამოვიდა და, საბოლოო ჯამში, მუშაობა დენვერში მდებარე Janus Capital-ში დაიწყო. ორინჯ-ქაუნტში, ნიუპორტ-ბიჩში მდებარე ოფისიდან გროსი Janus-ის $79-მილიონიან ურთიერთსაპაიო ფონდს მართავს, რომელიც ადრე მის მიერ გაკონტროლებული აქტივების მხოლოდ 0.03%-ია.

გუნდლაჰისა და გროსის ალიანსი PIMCO-დან DoubleLine-ში აქტივების გადმოყვანას უდავოდ დააჩქარებდა. მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს გროსი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა, PIMCO-მ $25 მილიარდის ვალის დაფარვის შესახებ გამოაცხადა. გუნდლაჰი ამტკიცებს, რომ ეს მისი დახმარებით მოხდა. “ჩვენი კლიენტები გვკითხავდნენ: ‘რა არის ეს? ეს როგორ იმუშავებს?’ მე გამიგია, რომ ის რთული ადამიანია”.

გროსის განდევნით ბრძოლა დასრულდა, მაგრამ $45-ტრილიონიანი საობლიგაციო ბიზნესის ისტორიაში, ბაზარზე აქციების ყველაზე დიდი რყევის შედეგები ჯერ კიდევ თავს იჩენენ. თამაშში PIMCO-ს $100 მილიარდის აქტივებია, DoubleLine-ი მათზე პრეტენზიას აცხადებს და თავის ყველაზე მსხვილ მოწინააღმდეგებს – BlackRock-ს, Dodge & Cox-ს, Loomis Sayles-სა და გიგანტურ ინდექსურ ფონდ Vanguard-ს – ებრძვის. ისინი ძლიერი კონკურენტები არიან, მაგრამ გუნდლაჰის მსგავსი მენეჯერი, რომელიც საობლიგაციო ბაზრის პროგნოზებს შთამბეჭდავ გრძელვადიან განხორციელებასთან ათავსებს, არავის ჰყავს.

გუნდლაჰის სუპერვარსკვლავის სტატუსი DoubleLine-ის დალოცვაც არის და წყევლაც. გროსის მსგავსად, რომელმაც ფინანსურ ჭაობში აღმოჩენილი საობლიგაციო კომპანია ახალგაზრდა ბიზნესის მართვის ადმინისტრატორებისა და მაგისტრებისთვის მოგებიან პლატფორმად აქცია, გუნდლაჰი თავისი ამპარტავნობით, ექსტრავაგანტურობითა და ცვალებადობით კარგად არის ცნობილი. ინსტიტუციური ინვესტორები ვერ ეგუებიან ისეთ დრამებს, როგორიც PIMCO-ში დატრიალდა და რომელიც, სამწუხაროდ, გუნდლაჰის სტილისთვის დამახასიათებელია.

 “თქვენ შეიძლება ყველას ასიამოვნოთ, მე კი ამას არც ვაპირებ”, – ამტკიცებს გუნდლაჰი, როდესაც რადიო Pandora-ზე გაჟღერებული სინატრას ხმა მისი სახლის ხმის სისტემაში ისმის. – ისინი წამყვანი თანამშრომლების დაკარგვის რისკზე მიუთითებენ და ჩვენ ვეუბნებით: ‘ყველამ იცის, რომ ეს არის წამყვანი თანამშრომლის აღიარება’. ბილ გროსის გაკვეთილი გაითვალისწინეთ: ნუ ჩადებთ ფულს ვარსკვლავურ მენეჯერთან, რომელსაც სხვა მფლობელი კომპანია აკონტროლებს”.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტროლის სადავეების ფლობა, გუნდლაჰმა ძალიან მწარედ გამოსცადა. ლოს-ანჯელესში მდებარე Trust Company of the West (TCW)-ში, სადაც ის 2009 წლამდე მუშაობდა, 24 წელიწადის უმეტესი ნაწილი, გუნდლაჰი ვარსკვლავად, ფულის ბრწყინვალე მენეჯერად ითვლებოდა, რომელსაც ბაზრებთან ურთიერთობის უნარი ჰქონდა. მისი სპეციალობა იპოთეკური ფასიანი ქაღალდებია. ურთიერთსაპაიო ფონდმა, რომელსაც ის 2009 წლამდე მართავდა, ათი წლის მანძილზე, თავისი კატეგორიის ურთიერთსაპაიო ფონდების 98% დაამარცხა. უფრო შთამბეჭდავი იყო უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის 2007 წლის სწორი პროგნოზი და ის, რომ მან უფრო მეტი პრეკრიზისული მოგების შენარჩუნება შეძლო, ვიდრე ნებისმიერმა მისმა კოლეგამ. 2005 წელს, 46 წლის ასაკში, ის ძლიერი TCW-ის მთავარი საინვესტიციო დირექტორი გახდა და 2009 წლისთვის კომპანიის $110-მილიარდიანი აქტივებიდან $70 მილიარდს მართავდა. მხოლოდ 2009 წელს გუნდლაჰის წლიური ანაზღაურება $40 მილიონზე არანაკლები იყო.

მიუხედავად TCW-ის წარმატებაში მისი წილისა, საბოლოო ჯამში, გუნდლაჰი მაინც დაქირავებული თანამშრომელი იყო, რომელსაც მოგების წილისა და საკუთარი ბედის გაკონტროლების უფლება არ ჰქონდა. მას უფრო მეტი უნდოდა. მას უნდოდა TCW-ის აღმასრულებელი დირექტორი გამხდარიყო. მაგრამ ალბათ მისი უხეში სტილის გამო, კომპანიის ფრანგი მფლობელები, Société Générale-ი და მისი დამფუძნებელი, მილიარდერი რობერტ დაი ფიქრობდნენ, რომ ის ამ თანამდებობას არ შეეფერებოდა.

 “გასაგებია, რომ ჯეფრი ვერ იტანს სულელ ადამიანებს და იმათ, ვინც არ ფიქრობს, ვიდრე რამეს იტყვის”, – ამბობს ბონი ბაჰა, რომელიც TCW-ში 19 წელი მუშაობდა და გუნდლაჰის ენამწარობის მომსწრე არაერთხელ გამხდარა. ახლა ის DoubleLine-ის გლობალური განვითარების ობლიგაციებს ხელმძღვანელობს.

გუნდლაჰის უკმაყოფილება გახდა მიზეზი იმისა, რომ მან ალტერნატივებზე ფიქრი დაიწყო. მას კონკურენტებიც ეძახდნენ, მათ შორის, Western Asset Management-ი და PIMCO, რომელიც სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, მას გროსის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებდა. 2009 წლის 4 დეკემბერს, ნიუ-იორკის ბაზრის დახურვის შემდეგ, TCW-მა გუნდლაჰი სამსახურიდან გაათავისუფლა და მისმა კერძო იურისტებმა ის ლოს-ანჯელესში მდებარე ოფისიდან გამოაგდეს. TCW-მა, პარალელურად, Metropolitan West-ი შეიძინა, რათა იმის პრევენცია მოეხდინა, რომ ინსტიტუციურ ინვესტორებს მათი ფული გამოეტანათ და მასთან ერთად წასულიყვნენ. TCW-ის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ეს იყო სიურრეალისტური სცენა, როდესაც ორშაბათ დილით, სამსახურში მისულებს, მათ სამუშაო ადგილებზე Met West-ის ტრეიდერები დახვდნენ.

მიუხედავად TCW-ის მიერ ხელფასის გაზრდის დაპირებებისა, გუნდლაჰის 40 მხარდამჭერი კომპანიიდან წამოვიდა. უკვე ერთ თვეში გუნდლაჰმა DoubleLine Capital-ი შექმნა. მან მხარდამჭერები იპოვა ჰოვარდ მარკისა და Oaktree Capital Management-ის ბრიუს კარშის სახით, რომლის TCW-დან 14 წლის წინ წამოსვლა ასევე მტკივნეული იყო. (პრობლემურ სესხებზე სპეციალიზებული Oaktree საოფისე ფართს DoubleLine-თან ინაწილებს და კვლავ კომპანიის 20%-ს ფლობს). TCW-ი, ფიქსირებული შემოსავლების თავისი ყველაზე ნიჭიერი თანამშრომლის წასვლისა და კომპანიიდან თითქმის $30 მილიარდის აქტივების გადენის გამო იმედგაცრუებულია.

მაგრამ დრამა მხოლოდ იწყებოდა. შეტანილი იყო სარჩელები და კონტრსარჩელები. გუნდლაჰის წინააღმდეგ $300 მილიონზე მეტი სარჩელი იყო შეტანილი. ის დაადანაშაულეს ყველაფერში – მყარი დისკების მოპარვით დაწყებული, პორნოებისა და მარიხუანის შენახვით დამთავრებული. შეშფოთებულმა გუნდლაჰმა TCW-ის 45 თანამშრომელთან შეხვედრა ჩაატარა. მათ აქციების პაკეტების დაპირებებით ხიბლავდა. მის ახალ კომპანიას აქტივები არ ჰქონდა და მის წინ პოტენციური ვალდებულებები იდგა, მაგრამ მან იმის პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი კომპანია ბიზნესიდან ამოვარდებოდა, ის ყველას დაასაქმებდა.

გუნდლაჰმა კონტრსარჩელი $500 მილიონზე მეტი თანხის მიღებაზე შეიტანა, რომელიც, მისი თქმით, მას ეკუთვნოდა.

რთული პერიოდი ორ წელს გრძელდებოდა, რომლის დროსაც ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ექვსკვირიანი სასამართლო ჩატარდა. მთელი ეს პერიოდი გუნდლაჰმა და მისმა ობლიგაციების ტრეიდერებმა მტკიცედ გადაიტანეს. ჯგუფი კარგი შედეგების მიღწევას აგრძელებდა და DoubleLine-ის აქტივები გაიზარდა. 2010 წლის ბოლოსთვის, როცა ერთი წელი არც კი იყო გასული კომპანიის დაარსების დღიდან, აქტივებმა $7 მილიარდს მიაღწია და, როგორც ეს გუნდლაჰმა იწინასწარმეტყველა, კომპანიის მუშაობა მხოლოდ ზარალის მომტანი აღარ იყო.

საბოლოო ჯამში, 2011 წლის ბოლოს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ Gundlach & Co.-მ TCW-ის სავაჭრო საიდუმლოებები მოიპარა, მაგრამ მას ზიანის ანაზღაურება არ დაუწესა. გარდა ამისა, სასამართლოს დადგენილებით, გუნდლაჰს $67 მილიონის კომპენსაციაც ეკუთვნოდა. TCW-მა და გუნდლაჰმა შეთანხმებას აპელაციების შეტანის გარეშე მიაღწიეს.

ამ დროისთვის, DoubleLine-ის ფონდებმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს და $50 მილიონის აქტივები სწრაფად მოიპოვეს. ამავე დროს, Morningstar-ის “ათწლეულის საფონდო მენეჯერს, ბილ გროსს, თავის ძალაუფლების მქონე ფონდ PIMCO Total Return-ში არადამაკმაყოფილებელი შემოსავლები ჰქონდა. 2011 წელს მან არასწორი ფსონი დადო და გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების რბოლიდან ამოვარდა. ამის შედეგად, PIMCO-ს ფონდი Total Return-ი მის კონკურენტებს შორის, 87-ე ადგილზე აღმოჩნდა და ინვესტორებს მხოლოდ 4.2% დაუბრუნა, გუნდლაჰის წამყვანმა Total Return ფონდმა კი – 9.5%.

2012 წლის 4 დეკემბერს, TCW-დან გათავისუფლებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, გუნდლაჰმა TCW-ის მთავარი ოფისის ჰოლში რესტორანი დაიქირავა და დიდებული წვეულება გამართა. შამპანური Cristal-ი იღვრებოდა, მის უკვე მდიდარ თანამშრომლებსა და პარტნიორებს ფილე მინიონითა და თინუსის ტარტარით უმასპინძლდებოდნენ. ბანერი წარწერით, “DoubleLine $50 მილიარდი” ბარის შესასვლელთან ეკიდა ისე, რომ TCW-ის ხელფასისთვის მომუშავე თანამშრომლები მას შენობიდან ხედავდნენ.

გუნდლაჰი, ბრწყინვალე ანალიტიკური მოაზროვნე, რომელიც ფაქტებთან პედანტურია და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისას – ანგარებიანი, იმ ადამიანებზე ზრუნავს, რომლებიც მას DoubleLine-ში წაჰყვნენ, მაგრამ თავის ემოციებს იშვიათად ამჟღავნებს. მას თავის 125 თანამშრომელთან ურთიერთობა თითქმის არა აქვს.

ნიუ-იორკის ქალაქ ბუფალოს მკვიდრის, გუნდლაჰის წარმატებული მეწარმეობა გენეტიკურია. ბაბუამისი, მამამისის მხრიდან, გერმანელი მინისტრის შვილი იყო და მღელვარე 20-იან წლებში ბროკერი გახდა. გუნდლაჰი ამტკიცებს, რომ ბაბუამისმა 1929 წლის კრიზისი იწინასწარმეტყველა და დიდი დეპრესიის წინ სოლიდური თანხა $30,000 (დღევანდელი $400,000) შეინახა. შემდეგ ის ჰიგიენური საგნების ქიმიკოსი გახდა და თხილის ფესვების ექსტრაქტისგან თმის საღებავი შექმნა. 50-იანი წლების დასაწყისში მისი Wildroot Hair Cream-ი ნაციონალური ბრენდად იქცა.

“პატარა რომ ვიყავი, ის ხშირად გვაძლევდა ბოთლებს, – ამბობს გუნდლაჰი. – ჩვენ ვთამაშობდით, როგორც Fonz-ის გმირები”.

გუნდლაჰის ბიძა, რობერტი, ფიზიკოსი და გამომგონებელი იყო. მან წამოიწყო პროცესი, რომლის წყალობით, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში მდებარე კომპანიამ, Haloid Photographic Co.-მ (შემდეგ ცნობილი, როგორც Xerox-ი) კოპირების მანქანა შექმნა.

გუნდლაჰის მამა ქიმიკოსი იყო კომპანია Pierce & Stevens-ში, რომელიც ფენილს აწარმოებდა, დედამისი მასწავლებელი და დიასახლისი მუშათა კლასის ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდლაჰების დიდი კლანი ზაფხულს ნიუ-იორკის ჩრდილოეთში მდებარე რეზიდენციაში, სტარლიტში ატარებდა, მისი დედ-მამა მაინც ხელმოკლედ ცხოვრობდა. მის ოჯახს არ ერგო წილი ბიძია რობერტის სიმდიდრიდან, რომელიც Xerox-ის ათობით პატენტს ფლობდა. “ბიძაჩემი ძალიან ხელმომჭირნე იყო, ის ათ ცენტსაც კი არავის აჩუქებდა”, – იგონებს გუნდლაჰი.

ამრიგად გუნდლაჰი საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახში აღიზარდა და მას მდიდარი კლასის წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობა ახლაც უჭირს. გუნდლაჰი იხსენებს, რომ დედამისის მშობლებს მაღალი კლასის მიმართ იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ, რომ მის შუათანა ძმას, ბრედს, პრინსტონის ნაცვლად ბუფალოს უნივერსიტეტში ჩაბარებას ურჩევდნენ (საბოლოო ჯამში ის პრინსტონის გუნდ Tiger-ის წევრი გახდა). გუნდლაჰი დღემდე ტრაბახობს თავისი “მუშა” უფროსი ძმით, დრიუთი, რომელიც კოლეჯში არასდროს სწავლობდა და ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში სახლებს არემონტებს. დამოუკიდებლობისა და მადლიერების დღეებს გუნდლაჰი დრიუს სახლში ატარებს.

სკოლაში გუნდლაჰი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო და მათემატიკის SAT ტესტში თითქმის უმაღლესი ქულა მიიღო. ფინანსური დახმარების წყალობით, მან მათემატიკისა და ფილოსოფიის განხრით სწავლა შეძლო დარტმუთის უნივერსიტეტში, რომელიც 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა. ის გეგმავდა, ფილოსოფიის მასწავლებელი გამხდარიყო, მაგრამ ავსტრიელ-ბრიტანელი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნაშრომების წაკითხვის შემდეგ გადაიფიქრა. “ამის შემდეგ ფილოსოფია აღარ მაღელვებდა”, – ამბობს ის და განმარტავს: “ვიტგენშტაინი, სხვა მიმართულებებთან ერთად, მათემატიკის ფილოსოფოსიც იყო და მისი აზრით ფილოსოფია არის მხოლოდ სიტყვები, რომლებიც არაფერს ნიშნავს. ამრიგად, ფილოსოფოსი ჰგავს ბუზს, რომელიც ბუზების დასაჭერ ბოთლში ხვდება და გამოსავალს ვერ პოულობს. რა არის ცხოვრების აზრი? ჟღერს, როგორც კითხვა, მაგრამ ეს კითხვა არაფერს ნიშნავს”.

გუნდლაჰმა მეტი დრო მათემატიკას დაუთმო და იელის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიიღეს.

 “ჩემი თეზისი იყო უსასრულობის არარსებობის ალბათობის შედეგები, – განმარტავს გუნდლაჰი. – უსასრულობა არ არსებობს. ეს არის ილუზია; არ არსებობს საერთოდ არაფერი ემპირიული, რაც უსასრულობის არსებობას ადასტურებს და იმ ყველაფერს, რაც ოპერირებს უსასრულობის არსებობის ვარაუდის საფუძველზე, არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება”.

ცხადია, გუნდლაჰის თეზისი მის ხელმძღვანელს იელში არ მოსწონდა. მეტიც, ის, არისტოტელეს შემდეგ ყველაზე გავლენიანი მათემატიკოსის, ავსტრალიელი ლოგიკოსის, კურტ გედელის უსასრულობის თეორემის დიამეტრალურად საპირისპირო თეზისი გახლდათ.

1985 წელს გუნდლაჰმა, რომელიც დარტმუთში და იელში სწავლის დროს, სხვადასხვა მუსიკალურ ანსამბლებში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა, თმა ქერად შეიღება და ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, რათა ალტერნატიული როკის ვარსკვლავი გამხდარიყო. ის რამდენიმე ჯგუფთან ერთად გამოდიოდა სცენაზე, რომელთა შორის ერთ-ერთიც Radical Flat-ად იწოდებოდა და მხოლოდ მცირე წარმატებას მიაღწია. იძულებული გახდა, მუშაობა Transamerica-ს სადაზღვევო განყოფილებაში დაეწყო. მას შემდეგ, რაც ნახა გადაცემა Lifestyles of the Rich and Famous-ი, რომელიც მაყურებელს საინვესტიციო ბიზნესსა და იქ არსებულ უმაღლეს შემოსავლებზე მოუთხრობდა, გადაწყვიტა, ბედი ამ სფეროში ეცადა.

შემთხვევით გაგზავნილი საკონკურსო წერილის წყალობით გუნდლაჰმა მუშაობა Trust Company of the West-ის ფიქსირებული შემოსავლების განყოფილებაში დაიწყო. სამსახურის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მან საობლიგაციო ბაზარზე დაწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, Inside the Yield Book-ი წაიკითხა. ვაჭრობას სამსახურშივე სწავლობდა და საბოლოო ჯამში ამ კომპანიაში იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ყველაზე გავლენიანი მენეჯერი გახდა.

ოქტომბრის ბოლოა და გუნდლაჰი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით გამოდის კალიფორნიის ნიუპორტ-ბიჩში ჩატარებულ ETF.com-ის კონფერენციაზე, Inside Fixed Income-ზე, რომელსაც 175 ინვესტორი და კონსულტანტი ესწრება. ეს ხდება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც ბილ გროსის გადაყენებამ ობლიგაციების ბაზარი შეარყია და ამიტომ მის გამოსვლას მოსალოდნელზე უფრო მეტი ადამიანი ესწრება, რათა გუნდლაჰის თითოეულ სიტყვას გამოეკიდნონ.

“ადამიანებს მოსწონთ ჩემი მაკრომასალა, – ამბობს ის. – მათ ეზარებათ არამყარი ობლიგაციების შესახებ გრძელი პრეზენტაციების მოსმენა, მაგრამ ამავე დროს მაკროეკონომიკური მოვლენებისა და გეოპოლიტიკის უკან მდგომი ძალების ინტერპრეტირების სხვადასხვა გზა აინტერესებთ”.

მისი 56-სლაიდიანი PowerPoint-ის პრეზენტაცია, სახელწოდებით “ეს არის განსხვავებული დრო”, უშუალოდ ლეგენდარული ინვესტორის, სერ ჯონ ტემპლტონის გაფრთხილებას ეხება ინვესტიციებში ამ ოთხი ყველაზე საშიში სიტყვის არსებობის შესახებ.

მაგრამ რასაც გუნდლაჰი გულისხმობდა, მის პირველ სლაიდზე ეწერა. ეს იყო ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს სიტყვები: “ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, რადგან მდინარეც იცვლება და შენც”.

გუნდლაჰი ბაზარზე არსებულ უცნაურ გარემოს გულისხმობს და ამტკიცებს, რომ ანალიტიკოსები, რომლებიც წარსულის ეკონომიკასა და მონეტარული პოლიტიკის აქსიომებს სწავლობენ, სერიოზულ შეცდომას უშვებენ.

 “წარსულში ფედერალური სარეზერვო სამსახური ინფლაციის წინააღმდეგ ყიდვის უპირატესი უფლების დონეს სწევდა. დღეს ინფლაცია არ არის, მაგრამ ფინანსთა მინისტრები ამბობენ, რომ გლობალური ეკონომიკის საშიშროებას ინფლაციის არარსებობა წარმოადგენს, – ამბობს ის. – ამიტომ ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ძალიან განსხვავებული რამ არის და ამგვარად, წარსულში ზრდის ციკლების გასაშუალოება ვერ მოგცემთ კარგ რუკას იმ მომავლის გზაზე სახელმძღვანელოდ”.

ეს არის ობლიგაციების მეფის შეხედულება დღევანდელ სამყაროზე:

ფედერალურ სამსახურს შეუძლია ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთის არასწორი მიზეზების გამო გაზრდა.

 “სინამდვილეში მათ არ სჭირდებათ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ მათ უნდათ თოფის ხელახლა დატენა, რათა იმის შთაბეჭდილება შექმნან, რომ ინსტრუმენტების გარეშე ნოლზე გაჩერებულნი არ არიან “.

თუ ფედერალური სარეზერვო სამსახური საპროცენტო განაკვეთს გაზრდის, ეს დეფლაციური ძალების აჩქარებას გამოიწვევს.

 “პირობების გამკაცრებისთანავე დოლარი არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ დათუთქული ძაღლივით ავარდება აღმართზე. თუ ეს ასე იქნება, სამომხმარებლო პროდუქტების ფასები დაიწევს, დეფლაციის იმპორტი მოხდება და თქვენ დეფლაციის შიშს იგრძნობთ”.

სახაზინოს გრძელვადიანი მრუდი შეუცვლელი დარჩება და შეიძლება შემდგომში ქვემოთ ჩავიდეს.

 “არის 30%-იანი ვარაუდი იმისა, რომ დეფლაციის იმპორტი ხაზინაში პანიკას წარმოქმნის. ის, “დნობის” ეფექტის შექმნით, დღეს გერმანული ობლიგაციების დონეს 1%-ით ცვლის”.

როდესაც ფედერალური სარეზერვო სამსახური განაკვეთების შეცვლას იწყებს, სარისკო აქტივების ფლობა არცთუ ისე კარგი ხდება.

 “ძალიან მომხიბვლელია, როდესაც გაყიდით “ნაგავ” ობლიგაციებს და სახაზინოს ობლიგაციებს იმწუთას იყიდით, როდესაც ფედერალური სარეზერვო სამსახური განაკვეთს პირველად შეცვლის. 1980 წელსაც ასე მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში სწორად მოიქცევით”.

არ გაიკვირვოთ, როდესაც ნახავთ, რომ შემოსავლების მრუდი გასწორებულია ან შეიძლება მიმართულებაც კი ჰქონდეს შეცვლილი.

 “გრძელვადიანი განაკვეთები მხოლოდ ვარდება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ბაზარი ფედერალურ სარეზერვო სამსახურს ეუბნება ‘გააგრძელე, გამახალისე’. მრუდი მიმართულებას იცვლის, როდესაც ფედერალური სარეზერვო სამსახურის ფონდები 2.5–3%-ს მიაღწევს”.

ივაჭრეთ დოლარის ზრდაზე, განსაკუთრებით – განვითარებადი ბაზარების ობლიგაციების შემთხვევაში.

 “2011 წლიდან ჩვენ ყველას გვაქვს დოლარი [უცხოურ ობლიგაციებში გამოხატული]. რაღაც დროის განმავლობაში ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ ახლა აქვს. თუ არ ხარ დოლარიანი, პრობლემები გექმნება”.

აარიდეთ თავი სამშენებლო კომპანიებს, სახაზინოს ინფლაციისგან დაცულ ფასიან ქაღალდებს, იპოთეკური უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებს და ნავთობის ფასი შემცირდება.

 “დარწმუნებული ვარ, საუდიელებს უნდათ, ერთი ბარელის ფასი $70-ზე ავიდეს. მათ არ აღელვებთ მოკლევადიანი დეფიციტი, თუ ეს აშშ-ში ნავთობის მოპოვების შემცირებასა და მათი რეგიონის ქვეყნებში მდგომარეობის გართულებას გამოიწვევს”.

2020 წლისთვის საპროცენტო განაკვეთებმა და ინფლაციამ (და ასევე გადასახადებმა) შეიძლება ზრდა დაიწყონ.

“ჩვენ გვაქვს შტილი ქარიშხლის წინ. მე ვსაუბრობ დიდი ძალების დაბერებაზე, რაც უდავოა და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ვგულისხმობ პენსიონერებისა და მომუშავე ადამიანების თანაფარდობას, მსოფლიოში სამუშაო ძალის მოცულობას. მალე ჩინეთს მუშა ძალა აღარ ეყოლება. იტალია სამუშაო ძალის 39%-ს დაკარგავს თაობანახევრის შემდეგ. იაპონიაში მცირდება მუშათა კლასი და იქ არ არის იმიგრაცია. რუსეთი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი დემოგრაფიული კრიზისის პირისპირ დგას, შიმშილის, ომისა და დაავადებების არარსებობის პირობებში. საერთო ფონი სავალალოა. იტალიას უიმედო მდგომარეობაშია”, – განაჩენი გამოაქვს გუნდლაჰს.

 “ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ობლიგაციები 2011, 2012 და 2013 წლების დეფიციტის დროს იყიდა და დროთა განმავლობაში მათი ფასი იზრდება. 2020 წელს თქვენ არა მხოლოდ მასობრივად აფინანსებთ სოციალურ უზრუნვეყოფასა და ჯანდაცვას, არამედ ძველ ვალებსაც იხდით. ამაზე არავინ საუბრობს. ეს დიდი ამბავია. ამ ვალის დაფარვისთვის ჩინეთს დემოგრაფიული მონაცემები არ გააჩნია. ვინ უნდა გადაფაროს ეს ვალი?”

დავალიანების შტორმი, რომელზე ნერვიულობაც, გუნდლაჰის თქმით, ტაქტიკური თვალსაზრისით ჯერ ძალიან ადრეა, ფინანსურ ბაზრებს თავს დაატყდება მაშინ, როდესაც DoubleLine-ი თავისი ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

დიდ საპენსიო და სადაზღვევო ფონდებს აქტივების გადაადგილება უჭირთ, ვინაიდან ეს ხშირად მოითხოვს დირექტორთა საბჭოს კოორდინირებულ შეხვედრებს, ახალი კომპანიებიდან განაცხადების მოთხოვნას, პრეზენტაციების მოსმენასა და ხმების შეგროვებას. მაგრამ მომდევნო რამდენიმე თვეში PIMCO-დან რამდენიმე მილიარდის სავარაუდო გადაადგილების გამო DoubleLine-ი ამ აქტივობაში ჩაერთო. ამოცანა ის არის, რომ ძველ და ახალ კლიენტებს დავუმტკიცოთ: დრამატული დღეები წარსულს ჩაჰბარდა და DoubleLine-ი ზრდას განაგრძობს.

 “მე ვფიქრობ , რომ კამათი TCW-ში მის საქმიანობასთან დაკავშირებით უკვე აღარ ეხება DoubleLine-ის ანალიზს”, – ამბობს Angeles Investment Advisors-ის ინვესტიციების მმართველი დირექტორი, მაიკლ როუსენი. ეს კომპანია $47 მილიარდის საპენსიო და სადაზღვევო კონსულტაციებს აწარმოებს და წარსულში თავისი კლიენტებისთვის DoubleLine-ის თაობაზე რეკომენდაციების გაწევისგან თავს იკავებდა. “ახლა ეს უკვე ძველი ამბავია”.

სავარაუდოდ, გუნდლაჰისა და DoubleLine-ის ცუდი სტარტის გამო, მისი $60-მილიარდიანი აქტივების უმეტესობა კომპანიის ურთიერთსაპაიო ფონდების კერძო პირების ხელში აღმოჩნდა, განსაკუთრებით – მისი იპოთეკური DoubleLine Total Return Bond Fund-ში, რომლის $38 მილიარდი არის მმართველობის ქვეშ და მისი 2010 წელს დაარსებიდან წლიური ზრდა 8.93%-ს შეადგენს. ასევე DoubleLine Core Income Fund-ში, რომლის წლიური ზრდა დაარსებიდან 7.19%-ს უდრის. DoubleLine-ს ასევე აქვს $4.5 მილიარდი თავის ჰეჯ-ფონდ Opportunistic Income LP-ში, რომელიც იყენებს ბერკეტებს და თავისი მმართველის საუკეთესო იდეებს აფართოებს.

გუნდლაჰის ინფორმაციით, გროსის წასვლის შემდეგ მან $4 მილიარდის ახალი აქტივი მიიღო, თუმცა კონკურენტები – BlackRock-ი, Loomis Sayles-ი და Vanguard-ი – ასევე ფულის დიდ ნაკადებს იღებენ.

მსხვილი კონკურენტებისგან განსხვავებით, DoubleLine-ი არ არის დაინტერესებული დაბალი აქციების ინდექსური ფონდების ფულით, რომლებზეც BlackRock-ი და Vanguard-ი მუშაობენ. ის ასევე აცხადებს, რომ დახურავს თავის ფონდებს, თუ ისინი ძალიან გაიზრდებიან. “ჩვენი, ეგრეთ წოდებული ფლაგმანური სტრატეგია, Total Return-ი, $100 მილიარდს არ აღემატება, თუ ობლიგაციების ბაზარი ათჯერ არ გაიზრდება, – ამბობს ის. – ჩვენ სასწრაფო მანქანების მადევრები არ ვართ”. თუმცა გუნდლაჰი ახლაც ოცნებობს PIMCO-ს დანაწევრებული ნარჩენებით გამოკვებაზე, ის ამ შეჯიბრში არც ერთი მეთოდის გამოყენებისგან თავს არ იკავებს.

რას ამბობს იგი ბილ გროსის ცნობილი Total Return Fund-ის რეორგანიზაციის შესახებ? “ვინ მართვას მას? – კითხვას სვამს გუნდლაჰი. – მე ერთი წამითაც ვერ დავიჯერებ, რომ ისინი ერთად კონფლიქტების გარეშე იმუშავებენ”.

PIMCO-ს ახალდანიშნული ინვესტიციების მართვის დირექტორი, დენიელ ივასკინი, ამბობს: “ბოლო დროს ის ყველაზე უკეთეს შედეგებს აღწევს. მე მსმენია, საკმაოდ კარგად ხსნის ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ის მოხსენებებს ტელესუფლიორით კითხულობს და დასმულ კითხვებს იშვიათად პასუხობს”.

გუნდლაჰი გრძნობს საჭიროებას, ორი, თითქოსდა არარსებული, საფრთხის ნეიტრალიზაცია მოახდინოს – ბილ გროსისა და PIMCO-ს ყოფილი ინვესტორის მოჰამედ ალ-ერიანის, რომელიც PIMCO-ს დედობრივ კომპანია Allianz-ში მუშაობს.

“ადამიანები ძალიან უხეშად აფასებენ გროსის საქმიანობას. მის მოღვაწეობაზე ცუდი არ ითქმის – ამბობს ის. – გასულ წელს ცუდი იყო, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში – საშუალო”.

რაც შეეხება ალ-ერიანს, “მოჰამედის ანგარიშების პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც იპოვით, ნახავთ, რომ დაბალი დონეა”.

ამავე დროს DoubleLine-ი ძალიან ცდილობს თავისი პოზიციის სიდიდე და სიღრმე გამოამჟღავნოს. გუნდლაჰის წამყვან მენეჯერებს გამყიდველებთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ამ რბოლაში მთავარი ადგილები განვითარებადი ბაზრების ვეტერან-მენეჯერს, ლუს პადილას, გლობალური განვითარების კრედიტ-მენეჯერს, ბონი ბაჰას, იპოთეკის მენეჯერს, ვიტალი ლიბერმანსა და პორტფელების მენეჯერს, ჯეფრი შერმანს ეკუთვნით.

გუნდლაჰისთვის, რომელიც მაგიდის თავში იჯდა DoubleLine-ის ყოველთვიური ფიქსირებული აქტივების განაწილების შეხვედრაზე (ამ შეხვედრას პორტფელების ყველა წამყვანი მენეჯერი ესწრებოდა), 37 წლის შერმანმა წამყვანი როლი ითამაშა. შერმანმა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, რომლებიც მაკროთემებსა და კომპანიის მულტიაქტივების სექტორული გადანაწილების სტრატეგიას ეხებოდა, 70-ზე მეტი სლაიდით აღჭურვილი გუნდლაჰის პრეზენტაციის უდიდესი ნაწილის ორგანიზება მოახდინა. სწორედ შერმანი არის კანდიდატი, რომელიც გუნდლაჰის შემცვლელად განიხილება.

შერმანს მშვიდი კალიფორნიული საუბრის მანერა, მხრებამდე გრძელი, შუაში გადაყოფილი მუქი თმა და ჰიპსტერული წვერი აქვს. ის ვიზიტორებზე შთაბეჭდილებას ახდენს უნარით, რთულ ეკონომიკურ კონცეფციებს “დემისტიფიკაცია” გაუკეთოს და ამავდროულად სტრატეგიების სრული სურათი მოიცვას.

 “აქტივების განაწილების პროგრამის განხორციელების დროს ჩვენ ვცდილობთ მთლიან პორტფელს ვუყუროთ. ჩვენ არ ვანაწილებთ აქტივებს სექტორების მიხედვით კონკრეტულ მენეჯერებს შორის და არ ვითხოვთ, თითოეულ მათგანმა, ნაწილ-ნაწილ, ზებუნებრივი შედეგი მოიმკოს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სრული პორტფელი, – ამბობს შერმანი და ხაზს უსვამს, რომ სამთავრობო ობლიგაციების ხელმძღვანელს, გრეგორი უიტელეის, მაგალითად, ახლა სთხოვენ მისი სექტორის შემსუბუქებას და გრძელვადიანი ობლიგაციების დაკავებას. – ჩვენ გვიხდიან არა აქტივებისთვის, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი მართავს, არამედ კომპანიის საერთო წარმატებისთვის. ეს საფუძვლიანად ამყარებს ჩვენს სამუშაო პროცესს, რომელიც სხვა კომპანიების მიდგომისგან განსხვავდება”.

გუნდლაჰის მსგავსად, შერმანიც მოკრძალებული ოჯახიდან მოდის. მის მშობლებს უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ მიღებული. მამამისი კალიფორნიაში ბაკერსფილდის ნავთობის საბადოებზე მუშაობდა, დედამისი ბუღალტერი იყო. შერმანმა, გუნდლაჰის მსგავსად, სტიპენდიის დახმარებით გადაიხადა გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური University of the Pacific-ში, სადაც ის მოგვიანებით სტატისტიკის საგანს ასწავლიდა. 1999 წელს, დამთავრების შემდეგ, მან დაინახა, რომ უოლ-სტრიტზე მათემატიკოსებზე არის მოთხოვნა და Claremont Graduate University-ში ფინანსურ ინჟინერინგში მაგისტრის წოდება მიიღო. საზაფხულო ინტერნატურის შემდეგ ის TCW-ის სარისკო ანალიტიკის დეპარტამენტში მოხვდა და, საბოლოო ჯამში, DoubleLine-ში გადავიდა.

“შერმანი არის უმაღლესი დონის ანალიტიკოსი, რაც მე ყოველთვის მომწონდა, – ამბობს გუნდლაჰი. – მაგრამ მას ასევე ესმის ფსიქოლოგია. უამრავ ადამიანს აქვს მათემატიკური უნარი. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სამყაროს ახსნა ეკონომიკური მოდელის საშუალებით შეიძლება – უბრალოდ დაადგენთ კოეფიციენტებს და შემდეგ მომავლის შესახებ ყველაფერს ახსნით. შერმანს კოეფიციენტების შესახებ ყველაფერი ესმის და მას, ისევე როგორც ოდესღაც მე, შეუძლია ყველა განტოლების ამოხსნა, მაგრამ ის ხვდება, რომ ამით ვერ გააკეთებს იმის პროგნოზს, თუ სად იქნება ბაზარი შემდეგ თვეში. მას ასევე კარგად შეუძლია ახსნა, რაც, რა თქმა უნდა, ამ ბიზნესის საიდუმლო საკაზმს წარმოადგენს”.

გარდა შერმანის წამყვანი როლისა DoubleLine-ის მულტიაქტივების სტრატეგიებში, გუნდლაჰმა მას პასუხისმგებლობა ახალი პროდუქტის განვითარებაზეც დააკისრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ზრდისთვის, ვინაიდან DoubleLine-ი კვლავ აღიქმება, როგორც იპოთეკური ობლიგაციების სპეციალისტი კომპანია.

გარდა ნიუ-იორკის ბირჟაზე აღრიცხული ორი საინვესტიცო ფონდისა, DoubleLine-მა ინვესტირებული კაპიტალის მაქსიმალურ ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგია განავითარა, მოიპოვა $164 მილიონი S&P 500 სააქციო საინდექსო ფონდში, რომელიც ნობელის ლაურეატ, რობერტ შილერთან, პარტნიორობით შექმნა და მცირე კაპიტალიზაციის სააქციო ფონდი დააარსა. ის ასევე ინფრასტრუქტურული კრედიტებისა და კომერციული იპოთეკის ფასიანი ქაღალდების ფონდებს ავითარებს.

 “მე დაინტერესებული ვარ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი ფონდებით საკრედიტო ციკლის მობრუნების შემთხვევაში, მაგრამ მოცდაა საჭირო, – ამბობს გუნდლაჰი დავალიანებების გამო ჰორიზონტზე პანიკის გამოჩენის მოლოდინში, – ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ საბანკო კრედიტებში, მაღალ გამომუშავებაში, განვითარებადი ბაზრების დავალიანებებსა და იპოთეკურ ფასიან ქაღალდებში ჩვენი შესაძლებლობები რატომ გავაფართოვეთ”.

Oaktree Capital-მა, რომელიც გუნდლაჰს თავიდანვე მხარს უჭერდა და მასში ეჭვი არასდროს ეპარებოდა, 2014 წლის სექტემბერში თავისი $40 მილიონის ინვესტიციიდან $90 მილიონზე მეტი მიიღო და მისი 20%-იანი სააქციო წილი თითქმის $400-ად არის შეფასებული. Oaktree-ს თავმჯდომარე, ჰოვარდ მარკსი ამბობს: “ჯეფრი ობლიგაციებზე უფრო ღრმად ფიქრობს, ვიდრე ობლიგაციების მენეჯერი. არ ვიცი, თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ის ძალიან თავდაჯერებული ადამიანია”.

გუნდლაჰი იმდენად თავდაჯერებულია, რომ მისი ხელოვნების კოლექციის მხატვრების სტილშიც ხატავს. პიტ მონდრიანი, რომელიც DoubleLine-ის წითელი, ცისფერი და შავი ლოგოს შთამაგონებელი გახდა, მისი საყვარელი მხატვარია. გუნდლაჰი ამბობს: “მე მივბაძე მონდრიანს. ეს ძალიან რთული იყო. საოცრად რთული. მკვეთრი ხაზების გაყვანა რთულია. ჩემები უფრო მკვეთრია, ვიდრე მისი, იმიტომ რომ მე ლენტს ვიყენებდი”, – გუნდლაჰი დადუმდა და თავის ნამუშევარს შეხედა. – საინტერესო რამ არის, როდესაც ზოგჯერ ეჭვი გეპარება, რომ ეს ნამდვილად შენი გაკეთებულია”.

წინა სტატია

იანვარიდან მოსახლეობამ ლარის დეპოზიტების დოლარში გადატანა დაიწყო
26 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

სეზონის საუკეთესო სუნამოები
27 თებერვალი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა