Beeline საქართველოს ბაზრიდან გასვლას გეგმავს

Beeline საქართველოს ბაზრიდან გასვლას გეგმავს

“Beeline ბაზრიდან გადის და ბიზნესს ყიდის”, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარე სფეროში შესუსტებულ კონკურენციაზეც მიანიშნებს და ამბობს, რომ “ბილაინისთვის“ საქართველო საექსპერიმენტო ბაზარი იყო.

“”თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”. ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში “ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ბექაური.

“ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) საქართველოში 2007 წელს შემოვიდა. “ვიონი საქართველო“ შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ საერთაშორისო ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (ნიუ იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *