ბიზნესთან ყოველდღიურ კონტაქტზე

სკეპტიკოსების აზრით, ეკონომიკის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ხარისხიანი ბიზნესგადაცემის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა. “ბიზნესკონტაქტის” გუნდმა საპირისპირო დაამტკიცა. მან არათუ ბიზნესის ეკრანზე მიჯაჭვა, არამედ მისი ნდობის მოპოვებაც მოახერხა.

თებერვლის ერთ, არ ვიცი, რამდენად მშვენიერ, მაგრამ ცალსახად მნიშვნელოვან დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთ, იმ დროისთვის ჩემთვის უცნობ, ოთახში ვიჯექი და ვპასუხობდი კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წარმომედგინა სრულიად ახალი ფორმატის ბიზნესგადაცემა ქართულ ტელესივრცეში და, რაც მთავარია, საკუთარი თავი მასში. ბევრ კითხვას ვუპასუხე და ბევრიც ვილაპარაკე. ბოლო კითხვა ეხებოდა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის, როგორ ტიპაჟს მოვიაზრებდი ასეთი გადაცემის წამყვანად. გავიკვირვე, რადგან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ-ერთი მათგან, ვისაც ვესაუბრებოდი, სწორედ იმ გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყო, რომლის განსახილველადაც მე “მაესტროში” მივედი. თუმცა მან ჩემს ამ მოსაზრებაზე ზრდილობიანი ღიმილით ხელები გაასავსავა და კატეგორიული უარი განაცხადა გადაცემის წამყვანობაზე. გიორგი ისაკაძეს მანამდე ვიცნობდი, როგორც რესპონდენტს, ბიზნესმენს, ხოლო იმ დღეს გავიცანი, როგორც იმ დროისთვის უსახელო და შემდგომში “ბიზნესკონტაქტად” წოდებული გადაცემის კონსულტანტი.

ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2014 წლის 22 აპრილს, 09:30 საათზე “ბიზნესკონტაქტი” სანდრო ვეფხვაძის წამყვანობით პირველად წარდგა “მაესტროს” მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში – სრულიად ახლებური და გამორჩეული პროექტი, რომელსაც თავიდან მეტ-ნაკლები პესიმიზმით უყურებდა თითქმის ყველა, რადგან, სკეპტიკოსების აზრით, ეკონომიკის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, ყოველდღიური გადაცემის შესავსებად საჭირო რაოდენობის თემებისა და რესპონდენტების მოძიება შეუძლებელი იქნებოდა. პირველი ეთერიდან დღემდე, “ბიზნესკონტაქტი” ყოველ სამუშაო დღეს, დღეში ორჯერ – 09:30-სა და 12:30 საათზე ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. ეთერში გასვლამდე კი იყო ბევრი შრომა (რის ნაკლებობას არც ამჟამად ვუჩივით), გადაცემის გუნდმა გაიარა არაერთი პილოტი, ტესტი, ცდა, ცვლილება და დღემდე ასე აგრძელებს. გუნდის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალაც ესაა: უბრალოდ, არ ვჩერდებით.

ნახევარსაათიანი გადაცემის შექმნის იდეა, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის პრობლემებს გააშუქებდა, “მაესტროს” დამფუძნებლებს გაუჩნდათ და შესაბამისი შეთავაზება გიორგი ისაკაძემ სწორედ მათგან, დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო.

“გადაცემის გუნდის მაინცდამაინც ჟურნალისტებით დაკომპლექტება ჩემთვის ამოსავალი წერტილი არ ყოფილა”, – იხსენებს გიორგი ისაკაძე, “ბიზნესკონტაქტის” კონსულტანტი და “ფუძემდებელი”.

“მინდოდა, გუნდის წევრები ყოფილიყვნენ ბიზნესით, იმ კონკრეტული საკითხებით ძლიერ დაინტერესებულნი, რომელთა გაშუქებაც მოუწევდათ; კომუნიკაბელურები... ვფიქრობ, სწორედ ასეთი თვისებების მქონე ადამიანებით შექმნილმა გუნდმა განაპირობა გადაცემის წარმატებაც. “ბიზნესკონტაქტში” არ ყალიბდებიან ჟურნალისტებად, აქ ყალიბდებიან მომავალ მენეჯერებად, მმართველებად, კონკრეტული სფეროს სპეციალისტებად”, – მიაჩნია ისაკაძეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც “ბიზნესკონტაქტს” სხვა მსგავსი ტიპის სატელევიზიო პროდუქტებისგან განასხვავებს, ის სისტემაა, რომლითაც გადაცემა მუშაობს. სისტემა, რომელიც ფოკუსირებულია ხარისხიანი პროდუქტის შექმნაზე. ცხადია, ასეთი პროდუქტის შექმნას ისევ და ისევ გუნდი უზრუნველყოფს, თუმცა არანაკლები წვლილი მიუძღვის ადამიანს, რომელიც გუნდის წევრებს სამუშაოს უნაწილებს და კურირებს, ანუ პროდიუსერს. თამუნა ქემერტელიძე ზუსტად ისევე დაუჯერებლად მართებული და კარგი პროდიუსერია, როგორ დაუჯერებლადაც ეს შეიძლება ჟღერდეს მისი ასაკის გათვალისწინებით. თუმცა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ “ბიზნესკონტაქტისთვის” ბევრი “შეუძლებელი” რამ შეიძლება გახდეს შესაძლებელი, თუ მცდელობას არ დავაკლებთ.

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სულ 3500 -მდე ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა მაღალია, ან სიახლეები ამ სფეროდან – მარტივი მოსაპოვებელი. ხანდახან ხუმრობენ კიდეც: განა რა ხდება ამდენი ამ ბიზნესსა და ეკონომიკაში, რომ ყოველდღე ეთერში ხართო? ეს, ალბათ, ჩვენს რესპონდენტებთან ხშირი კომუნიკაციისა და 24-საათიანი მუშაობის შედეგია. 24 საათს ტყუილუბრალოდ არ ვამბობ: გუნდის წევრები ოფისს ხშირად გამთენიისას ტოვებენ”, – ამბობს “ბიზნესკონტაქტის” პროდიუსერი.

მთავარი სირთულე გადაცემაზე მუშაობისას ბიზნესთან კომუნიკაცია, მისი ნდობის მოპოვებაა. ზოგადად, ქართული ბიზნესი მედიას, ცოტა არ იყოს, უფრთხის, მით უმეტეს, როცა საქმე პრობლემას ეხება. თუმცა, “ბიზნესკონტაქტმა” ამ მხრივაც შეძლო დადებითი როლი ეთამაშა მედიასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის გააქტიურების თვალსაზრისით, რადგან ამასობაში მეორე მხარეც მიხვდა, რომ ისეთი ყოველდღიური სივრცის არსებობას, სადაც შესაძლებელია ბიზნესსექტორში წარმოქმნილი პრობლემები გაშუქდეს, მათზე ისაუბრონ, განიხილონ და ინფორმაციამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდეც მიაღწიოს, არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს.

“ფასდაუდებელ რესურსს – დროს, ბიზნესი მარტივად არავისზე ხარჯავს. რთულია, ყოველდღიურ რეჟიმში ბიზნესმენი ეთერში მოსვლაზე, ინტერვიუზე, თუნდაც მცირე კომენტარზე დაითანხმო, მით უმეტეს, როცა ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ეთერში ვართ. თუმცა ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, ნდობის მოპოვება გარკვეული დოზით მაინც შევძელით. ვიხსენებ და ძნელად მახსენდება ბიზნესმენი, რომელიც “ბიზნესკონტაქტის” სტუმარი არ ყოფილა”, – ამბობს თამუნა ქემერტელიძე.

 “ბიზნესკონტაქტის” ახალგაზრდა პროდიუსერს, რომელიც ხშირად გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იგებს, რომ შეთანხმებულ რესპონდენტს ვეღარ ჩართავს ეთერში და წუთის მეასედში უწევს ახალი სტუმრის მოძიება, რომელიც ზუსტად ისევე რელევანტური უნდა იყოს თემისთვის, როგორც წინა, ექსტრემალურ პირობებში მუშაობის შედეგად მიღებული ადრენალინი მაინც მოსწონს და ყველა სირთულე ერთდროულად ავიწყდება, როცა მისი გუნდის წევრებს ყველაზე მსხვილი კალიბრის ბიზნესმენები “პროფესიონალებად” მოიხსენიებენ.

“ბიზნესკონტაქტმა” დღეში 25 წუთით დაიწყო და პირველი ეთერიდან რვა თვის შემდეგ, კვირაში 16 საათს ავსებს “მაესტროს” ეთერში ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით, აქტუალური საკითხებით, პრობლემებით, ინტერვიუებით. მიუხედავად ამისა, გიორგი ისაკაძეს მიაჩნია, რომ გადაცემას პროგრამა-მაქსიმუმის ჯერ მხოლოდ 25-30% აქვს შესრულებული. მას მეტი დინამიკურობა სჭირდება და ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მუდმივი ცვლილებებით გახდება შესაძლებელი.

“ბიზნესპროექტისთვის ეს კარგი სტარტია, თუმცა გადაცემა ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეულ ვადებში ის მუდმივ ცვლილებებს საჭიროებს. “ბიზნესკონტაქტმა” ამოავსო ის თავისუფალი ნიში, რომელიც ქართულ ტელესივრცეში არსებობდა და ამ თვალსაზრისით, პოზიტიური როლი შეასრულა. დღევანდელი გადასახედიდან, ყველანაირი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ აბსოლუტურად წარმატებულ ბიზნესპროექტად შედგეს”, – ამბობს გადაცემის კონსულტანტი, რომელიც სამომავლოდ საკუთარ სეგმენტში კონკურენციის გამძაფრებას ელის.

მანამდე კი, გუნდისთვის, რომელმაც შეუძლებლის შესაძლებლობა ირწმუნა და ამ რწმენას ყოველდღიურად იღრმავებს, პრინციპი უცვლელია: ვრჩებით ჩვენს მაყურებელთან უწყვეტ ბიზნესკონტაქტზე.

წინა სტატია

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0.5%-ით გაიზარდა
27 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე აისახა
02 მარტი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა