„მკვდარი დახმარება“

„მკვდარი დახმარება“

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ოქსფორდის უნივერსიტეტი) დამბისა მოიო ორი ბესტსელერის ავტორია – „მკვდარი დახმარება” (2009) და „როგორ დაიკარგა დასავლეთი” (2011). იგი ზამბიაში დაიბადა და აღიზარდა. იყო მსოფლიო ბანკის კონსულტანტი. აგრეთვე მუშაობდა ეკონომისტის პოზიციაზე Goldman Sachs-ის მსოფლიო მაკროეკონომიკულ ჯგუფში.

გასული 50 წლის განმავლობაში მდიდარმა ქვეყნებმა $1 ტრილიონზე მეტი გამოყვეს აფრიკის კონტინენტის განვითარებისათვის. გააუმჯობესა თუ არა ასეთი მოცულობის დახმარებამ რიგითი აფრიკელების ცხოვრება? – არა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ, ამ დახმარების მიღების შედეგად მთელი კონტინენტის ბენეფიციართა ცხოვრების პირობები, გაუმჯობესების ნაცვლად, მკვეთრად გაუარესდა.

„მკვდარ დახმარებაში” დამბისა მოიო აღწერს აფრიკის კონტინენტის ომისშემდგომი განვითარების პოლიტიკის დღევანდელ მდგომარეობას და მკვეთრად უპირისპირდება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მითს, რომლის მიხედვითაც განვითარებული ქვენების მიერ აფრიკული სახელმწიფოებისათვის გამოყოფილმა რამდენიმემილიარდიანმა დახმარებამ ხელი შეუწყო ამ ქვეყნებში სიღატაკის შემცირებას და ბიძგი მისცა ეკონომიკურ ზრდას. სინამდვილეში ღარიბი ოჯახების რიცხვი მატულობს, ეკონომიკური ზრდის ტემპები განუხრელად ეცემა და მილიონობით ადამიანი კვლავ იტანჯება.

მოიო მეტად პროვოკაციული მანერით აღწერს მკვეთრ კონტრასტს სხვადასხვა მიმართულებით წასულ აფრიკულ სახელმწიფოებს შორის: ერთი მხრივ, ქვეყნები, რომელთაც უარი თქვეს დახმარებების მიღებაზე და წარმატებით განვითარდნენ და, მეორე მხრივ, სახელმწიფოები, რომლებმაც დახმარება მიიღეს, მასზე დამოკიდებული გახდნენ და სიღარიბე ვერ დაძლიეს; მეტიც, ასეთ ქვეყნებში სიღარიბემ იმატა. მოიო ცდილობს ნათლად დაგვანახვოს ის გზა, რომელმაც გარე დახმარებებზე ზედმეტად დაყრდნობილი განვითარებადი ქვეყნები ფინანსურ მხარდაჭერაზე დამოკიდებული გახადა და კორუფციის, ბაზრის გამრუდებისა და მეტი სიღატაკის მანკიერ წრეში მოაქცია, საიდანაც ერთადერთ გამოსავალს ისინი კიდევ უფრო მეტი დახმარების მიღებაში ხედავენ.

მოიო აკრიტიკებს საერთაშორისო ფინანსური დახმარებების არსებულ მოდელს, რომელსაც ხშირად ჰოლივუდის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები უწევენ პოპულარიზაციას. იგი გვთავაზობს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების დაფინანსების სრულიად ახალ გზას, რომელიც ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის მნიშვნელოვან შემცირებას უზრუნველყოფს საგარეო ფინანსური დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე.

„მკვდარი დახმარება” ამაფორიაქებელი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური ნაშრომია, რომელშიც მკაცრადაა გაკრიტიკებული აფრიკის კონტინენტის განვითარების არსებითად მცდარი პოლიტიკის მოსაზრებები და არგუმენტები. ეს არის ხმამაღალი მოწოდება საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა ჩამოყალიბდეს ახალი, უფრო იმედისმომცემი ხედვა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიღატაკეს, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ტანჯვად აქცევს.

წიგნის შეძენა Amazon -ზე მხოლოდ $16.50-ად შეგიძლიათ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *