იჩქარე ნელა

Airtable-ის ჰოვი ლიუ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტს ნელი ტემპებით ქმნის: მისთვის მთავარი დედააზრია და არა სიჩქარე. მაგრამ შეძლებს კი ტექნოლოგიური კუ მონაცემთა რბოლაში გამარჯვებას?

ტექნოლოგიის შეშლილ სამყაროში, სადაც სწრაფი და ინოვაციური მოქმედება ბატონობს, ჰოვი ლიუ ლოკოკინას ტემპებით მოძრაობს. ენდრიუ ოფსტედსა და ემეტ ნიკოლასთან ერთად, Airtable-ი მან 2013 წელს ჩაუშვა. მათ მონაცემთა ბაზის სიმძლავრის მქონე ელექტრონული ცხრილის შექმნა სურდათ. სამი წელი პროტოტიპის შექმნაზე მუშაობდნენ.

ტრიო კოლაბორაციული პროგრამული უზრუნველყოფის თეორიაზე ფოკუსირებულ აკადემიურ ნაშრომებში იქექებოდა, Node.js-ის არქიტექტურა აცოფებდა და მონუსხული იყო იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც ამომხტარი ფანჯრები იხსნებოდნენ. კენია ჰარის დიზაინის წიგნის, White-ის, წაკითხვის შემდეგ ლიუმ თვეები გაატარა ფერისა და ცარიელი სივრცის ურთიერთქმედების კვლევაზე.

30 წლის ლიუ, შავ ტყავის ქურთუკსა და პერანგში, შავ შარვალსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი, თავის სან-ფრანცისკოს სათავო ოფისში ზის. ეს სტივ ჯობსის სტილია, მინიმალისტური – იმ კაცის სტილი, რომელსაც თეთრი iPod-ის ელფერზე გაუთავებლად შეეძლო ემსჯელა. “ნაცვლად იმისა, ახალი პროდუქტი სწრაფ-სწრაფად გამოვუშვათ, განზრახ  ვიღებთ პაუზას, რათა ხალხს იდეაზე დაფიქრების შანსი მიეცეს, – ამბობს ის. – ამ კონცეფციას წამოდუღებას ვუწოდებთ”.

ახლა Airtable-ი უკვე დუღილის ტემპერატურას უახლოვდება. ლიუს cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა 80,000 ორგანიზაციას აერთიანებს, Netflix-ით დაწყებული, მცირე არაკომერციული ორგანიზაციებით დასრულებული. 2018-ში, პროგნოზთა თანახმად, შემოსავალი 400%-ით, $20 მილიონამდე გაიზრდება და ეს, უმეტესწილად, არაფორმალური, ე.წ. ზეპირი რეკლამის დამსახურებაა.

ეს ამბავი არც ინვესტორებს გამოჰპარვიათ. მარტში Airtable-მა $59 მილიონი მოიზიდა CRV-სგან, Caffeinated Capital-ისა და Slow Ventures-ისგან. გასულ თვეს, პოსტინვესტიციურ რაუნდზე, $1.1 მილიარდად შეფასებულმა Airtable-მა კიდევ ერთი $100 მილიონი ჩაიგდო ხელში Benchmark-ის, Thrive Capital-ისა და Coatue Management-ისაგან.

მძლავრ მონაცემთა ბაზას Airtable-მა ე.წ. აიღე-და-ჩააგდე (drag-and-drop) ფუნქცია დაუმატა, ისევე როგორც Windows-მა შეცვალა ტექსტზე დაფუძნებული მოსაწყენი ბრძანებები გრაფიკული ინტერფეისით ან კი როგორც AOL-მა შესთავაზა მისასალმებელი პორტალი ვებს. “ინტუიციური და გასართობი გზაა, მონაცემები იმგვარად წარმოადგინო, როგორც ამას Microsoft Access-ის და Excel-ის ძველმოდური პროდუქტები ვერ ახერხებენ, – ამბობს Caffeinated Capital-ის რეი ტონსინგი. – სახალისო გამოსაყენებელი პროდუქტია”.

ერთი შეხედვით, Airtable-ი უფრო შთამბეჭდავ Google Sheet-ს მოგაგონებთ. ეს კოლაბორაციული ელექტრონული ცხრილია, რომელსაც გამოსახულებების, დოკუმენტების, ვიდეოებისა და URL-ების შენახვა შეუძლია. ეს ყველაფერი უჯრებში შეგიძლიათ, ჩააგდოთ და თითის ერთი დაწკაპუნებით გახსნათ. და თუ Google Sheets-ი სადღაც ათკაციანი გუნდის პროექტებისთვის გამოდგება, Airtable-ს ე.წ. რელაციური მონაცემთა ბაზა აქვს, რომლითაც იმგვარი ბიზნესის მართვაა შესაძლებელი, სადაც ათასობით სხვადასხვა ადგილიდან მომუშავე თანამშრომელი ერთდროულად შედის სისტემაში კომპიუტერებიდან, ჭკვიანი ტელეფონებიდან თუ ტაბლეტებიდან. ღია წყაროზე დაფუძნებულ Node. js-ში დაწერილი კოდების რამდენიმე მილიონი სტრიქონი მონაცემებს შიფრირებას უკეთებს და აღდგენადი სნეპშოტების მეშვეობით მათ ასლებს აკეთებს.

ფასების სისტემა ტიპურ მოდელს, ე.წ. freemium-ს, ეფუძნება, როცა ძირითად სერვისებს უფასოდ იღებ, ხოლო გამოწერები, რომლებიც წინ წასულ ფუნქციებსა და უხვ შემნახველ სივრცეს გვთავაზობს, თვეში $10 ან $20 უჯდება ერთ მომხმარებელს (საწარმოო პაკეტები $60-დან იწყება). ექვსიდან ერთი მომხმარებელი გადამხდელი კლიენტია.

Airtable-ის გამორჩეული მახასიათებელი აპლიკაციათა და ფუნქციათა ნაკრები გახლავთ, სახელად “ბლოკები”. მათით, შეგიძლიათ, მონაცემები Google-ის რუკაზე დაიტანოთ, მიუსადაგოთ წესები და ფორმულები, გაუგზავნოთ საგანგებო შეტყობინებები კოლეგებს, გააზიაროთ ფაილები SMS-ების ან ი-მეილების საშუალებით, მოახდინოთ ისეთ სერვისებთან ინტეგრირება, როგორიცაა Slack-ი და Dropbox-ი, თავი მოუყაროთ გამოკითხვებსა და ფორმებს და კონტენტი ლაივ ვებგვერდზე გადაიტანოთ.

ეს ყველაფერი ინსტრუმენტთა მძლავრ კომპლექტს ქმნის, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მასზე მორგებული აპლიკაციები შექმნას (გაყიდვათა სქემები, კლიენტთა ანგარიშები, პროექტის მენეჯმენტის გრაფიკები, რედაქტორის კალენდრები, ინვენტარის მენეჯმენტი), რაც აქამდე პროგრამისტებს ან მაღალანაზღაურებიან კონსულტანტებს საჭიროებდა.

Airtable-ი როდია პროგრამული უზრუნველყოფის ერთადერთი გამყიდველი, რომელიც უკოდო პროგრამირებაზე საუბრობს. Intuit-ის შვილობილი Quick Base-ი მსგავსი რამით იწონებს თავს. მაგრამ ეს ლიუს არ უშლის ხელს იმის წარმოსახვაში, თუ როგორ დაიპყრობს მისი ფირმა მსოფლიო მონაცემთა დამუშავების ფართო არეალს. “ხალხს ჰგონია, რომ Excel-ის ან Google Sheets-ის ჩანაცვლებას ვქმნით, მაგრამ ჩვენ აქ ახალი Microsoft-ის ან Apple-ის შექმნა განგვიზრახავს, – ამბობს ის. – ეს $100 მილიარდზე მეტის ტოლფასი შემოსავლის შესაძლებლობაა”.

ეს ამბიციური განაცხადია, თუნდაც იმ ინდუსტრიაში, რომელიც მილიონებს ღვრის უკვდავობის კვლევებში და ელექტრომანქანებს კოსმოსში უშვებს. სხვა თუ არაფერი, პროდუქტის ვიწრო ხაზიდან სრულფასოვან ბიზნესპროგრამულ უზრუნველყოფად გაფართოება მხოლოდ Airtable-ის ნოუ ჰაუ არ არის. კი, ლიუმ შეიძლება, გამონახოს გზა და ხელში ჩაიგდოს Microsoft-ის $110-მილიარდიანი გაყიდვების რაღაც ულუფა, მაგრამ Microsoft-იც შეძლებს ლიუს შემოსავლების წილს დაეპატრონოს.

ასეა თუ ისე, ლიუს სჯერა, რომ Airtable-ი მოგებული გამოვა, თუ ის Lego-ს პროგრამული უზრუნველყოფის ერთგვარი ვერსია გახდება და უზრუნველყოფს ბლოკებს ნებისმიერი ბიზნესისათვის, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა სწრაფად და იაფად რომ შექმნან. “ამერიკის ყველაზე ღირებული მონაცემები ჯერაც ადამიანების თავებსა და Excel-ის ცხრილებში ინახება, – ამბობს სემ ლესინი Slow Ventures-იდან, რომელიც Airtable-ის საინვესტიციო რაუნდს მარტში შეუერთდა. – თუ იმ ადგილად იქცევი, სადაც ბიზნესთა უმეტესობის წარმმართველი მონაცემები იყრის თავს, მაშინ შესაძლებლობა, შექმნა ეკოსისტემა და ახალ მაგარ პლატფორმად იქცე, აშკარა ხდება”.

ლიუ ფსონს იმაზე დებს, რომ მეტ ყურადღებას მაშინ მიიპყრობს, როცა გარეშე ანტრეპრენიორები დაიწყებენ Airtable-ისთვის პროგრამების შექმნას, როგორც ახლა ამას App Store-ისა და Google Play-სთვის აკეთებენ. “პროგრამულ უზრუნველყოფას ცარიელი ტილოს ფუნქცია აქვს, რომელზეც კომპანიას რაც სურს, ის შეუძლია, დახატოს, – ამბობს Thrive Capital-ის დამფუძნებელი ჯოშუა კუშნერი. – ეს უაღრესად ძლიერი მომენტია”.

Airtable-ს განთქმული მიმდევრები ჰყავს. Netflix-ი მას პოსტპროდუქციის ბიზნესის სამართავად იყენებს. Atlantic Records-მა Airtable-ის პროგრამა კომუნიკაციის განსაკარგად შექმნა პროდიუსერებს, კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს შორის. ხოლო კომპანიის ერთ-ერთ ადრეულ მიმდევარს, WeWork-ს, ათასობით თანამშრომელი ჰყავს ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სამშენებლო პროექტები რომ მართონ და დაგეგმონ.

Calvin Klein-ს Airtable-ის მონაცემთა ბაზამ “დაუუთოვა” ქსოვილთა მოძიების ოპერაციები ანუ ის ჩახლართული საქმე, რაც, ერთ დროს, ათასობით ი-მეილსა და ოფლაინ ცხრილებს საჭიროებდა დიზაინერებს, პროექტის მენეჯერებსა და საზღვარგარეთ არსებულ ქსოვილთა ფაბრიკებს შორის. დღეს მათ ცენტრალური აპლიკაცია აქვთ, რომელიც განკარგავს კალენდრებს, გამოსახულებებს, წარმოების ხარჯებს, წარმოების დროსა და გაგზავნა-გადაზიდვების განრიგებს. მას შემდეგ Calvin Klein-ის მშობელი კომპანია PVH-ი Airtable-ს თავისი სხვა ბრენდებისთვისაც იყენებს.

ქარიშხალ ჰარვის დროს არაკომერციულმა ორგანიზაცია AustinPets Alive-მა შექმნა Airtable-ის აპლიკაცია, დაკარგული ცხოველებისთვის რომ მიეკვლია. მესაქონლეები აიდაჰოში მას ძროხების ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის ისტორიისთვის თვალის მისადევნებლად იყენებენ.

“ეს სილიკონის ხეობის აროგანტულობის სრული ანტიპოდია”, – ამბობს ლიუ. მისი მარკეტ--სტრიტზე მდებარე ოფისი სილიკონის ხეობის ტოტემებით არის სავსე: შეხვედრებისთვის განკუთვნილი ხმაგამძლე ბალიშები, დისტანციურად მართული ურთიერთდაკავშირებული რობოტები და მთელი რიგი ძრავიანი მერხები. “ისეთი განწყობაა, თითქოს ქვეყნის შუაგულში მცხოვრებთ არც სურვილი აქვთ და არც ინტელექტი, რომ ტექნოლოგია გამოიყენონ... საოცრად ქედმაღლური მიდგომაა”.

ჩინეთში გაზრდილი კორეელი მშობლების ვაჟი, ლიუ, კოლეჯ-სტეიშენში (ტეხასი) გაიზარდა, სადაც Texas A&M-ში, მამამისმა ბიოქიმიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა, ხოლო დედა, რომელიც ჩინეთში ინჟინერი გახლდათ, McDonald’s-ში მუშაობდა, სადაც მინიმალურ ანაზღაურებას იღებდა და კერვითაც ირჩენდა თავს. “შინ დასისხლიანებული ხელებით ბრუნდებოდა, – ამბობს ლიუ, – მაგრამ მაინც ჰქონდა ენერგია, რომ ჩემთვის მათემატიკა, კითხვა, ხატვა და ხელსაქმე ესწავლებინა”. სწორედ დედამ წააკითხა მას წიგნები სტივ ჯობსსა და ბილ გეიტსზე. “იმ დროს Microsoft-ი მთავარი კომპანია იყო, ბილ გეიტსი კი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. ალბათ მისი ოთხი ბიოგრაფია მაინც მაქვს წაკითხული”.

13 წლისამ, მამის ოფისში ერთი ტრენინგ--სახელმძღვანელოს აღმოჩენის შემდეგ, ლიუმ თავად ისწავლა C++-ის პროგრამირება. 16 წლისა Duke-ში მოხვდა, 2009-ში კი მექანიკურ ინჟინერიასა და საჯარო პოლიტიკაში დიპლომი აიღო.

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაო ლიუმ სან-ხოსეში, Accenture-ში იშოვა. მისი ხელფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი მშობლების შემოსავალი ერთად აღებული. მაგრამ სამუშაოს დაწყების წინა ღამეს შფოთვამ შეიპყრო და სამსახურში აღარ წავიდა. “მძიმე გადაწყვეტილება იყო. ზურგს არავითარი ფინანსური რესურსი არ მიმყარებდა, – ამბობს ლიუ, – მაგრამ, საბოლოო ჯამში, სტარტაპის წამოწყება ვარჩიე”.

მან ოთხკაციანი კომპანია, Etacts-ი, ჩაუშვა, რომელიც თავს უყრიდა შეტყობინებებს ი-მეილიდან, Facebook-იდან და Twitter-იდან. 2010-ში, ლიუ მაუნტინ-ვიუში (კალიფორნია), ახალი წამოწყებების” აღსაზრდელთა სკოლაში” – Y Combinator-ში მიიღეს. იმავე წელს, მოგვიანებით, Etacts-ი მან Salesforce-ს მიჰყიდა და მილიონი დოლარი და ჩატის პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა მიიღო.

Salesforce-ში ლიუს ხალხიც მოსწონდა და ხელფასიც, მაგრამ რაღაც მაინც არ ასვენებდა – კვლავ რაღაც ახლის წამოწყების სურვილი. 2012-ში კომპანიიდან წამოვიდა, იმოგზაურა იაპონიასა და უგანდაში და წაიკითხა წიგნები ფილოსოფიისა და დიზაინის თეორიის შესახებ. ინახულა მუზეუმები, ხატვის გზით ჩაატარა ფერთა თეორიის ექსპერიმენტები და ქანდაკებაშიც მოსინჯა თავი.

ამ პერიოდში ენდრიუ ოფსტედი, მისი ჯგუფელი Duke-ში, შვებულებაში იყო Google-იდან, სადაც პროექტის მენეჯერად მუშაობდა. მალე დუეტმა თავიანთ ბინებში კომპიუტერის დიდი ზომის მონიტორები აიტანეს და პროგრამებით დაიწყეს ექსპერიმენტირება. ერთი პროგრამა ფოტოების ორგანიზებისთვის დაწერეს და შემოქმედებითი წერისათვის ტექსტის პროცესორიც შექმნეს.

Airtable-მა ფორმა 2012-ში მიიღო. 2013-ში მან $3 მილიონი მოიზიდა Caffeinated Capital-ისა და FreestyleCapital-ისგან. ათზე ნაკლები თანამშრომლით, მან თავისი პირველი მონაცემთა ბაზა 2015-ის ზამთარში ჩაუშვა, ხოლო რამდენიმე თვეში კიდევ $8 მილიონი მოიზიდა. “ფულს მუდამ უხვად ვიზიდავდით, – ამბობს ლიუ, რომლის სააქციო კაპიტალის წილი 10%-მდეა შემცირებული. – მფლობელობის წილების შემცირებას დაზღვევის ყიდვის ფორმად აღვიქვამთ”.

ვენჩურ-კაპიტალის უახლესი ულუფიდან ლიუს $100 მილიონი დასჭირდება. Quick Base-ის გარდა, მისი ბაზარი მიზანში კიდევ ერთ კარგად დაფინანსებულ სტარტაპს, Coda-ს, აქვს ამოღებული. ტექნოლოგიური გიგანტებიც საფრთხეს წარმოადგენენ. “Amazon-ში არის გუნდი, რომლის ხელმძღვანელსაც ვიცნობ და რომელიც ჩვენს უშუალო მეტოქის შექმნაზე მუშაობს”, – ამბობს ლიუ (Amazon-ს ვთხოვეთ კომენტარი, მაგრამ არ გამოგვეხმაურა).

ახალი ფულის გარკვეულ ნაწილს ლიუ აგრესიული მარკეტინგული კამპანიის წამოსაწყებად გამოიყენებს და პოტენციურ კლიენტებს გაანათლებს Airtable-ის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამასთან, კაპიტალს ის იმგვარ კომპანიებშიც დააბანდებს, რომელთაც აპლიკაციების შექმნა სურთ. და როგორც ყოველთვის, ლიუ არ ჩქარობს: “ის ფაქტი, რომ ბანკში კაპიტალი გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, განვაგრძოთ პრიორიტეტების დასახვა, რომელთა განხორციელებასაც, შესაძლოა, წლები დასჭირდეს”.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა იზრდება

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

წინა სტატია

Schuchmann Wines tarafından Şarap Köyü açılıyor
25 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

2018 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა შემცირდა
28 იანვარი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა