რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

როგორ აისახება მარიხუანის ექსპორტი ქვეყნის შემოსავლებზე, სავაჭრო ბალანსზე და ლარის გაცვლით კურსზე.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მარიხუანის ეკონომიკურ ეფექტზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია თუ რა შესაძლო ეფექტი ექნება მარიხუანის ექსპორტს ქვეყნის ბიუჯეტზე, დასაქმებასა და ლარის კურსზე.

კვლევის მიხედვით, 1 ჰა ფართობზე სათბურის მოწყობას საშუალოდ 4 მილიონი ლარი დასჭირდება. ამ ფართობზე მიღებული კანაფის მოცულობა პირველ ეტაპზე შესაძლებელია იყოს 3-7 ტონა, ხოლო მისი გაშრობისა და გადამუშავების შემდეგ, საბოლოო პროდუქტის საშუალო მოცულობა შეადგენს 0.8 ტონას. რაც შეეხება ფასს, კვლევის ავტორებმა საშუალო ფასადა 10 დოლარი გაითვალისწინეს, ხოლო ერთ პლანტაციაზე დასაქმებულად კი 100 ადამიანი განისაზღვრა. აღნიშნული დათქმების შემთხვევაში, პირველივე წელს კომპანიის წმინდა მოგებამ შესაძლოა 10,6 მლნ ლარი შეადგინოს, 5 წლიანი ციკლის განმავლობაში კი 66 მლნ ლარს გადასცდეს.  თუ წარმოვიდგენთ რომ ბაზარზე 10 მსგავსი კომპანია გაჩნდება, 5 წლის განმავლობაში მათ შეეძლებათ 667 მილიონი ლარის მოგება მიიღონ.

slide32

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, კვლევის ავტორთა გათვლებით, ყოველი კომპანიიდან სახელმწიფო ბიუჯეტს პირველი წლის განმავლობაში, ერთ ჰექტარზე შეუძლია თითქმის 3.5 მლნ ლარის, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში წლიურად 4.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღოს. თუ ასეთი კომპანიების რაოდენობა 10 იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტი 5 წელში დამატებით საშუალოდ 200 მლნ ლარით შეივსება.

slide33

კვლევაში აღნიშნულია, რომ საექსპორტოდ ორიენტირებული სამედიცინო მარიხუანის წარმოებას დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტზე. კერძოდ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 120 მლნ დოლარით, ანუ 2.3%-ით შემცირდება წლიურად.

მარიხუანის ექსპორტს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება მოჰყვება, რასაც დადებითი გავლენა ექნება ლარის კურსზეც. კერძოდ, 1 ჰა ფართობის 10 და 0.5 ჰა ფართობის 10 კომპანიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში დამატებით შემოსული 120 მლნ დოლარი ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების 3.8%-ის ტოლი იქნება.

რაც შეეხება დასაქმებას, კვლევის მიხედვით, მარიხუანის მწარმოებელი 20 კომპანიის არსებობის შემთხვევაში უმუშევრობა ქვეყანაში 0.1%-ით შემცირდება.

კვლევის ავტორთა აზრით, მარიხუანის წარმოება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს, თუმცა არა მნიშვნელოვანს და ამასთან, გაზრდის არალეგალური ბაზრის გაჩენის რისკს. მთავარ გამოწვევად სახელდება ის ფაქტი თუ სად უნდა მოხდეს სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი. კვლევაში აღნიშნულია, რომ საექსპორტო ბაზრები ამ პროდუქციისთვის საკმაოდ შეზღუდულია.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *