თებერვალი განბირთვის დროა?!

თებერვალი აშკარად დაბირთვულია. მოკლე და საშუალო სიშორის შეთანხმებიდან გასვლა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, როგორც იყო დაანონსებული, ამ თვის დასაწყისში მოხდა. შუა თვეში პოლონეთი იწვევს ვარშავაში ახლო აღმოსავლეთის თემაზე კონფერენციას, რომელიც 1-2 დღით უსწრებს წინ ტრადიციულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. ამ კონფერენციის ჩატარების ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირსა და მის ინდივიდუალურ წევრებზე. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, უკვე განაცხადა, რომ არა აქვს ვარშავაში აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების ინტერესი. ასევე დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია საფრანგეთმა. შეთანხმების ხელმომწერი ორი ქვეყანაც – გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჯერჯერობით თავს იკავებენ აზრის გამოხატვისგან.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ უკანასკნელ პერიოდში პოლონეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებას ეს კონფერენცია ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. სამაგიეროდ, კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კავშირებს აშშ-სა და პოლონეთს შორის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, პოლონური ხაზის განვითარება აშშ-ის მიერ ევროკავშირის შიგნით უთანხმოების გამოწვევას ემსახურება. რთულია ერთმნიშვნელოვნად და დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, “პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნა აქტიურად განიხილება”, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ როგორც ინდივიდუალურად, ისე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრობის თვალსაზრისით აშშ ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებს.

კონფერენციის ინიციატივის გამო ირანთანაც დაეძაბა ურთიერთობები პოლონეთს. მისი დიპლომატები თეირანში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყვნენ გამოძახებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული სამხედრო ბაზის იდეა ძალიან ეძვირფასებათ პოლონელებს. რაც შეეხება ხელის მომწერ ქვეყნებს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანის შეთანხმების “გადარჩენას” ცდილობენ. მათ პრაქტიკულად მოილაპარაკეს “სპეციალური დანიშნულების ერთობლივ მექანიზმზე”, რომელიც მარტიდან საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ირანს სავაჭრო და სხვა ტიპის საქმიანი ურთიერთობების დროს თავიდან აიცილონ ამერიკული სანქციები. კერძოდ, თანხა ჩაირიცხება ამ ე.წ. მექანიზმის ანგარიშზე და, შესაბამისად, სანქციების ქვეშ არ მოხვდება არც ევროპული ბანკები და არც მწარმოებელი კომპანიები. აღნიშნული მექანიზმი სავარაუდოდ იქნება შტაბ-ბინით საფრანგეთში და მას ფრანგები და გერმანელები უხელმძღვანელებენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა ირანის მიმართ არ არის უპირობო: გასულ წლებში, როგორც აღმოჩნდა და დადგინდა, ირანის სპეცსამსახურები ცდილობდნენ ირანული წარმომავლობის ოპოზიციონერების მოკვლას დანიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ეს ოპერაციები მათ ჩაუვარდათ. სამაგიეროდ მიიღეს სანქციები ცალკეულ ირანელ ოფიციალურ პირებთან და ასევე საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებსა და ქონებასთან დაკავშირებით. ერთი რამ ცხადია: მიუნხენში მოილაპარაკებენ, ვარშავაში თუ ბრიუსელში, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ახალი ფორმატის შეთანხმება, სადაც აშშ-ც იქნება, ირანიც და ასევე ისრაელის ინტერესებიც გათვალისწინებული, აუცილებლად მისაღწევია. ნამდვილად არ მაქვს გულუბრყვილო ილუზია, რომ ეს ყველაფერი მაინცდამაინც თებერვალში მოხდება, მით უმეტეს – ზემოაღნიშნული ფორმატით და შემადგენლობით, თუმცა, ა.წ. თებერვალში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაღალ დონეზე მოკავშირეებისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების მნიშვნელოვან გადაკვეთას. იქნებ ყინული მაინც დაიძრას და თამამად ვთქვათ: თებერვალი განბირთვის დროა!

ნატო-ს ყურადღების მიღმა არ და ვერ დარჩებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმებული მცირე და საშუალო სიშორის მანძილებზე არსებული ბირთვული არსენალის შეთანხმება, რომელთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტი, არჩევამდეც და არჩევის შემდეგაც, აქტიურად გამოთქვამდა საყვედურს რუსეთის ფედერაციის მიმართ შეთანხმების პირობების დარღვევისა და მისი გვერდის ავლით ახალი ბირთვული შეიარაღების წარმოებაზე. ამ მიმართულებით სრული ერთსულოვნებაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით. ყველა თანხმდება, რომ რუსეთი არღვევს 30 წლის წინ მიღწეულ შეთანხმებას და ის ვალდებულია, დაიცვას საერთაშორისო თამაშის წესები. მე მომიტევეთ ჩემი ირონიისთვის, მაგრამ რომელი ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიცვა რუსეთის ფედერაციამ, რომ მაინცდამაინც ეს შეთანხმება დაიცვას უპირობოდ; საქართველოსთან იყო შეთანხმებათა პატივისმცემელი (ომამდე და ომის შემდეგ); თუ უკრაინასთან მიმართებით იქცეოდა და იქცევა ღირსეულად (თუ ხმელეთსა, თუ ზღვაში), რომ ახლაც არ დადგეს არ იძახოს, ამერიკის შეერთებული შტატები თავად არღვევს შეთანხმებას და არც მე დამიკარგავს არაფერი მაგ შეთანხმებაში დასარჩენადო.

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ნიკოლას ბერნსი პირდაპირ აცხადებს, რომ კუბის ბირთვული კრიზისის მერე ასეთ დაძაბულობას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი და იქნებ ორი ქვეყნის ლიდერებმა არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ ახალი შეთანხმება გაფორმდეს. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ 2010 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე მიღწეულ შეთანხმებასაც (START 2010), თუკი არ მოხდა გარღვევა შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

ვნახოთ! იმედს ნურც ჩვენ გადავიწურავთ: იქნებ სწორედ თებერვალია სერიოზული განბირთვის დრო?!

აღმოსავლურ ბირთვულ ფრონტს ამაგრებს კიდევ ერთი ოდიოზური ფიგურა – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჟონ უნი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მისი ისტორიული სინგაპურის სამიტის შემდეგ დენუკლეარიზაციის მხრივ ბევრი არაფერი მომხდარა. იყო რაღაც პოზიტიური ნაბიჯები, მაგრამ ძალიან მცირე: ძველი პოლიგონის გაუქმებით და რამდენიმე ამერიკელი ტყვეს სახლში გაშვებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფონს ნამდვილად ვერ გავა, თუმცა, მიუხედავად ამისა, იანვარში მან მაინც მიავლინა დაზვერვის ყოფილი შეფი და ამჟამად სპეციალური წარმომადგენელი დენუკლეარიზაციის საკითხებში კიმ იონგ ჩოლი და მისი ხელით გადასცა წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან მეორე შეხვედრისთვის მზაობის თაობაზე. მიუწერია კაცს, თებერვალი დადგაო... დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ აღნიშნული წერილიც მიიღეს და ჩრდილოკორეელ წარმომადგენელთან 45-ე პრეზიდენტს 90-წუთიანი შეხვედრაც ჰქონდა. სამიტის შესაძლო დროდ თებერვლის მეორე ნახევარი, ხოლო სავარაუდო ადგილად ვიეტნამის დედაქალაქი სახელდება. ჩრდილოეთ კორეას რომ აქვს ვიეტნამთან კარგი ურთიერთობები, გასაგებია. სასიხარულოა, რომ წარსული ომისა და მტრობის მიუხედავად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად უმჯობესდება აშშ-სა და ვიეტნამს შორის არსებული ურთიერთობები. გამომდინარე წინა სამიტის პერიპეტიებიდან (ჯერ გამოცხადდა, მერე ჩაიშალა, მერე ისევ გამოცხადდა და ბოლო-ბოლო ჩატარდა), არავის ვურჩევდი იჩქაროს სამიტის თარიღების გამოცხადება, მაგრამ თუ მაინც შედგა შეხვედრა, ნამდვილად ვუსურვებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმების მიღწევას. ჩემი მოკრძალებული აზრით, გამომდინარე აშშ-ში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობიდან და საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული რამდენიმე სადებატო გადაწყვეტილებიდან, აშშ-ს ნამდვილად სჭირდება ახლა გარღვევა გლობალური პოლიტიკის მიმართულებით. ვინ იცის, იქნება და მართლაც, თებერვალი განბირთვის დროა?!

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2019 წლის თებერვლის ნომერი

ან აკლია, ან არა

Forbes Georgia. 2019 წლის თებერვლის ნომერი

Forbes Georgia. 2019 წლის თებერვლის ნომერი

წინა სტატია

2018 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა შემცირდა
06 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ იზრდება ეკონომიკა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
06 თებერვალი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა