საბიუჯეტო ფლანგვის TOP 10

საბიუჯეტო ფლანგვის TOP 10

საჯარო უწყებების მხრიდან საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად, დაუდევრად თუ კორუფციული მიზნებით ხარჯვა უცხო ნამდვილად არ არის. მსგავსი მოვლენა ხშირად იმდენად კომიკური ხასიათისაა, რომ ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში მთავარ სალაპარაკო თემად იქცევა ხოლმე.

ჩინოვნიკების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული მრავალი კითხვის ნიშნისა და ეჭვის გამო გადავწყვიტეთ, Forbes-ის მკითხველებს 2018 წლის ტოპ-10 საბიუჯეტო ფლანგვის მაგალითი შევთავაზოთ. ამ სიის შედგენაში მედიაპროექტი “ფლანგვის დეტექტორი” დაგვეხმარა, რომელიც საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მონიტორინგსა და კანონთან შესაბამისობას მუდმივად ამოწმებს, რასაც შემდგომში მომხმარებლებს ყოველკვირეული მცირე კვლევების სახით აწვდის. ათეულის შედგენა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა: 1) თანხის მოცულობა; 2) კორუფციის რისკები; 3) დაუდევრად დახარჯვა.

10. თბილისის მერიის ორმოები – ₾26 227

გაფლანგული თანხა შედარებით მცირეა, თუმცა საქმეზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. დავით ნარმანიას ინიციატივით დაწყებული გამწვანების პროგრამის ფარგლებში, თბილისში საჭიროზე 19 ათასით მეტი ორმო ამოითხარა. იქნებ გადამალულ განძს ეძებდნენ?

9. განმუხურის ბოტანიკური ბაღი – ₾325 000

ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. აღნიშნულ პერიოდში ზუგდიდის მერიამ სპეციალური უწყებაც – “განმუხურის ბოტანიკური ბაღი” შექმნა, რომელიც ბიუჯეტიდან 325 ათასი ლარით დაფინანსდა.

8. ვარკეთილის მეტროს გარემონტება – ₾347 852

წარსულში “შავ სიაში” შეყვანილ და გამოცდილების არმქონე ორგანიზაცია “ყვარელრემშენს” თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რემონტი დაავალა. ახლად გარემონტებულ მეტროს სადგურში ჭერი მალევე ჩამოვარდა და მხოლოდ იღბალს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ფატალური შედეგები არ დადგა.

7. ხარაგაულის ამფითეატრი – ₾449 999

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ამფითეატრის გარემონტებისთვის ბიუჯეტიდან 449 999 ლარი გამოყო. დღეის მდგომარეობით თანხა გახარჯულია, ხოლო შენობა უფუნქციოდაა მიტოვებული და ინგრევა.

6. სააკაძის მოედანი – ₾517 300

თბილისის მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა სააკაძის მოედანზე მოძრაობის განტვირთვისთვის შექმნილ პროექტსა და სამუშაოებში. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ სააკაძის მოედანზე მოძრაობის წესები მთლიანად შეცვალა, რამაც პროექტში გადახდილ თანხას აზრი დააკარგვინა.

5. ჭიათურის გამგეობა – ₾744 100

2016-2017 წლებში ჭიათურის გამგეობამ 744 ათასი ლარის სამშენებლო მასალა შეიძინა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა და დაასაწყობა. დროის გასვლასთან ერთად, მასალას ექსპლუატაციის ვადა ეწურება და ფუჭდება.

4. ბოლნისის განათება – ₾1 000 000

“ფლანგვის დეტექტორის” მკვლევრების აზრით, ეს შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან საქმეში აშკარა და ღია კორუფციული გარიგება იკვეთება. ბოლნისის მერის სიძის კომპანია, ერთი და იმავე საქმის განხორციელებაში, რომლის მოცულობაც არ გაზრდილა, ბიუჯეტიდან ყოველ წელს სულ უფრო მეტ ფულს იღებს. თანამდებობაზე დავით შერაზადაშვილის დანიშვნის შემდეგ, მისი სიძის კომპანიამ 25 ტენდერი მოიგო, რომელთაგან 18 უკონკურენტო პირობებში ჩატარდა. ყველა შემთხვევაში, დამკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბოლნისის გამგებელი ამავდროულად იმ სატენდერო კომისიის ხელმძღვანელიცაა, რომლის გადაწყვეტილებებითაც მის სიძეს დიდძალი საბიუჯეტო თანხები გადაეცემა.

3. თბილისობა 2018 – ₾1 200 000

საქმე მარტივადაა: მაშინ როდესაც დედაქალაქის მოსახლეობას არაერთი სოციალური სერვისის მიღება აკლია, თბილისის მერია 1,2 მლნ ლარზე მეტს საბჭოთა კავშირის დროს მოგონილ დღესასწაულში იხდის.

2. სოფლის მეურნეობისსამინისტროს დანამატები – ₾8 800 000

2017 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანამატის სახით დაუსაბუთებლად 8 868 543 ლარი გაიცა. სამინისტროში ხელფასებზე 53.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატებმა კი მისი 17% შეადგინა. დანამატები გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, დასვენების დღეებში მუშაობასთან, ასევე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დროს – გარემოს დაცვის სამინისტროში კი დანამატები დაუსაბუთებლადაა გაცემული.

1. შემოვლითი რკინიგზა – ₾213 000 000

შემოვლითი რკინიგზის საჭიროებაზე საუბარი დღემდე დავის საგანია – ზოგი თვლის, რომ პროექტი გამართლებული იყო, ზოგს კი თავიდანვე კრიტიკული შეხედულება ჰქონდა. ფაქტია, რომ ეს პროექტი 2013 წელს შეჩერდა და მასში გადახდილი ორი ასეული მილიონი ლარი ქარს გატანებული გამოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *