დომინოს ეფექტი

“ჩირინა” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც ხორცის წარმოების სრული ციკლი აქვს და რომელიც წარმოების მთლიან პროცესს აკონტროლებს – კონკრეტული ქათმის კვერცხიდან – თქვენს თეფშამდე.

2018 წელი კომპანია “ჩირინასა” და მისი დამფუძნებლისთვის ჯილდოების წელი აღმოჩნდა.

რევაზ ვაშაკიძე 2019 წელს ორი ახალი ჯილდოთი შეხვდა - Forbes Georgia-მ ის წლის ანტრეპრენიორად დაასახელა და Forbes Entrepreneur 2018-ის ჯილდო გადასცა, EBRD-მა კი “ჩირინას” ე.წ. Blue Ribbon-ის სტატუსი მიანიჭა, რითაც “ჩირინა” მთელ ქვეყანაში გამოარჩია, როგორც საუკეთესო პრაქტიკისა და დიდი პოტენციალის მქონე კომპანია.

მალე თავად დარწმუნდებით, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი და დასაბუთებული იყო.

ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსი - ”ჩირინა”, რომელიც ბაზარზე ბრენდი “ბიუ-ბიუს” სახით არის წარმოდგენილი და საქართველოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, 2010 წელს დაარსდა, უკვე მოასწრო დაახლოებით 160 მილიონი ლარის ინვესტირება, პირდაპირი გზით 400-ზე მეტი ადამიანის დასაქმება და ბაზარზე ხორცის წარმოების კუთხით მოწინავე მოთამაშედ პოზიციონირება.

კომპანიამ პირველმა გახსნა საქართველოში ნედლი ქათმის ჯიხურები, სადაც “ბიუ-ბიუს” ბრენდის ხორცპროდუქტებია ხელმისაწვდომი. ასევე, საქართველოში პირველმა დანერგა ქათმის ხორცის წარმოების თანამედროვე ტენდენციები და რეგულარულად აგრძელებს მათ განახლებას: განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ “ჩირინაში” მთელი საწარმოო ხაზის აღდგენაა შესაძლებელი - თქვენი თეფშიდან - შესაბამის კვერცხამდე.

“ჩვენი მიზანი იყო მოწინავე, თანამედროვე აგროწარმოების შექმნა, დანერგვა”, - ამბობს რეზო ვაშაკიძე და იქვე დასძენს: “როდესაც დანერგავ, ეფექტი ძალიან მაღალია”. კომპანია აგრძელებს წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას. ინვესტიციების ეტაპობრივი გაზრდაც იმ ერთიანი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელსაც კომპანია თავიდანვე, პირველივე დღიდან დაეფუძნა.

“კარგია, თქვა, რომ ააშენებ ფერმას და დაიწყებ წარმოებას, მაგრამ ქათმის ხორცის  წარმოება ბევრ დეტალს მოიცავს. ინკუბაცია, ფრინველის გამოზრდა, საკვები ნედლეულის ბაზის შექმნა, ბრენდირება და ა.შ. - ყველა ეს საკითხი ჩვენი კომპანიის შემთხვევაში წინასწარ იყო ნაფიქრი, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებლობა მოგვცა, კომპანია შემდგარიყო”, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე, “ჩირინას” დირექტორის მოადგილე.

კომპანია არა მხოლოდ შედგა, არამედ სამხრეთ კავკასიაში უმსხვილეს, გამართულ, ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოდ ჩამოყალიბდა.

და არა მხოლოდ.

დღეისათვის “ჩირინას” მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები; კომბინირებული საკვების ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა; ხორცის დამუშავების საწარმო; ინკუბატორი; ცილოვანი საკვების ქარხანა; წყალგამწმენდი სადგური; ვაშლის ბაღები; ხილის სამაცივრე კომპლექსი და ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია “სანა”.

ამასთან, კომპანია ნაწილობრივ თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოების ნედლეულით მომარაგებას, რადგან ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოების გარდა, ფლობს მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. თუმცა მასშტაბური წარმოებისთვის ეს, ცხადია, საკმარისი არ არის - შესაბამისად, “ჩირინა” ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულსაც იბარებს და ამუშავებს.

“ჩირინას დომინოს ეფექტი აქვს”, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე და ეს უბრალო სიტყვები არ არის: ფაქტია, როგორც კი სართიჭალაში საშრობი აშენდა, მის ირგვლივ არსებული დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რადგან ფერმერებმა დაინახეს, რომ მათ პროდუქციას რეალური ბაზარი გამოუჩნდა.

ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს პრინციპი და დომინოს ეფექტი სინამდვილეში ორი მთავარი ასპექტია, რის გამოც “ჩირინას” დამფუძნებელმა - რეზო ვაშაკიძემ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება და სწორედ ქათმის ბიზნესში მოსინჯა საკუთარი ძალები.

რეზო ვაშაკიძე პროფესიით ბიოლოგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე იყო), საკანდიდატოც და სადოქტოროც მოსკოვში, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა. შემდეგ ამავე ინსტიტუტში სამუშაოდ დარჩა და გენური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობდა.

“ბიოლოგი ვიყავი და ინგლისური ვიცოდი. ეს უპირატესობა მქონდა”, - იხსენებს რეზო ვაშაკიძე. როგორც თავად ამბობს, რუსეთშიც წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ის სფერო აარჩია, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული იყო კრიმინალისა და კორუფციისგან. “კორუფცია და კრიმინალი ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო, - ჰყვება რეზო ვაშაკიძე. -  დიპლომით ბიოქიმიკოსი ვარ. ამით დავიცავი საკუთარი თავი. ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა”.

შემდეგ ქიმიური ქარხნების პრივატიზაციაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მათგანში წილს დღემდე ფლობს. რუსეთში ნაციონალისტური დამოკიდებულებების ზრდასთან ერთად, ჯერ ცოლ-შვილი დააბრუნა საქართველოში, 2007-2008 წლებში კი თავადაც დაბრუნდა.

“საქართველოში კორუფციასთან აქტიურად მიმდინარეობდა ბრძოლა. ჩავთვალე, რომ საინვესტიციო გარემო მიმზიდველი იყო”, - ასე ასაბუთებს რეზო ვაშაკიძე მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, მსხვილი ინვესტიცია საკუთარ ქვეყანაში განეხორციელებინა.

ბიზნესის წარმოებისთვის ისეთი სფერო აარჩია, სადაც მოთხოვნაც დაინახა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობაც: “ჩირინას” მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს, რომ ქათმის ბიზნესით პრაქტიკულად მთელი კლასტერი იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები, რომლებიც ამ კლასტერს სჭირდება, უფრო მრავალმხრივი და გრძელვადიანია.

კვალიფიციური კადრები დღემდე საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება, თუმცა “ჩირინამ” აქაც სისტემა დანერგა, რომელიც, ტოპმენეჯმენტის შეფასებით, წარმატებით მუშაობს: ყოველწლიურად კომპანიაში არაერთი უცხოელი სპეციალისტი სტუმრობს - ისინი თანამშრომლებს დარგთან დაკავშირებულ უახლეს მიდგომებს აცნობენ და დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთან ერთად ადგილზე მუშაობენ. პარალელურად, კომპანიის თანამშრომლები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა თუ გამოფენებში.

განათლების ფასი კარგად ესმის “ჩირინას” დირექტორის მოადგილეს, ქეთი ვაშაკიძესაც, რომლის პროფესიული დებიუტიც პრაქტიკულად “ჩირინას” პირველ ნაბიჯებს დაემთხვა.

ქეთი ვაშაკიძეს ეკონომიკის განხრით განათლება ამერიკასა და გერმანიაში აქვს მიღებული, შემდგომ კი მაგისტრატურა ბიზნესის მიმართულებით INSEAD-ში გაიარა. 2011 წელს ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ამერიკიდან სამშობლოში რომ დაბრუნდა, “ჩირინა” კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა იყო. ქეთის არც უფიქრია, ისე გადაწყვიტა, საქმეში ბოლომდე ჩართულიყო და ეს გეგმა გამართულ წარმოებად ექცია. ერთი კია, თავადაც აღიარებს, რომ რეალური საქმის კეთება ცოტა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ თეორიის ცოდნაა, ამიტომ, სანამ თავის გუნდთან ერთად სისტემას ააწყობდა, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობით დაწყებული (რაც მის ხშირ მოგზაურობას და პარტნიორებთან კომუნიკაციას ნიშნავდა) წარმოების აწყობით, ახალი პროდუქტის შექმნითა და ბაზარზე მისი გატანით დასრულებული - ყველაფერი დეტალურად უნდა შეესწავლა და დაენერგა.

ამერიკიდან დაბრუნებულს, საჯარო სექტორში დასაქმებაზე არ უფიქრია, რადგან დღემდე მტკიცედ სჯერა - ქვეყანას წინსვლისთვის, პირველ რიგში, სწორედ კარგად განვითარებული კერძო სექტორი სჭირდება.

“ჩირინას” შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკაში ამ კომპანიის როლის გამოკვეთა მისთვის 2013 წლიდან იწყება, რადგან ამ წელს “ბიუ-ბიუს” პირველი ქათამი გაიყიდა. “შედიხარ მაღაზიაში და აკვირდები, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, აირჩიონ ის პროდუქტი, რომელიც შენ შექმენი - ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია”, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე.

სასიამოვნოსთან ერთად, ამ გადაწყვეტილებებზე დაკვირვება ბიზნესის წარმოების-თვის აუცილებელი პროცესიც არის. “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე გვეუბნება, რომ “ბიუ-ბიუს” ქათმის მაღაზიებში ყოველდღიურად დაახლოებით 16 ათასი მომხმარებელი მიდის. მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება - მაგალითად: როგორ იხდის - ბარათით თუ ნაღდი ფულით; ერთი ჩეკის ღირებულება რამდენია; როგორ იცვლება ეს ღირებულება ქალაქის სხვადასხვა უბნის მიხედვით და ა.შ. - უმნიშვნელოვანესი მონაცემებია, რომელთა შეგროვება და გაანალიზება კომპანიას ძალიან დიდ ინფორმაციას აწვდის.

“კარგს ვერაფერს გეტყვით, - ასე იწყებს პა  სუხს რეზო ვაშაკიძე ჩვენს კითხვაზე, მაინც რა არის ის მთავარი დასკვნა, რომელიც ამ მონაცემების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ. - ქათმის გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, ხალხი როდის იღებს ხელფასს ან პენსიას. ქათამი ყველაზე იაფი ხორცია, ამაზე იაფად ხორცს ვერც ერთი დიასახლისი ვერ იყიდის, ამიტომ, თუ არ ყიდულობს - ე.ი. ფული არა აქვს”.

რეზო ვაშაკიძეს მიაჩნია, რომ საქმეს, რომელსაც თავად ასე სკრუპულოზულად უდგება, სტატისტიკის სამსახური უნდა აკეთებდეს და ამ ტიპის მონაცემები კერძო სექტორისთვის მუდმივად განახლებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი წუხილის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საკუთარი დამუშავებული მონაცემები და ის, რასაც, მოთხოვნის საფუძველზე, სტატისტიკის სამსახური ოფიციალურად აწვდის, ერთმანეთს თითქმის ყოველთვის აცდენილია. ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა გასაგებია, თუმცა, თუ ქვეყანა საერთო სურათს ზუსტად ვერ ხედავს, ეკონომიკური პოლიტიკა რეალური საჭიროებების შესატყვისი ვერასოდეს იქნება. რეზო ვაშაკიძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც კი - მანამდე რჩება ერთ ჩვეულებრივ უსარგებლო რიცხვად, სანამ ზრდა, როგორიც უნდა იყოს ის, ერთ სულზე გაზრდილ შემოსავალში არ გადაითარგმნება.

ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთ სულზე გაზრდილი შემოსავალი ნიშნავს ხორცის მეტ მოხმარებას. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, ქათმის ხორცის წარმოება და მოხმარება 2005 წლიდან სტაბილურად მზარდია და ეს ზრდა 2030 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს: კვალიფიციური პროგნოზით, განვითარებად ქვეყნებში ქათმის ხორცის წარმოება და მოხმარება ამ წლებში ყოველწლიურად, შესაბამისად, 3.6 და 3.5%-ით გაიზრდება.

იმავე ორგანიზაციის შეფასებით, ერთ სულზე შემოსავლის ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ხორცის მოხმარების ზრდის ტენდენციაზე გავლენას ახდენს. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა: მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ურბანიზაცია, ხორცის წარმოების დარგში არსებული ტექნოლოგიური მიღწევები და ფასი.

“ჩირინას” კონკურენცია არ აშინებს. პირიქით, მუდმივი ზრდისა და განვითარების ყველაზე მთავარ სტიმულად მიაჩნია. ამ კომპანიას საკუთარი გეგმები მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მასშტაბით არც არასოდეს გაუთვლია და, შესაბამისად, კონკურენციის კონტექსტშიც მისთვის, ბაზრის სხვა ბევრი მოთამაშისგან განსხვავებით, ფასთან ერთად უმნიშვნელოვანესი პროდუქციის სტაბილური ხარისხია.

“ჩვენი მიზანია, რომ პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მუდმივად იყოს ერთი და იმავე მაღალი ხარისხის და არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ჩვენს პროდუქტს დღეს იყიდით, ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ”, - გვიხსნის “ჩირინას” დირექტორის მოადგილე.

ქეთი ვაშაკიძის თქმით, ოპერაციულად ერთგვაროვანი და გამართული წარმოების მიღწევა სტანდარტების დანერგვის გარეშე შეუძლებელია. ცალკე თემაა ლაბორატორიული მიმართულება, სადაც, “ჩირინას” შემთხვევაში, რეგულარულად ხდება ვეტერინარული შემოწმება და პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

“ადამიანი, რომელიც ხარისხიან პროდუქტს მიირთმევს, ნაკლებად ავადდება და ქვეყანას ამ ადამიანის მოვლა გაცილებით ნაკლები უჯდება”, - კიდევ უფრო ფართო სურათს გვიხსნის “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე და იქვე დასძენს, რომ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გაწერილ ვალდებულებებში ბიზნესლოგიკაც არის: “ევროპელები თავად არ  დანერგავდნენ ამდენ სტანდარტს წარმოებისთვის, რომ არ იცოდნენ, რომ გრძელ ვადაში, გამართული წარმოების მოგება გაცილებით უფრო მაღალი იქნება”.

“ჩირინას” თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე არ დაუსვამს კითხვა: სჭირდება თუ არა სტანდარტიზებული წარმოება და არც ერთ ეტაპზე ამ მიმართულებით თანხების ინვესტირების გადაწყვეტილება არ უნანია.

დღეს კომპანია პრაქტიკულად უნარჩენო წარმოებაზეა გადასული. მაგალითად, ამუშავებს ფრინველის ნაკელს და იღებს ბუნებრივ სასუქ კომპოსტს: ფრინველის გამოზრდის ციკლის დასრულების შემდეგ ქათმის ნაკელი გადადის სპეციალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ის გარდაიქმნება ორგანულ სასუქად - კომპოსტად და შემდეგ უკვე გამოიყენება “ჩირინას” ნაკვეთებზე სიმინდისა და ხორბლის მოსაყვანად. ნიადაგის განაყოფიერებისთვის სასუქზე ბევრად უფრო ბუნებრივი და სასარგებლო კომპოსტის გამოყენება, ცხადია, მნიშვნელოვნად ამაღლებს საბოლოო პროდუქტის ხარისხს.

ამას გარდა, “ჩირინა” ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში წარმოქმნილ ნარჩენებს სრულად გადაამუშავებს ცილოვან პროდუქტად. ცილოვანი საკვების საწარმო აღჭურვილია დანიური ფირმა Haarslev-ის თანამედროვე დანადგარებით. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება ქათმის ცხიმი და ასევე ძვალ-ხორცის, ბუმბულისა და სისხლის ფქვილი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ცხოველების საკვებ დანამატად გამოიყენება. “ ჩვენთან მოვიდა ერთი კომპანია, რომელმაც ძაღლისა და კატის საჭმელების წარმოება დაიწყო”, - გვიყვება რეზო ვაშაკიძე. მისი თქმით, ქათმის დაახლოებით 30% ბუმბული, სისხლი, თავი და ფეხია - ანუ ნარჩენი, რომელიც პრაქტიკულად გადასაყრელია. შესაბამისად, მაგალითად, 2000 ტონა პროდუქციის წარმოება ნიშნავს, რომ დაახლოებით 600 ტონის გადაყრა გიწევს. “ეს დიდი პრობლემაა”, - ამბობს რეზო ვაშაკიძე.

წარმოების ბუნებრივი დანაკარგების/ ნარჩენების საკითხის სისტემატიზაცია, ნორმების დადგენა ერთ-ერთი საკითხია, რაზეც კომპანია “ჩირინა” აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან - კომპანია საწარმოო დანაკარგების/ ნარჩენების მართვაზე კონკრეტული სტანდარტების დაწესებას ითხოვს და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაც კარგად შესწავლილი და დამუშავებული აქვს. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე გვეუბნება, მთავრობასთან რამდენიმეწლიანი პროაქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. “ ბიუროკრატიის მინიმიზაცია და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ბიზნესგარემოს, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე - კერძო და საჯარო სექტორი აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ. ორივეს ერთი ინტერესი აქვს - უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება”.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც დღეს “ჩირინას” წინაშე დგას და მთავრობის აქტივობის გარეშე ვერ გადაწყდება, ეს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია ევროკავშირის მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს, საკვები პროდუქტის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია არსებულ სტანდარტებთან ქვეყნის ჰარმონიზება - რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ქვეყანა ყველა საჭირო სტანდარტს არ დანერგავს, მანამდე ვერც “ჩირინა” შეძლებს ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას.

რეზო ვაშაკიძეს ამ მიმართულებითაც აქვს საერთაშორისო პრაქტიკა შესწავლილი და ამბობს, რომ ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, ქვეყანამ ჰარმონიზებული საწარმოებისთვის კვოტები მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმა საწარმოები შეამოწმეს და სტანდარტებთან შესაბამისობის გამოვლენის შემთხვევაში, ექსპორტის ნებაც დართეს. “ჩირინას” დამფუძნებელს სჯერა, რომ ბიზნესთან უფრო აქტიური კომუნიკაცია მთავრობას მსგავს დილემებს თავიდან ააცილებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებიც კერძო სექტორზე უფრო მორგებული და ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო იქნება.

“თურქეთიდან საქართველოში მარტივად ხდება კვერცხის, ქათმის იმპორტი, მაგრამ მსგავსი მიდგომა არ არის საქართველოში წარმოებული პროდუქციის თურქეთში ექსპორტის დროს. მსგავსი სიტუაციაა ჩინეთთანაც. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში აქტიურად ხდება საქართველოში პროდუქციის იმპორტი, თუმცა, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი ჩინეთში ქათმის ფეხების შეტანაზე, წელიწად-ნახევარია, პასუხი არ მიგვიღია - ყველა ჩავრთეთ: საელჩო, სამინისტრო და მაინც არაფერი ისმის”, - ამბობს რეზო ვაშაკიძე და იქვე დასძენს, რომ ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც გამართული სავაჭრო ურთიერთობა აქვს, აზერბაიჯანია. “ჩირინა” ბოლო წელიწად– ნახევარია, ამ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტს ახდენს.

რეზო ვაშაკიძეს მტკიცედ სჯერა, რომ სახელმწიფომ საკუთარი ძალისხმევა სრულად უნდა დახარჯოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების საბოლოოდ გამართვაზე და მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ გააქტიურდეს ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქციისთვის დამატებითი ბაზრების გახსნის მიმართულებით.

“ჩირინას” ტოპმენეჯმენტს იმედი აქვს, რომ კომპანია შეძლებს ქვეყანაში წარმოების საუკეთესო პრაქტიკა დაამკვიდროს და ამ დარგის სხვა მოთამაშეებისთვისაც მაგალითად იქცეს. მათი შეფასებით, რაც უფრო მეტი ვერტიკალურად ინტეგრირებული მსხვილი საწარმო ექნება ქვეყანას, მით უფრო სწრაფად შეიცვლება ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს - მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სფეროში, თუმცა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ამ დარგს მცირე წვლილი შეაქვს და ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.

“მასშტაბის ეკონომიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - ამბობს ქეთი ვაშაკიძე და განმარტავს, რომ “ჩირინამაც”, მათ შორის ამ ფაქტორის გამოც, შეძლო კონკურენტული ფასისა და ხარისხის მქონე პროდუქციის წარმოება. ამ კონტექსტში, ქეთი ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ იმავე შეღავათიანი აგროკრედიტის მთავარი სამიზნე ჯგუფი სწორედ გამოცდილი, მსხვილი საწარმოები უნდა იყოს. მათ შორისაა “ჩირინაც”, რომელმაც 2017 წელს სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით გააფართოვა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ინვესტიცია 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

სამომავლო გეგმები “ჩირინას” არც მიმდინარე წელს ელევა. კომპანია ორი მთავარი მიმართულებით აპირებს განვითარებას: პირველი - ახალი ფერმების აშენება და ქათმის ხორცის დამატებაა, რაც, წინასწარი გათვლებით, ყოველთვიურად დაახლოებით 1800-2000 ტონის ფარგლებში იქნება და მეორე - ქათმის შემდგომი გადამუშავებული პროდუქციის წარმოება (ქათმის ძეხვები, სოსისები და ა.შ.), რაც მთლიანად ადგილობრივი მაღალი ხარისხის ხორცით იქნება დამზადებული. კიდევ ერთი გეგმა - ინდაურის ხორცის წარმოებაა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსახლეობის შემოსავლები და, შესაბამისად, მსყიდველუნარიანობა გაიზრდება.

მანამდე, დარწმუნებული ვარ, რევაზ ვაშაკიძე და მისი გუნდი ისევ განაგრძობს ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი მიზნების განხორციელებას, რადგან ამ კომპანიას აქვს მთავარი - გამართული ფილოსოფია, რომელსაც მთლიანად ასახავს “ჩირინას” დამფუძნებლის ერთი ფრაზა, ამ სტატიის ფინალისთვის შეგნებულად რომ მოვიტოვე: “საერთოდ, ბიზნესი თუ სახლში არ ვარგა, ის გარეთაც არ ივარგებს”.

ესეც - დომინოს ეფექტია.

ჩვენ გირჩევთ

ქართული მეღვინეობა ციფრებში

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა

ქართული მეღვინეობა ციფრებში

ქართული მეღვინეობა ციფრებში

წინა სტატია

“Partially Free Country" – What Does the ‘Freedom House’ Report Say About Georgia?
22 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა
25 თებერვალი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა