გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა – ქართული ეკონომიკის უკანასკნელი იმედის ჯარიმა

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა – ქართული ეკონომიკის უკანასკნელი იმედის ჯარიმა

მიმდინარე წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. რეფინანსირების სესხის განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. მეტიც: ეროვნული ბანკის განცხადებით, მოსალოდნელია, განაკვეთი წლის ბოლომდე 5%-მდე გაიზარდოს. საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზი ლარის გაუფასურება და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მოსალოდნელი ზრდა (ინფლაცია) გახდა.

მონეტარული პოლიტიკა არის ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში ეროვნული ბანკი ახორციელებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი მინიმალური საპროცენტო განაკვეთია ეროვნული ბანკის სესხებზე. ეროვნული ბანკი სესხებს კომერციული ბანკებისთვის გასცემს. შესაბამისად, აღნიშნული განაკვეთის ცვლილებით ეროვნულ ბანკს გავლენა აქვს კომერციული ბანკების ლარში გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებას მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად იღებს.

მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება იმიტომ ხდება, რომ გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე გარკვეული დროის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს (2015 წელს არის 5%), ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ზრდის საპროცენტო განაკვეთს, რომ მომავალში ფასების დონის მატება შეიზღუდოს. შედეგად, ძვირდება ლარის სესხება, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა ქვეყანაში, რაც ზეგავლენას ახდენს ფასების ზრდის ტემპზე, ინფლაციის ტემპი კლებულობს. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა დაბალია და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკი ატარებს ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას – ამცირებს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას იწვევს.

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში რთულდება კრედიტის ხელმისაწვდომობა, აგრეთვე მცირდება კარგი საკრედიტო პროექტების რაოდენობა, რაც ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის შემცირებას იწვევს.

ამასთანავე, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად მატულობს კომპანიების მიერ “მორალური რისკის” (Moral Hazard) წარმოქმნის საფრთხე, ვინაიდან მათ უჩნდებათ დაინტერესება მაღალი შემოსავლის მისაღებად უფრო სარისკო საინვესტიციო პროექტებში ჩაებან.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა არის სიგნალი ბანკებისათვის, რომ ეკონომიკაში გაიზარდა რისკები და, შესაბამისად, მკაცრდება სესხის გაცემის პირობები, მცირდება ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტება. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ლარის ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე (ბანკები ცდილობენ სხვადასხვა გზით მოიზიდონ ლარი) მოთხოვნის ზრდას და ამყარებს ეროვნულ ვალუტას.

მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობა როგორც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, ასევე სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ დროს კონკრეტული პოლიტიკოსების სიტყვისადმი ნდობასაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

როდესაც ქვეყანაში მოსალოდნელია ინფლაციის მაღალი დონე და ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, საზოგადოებაში შეიძლება წარმოიშვას ორგვარი მოლოდინი. ერთი მხრივ, ხალხს შეიძლება გაუჩნდეს დადებითი მოლოდინი, რომ მომავალი უარყოფითი ფაქტორები განეიტრალდება. მეორე მხრივ, შესაძლოა წარმოიშვას მოსაზრება, რომ ეკონომიკური სიტუაცია მოსალოდნელზე ცუდი აღმოჩნდა. თუ ხალხის ნდობა მონეტარული პოლიტიკისადმი მაღალია, მოლოდინები დადებითი იქნება და შემცირდება მოლოდინებით გამოწვეული ზეწოლა ფასების დონესა და ლარის კურსზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ მონეტარული განაკვეთის ზრდა სესხს უზრდის იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ვისაც ამ განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს აღებული. 0.5% პუნქტით ზრდა ნიშნავს, რომ მსგავსი სესხის მქონეებს, ყოველ 1000 ლარზე სესხის დასაფარი თანხა 50 ლარით გაეზრდებათ. ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 4902 იპოთეკური სესხი და 2111 ბიზნესსესხი, ხოლო აღნიშნული სესხების მთლიანი პორტფელი 614 მილიონ ლარს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგებს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ამძიმებს

2014 წლის სექტემბრიდან შემცირება დაიწყო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა. მესამე კვარტალის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 5.5% იყო, ხოლო მეოთხე კვარტალის – 1.6%. ამ ფონზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სასურველი არ იყო, მაგრამ ქვეყანა დადგა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროების წინაშე. სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი სწორი არჩევანია, რადგან თუ ქვეყანა ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად რეცესია დაიწყება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევას ართულებს, მაგრამ არ გამორიცხავს. ეკონომიკური ზრდა ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული. 2010- 2012 წლებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5-8%-ის შუალედში მერყეობდა, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით საპროცენტო განაკვეთი 3.75%-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3.3%, ხოლო 2014 წელს 4.7% შეადგინა. მართალია, 2013-2014 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა შერბილებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ რომ არა დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ეკონომიკის განვითარების ტემპი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა.

როდესაც ეროვნულ ბანკს ფასებისა და ვალუტის კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უხდება, მთავრობამ განსაკუთრებულად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, ანუ საქონლისა და მომსახურების მიწოდების სტიმულირება უნდა მოახდინოს. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობას შეუძლია გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, რაც წარმოებას ხარჯებს შეუმცირებს და შესაძლებლობას მისცემს, პროდუქციის გამოშვება არ შეამციროს. ასევე აუცილებელია შიდა ინვესტიციების სტიმულირება და რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებაში დაგვეხმარება, არამედ ლარის კურსის გამყარებასაც შეუწყობს ხელს.

სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას თან ერთვის გადასახადების ზრდა (აქციზის გადასახადის ზრდა, ასევე საუბარია მიწის გადასახადის ზრდაზე) და რეგულაციების გამკაცრება (მაგალითად, ახალი კანონპროექტი შრომითი მიგრაციის შეზღუდვაზე). მთავრობას ეკონომიკის წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდით, მათ შორის დეფიციტური ხარჯების ზრდით აქვს გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიზნებს– ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებასა და ლარის კურსის სტაბილურობას. მთავრობა ვერ ახერხებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას. ამას ერთვის ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2015 წლისთვის პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლოა 2.5%-მდე შემცირდეს. ასეთ პირობებში, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილება. მთავრობას ხარჯების შემცირება მოუწევს: წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება, რაც ფასებისა და ვალუტის კურსის სტაბილურობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მონეტარული პოლიტიკა ლარის სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი არაა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურებამ გამოიწვია. ბოლო სამ თვეში ლარის კურსი დოლარის მიმართ 28%-ით (დაახლოებით 50 თეთრით) გაუფასურდა. კურსის გაუფასურებამ იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე დაიწყო ასახვა და ინფლაციური მოლოდინი გაზარდა. როდესაც ინფლაციური მოლოდინი იზრდება და მოსალოდნელი ინფლაცია ეროვნული ბანკის წლიურ მიზნობრივ მაჩვენებელს (ამ შემთხვევაში 5%-ს) აჭარბებს, ეროვნული ბანკი იძულებულია, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს. იანვრის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 1.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად შემცირებულია ნავთობზე ფასის კლებით. ნავთობის გარეშე წლიური ინფლაცია (საბაზო) 3.2% იყო. იმის მიუხედავად, რომ 1.4% მაღალი ინფლაცია არ არის, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ფასებზე გაზაფხულიდან უფრო აისახება. მათ შორის, მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაძვირება საწარმოებისთვის, რაც სხვა პროდუქციის ფასებსაც გაზრდის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ზრდის საპროცენტო განაკვეთს ლარში მოზიდულ სესხებზე და ამცირებს მიმოქცევაში არსებულ ფულის მასას. ეს ეხმარება კურსის გამყარებას. თუმცა ამ პოლიტიკის შედეგი მყისიერად არ დგება და ეკონომიკაზე რამდენიმე თვის შემდეგ აისახება.

ვალუტის კურსზე სწრაფი ეფექტის მოსახდენად ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტი აქვს – ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. მას შეუძლია დოლარის რეზერვები სავალუტო აუქციონზე გაყიდოს, რის შედეგადაც გაზრდის მიმოქცევაში არსებული დოლარის მოცულობას და პირდაპირპროპორციულად შეამცირებს ლარის მოცულობას. რადგან ვალუტის კურსი ლარისა და დოლარის მასებს შორის თანაფარდობით დგინდება, ბუნებრივია, დოლარის გაყიდვას სავალუტო კურსზე დიდი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, თებერვლის დასაწყისში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ამის შედეგად ლარის კურსი რამდენიმე დღით დასტაბილურდა, თუმცა 16 თებერვლიდან ლარმა გაუფასურება ისევ განაგრძო. თებერვლის მეორე ნახევარში ეროვნულ ბანკს 80 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა, რამაც ლარის გაუფასურების ტემპი შეანელა, მაგრამ კურსის სტაბილურობა ვერ უზრუნველყო.

კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვერ მიიღწევა. ამისათვის საჭიროა იმ ფუნდამენტური ფაქტორების გაჯანსაღება, რაც ძირითადად განაპირობებს ლარის კურსის გაუფასურებას. ესენია: ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, გაზრდილი საგარეო სავაჭრო დეფიციტი, შემცირებული შემოსავლები ტურიზმიდან, შემცირებული ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ბანკის ვალუტის ოფიციალური რეზერვების გამოყენებაც არ არის სასურველი, რადგან რეზერვები ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტია და უკიდურეს შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს. ბოლო 2 წელიწადში კი ვალუტის ოფიციალური რეზერვები 13%-ით (დაახლოებით 350 მილიონი დოლარით) შემცირდა.

2015 წლის იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა შეწყდა, თებერვლიდან მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა და მიმოქცევაში არსებულმა ლარის მასამ კლება დაიწყო. ამის მიუხედავად, ლარის კურსმა გაუფასურება განაგრძო, რადგან, საგარეო ფაქტორების გაუარესებასთან ერთად, მთავრობა უარს არ ამბობს ბიზნესგარემოსთვის მძიმე გადაწყვეტილებებზე (მაგალითად, შრომითი მიგრაციის გამკაცრება, შრომის ინსპექციის შექმნა, აქციზის გადასახადის ზრდა) და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებასაც აჭიანურებს. მიმდინარე წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით საქართველოს ექსპორტი 68 მილიონი დოლარით შემცირდა, რის მიზეზადაც საგარეო და შიდა ფაქტორებიც შეიძლება მოვიაზროთ. ამავდროულად, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 23 მილიონი დოლარით შემცირდა. ჯამში იანვარში ამ ორი წყაროდან შემომავალმა დოლარის ნაკადმა 91 მილიონი დოლარით იკლო, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიცხვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *