„აქსისი“: დეველოპმენტის ქართული ბაზრის გზამკვლევი

როდესაც ქართულ დეველოპერულ ბაზარს ვეხებით, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა კომპანია “აქსისის” ქეისია საინტერესო. ეს კომპანია ქართული დეველოპერული ბაზრის ერთ- ერთი უძველესი მოთამაშეა. სწორედ “აქსისმა” შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში თვით ცნება დეველოპმენტი, რომელიც ბინათმშენებლობის მიღმა უამრავ ქვედარგს მოიცავს.

ვინაიდან “აქსისი” თავად დარგთან ერთად ვითარდებოდა, გასაკვირი არაა, რომ კომპანია გამოწვევების სიმცირეს არასდროს უჩიოდა, თუმცა დაბრკოლებათა წყებაში გამოირჩეოდა ერთი, რომელიც ბაზრის დანარჩენი მსხვილი მოთამაშეებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, 2008 წლის ომმა და ზოგადად დაძაბულმა პოლიტიკურმა ფონმა ძირფესვიანად შეცვალა ქვეყნის დეველოპერული დარგის სტრუქტურა. უცხოეთში კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, მაგრამ სტრუქტურა არ შეცვლილა – ჩვენთან კი შეიცვალა.

ეკონომიკურმა კრიზისმა და ომმა დაარტყა როგორც საბანკო დაფინანსებას, ისე პრესეილებით შემოსულ თანხებს და დეველოპერები კრიზისის მეორე დღესვე მხოლოდ საკუთარი ინვესტიციის ამარა დარჩნენ. “აქსისი” ერთადერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც სასიცოცხლო საფრთხეებით აღსავსე ეს რთული პერიოდი გადალახა და ბაზრის ლიდერის პოზიციის შენარჩუნება შეძლო.

ბიზნესწრეებში მიღებულია აზრი, რომ კრიზისი არის პერიოდი, რომელშიც კომპანია იწვრთნება. “აქსისის” შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა: კომპანია ბევრად უფრო ძლიერი გამოვიდა კრიზისიდან, ვიდრე მანამდე იყო. რამ განაპირობა კომპანიის ამგვარი მდგრადობა და მტკიცე გეზი ზრდისკენ? ამ და სხვა საკითხებზე Forbes-ი “აქსისის” აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ თეიმურაზ ჭოხონელიძეს ესაუბრა.

დავიწყოთ თავიდან. 17 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში კომერციული დეველოპმენტი არსებობს და “აქსისი” მისი ისტორიის სათავეებთან დგას. რა გამოწვევები სდევდა თან კომპანიის დაფუძნებას?

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადავიდა. სირთულეებთან ერთად გაჩნდა მრავალი გამოწვევა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. მაშინ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა კომერციული დეველოპმენტი. დარგი ხასიათდებოდა ერთფეროვანი არქიტექტურით, პრიმიტიული ბინათმშენებლობებითა და ახალი ტექნოლოგიების სიმწირით, ხოლო კონსტრუქციების სეისმიკა რეგიონში გათვლილი იყო მაქსიმუმ 7 ბალზე.

ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა, გავხდით დარგის ერთგვარი პიონერი და სხვადასხვა მიმართულების განვითარების ინიციატორი. სიმბოლურია, რომ სიტყვა “დეველოპმენტი” სწორედ “აქსისმა” დაამკვიდრა საქართველოში. აგრეთვე დაამკვიდრა თანამედროვე არქიტექტურის, მენეჯმენტისა და მომსახურების სრულიად ახალი მიდგომები. ჩვენმა საქმიანობამ ამავდროულად განაპირობა როგორც დეველოპმენტში უშუალოდ ჩართული, ასევე მომიჯნავე დარგებისა და ბიზნესების განვითარების აუცილებლობა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

“აქსისი” ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. როგორ შეძელით ეს?

გამოვყოფ 5 ფაქტორს, რომლებმაც ყველაზე მეტად იქონია გავლენა კრიზისის დაძლევის პროცესზე. პირველ რიგში, ჩვენი ყველა დაწყებული ობიექტი იმდენად “ჯანსაღი” იყო, რომ დღესაც კი, კრიზისგამოვლილი პროექტებიდან ყველა საინტერესოა საინვესტიციოდ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბანკებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება კრიზისამდე, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენი არაერთი პროექტი კრიზისის დროს სწორედ ბანკების მიერ დაფინანსდა.

ამას ემატება ისიც, რომ “აქსისს” ჰქონდა ძალიან ბევრი კომერციული აქტივი, რაც ამ პერიოდში მუდმივ შემოსავალს განაპირობებდა.

წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა მრავალწლიანი განვადებები და, შესაბამისად, დებიტორებისგან გვქონდა შემოსავალი.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო კრიზისის დაძლევის ერთ- -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ეს არის “აქსისის” გუნდის მდგრადობა, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით შეძლო სირთულეების გადალახვა. აქვე ვიტყვი, რომ დიდი როლი ითამაშა ძლიერმა ბრენდმა, რომლის ხარისხს მომხმარებელი კრიზისის მიუხედავად სულ ენდობოდა.

შედეგად ჩვენ მივიღეთ შეუფასებელი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ ძლიერ დასაყრდენს მისცემს კომპანიას.

სადღეისოდ, რა ოდენობის ვალდებულებები აქვს დარჩენილი “აქსისს” და როდის იგეგმება მათი სრულად გასტუმრება?

“აქსისმა” მოახერხა ის, რომ კრიზისის დროს არ გაჩერებულა, თუმცა ბუნებრივია, მშენებლობის პროცესი შენელდა და ვადებმაც გადაიწია. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ოჯახებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ბინები წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, თუმცა ჩვენ ამ ყველაფრის კომპენსირებას ხარისხის არა მარტო შენარჩუნებით, არამედ კიდევ უფრო დახვეწით ვცდილობთ.

2008 წლის შემდეგ “აქსისმა” 300 სართული ააშენა, ჩვენი ვალდებულებების 80%-ზე მეტი უკვე გასტუმრებული გვაქვს, ხოლო დარჩენილი ობიექტები უკვე დაფინანსებულია, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ “აქსისი” მალე სრულად გაისტუმრებს ვალდებულებებს.

რა კონცეფცია უდევს საფუძვლად კომპანიას დაარსების დღიდან და როგორ იცვლებოდა იგი ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად? რა შეიცვალა კომპანიაში კრიზისის განმავლობაში და როგორია თქვენი ახალი ბიზნესმოდელი?

ის სტრუქტურა, იდეა და მისია, რაც თავიდანვე კომპანიის შექმნისას იდო, არ შეცვლილა. წლებმა გვაჩვენა, რომ დასაწყისშივე სწორად იყო ჩაფიქრებული ის მიმართულება, საითკენაც ჩვენ დღესაც მივდივართ. მაგალითად, ჩვენ ყველა დარგი ერთ სამზარეულოში გავაერთიანეთ. ჩვენს კომპანიაში რამდენიმე დეპარტამენტია: არქიტექტურის, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტების მართვის, მარკეტინგის, დიზაინის, გაყიდვებისა და ფინანსების. ამ მიდგომამ გაამართლა და დღეს საბოლოო პროდუქტის მიღებისას ყველა თანამშრომელი გრძნობს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი შექმნის პროცესში.

თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მოქნილები ვართ და პროდუქტის ადაპტირება ხდება იმ გამოწვევების მიხედვით, რაც ჩვენს მუდმივად ცვალებად გარემოში ვითარდება.

კრიზისამდე დარგის ბიზნესმოდელი მთლიანად იყო აწყობილი წინასწარ გაყიდვებზე. დეველოპერების ძირითადი დაფინანსების წყაროს სწორედ მომხმარებელი წარმოადგენდა. დღეს ჩვენ უკვე გადავედით ახალ ბიზნესმოდელზე, რაც გულისხმობს იმას, რომ “აქსისის” ყველა ობიექტი წინასწარ არის სრულად დაფინანსებული. წყაროს კი წარმოადგენს ინვესტიცია და საბანკო დაფინანსება.

ეს ბიზნესმოდელი გვაძლევს რესურსს, რომ დამატებითი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ ყველაზე მოქნილი გადახდის პირობა. ჩვენ წელს წარმატებულად დავნერგეთ განვადების ახალი ტიპი, რომლის თანახმადაც “აქსისის” მომხმარებელი ბინას ყიდულობს მისი ღირებულების მხოლოდ 20%-ის გადახდით, ხოლო დარჩენილ 80%-ს იხდის უკვე ბინის ჩაბარების შემდეგ.

დღეს ბაზარზე ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა. “აქსისი” კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. რა მიგაჩნიათ თქვენი კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად, რა აქვს “აქსისს” უნიკალური?

სწორად აღნიშნეთ, რომ ბაზარზე ძირითადად ახალი მოთამაშეები არიან და ჩვენ მათ მივესალმებით. ჩვენი კომპანია კი 17 წელია, აქტიურ საქმიანობას ეწევა, “აქსისმა” გაკვალა დეველოპმენტის რთული გზა საქართველოში, შემოიტანა და დაამკვიდრა მრავალი ინოვაციური პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, პალასების სერია, ტერასული ტიპის სახლები, გადალახა უამრავი სირთულე და მიიღო კრიზისის მენეჯმენტის უნიკალური გამოცდილება. ჩვენ შევძელით და კრიზისის დროსაც შევინარჩუნეთ მაღალი ხარისხი, რომელსაც მომხმარებელი მუდმივად ენდობოდა და უფრო მეტიც, კომპანია ამ პერიოდში განვითარდა და გაიზარდა.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას, გამოვყოფ ოთხ მათგანს: 17-წლიან დეველოპერულ გამოცდილებას, უმაღლეს ხარისხს, დიდ არჩევანსა და კრიზისის მენეჯმენტის უნიკალურ გამოცდილებას.

თითოეული მოკლედ რომ განვიხილოთ: გამოცდილებაზე უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენმა გუნდმა, რომელშიც უკვე სამი თაობა გამოიზარდა, სირთულეებს გაუძლო და შეძლო თითოეული მათგანი გამოწვევად ექცია. მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი წარმოადგენს “აქსისის” ერთ- ერთ მთავარ რესურსს.

ხარისხი ყოველთვის გამოარჩევდა “აქსისს” ბაზარზე. კრიზისის დროსაც კი, როდესაც დაზარალებული კლიენტი წუხილს გამოთქვამდა გადაცილებულ ვადებზე, მაინც ყოველთვის იმედიანად აღნიშნავდა, რომ ის მაღალი ხარისხი, რის გამოც “აქსისში” ბინა შეიძინა, აუცილებლად შენარჩუნდებოდა. მომხმარებელმა იცის, რომ ხარისხს ჩვენ არასდროს ვუღალატებთ.

დაბოლოს, ჩამოგითვლით ჩვენს პროექტებს უბნების მიხედვით და მიხვდებით, რამდენად დიდი არჩევანი აქვს “აქსისის” მომხმარებელს. დღესდღეობით ჩვენი მიმდინარე მშენებლობებია: ვაკეში – 4 ობიექტი, საბურთალოზე – 4 ობიექტი, დიდუბეში არსებულ ერთ ობიექტს ოთხი ახალი კორპუსი დაემატება. ასევე ვიწყებთ ახალ პროექტებს ავლაბარსა და ჩუღურეთში.

რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული ბინათმშენებლობის ობიექტებს მოეხსნება დღგ და K2 კოეფიციენტის გადასახადი? როგორ იმოქმედებს ის კონკრეტულად “აქსისზე” და ზოგადად ბაზარზე?

ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს დღეს ასე თუ ისე აქტიურ კომპანიებს ვალდებულებების გასტუმრებაში, ხოლო მათ, ვინც – იმედი მაქვს, მხოლოდ დროებით – გაჩერებულია, მისცემს შანსს, რომ დაასრულოს დაწყებული მშენებლობები. შედეგად, ათასობით ოჯახს ეძლევა საშუალება, მიიღოს კუთვნილი ბინები, ქალაქში აღარ იქნება ამდენი დაუმთავრებელი ნაგებობა, ათასობით ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და ზოგადად ხელი შეეწყობა თვითონ დეველოპმენტის დარგისა და მისი მომიჯნავე დარგების განვითარებას.

რაც შეეხება კონკრეტულად “აქსისს”: როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გასტუმრებულია, თუმცა დარჩენილ ვალდებულებებზე საგადასახადო ტვირთის მოცილება, რა თქმა უნდა, დიდ შეღავათს მოგვცემს.

ზოგადად არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის სუბსიდირების წინააღმდეგი ვართ. ეს წარმოშობს კორუფციისა და პროტექციონიზმის საშიშროებას ნებისმიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა კი ძალიან სწორი მხარდაჭერაა, სწორედ იმ კუთხით, რომ ხელს უწყობს აქტიურ ბიზნესსუბიექტებს, აშორებს მათ ტვირთს და სტიმულირებას უკეთებს მათ შემდგომ საქმიანობას.

საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა შეჩერებული ცათამბჯენების “აქსის თაუერსის” პროექტი. როგორც ვიცით, დღეს მშენებლობა განახლებულია და ამ კუთხით თანამშრომლობთ საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან. კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი თანამშრომლობა და რა ცვლილებებია შეტანილი თავდაპირველ პროექტში?

დიახ, “აქსის თაუერსი” განახლებულია. მასში ჩვენ და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი” თანაბარ ინვესტიციას ვახორციელებთ. პროექტის ცნობილი არქიტექტურა არ შეცვლილა, ის, უბრალოდ, ფუნქციონალურად გამდიდრდა. მშენებლობა განახლებულია და შენობის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2017 წელს. “აქსისს” თავისი ინვესტიციის დიდი ნაწილი უკვე განხორციელებული აქვს.

პროექტის ღირებულება შეადგენს $83 მილიონს. ეს ჩვენს ქვეყანაში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე ძვირად ღირებული დეველოპერული პროექტია.

დეტალური ინფორმაციის გახმოვანებისგან თავს ვიკავებთ და ყველაფერს მოგახსენებთ “აქსის თაუერსის” პრეზენტაციაზე, აპრილში.

კომერციის გარდა დეველოპერს სხვა საზრუნავიც აქვს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან დეველოპერის საქმიანობა ქალაქის იერსახეს ცვლის, რომელიც რჩება საუკუნეების განმავლობაში. როგორ პასუხობს “აქსისი” ამ გამოწვევას? “

აქსისი” ახალ პროექტს აფასებს სამი პარამეტრით: მოგებიანობა, რა სარგებელი მოაქვს კონკრეტულ პროექტს ბრენდისთვის და რა სარგებელი მოაქვს მას ქალაქისთვის. ამ უკანასკნელს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. როდესაც ჩვენ ახალ უბანში შევდივართ, ვცდილობთ, ჩვენი პროექტით შევიტანოთ ახალი ინფრასტრუქტურა, ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი. შედეგად სარგებელი უნდა მიიღონ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებმაც.

მაგალითად, “აქსის პალასი 1”-მა და “პალასი 2”-მა საბურთალოს, ბახტრიონისა და გამრეკელის ქუჩებს სრულიად ახალი ელფერი შესძინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობამ, სადაც საცხოვრებელთან ერთად განთავსებულია საოფისე და კომერციული ფართები, კაფე- რესტორნები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, შეცვალა მიმდებარე უბნის ცხოვრების წესი და იერსახე. “აქსის პალასი 1”-ზე, სამივე ქუჩის მხარეს ტროტუარი გავაფართოეთ და კეთილმოვაწყვეთ ჩვენი ფართის ხარჯზე, ხოლო “აქსის პალასი 2”-ში, აგრეთვე ჩვენს ტერიტორიაზე, გავჭერით სასეირნო ქუჩა ბახტრიონიდან საბურთალოზე. ჯამში ქალაქის სასიკეთოდ დავთმეთ ჩვენი ნაკვეთის 4000 კვ.მ., რომელიც კომერციულ ფასად გვქონდა შეძენილი. დღეს ეს ტერიტორია, ადრინდელისგან განსხვავებით, განათებული და ხალხმრავალია. შედეგად მიმდებარე კორპუსების ფასმაც აიწია. ჩვენი ახალი ობიექტი მდებარეობს ჭავჭავაძის 49 ნომერში, რომელიც ქუჩის პერიფერიად ითვლებოდა. აქ ნორმალური მარკეტიც კი არ იყო.

ჩვენი ახალი პროექტის, “აქსისი ჭავჭავაძის 49”-ის, განხორციელების შედეგად სამივე ქუჩის მხრიდან ტროტუარები გაფართოვდება 5-დან 11 მეტრამდე. ასევე ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე ვაფართოებთ გზას სამივე მხრიდან. შედეგად, ორ ქუჩას – ხაბეიშვილისა და ვაკის საცურაო აუზთან ჩამავალ ქუჩებს, სადაც მუდმივად საცობი იყო – ემატება თითო სამანქანო ზოლი. შედეგად, “აქსისი” საკუთარი ტერიტორიიდან, რომელშიც ყველაზე ძვირად ღირებული ინვესტიცია განახორციელა პარტნიორებთან ერთად, 2000 კვ.მ.-ს თმობს საჯარო მოხმარებისთვის.

აქ განთავსდება საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები. შენარჩუნდება და კეთილმოეწყობა რეკრეაციული ზონა. კომერციულ ფართებში გაიხსნება მრავალი მაღაზია და კაფე- რესტორანი. შედეგად ეს პროექტი სასიკეთოდ შეცვლის და გამოაცოცხლებს ამ უბნის ინფრასტრუქტურას. ხოლო ლენდმარკი შენობა მიმდებარე ტერიტორიას ელიტარულობას შესძენს.

ჩვენ ამ მიდგომით ვახორციელებთ ყველა ჩვენს პროექტს და მაღალი ცხოვრების ხარისხს ვთავაზობთ ყველა სეგმენტს. “აქსისი” ასევე შევიდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც უფრო ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას, იგივე ხარისხი მიიღოს. მაგალითად, დიდუბეში ჩვენი პროექტის ერთ- ერთი მთავარი მიზანი სწორედ გარემოს გაკეთილშობილებაა – ახალი სტანდარტის შეტანა და დამკვიდრება, რათა ჩვენი ქალაქის ყველა უბანში იყოს თანამედროვე არქიტექტურისა და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება.

დღეს რა სახის ინოვაციებს სთავაზობს “აქსისი” მომხმარებელს? როგორია ახალი და სამომავლო პროექტები?

ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებელს სიახლეებს ტექნოლოგიების, მომსახურებისა თუ პროდუქტის მიმართულებით. “აქსისს” აქვს იმის გამოცდილებაც, რომ ბაზარზე ჩვენ მიერ შემოტანილი ინოვაცია ცვლის მოთხოვნას და, შესაბამისად, აწესებს ახალ სტანდარტს, რომელიც შემდეგ უკვე ბაზარზე მკვიდრდება. და ეს ძალიან კარგია, ჩვენი მისიაც ხომ მთლიანად ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ამ ეტაპზე კონკრეტულად რამდენიმე სიახლე შევთავაზეთ მომხმარებელს. ჩვენ შემოვიტანეთ ახალი პროდუქტი “აქსის ვერანდა”, რომელსაც ჩვენს ორ ახალ პროექტში, “აქსისი ჭავჭავაძის 49” და “აქსისი იპოდრომთან”, ვთავაზობთ მომხმარებელს.

ყველას კარგად ახსოვს “აქსისის” პირველი ტერასული სახლი, თუმცა “აქსის ვერანდა” სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ დეველოპმენტში. ეს არის ახალი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენი სამხრეთული კლიმატის პირობებში. წარმოიდგინეთ უზარმაზარი – 20-დან 70 კვ.მ-დე ფართის გადახურული ვერანდა, სადაც გამათბობლების დახმარებით ოთხი სეზონის გატარებაა შესაძლებელი. აქ დაიდგმება შესაბამისი ავეჯი და

“აქსის ვერანდა” გახდება ოჯახის საყვარელი ადგილი წლის სხვადასხვა პერიოდში. “აქსის ვერანდების” იდეა განხორციელდება ყველა ჩვენს სამომავლო პროექტში და იმედი გვაქვს, დაინერგება ბინების ახალი კონცეფცია დიდი საზაფხულო ფართებით.

სიახლე გვაქვს ტექნოლოგიების მიმართულებითაც: “აქსისი” აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა უცხოურ ბრენდებთან, თუმცა თუ ადრე ეს იყო საშუალო ცნობადობის ევროპული კომპანიები, დღეს ჩვენი მასალების მომწოდებლები ევროპის წამყვანი, ლიდერი ბრენდებია: Wicona, Saint Gobein-ი, Weber Knauf-ი, Rehau, Tyssen Krup-ი და სხვა.

მაგალითისთვის, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. “თეთრი კარკასის” ცნება სტანდარტულია. ჩვენთან, მაგალითად, არ გამოიყენება გაჯით ლესვის ტექნოლოგია, რომელიც უსიამოვნო პროცესთან, მტვერთან, გრძელვადიან სამუშაოებთან და ხანგრძლივ შრომასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამკვიდრებთ სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც პირდაპირი გაგებითაც თეთრი იქნება. Knauf-ის გერმანული შიდა სალესი მასალის გამოყენება საერთოდ აღარ საჭიროებს გაჯით ლესვას და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს არის ნესტისა და წყლის მიმართ მედეგი უახლესი მასალა, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვნად ამარტივებს სამღებრო სამუშაოებს და უზრუნველყოფს კედლების სისწორეს.

ასევე იცვლება ფასადის მოპირკეთებისა და დათბუნების ტექნოლოგიაც. Saint Gobein-ის ფასადისა და იატაკის მათბუნებლების, დაბალემისიური შუშებისა და Wicona-ს კარ- ფანჯრების დახმარებით ბინა იქნება იზოლირებული ოთხივე მხრიდან, რაც მაქსიმალური თბო-და ბგერაიზოლაციის საშუალებას მოგვცემს.

ტექნოლოგიებს, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ ახალ პროექტებში, ვუწოდებთ მომავლის ტექნოლოგიებს, ვინაიდან ისინი სრულიად შეცვლიან მშენებლობის პროცესს, მიდგომებს, მომხმარებლის მოთხოვნასა და ზოგადად ცხოვრების ხარისხს საქართველოში.

წინა სტატია

ლარის კურსი 2.19-ზე გაჩერდება?
18 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმის 75%-ია შესრულებული
18 მარტი, 2015
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა