ბიზნესის პირადი ასისტენტი

ბიზნესის პირადი ასისტენტი

“არა” გამოსავალი არ არის – ასეთია Concierge Tbilisi-ისა და მისი დამფუძნებლის დამოკიდებულება საქმისადმი.

სწორედ ამ შემართებით დაიწყო ლიზი ხაბაზიშვილმა 2014 წელს ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი მომსახურების შეთავაზება. ის, რომ პირველი იყო, თან დიდი გამოწვევა იყო და თან მოტივაციას მატებდა. სწორი ბიზნესგათვლები, მაღალკვალიფიციური გუნდი, კავშირები და დაიწყო… ასე გაჩნდა Concierge Tbilisi – კომპანია თანამედროვე, საქმიანი ადამიანებისთვის, რომელიც ფაქტობრივად ყველა სახის ყოველდღიური საზრუნავის აცილებაში გეხმარებათ.

Concierge Tbilisi-ის ლოგო – გასაღებია, რომელსაც ვიზუალური გამოხატულების გარდა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. გასაღები მთელი კომპანიის კულტურას ასახავს. კონსიერჟ კლუბის წევრებისათვის ყველა კარის გახსნა ლიზი ხაბაზიშვილმა თავის პარტნიორ ნინო სხირტლაძესთან ერთად ორ წელზე მეტია, დაიწყო.

წარმოიდგინეთ, რომ პირადი ასისტენტი ან სულაც მარჯვენა ხელი გყავთ, რომელიც თქვენს სურვილებს მოკლე დროში, ხარისხიანად და პროფესიონალურად ასრულებს. ყოველდღიურ რუტინასთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს, თქვენ კი უბრალოდ მეტი დრო გაქვთ ოჯახთან, მეგობრებთან ურთიერთობისა და საყვარელი საქმისათვის.

რას ნიშნავს კონსიერჟი, რა მომსახურებებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს და როგორი გეგმები აქვს Concierge Tbilisi-ს, კომპანიის დამფუძნებელი ლიზი ხაბაზიშვილი გვიყვება.

Concierge Tbilisi ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ჩვენც თავიდან დავიწყოთ. რას გულისხმობს კონსიერჟის მომსახურება და რატომ აირჩიეთ ეს სფერო თავის დროზე?

ბიზნესკონსიერჟი საქართველოს ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელიც თანამედროვე საქმიანი ადამიანებისა და კომპანიებისათვის საჭირო ფაქტობრივად ყველა სახის მომსახურებას აერთიანებს. ვფიქრობ, უნიკალური ნიში გვიჭირავს, რომელშიც ერთიანდება: ავიაბილეთების 24/7 შესყიდვის მომსახურება, ნებისმიერი რესტორნის დაჯავშნა, სასტუმროს ხელსაყრელ ფასად რეზერვაცია, ნებისმიერი სახისა და კლასის ტრანსპორტის დაჯავშნა, იქნება ეს ავტომობილი, თვითმფრინავი თუ იახტა.

ახლა, როდესაც 5 წლის გადმოსახედიდან ვფიქრობ, 5 ათასი დოლარის ინვესტიციით დაწყებული ბიზნესი მე თვითონაც არარეალურად მეჩვენება, მაგრამ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფინანსები არაა მთავარი ამ სფეროში. საკონსიერჟო მომსახურების დარგში გადამწყვეტი კონტაქტებია. ჩვენს შემთხვევაში ამას ემატება გამოცდილება, რაც ტოპმენეჯმენტსა და გუნდს აქვს. ჩვენც სწორად გამოვიყენეთ ჩვენი სანაცნობო წრე, გუნდის წევრების მიერ ათეულობით პროექტის, მათ შორის: EBRD-ის, აბრეშუმის გზის ფორუმის, IBF-ის, StartUp Grind London-ის, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ჰონკონგში, ნიუ- იორკში, ვენაში, ლონდონში, “აწარმოე საქართველოში” და “გადაიღე საქართველოში” პროექტების პრეზენტაციები, შესრულებიდან დაგროვილი ცოდნა და ინფორმაცია. მიღწევად ვთვლი იმასაც, რომ წლიდან წლამდე 500%-იანი ზრდა გვაქვს და უკვე ერთი შვილობილი კომპანია გვყავს, ავიაბილეთების 24-საათიანი მომსახურების სახით.

რატომ ეს სფერო? მე თავად მომიწია ისეთ სფეროში მუშაობა, სადაც ხშირად მიხდებოდა ადამიანების გადაადგილების გრაფიკის შედგენა, მძღოლებთან, ბორტგამცილებლებთან, რესტორნის თუ სასტუმროს მენეჯერებთან სასურველ პირობებზე მოლაპარაკება, საჭირო დოკუმენტების შეგროვება, კონტრაქტორებთან გადარიცხვების წარმოება, ასევე, ყველა ტიპის შეხვედრის შინაარსობრივ ნაწილზე ზრუნვა. საკონსიერჟო მომსახურების გემო იმ დროის- თვის, თან საქართველოში, ერთი- ორ ადამიანს თუ ექნებოდა გასინჯული. ეს მიმართულება უბრალოდ არ არსებობდა. საკუთარი გამოცდილების შესწავლა და გარემოზე დაკვირვება ბაზრის ერთგვარი კვლევა აღმოჩნდა. თავიდან ვიყავით მე და ჩემი პარტნიორი, ნინო სხირტლაძე, ორი გულანთებული და კონსიერჟის სერვისის აუცილებლობაში დარწმუნებული ადამიანი. გამოვიყენეთ ჩვენი ფართო სანაცნობო წრე და ეტაპობრივად ძალიან ბევრ ადამიანს გავაცანით “კონსიერჟი”, ეს ზოგისთვის მისტიკური და ცოტა ჯადოსნური პერსონაჟი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ძალიან საჭირო იყო.

მახსოვს, რამდენად სწორად გადავინაწილეთ სფეროები და დავალებები, იმისათვის რომ ჩვენი დამკვეთისთვის ავტომომსახურებაც სრულყოფილად შეგვეთავაზებინა, საკურიერო მომსახურებაც, ვიზის შევსებაშიც მივხმარეობდით, სტუმრების დახვედრა- გაცილებაც, წაყვანა და მათი დაბინავება სრულფასოვნად, მაღალი ხარისხით გვეწარმოებინა. იმასაც კარგად ვიაზრებდით, რომ ერთ დროს ჩვენსავით კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის უკონსიერჟობა ჩვეული მდგომარეობა იყო, ამას ვერავინ ინატრებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსიერჟის მომსახურების გემოს იგებენ, უკვირთ, აქამდე როგორ ახერხებდნენ ცხოვრებას.

კომპანიას სამი ძირითადი მიმართულება აქვს მომსახურებისთვის – რა მიმართულებებია ეს და კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს?

დიახ, ჩვენი სამ ძირითად მიმართულებას მოვიცავთ: ბიზნესკონსიერჟი, ღონისძიებების ორგანიზება და მოგზაურობის დაგეგმვა. განსაკუთრებით საინტერესო კომპანიებისთვის ბიზნესკონსიერჟის დაქირავებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. რეალურად ეს ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად დაგხვდებათ ისეთი მენიუ, რომელიც თქვენთვის არის სასურველი, სასტუმროში კი ზუსტად ისეთ მომსახურებას მიიღებთ, როგორსაც ინატრებდით. მანქანაც სწორედ  თქვენი საყვარელი ბრენდის იქნება და კულტურული პროგრამაც შეესაბამება თქვენს გემოვნებას.

ბიზნესკონსიერჟის მთავარი პრივილეგია One Account One Bill-ია. უდიდესი კომფორტია კომპანიისთვის, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ კლიენტის მაგივრად ყველა გადარიცხვას და თვის ბოლოს წარვუდგენთ ინვოისს. ბიზნესკონსიერჟი გულისხმობს პირადი კონსიერჟის მომსახურებასაც – ადამიანის, რომელიც კონკრეტულად თქვენ გემსახურებათ და რომელსაც დღეში 12 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ერთი ზარით მოაგვაროთ უამრავი საქმე. კონსიერჟ კლუბის წევრები სარგებლობენ განსაკუთრებული ტარიფებით და შეღავათიანი პირობებით მათივე მოთხოვნების მიხედვით. კორპორაციული შეკვეთის შემთხვევაში დამკვეთს ვაწვდით როგორც წლის განმავლობაში განხორცილებული მომსახურების ანალიტიკას, მაგალითად, რომელ რესტორანში, სასტუმროში რამდენი დაიხარჯა, ავიაბილეთებზე რა ხარჯი იყო გაწეული, ასევე ვეხმარებით უფრო ოპტიმალურად დაგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ლოიალური კლიენტები სარგებლობენ განსაკუთრებული ტარიფებით და შეღავათიანი პირობებით, რაც განისაზღვება მათი მოთხოვნების მიხედვით.

ბიზნესკონსიერჟის მომსახურების საფასური იწყება თვეში 1000 ლარიდან + 18% დღგ და იზრდება 3000 ლარამდე + 18% დღგ. გააჩნია კომპანიის მოთხოვნებს, მომსახურების გამოყენების სიხშირეს და კომპლექსურობას, ასევე რამდენი ადამიანი იყენებს მას.

რაც შეეხება საერთაშორისო თუ შიდა მოგზაურობის დაგეგმვას, ეს გულისხმობს სრულ მომსახურებას: ვიზასთან დაკავშირებული ლოგისტიკის უზრუნველყოფას, სასტუმროს, რესტორნების დაჯავშნას, თემატური ტურების ორგანიზებას, მაგ: რელიგიური, შოპინგტურები, გასტრო, კულტურა და ა.შ

ჩვენს წევრებს არ უწევთ იმაზე ფიქრი, დასჭირდებათ თუ არა ზედმეტი ბარგის საფასურის გადახდა ფრენის დროს, აეროპორტის მოსასვენებელ სივრცეში როგორ შევლენ, ფრენების დროს დიდხნიანი მოცდის პერიოდში რას გააკეთებენ, სასურველ ქალაქში სამოგზაუროდ მატარებელი დასჭირდებათ თუ შიდა ფრენა და ა.შ., რადგან კონსიერჟი ამ ყველაფერზე წინასწარ ზრუნავს.

რაც შეეხება ღონისძიებების დაგემვას, აქ მოვიცავთ თემატურად ყველა ტიპის ღონისძიებას, იქნება ეს: MICE ტურიზმი, პროდუქტის პრეზენტაცია, სამუშაო შეხვედრები, ქორწილი, იუბილე თუ სხვა. ამ ნაწილში ჩვენი ერთ- ერთი კონკურენტული უპირატესობა შინაარსობრივ ნაწილზე ზრუნვაა.

რა გამოარჩევს Concierge Tbilisi-სხვა მსგავსი კომპანიებისგან – რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ის ფაქტი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ვაერთიანებთ სამ სხვადასხვა მიმართულებას, გვაძლევს საკმაოდ დიდ დიაპაზონს და მოქნილობას. უპირატესობას რაც შეეხება, ეს არის გამოცდილება და კონტაქტები. თუ სხვას კონკრეტული საქმის დასაგეგმად შეიძლება კვირები ან თვეები დასჭირდეს, ჩვენ იმავეს დღეების ან საათების განმავლობაში უზრუნველვყოფთ. კვალიფიციური და მრავალმხრივი გამოცდილების  მქონე გუნდი ჩვენი სიმდიდრეა. გავიხსენებ ერთ მაგალითს. ლონდონში ჩვენმა უმსხვილესმა დამკვეთმა ვერ მოასწრო სავაჭრო გამოფენისათვის ბანერებისა და პრომო- მასალების დაბეჭდვა, შესაბამისად, ჩვენ ღონისძიებამდე 24 საათით ადრე მოგვმართა. გამომდინარე იქიდან, რომ Concierge Tbilisi-ს ჰყავს სანდო პარტნიორები ლონდონში – და გავამხელ, ეს იყო MC Saatchi – ჩვენ 12 საათში დავამზადეთ ყველა მასალა და ჩვენს დამკვეთს გაწყობილი პრომო- კუთხე დავახვედრეთ. Concierge Tbilisi-ს მოუწია სერ რიჩარდ ბრენსონისათვის უნიკალური ნარდის შერჩევა, რომ ჩვენს VIP კლიენტს მისთვის წაეღო საჩუქრად. ბრენსონი ზრუნავს გარემოზე, შესაბამისად, ნარდის ფიგურები სპილოს ძვლის არ უნდა ყოფილიყო. ჩვენმა გუნდმა შეძლო გამორჩეული ხარისხისა და სილამაზის ნარდის მოძიება და კლიენტის სასიამოვნოდ გაოცება.

თქვენი მომსახურებებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად იკვეთებით სერვისების მიმწოდებელ სხვა კომპანიებთან, თუნდაც ისეთებთან, როგორიცაა ტურისტული სააგენტოები, ე.წ. ივენთ კომპანიები… გამოდის, რომ თქვენ ერთ სივრცეში აერთიანებთ რამდენიმე სერვისს. ამიტომ საინტერესოა, ვის მიიჩნევთ კონკურენტებად?

Concierge Tbilisi-ის მომსახურება იმდენად კომპლექსური და ინდივიდზე მორგებულია, რეალურად გამიჭირდება, ქართულ ბაზარზე არსებულ რომელიმე კომპანიას შევადარო. მსგავსი ტიპის მომსახურებებს, როგორც წესი, ცალკეული კომპანიები ერთი მიმართულებით უზრუნველყოფენ.

როგორ ფიქრობთ, 21-საუკუნეში კონსიერჟის მომსახურება ფუფუნებაა თუ დროის დაზოგვის-თვის საჭირო აუცილებლობა?

ვიტყოდი, რომ ეს ხელმისაწვდომი ფუფუნებაა. ზოგადად დრო 21-ე საუკუნის ერთ- ერთი ყველაზე ფასეული რესურსია, ადამიანებს სულ ნაკლები დრო რჩებათ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, საყვარელი ჰობისთვის, ამიტომ ჩვენი პროდუქტი, ერთი მხრივ, მაქსიმალურად მოვარგეთ საქმიანი ადამიანების საჭიროებებს და მეორე მხრივ – მათ შემოსავლებს, ესეც ჩვენი კომპანიის ფილოსოფიის ნაწილია. კონსიერჟის წევრი, კომპანია იქნება ეს თუ ინდივიდი, ვირტუალური გასაღების მფლობელია, რომელიც ყველა კარს აღებს.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რა სეგმენტზე მუშაობთ?

ჩვენი მომსახურება მიმართულია ძირითადად კორპორაციულ სეგმენტზე, კომპანიების მმართველებსა და მფლობელებზე, ასევე, მათ გარემოცვაზე. ამ ადამიანებს ძირითადად აქვთ დროის დეფიციტი, ისინი უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და მოქნილობას მოელიან. კონსიერჟის უპირატესობაც ესაა – ჩვენ მაქსიმალურად ვერგებით კლიენტის მოთხოვნებს, მის ხასიათს, ამიტომ ჰყავს მომხმარებელს პირადი კონსიერჟი. ის, ფაქტობრივად, პირადი ასისტენტია, რომელიც ეხმარება საქმიან ადამიანს სტრესის არიდებასა და ყოველდღიური საზრუნავის მოგვარებაში.

კომპანიაში დავნერგეთ ე.წ Follow Up-ების პრაქტიკა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ კლიენტის კმაყოფილება. კარგად გვესმის, რომ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული რჩევები და რეკომენდაციები მუდმივად გვავითარებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ კომპანიაში ეტაპობრივად ხდება ახალი სერვისების დამატება დამკვეთის საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით…

საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებას ვგეგმავთ შემოდგომაზე, თუმცა ჯერ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ერთს გეტყვით, რომ ეს იქნება სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ყველაზე ინფორმაციული და მნიშვნელოვანი დღე კავშირების დამყარების კუთხითაც. ასევე, ჩვენი ორწლიანი სტრატეგიის ნაწილია, გავზარდოთ პარტნიორების არეალი. ამჟამად სტრატეგიული პარტნიორები გვყავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში. მიზნად გვაქვს დასახული, პარტნიორები შევიძინოთ ჩინეთში, ყაზახეთში, ლატვიაში, ლიტვაში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *