ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო

ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო

2019 წლის 12 მარტს ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი რუხაძისა და Hunnewell Partners-ის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა. შედეგად, სასამართლომ განამტკიცა 2018 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყცეტილება,  რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners International-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს. 

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ბიზნესმენის გარდაცვალების შემდგომ, მან და კიდევ ორმა პირმა მიზანმიმართული ქმედებებით, რომელთაც ბრიტანული სასამართლო შეთქმულებად აფასებს, Salfofrd-ს დააკარგვინეს შესაძლებლობა, რომ პატარკაციშვილის ოჯახისთვის მილიარდერის აქტივების მოძიება/შეგროვების სერვისი გაეწია. 

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლორდ ჯულიან ფლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: 

“მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციარული) ვალდებულება. მოსამართლემ აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს”. 

დღეის მდგომარეობით სწორედ Hunnewell-ი განკარგავს პატარკაციშვილების უმსხვილეს აქტივებს. მათ შორის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და წილს “ჰაიდელბერგცემენტში”. ასევე, თავად Hunnewell-ს აქვს ეკონომიკური ინტერესი “ლიბერთი ბანკშიც”. 

თავად Salfofrd-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2018 წლის 15 ნოემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სამართლებრივ დავას გააგრძელებს იქამდე, სანამ მიყენებული ზარალის სრულ ანაზღაურებას არ მიიღებს. სარჩელის დეტალები ამ დროისთვის უცნობია, ცნობილია მხოლოდ ერთი – მისი მოცულობა ასობით მილიონი დოლარი იქნება. 

წარმოგიდგენთ განცხადებას, რომელიც Salford-მა 2018 წლის 15 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოაქვეყნა: 

“სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამ სამი პიროვნების [ირაკლი რუხაძის, ბენჯამენ მარსონის, იგორ ალექსეევის] წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება, რათა მოხდეს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების პროცესში მათ მიერ მითვისებული თანხების დაბრუნება. 

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, პრეტენზია განაცხადა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში. 

პატარკაციშვილის აქტივების დაცვისა და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc-ს (Salford, სალფორდი) მიანდო. კომპანია “სალფორდი” პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. “სალფორდის” აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანიის რიგი მაღალი რგოლის თანამშრომელი პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა. თავდაპირველად მათ შორის იყო ბ-ნი რუხაძე, იმ დროისათვის “სალფორდის” დირექტორი, ასევე იგორ ალექსეევი და ინგლისელი იურისტი ბენ მარსონი. 

სამი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთი მხრივ “სალფორდსა” და მეორე მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც 2011 წელს მათი გაყრა მოჰყვა. 

“სალფორდის” მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევისა და მარსონის წინააღმდეგ. ორწლიანი დავისა და ოთხკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლე კოკერილმა დაადგინა, რომ სამმა მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა გამზადებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ სამეულმა მოამზადა შეთქმულება და იმ მიზნით გამოეყო “სალფორდს:, რომ მიეთვისებინა აქტივების მოძიება/შეგროვების სარგებლიანი პროექტი. მოსამართლემ დაასაბუთა: “ამ გარემოებებით ვადგენ, რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო და მისი პირობები შეთანხმებული იყო მოპასუხეებს შორის”. 

მოსამართლემ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათი, როგორც მაღალი რგოლის თანამშრომლების, მოსარჩლის მიმართ არსებული “სერიოზული” ფიდუციარული ვალდებულებები. მან განაცხადა: “ეჭვგარეშეა, რომ ფიდუციარული ვალდებულების კონტექსტში, მათი ქმედებები მოღალატეობრივია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი იმისთვის, რომ თვითონ წარემართათ აქტივების მოძიება/შეგროვების მოგებიანი პროექტი “სალფორდთან” გაყრის შემდგომ. მე ვასკვნი, რომ სამივე მოპასუხემ დაარღვია ფიდუციარული ვალდებულებები”. 

ბ-ნი რუხაძის დახასიათებისას, მოსამართლე კოკერილმა განაცხადა: “დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ უჭირს ტყუილის თქმა, თუ მას ეს გამართლებულად მიაჩნია; მე დავადგინე, რომ მისი ჩვენებები გარკვეულ საკითხებში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო კონსტრუირებული (ხანდახან იქვე მოგონილი და მისივე ადვოკატების ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მყოფი) ისე, რომ ეს მას დახმარებოდა საქმის მოსაგებად”. 

მოსამართლე კოკერილმა ასევე აღნიშნა, რომ ბ-ნი მარსონის არასერიოზული დამოკიდებულება დაცვის მიერ ჭეშმარიტების დეკლარაციის (Statement of Truth) არასწორად გამოყენების მიმართ იურისტის კვალიფიკაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

“სალფორდიდან” გამოყოფის შემდეგ სამმა მოპასუხემ დაასრულა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოპასუხეებმა რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. მათვე დააარსეს სასამართლო დავების დაფინანსების კომპანია. ამჟამად მომჩივნის ადვოკატები ემზადებიან შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისათვის საკომპენსაციო თანხების მოსაპოვებლად. პატარკაციშვილის ოჯახს სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და ამისათვის მოპასუხეებმა ასეულობით მილიონი დოლარის გასამრჯელო მიიღეს. 

Recovery Partners-ის წარმომადგენელმა განაცხადა: “ეს არის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დავიბრუნოთ თანხები, რომელთაც მივიღებდით, რომ არა მოპასუხეების კონსპირაციული ქმედებები, რომელთა შედეგად “სალფორდს” წაერთვა კუთვნილი ბიზნესშემოსავლები. ახლა დაიწყება სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც სასამართლო განსაზღვრავს, თუ რა დაკარგა “სალფორდმა” მოპასუხეების ქმედებების შედეგად და რა მოიპოვეს მოპასუხეებმა უკანონოდ. მეორე ეტაპის ბოლოს სასამართლო გასცემს განკარგულებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დანაკარგის კომპენსირება მოპასუხეების მიერ – ზარალის ანაზღაურებით თუ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მიღებული მოგების ჩვენთვის დაბრუნებით”. 

დავის დეტალების შესახებ წაიკითხეთ Forbes Georgia-ის სტატია – ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *