მისაბაძი ეკონომიკური მოდელები

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სიღარიბისგან თავის დასაღწევად სხვა სახელმწიფოებს აკვირდება და თავისთვის მისაღები მოდელის პოვნას ცდილობს, პრობლემის წინაშე დგება. აშკარაა, რომ დღეს ევროპა ვერაფერს გვთავაზობს. გერმანიის ეკონომიკა გამოჯანსაღების სტადიაშია, მაგრამ ის მიბმულია საერთო ვალუტას, რომელიც, ევროზონის ზოგიერთი წევრის „წყალობით", დღითი დღე სუსტდება. ირლანდია და პორტუგალია, ფაქტობრივად, გაკოტრებულია. ესპანეთში 15-იდან 25-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე 50%-ს აღწევს, იტალია მუსიკალური კომედიაა, საბერძეთი - კლეპტოკრატიული სახელმწიფო, სადაც მდიდრები გადასახადებს არ იხდიან. საფრანგეთი ფსევდოდემოკრატიაა, დომინიკ სტროს-კანი კი მისი მმართველი ელიტის ტიპური წარმომადგენელი.

რაც შეეხება კაპიტალიზმის აკვნებს - ბრიტანეთს ლიდერი და ფინანსთა მინისტრი კონსერვატორები არიან, მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათ ლიბერალების ხმები სჭირდებათ. შედეგად, პოზიციების დათმობა ხშირად უწევთ და ყაბულს არიან ისეთ სადავო ექსპერიმენტს დაუბრუნდნენ, როგორიცაა, მაგალითად, ქარის წისქვილები. აშშ-ის პირველმა პირმა თავისი საპრეზიდენტო ვადის უმეტესი ნაწილი ჯანდაცვის რეფორმის გატარებას მიუძღვნა - პროგრამას, რომელიც იმდენად ჩახლართულია, რომ არც თავი ესმის ვინმეს, არც - ბოლო. მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძველმოდური მემარცხენე მთავრობის ხელში აღმოვჩნდებით. ჯერჯერობით აშშ-სთვის ჩვეული დინამიზმი და ღრმა რეცესიის დაძლევის პერსპექტივა არსად ჩანს.

რუსეთს - მეორე ფსევდოდემოკრატიას - გაქსუებული ელიტა მართავს, რომლის არნახული ქონება მხოლოდ ბუნებრივი რესურსებითაა უზრუნველყოფილი. ნედლეულით მდიდარი მუსლიმანური სამყაროს წარმატებული ქვეყნებიც ვერაფერს გვთავაზობენ, გარდა ტირანებისა.

მისაბაძი ეკონომიკური მოდელები მრავლადაა აზიაში. თითოეული მათგანი, სხვადასხვა ფორმით, მოწმობს, რომ კაპიტალიზმი საუკეთესო პერსპექტივებს გვპირდება.

ჩინეთი

მაო ძედუნის საზარელმა დიქტატურამ, რომელმაც 70 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ერთი თაობით უკან დასწია ჩინეთი. კომუნიზმის პრიმიტიულმა ფორმამ მხოლოდ საარსებო მინიმუმით უზრუნველყო ქვეყნის მოსახლეობა. მას მერე, რაც ჩინეთი კაპიტალიზმისკენ შემობრუნდა, იგი შესაშურად გაძლიერდა პროდუქტიულობის, ექსპორტის, რეზერვებისა და ინვესტირების თვალსაზრისით.

თუმცა ჩინეთმა ვერ გაბედა მოსახლეობისთვის დემოკრატიის შეთავაზება. ქვეყნის კაპიტალისტური მოდელი მოძველებულია და, ტრადიციისამებრ, მსხვილ ინდუსტრიას ემყარება. ინტელექტუალური თავისუფლების დევნა ნიშნავს, რომ არ არსებობს იდეების ბაზარი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიების - ანუ მომავლის - უზრუნველსაყოფად.

ინდოეთი

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობისადმი სწრაფვამ ინდოეთი განვითარების მოდელად აქცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება უწესრიგო და კორუმპირებულ ქვეყანად. 1947 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთმაც, ჩინეთის მსგავსად, მთელი თაობა დაკარგა. მაჰათმა განდისა და მის მიმდევრებს პრიმიტიული, კოოპერატიული საზოგადოების შექმნა სურდათ. ნერუ და მისი დინასტია გატაცებული იყვნენ ჰაროლდ ლასკის სოციალისტური იდეებით, რომლებიც ლასკიმ 1930-იან წლებში ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში შეიმუშავა. მარადიული სიღარიბის ეს ორი ფორმულა ინდოეთმა მხოლოდ მეოცე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ამოიგდო თავიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო თავისი ხალხის ბუნებრივი პოტენციალის გამოთავისუფლება და, შესაბამისად, განვითარება.

ინდოეთი კონტრასტების გასაოცარი ნიმუშია. აი, მაგალითად, განვითარებული დასავლეთი ინდოეთისგან ყიდულობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. თუ თქვენ ლონდონში ცხოვრობთ და თქვენი კომპიუტერი ვირუსით დაინფიცირდა, მისი გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა, აიღოთ ტელეფონი და დარეკოთ ნიუ-დელიში. იქაური ფირმა დროულად, თავაზიანად და იაფად მოაგვარებს საქმეს. მაგრამ, ამასთანავე, 100 მილიონ ინდოელს არ მიუწვდება ხელი თანამედროვე ჰიგიენურ საშუალებებზე და მათ ფეხსალაგებს დღემდე ხელით წმენდს მილიონი, მათზე უფრო ღარიბი, დალიტი (იგივე „ხელშეუხებელი").

რადგან ინდოელებს აქვთ სიტყვის თავისუფლება და ბევრ მათგანს შეუძლია წერა-კითხვა ინგლისურ ენაზე, დიდი შანსია, ქვეყანამ ეკონომიკური წარმატებები განიმტკიცოს. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა.

იაპონია

იაპონია შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მარტოსული ქვეყანა მამრობითი სქესის ელიტით. მამაკაცები დაუპატიჟებლად ჩამოსულ იდეებს კარს არ უღებენ და ერთსულოვნად ეწინააღმდეგებიან ინდივიდუალურ ინიციატივებს, რომელთაც ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევა ძალუძს. იაპონია ბევრად დინამიკური იქნებოდა, სახელმწიფოსა და ბიზნესს ქალები რომ უძღვებოდნენ. დიახ, ქალები იქ სიახლეებისადმი მეტად გახსნილები და რისკიანები არიან.

სინგაპური და სამხრეთი კორეა

ორივე ქვეყანა ძალიან პერსპექტიულია. 1945 წელს სინგაპურმა ნულიდან დაიწყო და მოკლე ხანში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
მიუხედავად სამხრეთ კორეის ლიმიტირებული შესაძლებლობებისა, რასაც კრიმინალური რეჟიმის მიერ მართული ჩრდილოელი მეზობელი განაპირობებს, ქვეყანამ კაპიტალისტური ეკონომიკის აყვავება, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება შეძლო.

 

 

წინა სტატია

განსაკუთრებით წარუმატებელი აღმასრულებლების შვიდი ჩვევა
14 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

მე და ჩემი რობოტი
16 იანვარი, 2012
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა