მუდამ სასურველი პარიზული ფუფუნება

პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რომანტიკული ქალაქია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი ქორწინების ოცი წლის იუბილე სწორედ აქ, სინათლის ქალაქში აღვნიშნე. თაფლობის თვე, იუბილეები, დაბადების დღეები - სწორედ ასეთი მოვლენების სადღესასწაულოდ არსებობს პარიზი.

ამიტომ პარიზს შეუძლია გაუძლოს მდიდრული სასტუმროების წარმოუდგენელ რაოდენობას და მათ შორის არჩევნის გაკეთებისას შეუძლებელია შეცდე. Ritz, Plaza Athenee, Le Meurice, Crillon, Bristol ... სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს, ეს ხომ ფუფუნების უწყვეტი ჯაჭვია. მეც რამდენიმე მათგანში სტუმრობით ვისიამოვნე, მაგრამ როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოგზაურობისათვის ვემზადებოდი, ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უსაყვარლესი სასტუმრო The Four Seasons George V ავირჩიე.

უდიდესი კომპანია Four Seasons საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო -სასტუმროების მენეჯმენტითა და წარმოუდგენლად მაღალი სტანდარტებით. და მაინც, ამ დონეზეც კი მის ქსელში არსებულ სასტუმროებს შორისაც არის მეტ-ნაკლები განსხვავება. როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთაც არსებობს რამდენიმე დამკვირვებელი, რომლებიც George V -ს ამ კომპანიის ფლაგმანად არ აღიარებს. ყოველწლიურად სიგარის მოყვარულთა ჟურნალისათვის (Cigar Aficionado magazine) ტურისტული ბიზნესის სფეროში ვატარებ გამოკითხვას (როგორც თანამონაწილე რედაქტორი, ტურისტული ინდუსტრიის კუთხით), რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული აგენტების, ყველაზე ინფორმირებული ჟურნალისტებისა და საუკეთესო ბიზნეს-აღმასრულებლების მაჯისცემას ამოწმებს. ეს გამოკითხვები პარიზის საუკეთესო სასტუმროს წოდებას ყოველთვის George V -ს ანიჭებს. გასულ წელს მან მნიშვნელოვნად ასწია თავისი სტატუსი, უკან ჩამოიტოვა Peninsula Hong Kong (ჩემი კიდევ ერთი საყვარელი სასტუმრო) და პლანეტის საუკეთესო სასტუმროს წოდება მოიპოვა.

რით გამოირჩევა George V ასე მნიშვნელოვნად სხვა სასტუმროებისაგან? ნება მიბოძეთ მოგახსენოთ. მშვენიერი პარიზის გახსენება ჩვენში ასეთ ასოციაციებს იწვევს: მოდა, სამზარეულო, გლამური, რომანტიკა, სიცოცხლის სიყვარული და ხალისიანი განწყობა. George V -ს ყოველივე ეს საკმარისზე მეტი აქვს. ეს ერთადერთი სასტუმროა მსოფლიოში, რომელიც საყოველთაოდ განთქმულია თავისი ყვავილების კომპოზიციებით. George V -ში მუშაობს ჯეფ ლეთმანი, ყვავილების ამერიკელი დიზაინერი, რომლის გადაბირება არაერთმა ტოპსასტუმრომ სცადა, Four Season -ის სხვა დაწესებულებების ჩათვლით, მაგრამ უშედეგოდ. ლეთმანს ყვავილებისათვის ყოველწლიურად ექვსციფრიანიბიუჯეტი აქვს გამოყოფილი. მის მიერ ყვავილებით მორთული სასტუმროს ვესტიბიული და საერთო სარგებლობის სხვა ადგილები ნამდვილ შოუდ იქცევა ხოლმე. თუ ყვავილები თქვენს საქმიანობას არ წარმოადგენს, _ ისევე როგორც ჩემსას - რთული ასახსნელია, რამდენად შთამბეჭდავია ეს სანახაობა. თუმცა ალბათ იმის აღნიშვნაც კმარა, რომ პარიზელები და ტურისტები ხშირად მხოლოდ იმისთვის მიდიან სასტუმროში, რომ ყვავილები ნახონ. ეს გახდა George V -ის სავიზიტო ბარათი, რომელსაც ისურვებდა ნებისმიერი დიდი სასტუმროს მფლობელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სამზარეულო? აქ მდებარეობს Le Cinq -ის მიშელინის ორვარსკვლავიანი რესტორანი, რომელიც, უბრალოდ, ფანტასტიკურია. მართალია, პარიზის, სულ მცირე, სამ სხვა სასტუმროში არის სამვარსკვლავიანი რესტორნები, მაგრამ მე Le Cinq -ს გამოვარჩევდი, რადგან კერძები აქ დახვეწილი, გემრიელი და ინოვაციურია, ყოველგვარი კონსერვატიული პრეტენზიების გარეშე. არც იმის შეგრძნება გაწუხებს, თითქოს გითვალთვალებენ; გარდა ამისა, შეგიძლია ისე ივახშმო, რომ ღამე არ გაათენო. სასტუმროს დევიზი ,,ჩვენი მიზანია მოგანიჭოთ სიამოვნება" ვრცელდება მის ამ არაჩვეულებრივ რესტორანზეც. ცოტა ხნის წინ, პარიზში ყოფნისას, ვისადილე სახელგანთქმულ სამვარსკვლავიან რესტორანში Pre Catalan. შემიძლია ვთქვა, რომ Le Cinq უკეთესია. შესაძლოა უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რაც ყოველთვის მაწუხებდა: Four Seasons-ში იშვიათად მოაქვთ ყავა ნომერში, George V -მა კი მნიშვნელოვნად გამოასწორა ეს საკითხი, nespresso -ს მანქანების დადგმითა და ყავის ფართო ასორტიმენტის შემოთავაზებით.

გლამური? ეს სასტუმრო უამრავი მაღალი კლასის ვარსკვლავის, პრივილეგირებული წრეებისა და ინდუსტრიული მაგნატების არჩევანია. როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ განსაკუთრებულ ადგილას მოხვდით. თუმცა ამას შემოსვლამდეც იგრძნობთ, როდესაც სასტუმროს წინ ჩამწკრივებულ „ბენტლის", „ეშტონ მარტინისა" და „ფერარის" მარკის ავტომობილებს დაინახავთ. თვითონ სასტუმრო მდებარეობს ექსკლუზიური მაღაზიებით ცნობილ ქუჩაზე - ორ ნაბიჯში ელისეს მინდვრებიდან და ტრიუმფალური თაღიდან. სასტუმროში აგრეთვე არის პარიზში საუკეთესო სპა მინერალური წყლებით.

რომანტიკა? თუ ყვავილები, ღია შიდა ეზო, უზადო დეკორი, შეუდარებელი სამზარეულო და საუკეთესო ადგილმდებარეობა თქვენზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, იქნებ ეს სასტუმროს ნომრებმა მოახერხოს თავისი კომფორტული ტახტებითა და სავარძლებით, სრულყოფილი სტილით, საშხაპეებითა და Bulgari-ის ფირმის ტუალეტის საშუალებებით. უმაღლესი დონის მომსახურების გარდა, სხვა საინტერესო მოვლენებსაც უნდა ელოდეთ. ღამით ფანჯრიდან განათებული ეიფელის კოშკის ხედი იშლება. ეიფელის კოშკის უკეთ სანახავად დაუყევით George V--ის ქუჩას და მხოლოდსამი წუთი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ სასტუმროს ვესტიბიულიდან სენის სანაპირომდე მიაღწიოთ და დატკბეთ საოცრებით, რომელიც ნებისმიერი პარიზული საღამოს შესანიშნავი დასასრულია.

ერთი რამ, რაც პარიზის ხსენებაზე მაგონდება (ჩემი ჩამონათვალი მას არ შეიცავს, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სასტუმროსათვის), არის სერვისი. George V -ის ეს საჭიროზე მეტიც კი აქვს _ დაწყებული პორტიეთი, რომელსაც ყველა კლიენტი ახსოვს, დამთავრებული საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსიერჟის მაგიდით, რომელსაც ადვილად და სწრაფად შეუძლია ელექტრონული ფოსტით შეკვეთილი ადგილის დაჯავშნა ნებისმიერ რესტორნაში, იქნება ეს ყველაზე მივარდნილი ბისტრო თუ მიშელინის სამვარსკვლავიანი რესტორანი. ეს ისეთი სასტუმროა, სადაც რეგისტრატორი ტოვებს თავის ადგილს, რათა თქვენ ოთახამდე მიგაცილოთ; სადაც ნებისმიერი თანამშრომელი უზადოდაა გამოწყობილი და ყველა ღონეს ხმარობს, რომ მოგემსახუროთ და დაგეხმაროთ; მათ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „არა". ეს ჩემი მესამე ვიზიტი იყო George V -ში, რომელმაც კიდევ ერთხელ განიმტკიცა საკუთარი პოზიცია ჩემს საყვარელ სასტუმროთა ნუსხაში.

 

წინა სტატია

რა შეიძლება გვასწავლონ ქალებმა ფულის შესახებ
06 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

ათი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მუზეუმი
06 დეკემბერი, 2011
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა