მრავალმოქმედებიანი პიესა თიბისი ბანკზე, რომელსაც ბოლო ჯერაც არ უჩანს!

მოსაზრების ავტორი, რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრია.

ჩეხოვის თოფმა ხმამაღლა გაისროლა

ქართულ თეატრალურ სცენაზე, კედელზე თუ ხმალ-ხანჯლები კიდია, ეს მხოლოდ ქართული ტრადიციული ყოფის ატრიბუტებია. ჩეხოვთან ეს ასე არ არის: თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მის ბოლოში ეს თოფი აუცილებლად გაისვრის.

ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ხუთი წლის თავზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თოფმა ზარბაზნის ეფექტით გაისროლა. პირველი მოქმედებისთანავე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ ჩვენთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამ სიმძლავრით და ასე რეზონანსულად იჭექებდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი მთავარი სამიზნე თიბისი ბანკი და მასთან დაკავშირებული ადამიანები და პროექტები იქნებოდა.

არაფერი შემთხვევითი და ზედმეტი არაა – ასეთი იყო ჩეხოვის დრამატურგიის პრინციპი. არ იყო შემთხვევითი, რომ პირველი, რაც ახლად მოსულმა “ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ეროვნული ბანკიდან, პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფა და მისი მთავრობის (უშუალოდ პრემიერ- მინისტრის) დაქვემდებარებაში გადაყვანა. მოვლენები შემდგომ უარესი სცენარით განვითარდა – ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური ჩამოაცილეს და ცალკე უწყება შექმნეს. ამის პარალელურად მიდიოდა ეროვნულ ბანკზე თავდასხმები მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ხელისუფლების მიერ მართული “ექსპერტებისა” და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. საბოლოოდ, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა და ხელი აიღო ამ იდეის საბოლოოდ ხორცშესხმაზე. ფორმალურად გამოყენებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში “გაჭედილი” იყო ეს კანონი, როგორც “კონსტიტუციის საწინააღმდეგო”. ხელისუფლების უკან დახევის ერთ- ერთი მიზეზი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლაც იყო (მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო) და ეროვნული ბანკის საბჭოს არაფორმალური მმართველისათვის უფრო მისაღები ადამიანებით დაკომპლექტებაც.

მანიპულაციები ხანდაზმულობის ვადით

თიბისი ბანკის საქმე რომ პოლიტიკური და კერძო ინტერესებით იყო მოტივირებული, ამაზე შესაძლო დარღვევების “გახსენების” (“აღმოჩენის”) ისტორია და ძალოვანი სტრუქტურების, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული რეპრესიული ნაბიჯების ხასიათიც მოწმობს.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების იმ მუხლით (194-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღძრა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ამგვარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 30 წელიწადია. სხვა შემთხვევაში პირი თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან – თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ექვსი წელი გავიდა. თიბისი ბანკის მთავარ აქციონერებს და ამავე დროს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს თერთმეტი წლის წინანდელ ქმედებებს ედავებიან. სხვა მუხლით, გარდა ფულის გათეთრების ზემოაღნიშნული მუხლისა (თუნდაც ყოფილიყო თაღლითობა, კრედიტის უკანონოდ მიღება, გადასახადის დამალვა, ფულის გათეთრება ნაკლებად მძიმე ფორმით ან სხვა მსგავსი, ნაკლებად მძიმე დანაშაული), თუკი გასულია ხანდაზმულობის ვადა, პირის დასჯა შეუძლებელია.

ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა (შსს მინისტრის მუქარის სავარაუდო წერილი და სხვა), დასჭირდათ ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერების (რომლებიც 20 პროცენტის მფლობელები არიან), საერთაშორისო რეპუტაციის შესალახავად, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს მოვლენები არ არის დაკავშირებული მხოლოდ თიბისი ბანკთან და მათზე ტოტალური შეტევის მიზანი აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიდან მათი ჩამოცილება და სხვა პირებით ჩანაცვლებაც იყო.

სისხლის სამართლის დანაშაული თუ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების დარღვევა?!

თუ კარგად დავაკვირდებით იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არაპროფესიონალებისთვისაც კი ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ ფულის გათეთრებასთან საერთოდ არა გვაქვს საქმე. ამას ობიექტური სასამართლო ადვილად დაადგენს, თუმცა ქვეყნის სასამართლო სისტემის დღევანდელი სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი პირიქით შეიძლება მოხდეს. იყო თუ არა სხვა, ნაკლები სიმძიმის ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, ესეც ვერ გაირკვევა ობიექტურად სასამართლოში, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის არაფორმალური მმართველი მიიღებს შიდა თუ საერთაშორისო ზეწოლის, მათ შორის ანაკლიის პროექტის პერსპექტივიდან და მასში სავარაუდო პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

თიბისი ბანკი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლოში, საბოლოო ჯამში, რათა შეჩერებულიყო ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა და ბანკის ადმინისტრატორების იმიჯისათვის გარდაუვალი ზიანის მიყენება, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორში არასტაბილური ვითარების წარმოქმნის რისკები, დაეთანხმა ეროვნული ბანკის მოთხოვნებს: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განახორციელა ცვლილებები იმდაგვარად, რომ დამფუძნებელი აქციონერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ იქნებიან წარმოდგენილნი მის შემადგენლობაში, ბანკმა შეწყვიტა სასამართლო დავა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხადა ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული ერთი მილიონი ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკისადმი დაწესებული გარდა ზემომოყვანილი სანქციებისა, ცნობილი გახდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ბანკს აეკრძალა სესხების გაცემა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის, აგრეთვე მოეთხოვა სამეთვალყურეო საბჭოში მინორიტარი აქციონერების შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება.

რას ეფუძნებოდა ეროვნული ბანკის აღნიშნული ქმედებები? როგორც ისინი განმარტავენ, ადგილი ჰქონდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. შემოწმება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიზანი “სისტემაში რისკების შემცირება” გახლდათ. თუმცა ათზე მეტი წლის წინანდელი ტრანზაქციის დაკავშირება ამჟამინდელ რისკებთან ერთობ საეჭვოდ ჟღერს.

მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა გამოვლენილ დარღვევებს მისცა არა ფულის გათეთრების კვალიფიკაცია, არამედ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესების დარღვევად შეაფასა. იგულისხმება ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების მოთხოვნათა დარღვევა. როგორც ჩანს, საუბარია იმ ნორმებზე, რომელთა თანახმად ბანკს ეკრძალება სესხის მიცემა მისი რომელიმე ადმინისტრატორისათვის ან მასთან დაკავშირებული პირისათვის, თუ ასეთი პირისათვის მიცემული სესხების საერთო თანხა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის იმ დროისათვის დადგენილ გარკვეულ პროცენტს. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები – სანქციების, ფულადი ჯარიმებისა და ადმინისტრატორების განთავისუფლების სახით.

– სწორად მოიქცა თუ არა ეროვნული ბანკი, როცა ზემოჩამოთვლილ სანქციებს მიმართა? ალბათ კი. მაგრამ რატომ თერთმეტი წლის შემდეგ?

– იყო თუ არა სან ქციები ადეკვატური? ალბათ არა. ზედმეტად მკაცრია.

– იყო თუ არა ეროვ ნული ბანკი თავისუფალი თავის ქმედებებში? ერთმნიშვნელოვნად – არა. იგი ასრულებდა პროკურატურის (არაფორმალური მმართველის) დავალებას.

 – რატომ “გაახსენდა” ფინანსური მონიტორინგის სამსახურს (რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა) ეს ამბავი ერთი ათეული წლის შემდეგ? ასეთი იყო შეკვეთა.

რაც შეეხება პროკურატურას, იგი არის ივანიშვილის დავალების შემსრულებელი. ეტყვიან – გაწელავს საქმეს, ეტყვიან – დახურავს (კვალიფიკაციას შეუცვლის). თუ რა გზას დაადგება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

რომ არა ხანდაზმულობის ვადა, შეიძლება თუ არა, განხორციელებული ტრანზაქცია ნაკლებად მძიმე ხასიათის ეკონომიკური დანაშაულის შემცველი ყოფილიყო? ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ იმ დროისათვის ბანკის 80 პროცენტის მფლობელმა აქციონერებმა სესხი არ დააბრუნეს. ეს ფული ბანკის კაპიტალის ზრდას მოხმარდა. ამ ოპერაციის შესახებ საქმის კურსში ალბათ იყვნენ დანარჩენი აქციონერებიც, რადგან ეს ტრანზაქცია არაერთხელ ყოფილა ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიების შესწავლის საგანი. რაც მთავარია, აქციონერთაგან დაზარალებულად არავინ მიიჩნევს თავს.

ამ მეტად სკანდალური და რეზონანსული ამბით ბევრი რამ გამოვიდა სააშკარაოზე. მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ ბიზნესი თუ არ დგას ხელისუფლების (ამ შემთხვევაში ერთი ოლიგარქის) მორჩილ სამსახურში, ის არის დაუცველი. როცა ასეთი მრავალმხრივი იმუნიტეტის მქონე ბიზნესჯგუფს ამ მდგომარეობაში აგდებენ, რა მოუვა სუსტს?!

უკანონობამ და შერჩევითმა სამართალმა უკან იცის ხოლმე შემობრუნება. თოფმა შეიძლება გაისროლოს! სხვა მიმართულებით. არ გვინდა ეს არავის. გვეყო!

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia in English - Issue #12

Forbes Georgia. 2019 წლის აპრილის ნომერი

Forbes Georgia in English - Issue #12

Forbes Georgia in English - Issue #12

წინა სტატია

Closing the digital divide online
06 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

ქართველი ბიზნესმენები რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში
08 აპრილი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა