საქართველოში ინვესტიციები 2009 წლის დონეზეა

2018 წელს საქართველოში 1.2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (პუი) შემოვიდა. ეს არის ბოლო 5 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

მეტიც, 2014-2017 წლებში საშუალოდ ნახევარი მილიარდი დოლარით მეტი ინვესტიცია შემოდიოდა, ვიდრე გასულ წელს შემოვიდა. 2017 წელთან შედარებით კლება 662 მლნ დოლარი, პროცენტულად კი 35%-ია.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც ღარიბი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს გადამწყვეტი როლი აქვს. უცხოურ ინვესტიციას ფულთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგიები და შემოაქვს ქვეყანაში და მის ცნობადობას ზრდის. ამასთან, უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტით შემოდის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს.

ინვესტიცია (წარმოების დაწყებაში, გაფართოებაში ფულის ჩადება) დანაზოგების შედეგია. საქართველოში დანაზოგების დონე მაღალი არ არის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს ისეთი შემოსავალი, რომ ფული დაზოგოს. ეს გარემოება კიდევ უფრო აუცილებელს ხდის უცხოური დანაზოგების, იმავე ინვესტიციების საქართველოში მოზიდვას.

ინვესტიციებს იზიდავს: სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, გამართული სამართლებრივი სისტემა, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, იაფი ან/და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, ბუნებრივი რესურსები, სტრატეგიული მდებარეობა და სხვა.

დღევანდელი მეთოდოლოგიით (რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც იყენებს) პირდაპირ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს ინვესტიცია, თუ მისი წილი საწარმოს კაპიტალში 10%-ზე მეტია. საწარმოს საკონტროლო პაკეტის ფლობა აუცილებელი არ არის. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება სესხებიც, თუ ვალდებულებით საწარმოს აქტივები იტვირთება. ძირითადად, პირდაპირი ინვესტიცია ახალი ბიზნესის დაწყებას ან არსებულის გაფართოებას უკავშირდება. ეს კი პროდუქციის წარმოებისა და დასაქმების ზრდას იწვევს. ეკონომიკის, იგივე მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრდა კი სწორედ პროდუქციის წარმოების ზრდით მიიღება.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლების ინვესტიციების მაჩვენებლები დააზუსტა და გამოვიდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მეტი ინვესტიცია – 1.9 მილიარდი დოლარი 2017 წელს შემოვიდა. მანამდე მაქსიმუმი 2007 წელს ფიქსირდებოდა – 1.8 მილიარდი დოლარი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ნომინალურ რიცხვებში გამოსახული ინვესტიციების მოცულობა სრულად არ გვეუბნება, ბევრია თუ ცოტა. მაგალითად, საქართველოსთვის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ძალიან ბევრია, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, მაგალითად, გერმანიისთვის კი თითქმის არაფერია – ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადაურჩება. ამიტომ ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ უნდა ვნახოთ. რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტი ინვესტიცია სჭირდება ზრდისა და განვითარებისთვის. ამ მხრივ, 2007 წელი ყველაზე წარმატებული იყო. პუი-მა მშპ-ის 17.2% შეადგინა. ბოლო 10 წელიწადში, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2009 წელს გვქონდა, მშპ-ის 6.2%. 2009 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ინვესტიციები მკვეთრად დაეცა. რთული იყო კრიზისის მომდევნო წლებიც.

2018 წელს არც საქართველოში, არც ჩვენს რეგიონში და მით უმეტეს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა, მაგრამ პუი მშპ-ის 7.6%-მდე შემცირდა, როცა 2014-2017 წლებში საშუალოდ 11.6% იყო. ბოლო 5 წელია, ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის ზრდას ლარის კურსის დაცემა უწყობს ხელს, რადგან დოლარში გამოსახული მშპ შემცირდა და ინვესტიციების მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებელი გაიზარდა. მაგალითად, 2013 წლის ლარის დოლარის მიმართ გაცვლითი კურსით – 1.67-ით, 2018 წელს პუი მშპ-ის მიმართ 5% იქნებოდა. უფრო ნაკლები, ვიდრე 2009 წელს.

საინტერესოა, რომელ სექტორებში და რომელი ქვეყნებიდან შემცირდა ყველაზე მეტად პუი 2018 წელს. ყველაზე დიდი კლება – $263-მილიონიანი (56%-იანი) ტრანსპორტის სექტორში იყო. შემდეგ მოდის მშენებლობა 179 მლნ დოლარით (63%-ით) და უძრავი ქონება 92 მლნ დოლარით (51%-ით). 67 მლნ დოლარით (30%-ით) შემცირდა ინვესტიციები ენერგეტიკაში. მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ დამმუშავებელ მრეწველობაში იყო, სადაც 2018 წელს 44 მლნ დოლარით მეტი პუი შემოვიდა, ვიდრე 2017 წელს.

2018 წელს ყველაზე მეტი პუი საფინანსო სექტორში შემოვიდა – 278 მლნ დოლარი, თუმცა 2017 წელთან შედარებით აქაც შემცირებაა 25 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ტრანსპორტია 210 მლნ დოლარით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა. მესამე ადგილზე ენერგეტიკაა 157 მლნ დოლარით. ყველაზე ცოტა ინვესტიცია კავშირგაბმულობაში შემოვიდა და შედეგად, ამ სექტორში ინვესტიციებმა ზრდის ნაცვლად მოიკლო 35 მლნ დოლარით. 13 მლნ დოლარი შემოვიდა ჯანდაცვაში, ხოლო 16 მლნ დოლარი – სოფლის მეურნეობაში. ეს ორი სექტორი ტრადიციულად ნაკლებად იზიდავს ინვესტიციებს.

ქვეყნების მიხედვით, ინვესტიციები ყველაზე მეტად თურქეთიდან შემცირდა – 299 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 225 მლნ დოლარით და ნიდერლანდები 189 მლნ დოლარით. მნიშვნელოვანი კლება იყო კვიპროსიდან და ჩეხეთიდანაც. ზრდით კი გერმანია იყო გამორჩეული, საიდანაც 2018 წელს 137 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2017 წელს. 40 მლნ დოლარით გაიზარდა ლატვიიდან და 27-27 მლნ დოლარით მალტიდან და სამხრეთ კორეიდან.

მიუხედავად მნიშვნელოვანი კლებისა, 2018 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 240 მლნ დოლარი. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 204 მლნ დოლარით. 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებიდან და აშშ-დანაც.

საქართველოს მთავრობის წევრებმა ინვესტიციების შემცირების ძირითად მიზეზებად მაგისტრალური გაზსადენის, “შაჰდენიზ 2”-ის მშენებლობის დასრულება და რამდენიმე უცხოური საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლა დაასახელეს. გაზსადენის მშენებლობა ტრანსპორტის სექტორს მიეკუთვნება და სწორედ ამან გამოიწვია ტრანსპორტის სექტორის $263-მილიონიანი კლება. გაზსადენის პროექტში ინვესტორები თურქეთი, აზერბაიჯანი და გაერთიანებული სამეფო იყო, რადგან გაზსადენს, რომელიც აზერბაიჯანის გაზს თურქეთს მიაწვდის, “BP” აშენებს. 2014-2017 წლებში ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, როდესაც ამ პროექტის გამო 2014-2017 წლებში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოს მთავრობის წევრები ინვესტიციების მატებაზე საუბრისას “შაჰდენიზზე” არ მიანიშნებდნენ და სხვა გარემოებებით ხსნიდნენ მატებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრანსპორტის შემდეგ პუი ყველაზე მეტად მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ სექტორში, უძრავ ქონებაში შემცირდა. ეს ლოგიკურია, რადგან 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის სამშენებლო სექტორი 3%-ით შემცირდა, რაც სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებამ, სამშენებლო ნებართვების გაცემის შემცირებამ და იპოთეკური სესხების შეზღუდვამ განაპირობა.

გასულ თვეში “ბიზნეს მედია საქართველომ” გაავრცელა იმ ტოპ 10 კომპანიის სია, რომლებმაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პუი განახორციელეს. ესენია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო – დამმუშავებელი მრეწველობა
  • შპს მაგთიკომი – კავშირგაბმულობა
  • BP ჯგუფი – ტრანსპორტი
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია – ენერგეტიკა
  • სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამმუშავებელი მრეწველობა
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია – ენერგეტიკა
  • ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი – მშენებლობა
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – სასტუმროები
  • სს ნენსკრა ჰიდრო – ენერგეტიკა

უკვე 2019 წელია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენი ინვესტიცია შემოვიდა პირველ კვარტალში, ამას ივნისში გავიგებთ. თუმცა ცხადია, რომ ინვესტიციების მატების კუთხით სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ, თუნდაც 2017 წლის მონაცემებს რომ დაუბრუნდეს. ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო დროის ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პორტის მშენებლობის შეჩერება 2019-2020 წლებში საქართველოს მინიმუმ 500 მლნ დოლარის ინვესტიციას დააკარგვინებს. ამას ემატება “თიბისი ბანკზე” ზეწოლაც და სხვა ბიზნესმენების “ალაპარაკება” მთავრობის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზე. რაც პოზიტიურია, ის არის, რომ საკრედიტო სააგენტო “ფიტჩმა” საქართველოს რეიტინგი “BB-”-დან “BB”-მდე გაზარდა. ამ ცვლილებამ ფაქტობრივად დაასწრო “თიბისი ბანკისა” და ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თორემ ნაკლებად სავარაუდო იყო, ეს წინსვლა მიგვეღო.

2018 წელს ინვესტიციების 35%-იანი კლების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, რადგან ეკონომიკის ზრდა დიდწილად ტურიზმისა და პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვნად ზრდამ განაპირობა. ასევე, 2017 წელს იყო პუი-ის მნიშვნელოვანი მატება, რამაც გავლენა 2018 წელზეც იქონია. მიმდინარე წელი ტურიზმისა და ექსპორტის დაბალი ზრდით დაიწყო და ნაკლებად სავარაუდოა, 2018 წლის ტემპს მიაღწიოს. შესაბამისად, ინვესტიციების გავლენა უფრო მნიშვნელოვანი იქნება და მისი მოცულობის ზრდის გარეშე, თუნდაც გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის – 4.7%-ის მიღწევა ძალიან გაჭირდება. ეს კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შენელებას ნიშნავს. 

საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით,

ეკონომიკის სექტორები

2017

2018

სხვაობა

ტრანსპორტი

473*

210

-263

მშენებლობა

283

104

-179

უძრავი ქონება

182

90

-92

ენერგეტიკა

224

157

-67

კავშირგაბმულობა

17

-35

-52

სხვა სექტორები

171

119

-52

საფინანსო სექტორი

303

278

-25

სასტუმროები და რესტორნები

72

72

0

სოფლის მეურნეობა

12

16

4

ჯანმრთელობის დაცვა

7

13

6

სამთომოპოვებითი მრეწველობა

52

67

15

დამმუშავებელი მრეწველობა

99

142

44

*მლნ აშშ დოლარი. წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი

2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

წინა სტატია

Fitch tarafından Gürcü bankalarının değerlendirilmesi yenilenmiştir
17 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის CEO-დან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა
18 აპრილი, 2019
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა