მწვანე ენერგიის მომავალი

საზოგადოება ირჩევს მწვანე ენერგიას. მსოფლიო ტრენდის ცვლილებამ, საზოგადოებაში ეკოაზროვნების ჩამოყალიბებამ და კიდევ სხვა მრავალმა ფაქტორმა საქართველოში განახლებადი ენერგიების რეგულაციების ფორმირება გამოიწვია.

განახლებადი ენერგიების გამოყენებით საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროენერგიის გამომუშავება და ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანიისათვის მისი მიყიდვის შესაძლებლობა მოსახლეობისთვის მიმზიდველი ინიციატივა აღმოჩნდა და განვითარებამაც არ დააყოვნა – 2019 წლიდან ნეტო-აღრიცხვაში - განახლებადი ენერგიის საკუთარი წყაროს რეგულაციებში – საინტერესო ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებებზე Forbes Georgia სემეკის წევრს, გიორგი ფანგანს ესაუბრა.

გიორგი, დავიწყოთ იმ უახლესი ცვლილებებით, რომლებიც ნეტო აღრიცხვაში განხორციელდა. გაუმჯობესდა თუ არა ამ რეფორმით ე.წ ნულთან ახლოს მოხმარების რეგულირება საქართველოში?

უნდა აღინიშნოს, რომ განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) საკუთარი წყაროს განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმა მთლიანად მომხმარებელსა და მწვანე ენერგიის უსაფრთხო ათვისებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ სექტორის პულსაციას და ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარებისათვის. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც სემეკი განახორციელებს, სრულად შეესაბამებოდეს რეალურ დროში არსებულ მოთხოვნებს.

განახლებადი ენერგიების საკუთარი წყაროს, იმავე ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში განხორციელებული ცვლილების წინაპირობას წარმოადგენდა ჩვენ მიერ ბაზრის შესწავლა და მომხმარებელთა სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება. ახალი მიდგომები მომხმარებელთა ჯგუფებს ხელს შეუწყობს, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

უნდა მოხდეს სახელმწიფოს „ჩარევა“ ამ ტრენდის გაუმჯობესებისთვის? თქვენი აზრით, საჭიროა მასტიმულირებელი ღონისძიებები?

მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიც განახლებადი ენერგიების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენებაა, გარკვეულწილად წამახალისებელი მექანიზმები სჭირდება. ცვლილებების განხორციელებამდე, თუ ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეეძლო, ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ერთი სადგურით რამდენიმე მომხმარებელმა ისარგებლოს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას, სოფელს, განახლებად ენერგიებზე მომუშავე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით შეუძლია გამოიმუშაოს ელექტროენერგია, მოიხმაროს საჭირო ოდენობა, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იყოს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.

ამასთანავე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისათვის მიწოდებული, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ. ახალი რეგულაცია სადგურების მფლობელებს საშუალებას აძლევს, მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები.

კიდევ ერთი ცვლილების შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრდებათ.

რა იყო ძირითადი მიზეზები, რამაც ნეტო-აღრიცხვაში ცვლილებები განაპირობა? ეს მსოფლიო ტენდენციები იყო თუ მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები?

მოგეხსენებათ, წამყვანი ქვეყნების ტენდენციებია, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და ნებისმიერი პროექტი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, იყოს გარემოსთან ჰარმონიზებული. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციებს იზიარებს საქართველოც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მწვანე ენერგიების უსაფრთხო გამოყენება დაიწყოს.

სემეკმა „ნეტო-აღრიცხვის“ სისტემა – განახლებადი ენერგიების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, საქართველოში 2016 წელს დანერგა. მართალია, რეგულაციებს კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ განვითარების ტრენდი არ იყო ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. დღეისათვის 80-მდე ობიექტია ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული, ანუ 80 მომხმარებელი სარგებლობს განახლებადი ენერგიების საკუთარი წყაროთი, რომელიც ამავდროულად მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან და საჭიროების შემთხვევაში ამ ქსელში გროვდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია ან პირიქით, მცირე გამომუშავებისას, მომხმარებელი კომპანიის ქსელიდან მოიხმარს ელექტროენერგიას.

მოკლედ რომ ავხსნათ, რა არის ნეტო-აღრიცხვა, იგივე განახლებადი ენერგიების საკუთარი წყარო – ეს არის განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი, წყალი) მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

ანუ განახლებადი ენერგიის მოთხოვნა მცირედით გაუმჯობესდა?

სიღრმისეული მოკვლევისას, თუ რატომ არ გახდა ეს სისტემა უფრო მეტად პოპულარული, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ 2016 წელს დანერგილი რეგულაციებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეეძლო. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ თბილისი, სადაც მოსახლეობაც ბევრია და შესაბამისია ელექტროენერგიის მოხმარებაც. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს კორპუსებში, სადაც სახურავი არის საერთო საკუთრება და შეუძლებელი იყო, ერთ მომხმარებელს სახურავის არცთუ მცირე ნაწილი გამოეყენებინა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მაგალითად, მზის პანელები) განსათავსებლად. ამასთანავე, მომხმარებელი კორპუსის გარე ტერიტორიაზე ვერ განათავსებდა სადგურს, რადგანაც კანონი ამბობს, რომ თითოეულ საცალო მომხმარებელს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას.

ის სიახლეები, რომლებიც განვახორციელეთ და რომელთა საფუძველზეც რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით, იყო ერთადერთი რეალური გზა, რითაც ჩვენ წავახალისებდით მომხმარებელს, კორპუსებში მზის პანელები დაეყენებინათ. როგორც უკვე აღინიშნა, ცვლილება მხოლოდ კორპუსებს არ შეეხება, არამედ დღეს უკვე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეუძლიათ თუნდაც ე.წ. კომპაქტურ დასახლებებსაც. ხშირად ისმის კითხვა; არის თუ არა საკმარისი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე (100 კვტ) რამდენიმე ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად? რა თქმა უნდა, არის. არსებული გათვლების შესაბამისად, ერთი ოჯახის საშუალო მოხმარების დასაკმაყოფილებლად საჭიროა 3-4 კვტ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

მეორე და მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ პოზიტიურად შეფასებული ცვლილება გახლავთ საანგარიშო პერიოდის გაზრდა და ზამთრიდან მაისამდე გადაწევა. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ პროექტი არ იქნებოდა ბიზნესი და ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობის საშუალება. პროექტს აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს. მაგალითად, ევროპაში მას ეძახიან ნულთან ახლო მოხმარებას. განახლებადი ენერგიის საკუთარი წყაროს მთავარი მიზანია, მომხმარებელმა საკუთარი ენერგომოთხოვნა დაიკმაყოფილოს. თუ მომხმარებელი იკმაყოფილებს საკუთარ ენერგომოთხოვნებს და აქვს ჭარბი ელექტროენერგია, ამ დროს არის შესაძლებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდება, გაყიდვა და ა. შ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯები მომხმარებლებმა სწორად გაიგეს. განახლებადი ენერგიის საკუთარი წყაროს მფლობელებს სურდათ, რომ ზამთარში გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება სწორედ ზაფხულში დაგროვილი ელექტროენერგიით დაებალანსებინათ. ამ მოთხოვნების საპასუხოდ, ჩვენ მიერ განხორციელდა ცვლილებები რეგულაციებში. საანგარიშო პერიოდი ახლა უკვე მოიცავს მაისიდან მაისამდე პერიოდს და მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ სრულად აითვისონ ზაფხულში დაგროვილი კრედიტები.

აქვე გკითხავთ: როგორ წარმოგიდგენიათ განახლებადი ენერგიის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია საქართველოში? პირობითად, არის თუ არა კერძო სექტორისა და ხელისუფლების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა იმისთვის, რომ უკეთეს შედეგებზე გავიდეთ?

ახლა განვითარების საინტერესო ეტაპზე ვართ. 2019 წელს, ფაქტობრივად, წინ გვაქვს ენერგეტიკაში პატარა რევოლუცია, რადგანაც ერთდროულად ძალაში შედის სამი უმნიშვნელოვანესი კანონი. ეს არის ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს. გარდა ამისა, ორი ძალიან საინტერესო კანონი უნდა ამოქმედდეს და ესენია კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ და განახლებადი ენერგიების შესახებ. ეს უკანასკნელი ორი კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებას. ამასთანავე, განახლებადი ენერგიების მიმართ პოზიტიურ ცვლილებებს ხელს შეუწყობს იმ ვალდებულებების განხორციელებაც, რაც ევროდირექტივებით არის გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, ცვლილებები ენერგოეფექტიანობის მიმართულებით მშენებლობის სექტორზეც გავრცელდება. აგრეთვე წახალისდება ის სადგურები, რომელთაც ექნება ე.წ მწვანე სერტიფიკატები. ასეთი სადგურების მშენებლობისთვის სახელმწიფო გარკვეულ წამახალისებელ მეთოდებს აამოქმედებს, რაც იქნება დადებითი მესიჯი ინვესტორებისთვის განახლებადი ენერგიების გამოყენებისა და ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობის კუთხით.

გიორგი, რადგან მშენებლობის სექტორის ჩართულობაზე დაიწყეთ საუბარი, აქვე გკითხავთ, იგეგმება თუ არა განახლებადი ენერგიების განვითარების სტრატეგიაში ან კანონმდებლობაში მშენებლობის კომპონენტის გათვალისწინება?

როგორც გითხარით, ჩვენ მიერ განხორციელებული ბოლო რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ის გახლავთ, რომ არ არის აუცილებელი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური იყოს მომხმარებლის საკუთრებაში. ახალი რეგულაციების მიხედვით დეველოპერს თავად შეუძლია, დაამონტაჟოს მზის პანელები და იჯარით ან ლიზინგით გადასცეს მობინადრეებს. დეველოპერების მიერ დაპროექტების ეტაპზე განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ბაზის შექმნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომავალში მწვანე ენერგიის გამოყენების ეფექტიანობას. საჭიროა, ამ კუთხით დეველოპერებშიც განვითარდეს სოციალური პასუხისმგებლობა.

სად რჩება სივრცე განვითარებისთვის? საინტერესოა სემეკის სამომავლო გეგმები განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით.

რაც შეეხება განახლებადი ენერგიების საკუთარ წყაროს, ჩვენი მიზანია, შესაძლებელი გავხადოთ ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება ერთმანეთისგან განცალკევებულ ადგილებში. მაგალითად, “ა” წერტილში ვაწარმოოთ ელექტროენერგია, ხოლო მისი მოხმარება შესაძლებელი იყოს “ბ” წერტილში, რომელიც გარკვეული მანძილით არის “ა” წერტილისგან დაშორებული. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და სწორი ნაბიჯი, რომელიც მომავალში უნდა გადავდგათ. ასევე, ვფიქრობთ, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრესთან დაკავშირებით შეიძლება განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები. ველოდებით ბაზრის განვითარებას და ჩვენი რეაგირებაც იქნება რეალურ დროში გამოწვევების შესაბამისი.

--------

დავით შვანგირაძე – Green Energy-ს დამფუძნებელი:


“ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, ძალიან დიდ ბიძგს აძლევს ახალი მომხმარებლების გაჩენას. კერძო სექტორის წარმომადგენლები ყველა ძალიან გაგვახარა ამ ცვლილებებმა, ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლები. ენერგეტიკის სფეროში ყველაზე სწორი ინვესტიცია ახლა განახლებად ენერგიებში ინვესტირებაა. სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოების დამოკიდებულება და ცნობიერება განახლებადი ენერგიების მიმართ დაბალია, ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, აქ ფინანსურ სარგებელზე არიან ორიენტირებული და თან მოკლევადიან პერიოდში. ყოველთვის, როდესაც რაღაცის განვითარებაზეა საუბარი, ხელისუფლების მხრიდან მაგალითის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე კერძო კომპანიებს ძალიან გაგვიჭირდება საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის გაჩენა. აქვე გამოვყოფდი დეველოპერული სექტორის როლსაც - მათ, ფაქტობრივად, შეუძლიათ, მზის პანელების დამონტაჟების ხარჯები კვადრატული მეტრის ფასში გაითვალისწინონ”.

თორნიკე დარჯანია  – “ჰელიოს ენერჯის” თანადამფუძნებელი:

ფაქტობრივად, ეს იყო სტიმული, რომ განახლებადი ენერგია განვითარებულიყო ქვეყანაში. ნეტო-აღრიცხვის ამოქმედება დიდი წვალების შედეგად მოხდა. ერთ ადამიანს, რომელიც თბილისის ზღვასთან ცხოვრობდა, ჰქონდა სადგური და ქსელზე არ აერთებდნენ. სწორედ ამ ადამიანისა და სემეკის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ნეტო-აღრიცხვა ამოქმედდა. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ პირვანდელი რეგულაციები საკმარისი არ აღმოჩნდა, არსებობდა მთელი რიგი ეკონომიკური ფაქტორები, ისევე როგორც ტექნიკური, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებდა. მეტიც, ეს რეგულაციები დღესაც კი საჭიროებს გაუმჯობესებას, მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებისა. ჩვენ სემეკთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და უნდა ითქვას, რომ მისი წევრები ძალიან პროგრესულები არიან და მონდომებული იყვნენ, ეს ცვლილებები განეხორციელებინათ. არადა. ენერგეტიკა ისეთი სფერო არ არის, რომელშიც ცვლილებებს მარტივად განახორციელებ. სამომავლოდ ცვლილებები უნდა განხორციელდეს ენერგიის გამომუშავებისა და მომხარების წერტილებს შორის დისტანციის გაზრდის შესაძლებლობის კუთხით. ამ ინიციატივას მხარს უჭერს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავაც. ვემხრობი ინიციატივას მწვანე ტარიფის შემოღებასთან დაკავშირებითაც, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულია და მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. მაგალითად, სომხეთში 14 ევროცენტია ჩაშვებულ კილოვატ/საათზე ანუ სახელმწიფო თავიდან გარკვეულწილად ასუბსიდირებს ამ სეგმენტს, ეხმარება უკუგებაში და შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა. პირველ რიგში პოლიტიკურ დონეზე უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ მხოლოდ ჰესები არ არის ელექტროენერგიის მიღების წყარო. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა არსებობდეს და მისი გაუქმება ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ, შეცდომა იყო. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ უნდა არსებობდეს მექანიზმები, რითაც ამ მოთხოვნებს დავეწევით”.

ჩვენ გირჩევთ

 თავიდან დაწყება

TBC: ძლიერი აშშ დოლარის პერიოდი სრულდება

 თავიდან დაწყება

თავიდან დაწყება

წინა სტატია

Microsoft ტრილიონი დოლარის ღირებულების კომპანიებს უერთდება
26 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Poverty vs Debt
29 აპრილი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა