კაპიტალიზმის გადააზრება

მილიარდერები წელს ერთგვარ კუდიანებად არიან ქცეულნი: ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ სისტემა მათ წინააღმდეგ მუშაობს. ქვემოთ ჩვენეულ ხედვას გთავაზობთ, თუ როგორ შეიძლება, ყველაზე დიდი ეკონომიკური ძრავა, რაც კი რამ ამქვეყნად მოგონილა, უფრო ავთენტიკურ, უფრო ხელმისაწვდომ და უფრო ანგარიშვალდებულ ორგანიზმად იქცეს.

ნიუ-იორკის არამოკრძალებული Peninsula Hotel-ის მოკრძალებულ ოთახში თითქმის მთელი გასული 20 წლის განმავლობაში უმდიდრესად აღიარებული კაცი ეგზისტენციალურ კითხვაზე ჩაფიქრებულა – კითხვაზე, რომელიც, მოულოდნელად, დამბეგრავი პოლიტიკის მომხრე მემარცხენეთა წრეებში მოდაში შემოვიდა: საერთოდ უნდა არსებობდეს თავად? “საინტერესოა, – ამბობს ბილ გეიტსი, – რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად, ხალხმა დაიწყო კითხვის დასმა – საჭიროა კი, მილიარდერები გვყავდეს?”.

გეიტსი ამ თეზის გაშლას საკმაოდ არაემოციურად განაგრძობს: “ასეთი რამ მართლაც რომ განგეხორციელებინა, ვშიშობ, მოგების ოდენობა გაცილებით მცირე იქნებოდა, ვიდრე დანაკარგის. ახლა ეს მიკერძოებულად ჟღერს, ჰოდა, ნეიტრალური მსაჯული გვჭირდება... საჭიროა ვიღაც ისეთი, ვინც არ არის მდიდარი და იტყვის, რომ, რიგ შემთხვევებში, მისცე ხალხს საშუალება, იყვნენ მდიდრები, ნორმალურია”.

ნება მომეცით, ჩემი აზრი გამოვთქვა: ბოლო წლის მანძილზე პირისპირ დიალოგები მქონდა ოცდახუთ მილიარდერთან მაინც, მათ შორის, პირადად შევხვდი მსოფლიოს სამ უმდიდრეს ადამიანს – ჯეფ ბეზოსს, გეიტსსა და უორენ ბაფეტს, და ამ საუბრების დროს კაპიტალიზმის სხვადასხვა ასპექტს შევხებივართ. ეს სისტემა საგანგაშო სტადიაში შედის: 1960-იანები ან, სულაც, 1930-იანები უნდა გავიხსენოთ, თუ გვინდა, რომ ვიპოვოთ პერიოდი, როცა თავისუფალი ბაზრის უზენაესობა ამხელა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარა.

გასულ ზაფხულს Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 56% ამბობს, რომ კაპიტალიზმს დადებითად აღიქვამს, 37% კი ამას სოციალიზმზე ამბობს. იმავე პერიოდის Fox News-ის გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრულთა 36% იწონებს აშშ-ის კურსის ცვლილებას “კაპიტალიზმიდან მეტი სოციალიზმისკენ”, ეს კი საგრძნობლად გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელია 2012-თან შედარებით, როცა ამავე აზრზე მხოლოდ 20% იყო.

ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებსა და ე.წ. თაობა Z-ზე თუ მიდგება საქმე, უმრავლესობის აზრს თავისუფალი ბაზრის სკეპტიციზმი შეგვიძლია, ვუწოდოთ. Gallup-ის კვლევაში, 18-დან 29-წლამდელთა 51%-ს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა სოციალიზმის მიმართ (თუმცა აქ მეტწილად რბილი, სკანდინავიურ/ბერნი სანდერსისეული ვერსია იგულისხმება, ვიდრე საბჭოთა/ბერლინის კედლის მძიმე ამბები), მაშინ როცა კაპიტალიზმზე დადებითი აზრი 45%-მა გამოავლინა. ამ შედეგების ექოს ჰგავს ახალგაზრდა ზრდასრულებთან ჩატარებული Harvard-ის გამოკითხვა, სადაც 51%-მა განაცხადა, რომ კაპიტალიზმს მხარს არ უჭერდა და მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ “საკუთარი თავის იდენტიფიცირებას კაპიტალისტთან” ახდენდა. ეს სენტიმენტები კი იმ ეკონომიკაში იფურჩქნება, რომელიც, ყოველგვარი ტრადიციული საზომით, ბუმის მომსწრეა, სრული დასაქმებითა და 3%-იანი ზრდით.

ჯერჯერობით, 2019 მხოლოდ თუ განამტკიცებს ამ შეხედულებებს... ტექნოლოგიური კომპანიები სანდოობას პანტაპუნტით კარგავენ, ჰოვარდ შულცმა თავი კარიკატურად იქცია, ხოლო “დაბეგრეთ ძალიან მდიდრების” ტიპის არაერთგზის გაკეთებული შეთავაზება გასაოცრად მაღალ მხარდაჭერას იღებს. “უკვე წლებია, ხარშვის პროცესი მიდის, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში ტემპი საგრძნობლად აკრიფა და ახლა, ბოლო რამდენიმე კვირაში, კვლავ დაიწყო თუხთუხი”, – ამბობს AOL-ის დამფუძნებელი სტივ ქეისი, რომელიც დღეს საინვესტიციო ფირმა Revolution-ს თაოსნობს. “ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, მასობრივი სოციალური უთანხმოების პირისპირ”, – დასძენს ჰეჯ-ფონდის ტიტანი პოლ ტიუდორ ჯონსი.

ეს ადამიანები კი მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მილიარდერებისა, რომელთაც არ მოერიდათ ამ განცხადებების ოფიციალურად გაკეთება. თითქმის ყველა, ვისაც ველაპარაკე, აღიარებს, რომ ცვლილებებია საჭირო, ზოგი – ეტაპობრივი, ზოგიც – სისტემური; ზოგი ჩურჩულით ლაპარაკობს, უფრო მეტი კი ხმამაღლა ჩივის “რეფორმისა” თუ ,,გადატვირთვის” საჭიროებაზე. ყველაზე პოეტური წინადადება ალბათ მაინც როკვარსკვლავ ბონოს ჰქონდა: გადააზრება.

მსგავსი ტერმინი თუ სტივ ჯობსს ან უოლტ დისნეის – კაპიტალიზმის ორ, მდიდარი წარმოსახვით დაჯილდოებულ, წმინდანს – გააცოცხლებს, დაე, ასეც იყოს. ანტრეპრენიორული კაპიტალიზმი, ობიექტურად, საუკეთესო სისტემად რჩება, რაც კი სამყაროში გამოუგონიათ – სისტემად, რომელსაც შეუძლია, შექმნას და გაანაწილოს კეთილდღეობა, ხოლო თუ მილიარდზე მეტ ადამიანს შეხედავ ჩინეთში, ინდოეთში ან კიდევ სადმე სხვაგან, რომლებმაც ბოლო ოც წელიწადში უკიდურეს გაჭირვებას დააღწიეს თავი და გამდიდრდნენ, კვლავ ადვილად შეძლებ, ამ სისტემას ოდა უმღერო. იგივე გრძელდება ამერიკაშიც. უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგის – Forbes 400-ის – წევრთა 67% თვითნაბადია, 11% კი იმიგრანტი. “ამერიკა მუშაობს და დღეს იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ოდესმე”, – ამბობს ბაფეტი.

მაგრამ რადგანაც არაერთი ამერიკელი ამავენაირად არ ფიქრობს, დამდგარა დრო, გადავიაზროთ სისტემა, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი. აიღეთ ამერიკული ოცნების გენიალურ გამოვლინებათა ტვინები და კაპიტალიზმის AAA-ვერსიაც არ დააყოვნებს აღმოცენებას, უფრო ავთენტიკური, ხელმისაწვდომი და ანგარიშვალდებული ვერსია... და, ვერსია, რომელიც გაურკვევლობისა თუ არასტაბილურობის ეპოქაში, შესაძლოა, სრულიად გამძლე გამოდგეს. რისკები ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალები ერთიანდებიან და კეთილდღეობის ისტორიულად ყველაზე უფრო მასშტაბურ ძრავას უქადიან საფრთხეს.

კაპიტალიზმის გადააზრება, როგორც ავთენტიკურისა

ფრანგი დიდგვაროვნის, ალექსი დე ტოკვილის მოგზაურობა 1830-იანების ამერიკაში დაემთხვა სოციალისტური თეორიების აღმოცენებას ევროპაში – მოძრაობისა, რომელსაც ის შორსმჭვრეტელურად და მკაცრად აკრიტიკებდა. ის დაბალანსებული კაპიტალიზმი, რომელსაც ტოკვილი შეესწრო, მისთვის აშკარად უპირატესი იყო მშობლიურ ალტერნატივებთან შედარებით, მაგალითად, მთავრობისთვის ძალაუფლების დათმობასა თუ “ერთი-ორი მდიდარი და ძალაუფლების მქონე ინდივიდის მიერ მართულ” უფრო ფეოდალურ სისტემასთან შედარებით. “შეერთებული შტატების მკვიდრნი თითქმის ყოველთვის ახერხებენ საკუთარი სარგებლის კომბინირებას მათივე თანამოქალაქეების სარგებელთან “, – აღნიშნავდა ტოკვილი. მისმა ნააზრევმა ფრიდრიხ ჰაიეკს “გზა ბატონყმობისკენ” შთააგონა და მოხვდა Forbes-ის სულ პირველ, რუსეთის რევოლუციის დროს დაბეჭდილ გამოცემაშიც, სადაც მისმა დამფუძნებელმა ბ.ჩ. ფორბსმა თავისი ცნობილი ფრაზა დაწერა: “ბიზნესი ბედნიერების შესაქმნელად აღმოცენდა, მილიონების დასახვავებლად კი არა”.

ტოკვილის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი მე-20 საუკუნეში მილტონ ფრიდმენი იყო; მას განსაკუთრებით მოსწონდა ფრანგი მოაზროვნის აქცენტი პოლიტიკურ თანასწორობაზე, როგორც კეთილდღეობის წარმმართავ ძალაზე. მაგრამ, როგორც ცნობილია, ფრიდმენს მიაჩნდა, რომ ბიზნესის ყველა მდგენელს – მომხმარებელს, დასაქმებულებს, თემს – შორის მხოლოდ ერთი იყო უზენაესი მნიშვნელობის: მეწილე. ის აცხადებდა, რომ ბიზნესის ერთადერთი სოციალური პასუხისმგებლობა მოგებათა მაქსიმიზება იყო. თუ მეწილეებს საკუთარი მოგებების დახარჯვა ალტრუისტურ მიზნებზე სურდათ, ხომ გადასარევი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტი იყო, თანაც, ამგვარი გადაწყვეტილებით, რაღაც ღირებული უნდა ეყიდათ... შესაძლოა, სოციალური სანქციები ან დანაშაულის შეგრძნებისაგან გათავისუფლება.

ქცევის ამ პრინციპმა LBO-ები (ე.წ. დაფინანსებადი გამოსყიდვები), კერძო სააქციო კაპიტალის გარიგებები და EBO-ები (გამოსყიდვები დაქირავებულთა მიერ) მოგვიტანა. და დღეს თავის ტკივილიც გაუჩინა მსოფლიოს არაერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტალისტს. “როგორ შევცდი მილტონ ფრიდმენთან დაკავშირებით... უმეტესობა ჩვენგანი შეცდა”, – ამბობს ჯონსი, რომელმაც $5 მილიარდის ქონება დააგროვა ბაზრის შესაძლებლობების ექსპლუატირებით, მათ შორის, ე.წ. მოკლევადიანი ვაჭრობით 1987 წლის ბაზრის კოლაფსისას. “ეს სხვა კორპორაციულ მეწილეებს დიდ ფასად დაუჯდათ, რამაც ბზარი გააჩინა ნდობაში, რომელზეც კომპანიები და სამოქალაქო საზოგადოება არიან დამოკიდებულნი”.

ეპოქაში, როცა მომხმარებლები ავთენტიკურობას შეჰნატრიან, ტოკვილის ვერსია, რომელშიც მოგებები ბიზნესის გვერდით ეფექტად უფროა აღქმული, ვიდრე მის ერთადერთ მისიად, კაპიტალიზმის ბუნებრივ შემაკავებელს გვთავაზობს – ანუ იმას, რაც უკვე ერთობ პოპულარულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამერიკელებში. Deloitte-ის 2018 წლის მასობრივი გამოკითხვის თანახმად, ახალი ათასწლეულის წარმომადგენელთა აზრით, ბიზნესის პრიორიტეტებზე თუ მიდგება საქმე, სამ ყველაზე დაბალ პოზიციას მოგებები, ეფექტიანობა და გაყიდვები იკავებენ, სამ ყველაზე მაღალ პოზიციაზე კი სამუშაო ადგილების შექმნა, საზოგადოების გაუმჯობესება და ინოვაცია გადიან.

ავთენტიკურობით აიხსნება ის გარემოება, რომ ამერიკელებს, Wall Street-ისა და დიდი ბიზნესისადმი ანტიპათიის პარალელურად, კვლავ მოსწონთ ანტრეპრენიორები (87%-ს, Gallup-ის თანახმად) და პატარა ბიზნესი (96%-ს). და აიხსნება ისიც, თუ რატომაა, რომ მიზნით მართულ ისეთ კომპანიებს, როგორიც Patagonia და Warby Parker-ი არიან, თავზე შარავანდედი ადგათ – და არა აქვს მნიშვნელობა, რას ყიდიან ან რამდენად მდიდრდებიან მათი დამფუძნებლები.

“როცა კომპანიებს ვყიდულობთ, ერთ-ერთი კითხვა, რაზეც ზუსტი პასუხი მინდა, არის ის, თუ ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები – იდეას ემსახურებიან თუ ფულს?” – მითხრა ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე თვის წინ, მერე კი თავისი საფირმო ხრინწიანი სიცილით თავადვე გაამჟღავნა პასუხი – “რეალურად, ამის გამოცნობა ძალიან ადვილია: იდეის სამსახურში მყოფი ხალხი უკეთეს პროდუქტებსა და სერვისებს უშვებს”. ამასთან, მათ ერთი ისეთი ავთენტიკური თვისება ახლავთ, რაც ყველაზე მოგებიანია: ნდობა. ეს სიტყვა, ბეზოსის თქმით, “ისაა, რაც საშუალებას გაძლევს, ბიზნესი გააფართოო”.

ცხადია, ნდობა დანის პირზე სიარულს ჰგავს. იმ პირობებში, როცა Facebook-ი მომხმარებლის მონაცემებს უფრო ფარღალალა ფურცელივით ეპყრობა, ვიდრე კონტრაქტივით, კომპანიის – და ცუკერბერგის – რეპუტაცია სერიოზულ მარცხს განიცდის (მოვლენათა უკიდურესად არარეალისტური განვითარების შემთხვევაში, ცუკერბერგის წარმოდგენა ციხეში უფრო იოლია, ვიდრე თეთრ სახლში). და ამიტომაცაა, რომ Wall Street-ი კვლავ ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორითაც “დიდი თამბაქო”.

მაგრამ თვით ფინანსებშიც კი ავთენტიკურობის ფესვები სწრაფად იზრდება. ე.წ. პოზიტიური გავლენის მქონე ინვესტირება, კარგა ხანია, მხოლოდ კეთილის მქმნელთა ნიშად რომ მიიჩნეოდა, დღეს ზრდის სფეროდ ყალიბდება და 2018-ში დაახლოებით $35 მილიარდი იქნა გაღებული იმგვარი ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელთაც, მოგებათა მსხვერპლად შეწირვის გარეშე, საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა შეუძლიათ. “ჩვენ ინოვაციისა და ანტრეპრენიორობის მეშვეობით პრობლემების გადაჭრაზე ვლაპარაკობთ”, – ამბობს ნენსი პფანდი, რომელმაც DBL Partners-ი დააფუძნა და სამ ვენჩურულ ფონდში $625 მილიონი მოიზიდა. მისი ფლაგმანი, რომელსაც ინვესტიციები Tesla-სა და SolarCity-ში აქვს განხორციელებული, ამ ათწლეულში ეფექტიან ფონდთა პირველ ოთხეულში ხვდება. “თუ მხოლოდ სუპერმოკლევადიან მეწილეს ეძებ, ე.ი. ინოვაციას შენს სასარგებლოდ არ იყენებ... და მომავალს ღალატობ”.

რიცხვები სულ უფრო დიდი ხდება: ისეთ მილიარდერთა კონსორციუმის მიერ დაფინანსებულმა Breakthrough Energy Ventures-მა, როგორებიც გეიტსი, ბეზოსი, მაიკლ ბლუმბერგი, რიჩარდ ბრენსონი და ჯეკ მა არიან, $1 მილიარდის გაცემის პირობა დადო სტარტაპტებისთვის, რომლებიც ნახშირბადის პოლუციის აღმოსაფხვრელად რადიკალურ ნაბიჯებს გვპირდებიან. მსგავსი, პლატინუმით მოვარაყებული, ბობოლოთა ჯგუფი, მათ შორის, ბონო, ლორენ პაუელ ჯობსი და ჯეფ სკოლი, Rise Fund-ს აფინანსებს – კერძო სააქციო კაპიტალის გიგანტ TPG-ის განყოფილებას, რომელსაც $1.8 მილიარდი აქვს ჩადებული 25 ისეთ ინვესტიციაში, რომელთაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებაზე. “ხალხი სამართლიანად კითხულობს, მუშაობს თუ არა სისტემა, – ამბობს Rise Fund-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილ მაქგლეშენი. – მიგვაჩნია, რომ კაპიტალიზმი უკეთესი მსახურია, ვიდრე ბატონი”.       

კაპიტალიზმის გადააზრება, როგორც ხელმისაწვდომისა

ისინი, ვისაც ჯერაც სამართლიანად სწამს, რომ ამერიკა შესაძლებლობების მიწაა, Fox News-ის სულ რამდენიმე კვირის წინანდელმა გამოკითხვამ, წესით, უნდა ჩააფიქროს: ამერიკელთა 42%-ს არ მიაჩნია, რომ “დღევანდელი ამერიკული კაპიტალიზმი” მათ “სამართლიან შესაძლებლობებს” სთავაზობს. კიდევ უფრო სევდიანი კი ისაა, რომ ქვეყანაში, რომელიც მუდამ ერთგულებდა თეზას, რომლის თანახმადაც, შრომისმოყვარეობით თავის გატანას შეძლებ (ან შენი შვილები მაინც შეძლებენ), 18%-ს მიაჩნია, რომ ამერიკული ოცნება მათი ოჯახებისთვის მიუწვდომელია.

ამ სენტიმენტს უხვი სტატისტიკური მონაცემი უმაგრებს ზურგს. აშშ-ში მუშახელის ზედა 1%, ერთობლივად, გაცილებით მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ქვედა 50%. “ბაზრის სისტემა, რაც უფრო სპეციალიზებული ხდება, სულ უფრო მეტ ფულს ისვრის ზემოთ, – განმარტავს ბაფეტი. – უფრო სპეციალიზებული ბაზრის ეკონომიკის ბუნებრივი ფუნქცია ჯილდოთა სულ უფრო დიდი წილის ზემოთ გადამისამართებაა. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხისთვის სათანადო ყურადღება არ მიგვიქცევია”.

მაგრამ სიტუაცია, რეალურად, გაცილებით უარესია, ვიდრე უკიდურესად დიდი განსვლაა შემოსავალში. ისტორიულად, ამერიკელები სუპერმდიდრებს გმირ, და არა ბოროტ, პერსონაჟებად აღიქვამდნენ. მარტივი მიზეზია: “ჩვენ ყველას გვეგონა, რომ შეგვეძლო, მათნაირები გავმხდარიყავით”, – ამბობს ჯონსი. ამ პოპულარულ სიბრაზეს ცეცხლს სოციო-ეკონომიკურ კიბეზე დაწინაურების მზარდი დეფიციტი უნთებს. წარმატების შესდახებ არსებული ათასგვარი ლეგენდის მიუხედავად, თუ არასათანადო საფოსტო ინდექსის არეალში, არასათანადო მშობლების შვილად ხარ დაბადებული, გზა Forbes 400-ისკენ არასდროს ყოფილა ისეთი გრძელი თუ ვიწრო, როგორიც დღეს არის.

მაგალითისათვის ვენჩურული კაპიტალი ავიღოთ – ყველაზე მკაფიო საწყისი პუნქტი მილიარდდოლარიანი ქონებისკენ ბოლო 20 წლის მანძილზე. ამერიკელთა დიდ უმრავლესობას ამ ვენჩურული კაპიტალის კარის გაღების არავითარი საშუალება არა აქვს. დამფუძნებელ ქალებს ვენჩურ-კაპიტალის მხოლოდ 15% ერგებათ, 1% – შავკანიან ანტრეპრენიორებს და მეოთხედზე ნაკლები – ნებისმიერს, ვინც კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და მასაჩუსეტსში არ ცხოვრობს. კი, დაფინანსების ამ მექაზე გაცილებით უფრო გლობალურ, მრავალფეროვან ჯგუფებს აქვთ დღეს წვდომა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია მშობლისთვის, რომლის შვილი ძალიან საშუალო საჯარო სკოლაში დადის ყველასაგან მივიწყებულ ქალაქსა თუ რეგიონში.

“სათამაშო პირობების გათანაბრება ეროვნულ პრიორიტეტად უნდა იქცეს”, – ამბობს ქეისი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, ავტობუსის ტურს, Rise of the Rest-ს, ატარებს – ქვეყნის გარშემო მოგზაურობს და მილიონობით დოლარს დებს 100-ზე მეტ კომპანიაში, რომლებიც არ მდებარეობენ ბოსტონში, ნიუ-იორკსა თუ სან-ფრანცისკოს ყურის ოლქში. ქეისისთვის ეს სამოქალაქო ვალიც არის და შესაძლებლობაც იმ თვალსაზრისით, რომ ბრწყინვალე გონების პატრონი ხალხი ამაოდ შვრება დაბალხარჯიან რეგიონებში და მაღალი ზრდის სასოწარკვეთილი იმედებით ცხოვრობს.

პფანდი თურმე პირდაპირ ითვლის ლიდერ ქალებს, ვიდრე ფირმაში დააბანდებდეს კაპიტალს. მის ფონდებში არსებულ კომპანიათა თითქმის ორ მესამედში ფინანსური დირექტორის ან უფრო მაღალი თანამდებობა ქალს უკავია. ამასთან, თავისი პორტფოლიოს მეშვეობით, შესაძლებლობათა გაზრდას ცდილობს, იქნება ეს მოგების გაზიარების გეგმები, მინიმალური საარსებო გასამრჯელოს გაცემა თუ სერვისებს მოკლებულ რეგიონებში დასაქმების წახალისება.

მაგრამ ყველა ეს ძალისხმევა მარგინალურია, აკლია სათანადო ენთუზიაზმი, ამბიციურ ადამიანებს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და შემდეგ წინსვლის გზა შეუქმნას. “რესურსები გვექნება, – ამბობს ბაფეტი, – საკითხავი ისაა, შევძლებთ კი, პრაქტიკაში, ყველა შრომისუნარიანი და კვირაში 40-საათიანი შრომისთვის მოწადინებული ჩავრთოთ საქმეში ისე, რომ ნორმალური შემოსავალი ჰქონდეთ და ოჯახები არჩინონ?”

კაპიტალიზმის გადააზრება, როგორც ანგარიშვალდებულისა

ბილ გეიტსთან ინტერვიუდან რამდენიმე საათში ერთი უცნაური რამ მოხდა. მილიარდერთა მომავლის განხილვის შემდეგ ის ცოლთან, მელინდასთან, ერთად, სტივენ ქოლბერტის შოუში წავიდა და გულის გამაწვრილებელი აპლოდისმენტიც დაიმსახურა. მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის ახალ როლს შეგუებულმა, გონებამახვილურად შენიშნა: “ვცდილობთ, უფრო სწრაფად გავცეთ” და აუდიტორიამაც არ დააყოვნა აღტაცებული შეძახილები. სუპერმდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებით დაწყებული, წარმატებულთა ვალდებულებითა და ქალების გაძლიერებით დამთავრებული, ცოლ-ქმრის ყველა მოწოდებას გამალებული ტაში ახლდა. შოუს დასასრულს ქოლბერტი პროვოკაციულად გაეხუმრა გეიტსებს, პოლიტიკურ კარიერაზე უნდა იფიქროთო.

შეადარეთ ეს ბრონქსის შეძახილებს, რომლებიც იმავე კვირის ბოლოსკენ ნიუ-იორკში ექოსავით გაისმა, როცა Amazon-მა განაცხადა, რომ ქვინსში თავის HQ2-ის გეგმებს შლიდა. მათემატიკური გამოწვევების მქონე პოლიტიკოსებმა, რომელთაც ეს ხელშეკრულება ჩაშალეს, სამართლიანი კრიტიკის ქარცეცხლი მიიღეს პასუხად ლამის ყველასგან, თავიანთი ლოიალური მხარდამჭერების გარდა. მაგრამ ბეზოსიც არანაკლებ დაზიანდა. მისი ქონება $130 მილიარდს აჭარბებს (ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ მისი განქორწინება აღსრულდება) Amazon-ის ღირებულება კი $800 მილიარდს უდრის. რატომ უნდა მოახდინო უბადრუკი $3 მილიარდის ექსტრაგირება ნიუ-იორკისგან კორპორაციული კეთილდღეობისთვის? ჭეშმარიტი ფრიდმენისეული გაგებით, პასუხი შემდეგია: იმიტომ რომ, მას მეწილეები ჰყავს... და შეეძლო.

დაპირისპირებული რეაქციები ისეთივე მარადიულ ამერიკულ ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს, როგორიც Astor-ი და Cooper-ი და Rockefeller-ი არიან: ამერიკელები ელიან, რომ მისი მერიტოკრატიული უდიდებულესობა იმ საზოგადოების წინაშე დარჩება ანგარიშვალდებული, რომლის დახმარებითაც ის შეიქმნა.

ტრადიციულად, ეს ფილანთროპიას ნიშნავს – უკიდურესი წარმატების (სამყაროში დღეს 137 დეკამილიარდერია) შემადგენელ კომპონენტს, რომელიც, მართალია, ლამის არჩევითიც აღარაა, მაგრამ ცინიზმს მაინც იწვევს. გეიტსის თქმით, “ეს გარკვეულ რეზონანსს პოულობს იერიშში, რომ “აი, საერთოდ რატომ უნდა გეთქმოდეს სიტყვა დღის წესრიგის შედგენაში?’”

გეიტსისთვის, რომელსაც, ჩვენივე სიცოცხლეში, დიდი ალბათობით, ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელი მიენიჭება, ანგარიშვალდებულება როლის ჩამოყალიბებით იწყება: ,”ხალი იდეების აკრეფა” ან “ექსცენტრიკული თეორიები”, როგორც თავად ამბობს, მერე კი იმის დამტკიცება, რომ ეს კონცეფციები მუშაობს (ან არა), ისეთ რისკებზე წასვლა, რომელთაც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან დაფინანსებული ვერავითარი მთავრობა – ან კი კორპორაციაზე დამოკიდებული მეწილე – ვერ მოუძებნიდა გამართლებას.

მაგრამ გეიტსი იმასაც აცნობიერებს, რომ ამ ეპოქაში მოტივებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ. “თუ ავდგებით და მათემატიკის კლასს გავაუმჯობესებთ – ამბობს გეიტსი, – ხალხი ადგება და გეტყვის, მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით კატეგორიზება არ მოგიხდენიათო”. ამიტომ გეიტსი ცდილობს, საჯაროდ ანგარიშვალდებული იყოს გამჭვირვალობის მეშვეობით, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც მისი ფონდის საჯარო წერილია, თავად და მელინდა რომ წერენ ყოველ წელს. სწორედ ეს მიზეზი უდევს საფუძვლად Giving Pledge-საც, რომელშიც მსოფლიოს 189 უმდიდრესმა ადამიანმა ყველას დასანახად პირობა დადო, რომ, სულ მცირე, ქონების ნახევარს გაიღებენ, უმეტესი მათგანი კი გაცილებით ბევრის გაღებას დაგვპირდა.

მსგავსადვე, Giving Pledge-ის ხელმომწერმა, Salesforce-ის დამფუძნებელმა მარკ ბენიოფმა ანომიმურობიდან გამჭვირვალობისკენ იცვალა გეზი და თავისი სახელი დააწერა ორ საავადმყოფოს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ როლურ მოდელად იქცეს ტექნოლოგიის სფეროს ამომავალი მილიარდერებისთვის და, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ,,გზავნილი ყოფილიყო, რომ ჩვენ ხელშესახები ფორმებით ვუცხადებთ თანადგომას თემს”. და იმავეს აკეთებს თავის კომპანიაშიც – ამ “1, 1, 1” მოდელის პიონერში, რომელმაც კომპანიის სააქციო კაპიტალის 1% ტრასტში ჩადო, პლუს პირობა დადო, რომ მოგებათა 1%-სა და თავისი 35,000 თანამშრომლის დროის 1%-ს მოხალისეობრივ საქმიანობას მოახმარდა. ამ კომბინაციამ, გრანტების სახით, სამოქალაქო მიზნებისთვის $280 მილიონი და 3.8 მილიონი საათი გააჩინა.

ამგვარი მოხალისეობრივი ხელგაშლილობის იმედად ყოფნის ნაცვლად, ჯონსი, რომელმაც ფილანთროპიული კბილი ნიუ-იორკში ინოვაციური Robin Hood Foundation-ის დაფუძნებით მოიცვალა, ბოლო რამდენიმე წელია, იმაზეა ფოკუსირებული, რომ კორპორაციული ამერიკა პირდაპირ ანგარიშვალდებული ამყოფოს უკეთესი კაპიტალიზმისთვის. ჯონსმა Just Capital-ი დააფუძნა, რომელსაც 80,000-ზე მეტი ამერიკელი ჰყავს გამოკითხული, რათა ზუსტად შეფასებულ-გაზომილი წარმოდგენა შეიქმნას იმაზე, თუ რა სჭირდება კარგ კორპორაციულ მოქალაქეს. როგორც ირკვევა, ამერიკის უფრო ასაკოვანი მუშახელი დიდად არ განსხვავდება ყველაზე ახალგაზრდებისაგან და მათაც სურთ, რომ კომპანიებმა თანამშრომლებს კარგად გადაუხადონ, კარგი, გამძლე პროდუქტები გამოუშვან და გარემოსა და თემზე იზრუნონ.

Just Capital-ი ყველა მსხვილ საჯარო კომპანიას 36 კრიტერიუმით აფასებს, საუკეთესოდან ყველაზე ცუდისკენ, და წამყვან კომპანიებს Good Housekeep-ისებრ ბეჭედს ასვამს, რათა უკეთესი კორპორაციული მოქალაქეობა წაახალისოს (ერთ საიდუმლოს გავამხელ: Just Capital-ის საბჭოს წევრი ვარ, Forbes-ი კი, ყოველ შემოდგომაზე Just 100-ის წლიურ რეიტინგს აქვეყნებს). “ვერ შეძლებ იმის მართვას, რისი გაზომვაც არ შეგიძლია”, – ამბობს ჯონსი, რომლის დახმარებითაც, 2018-ის ივნისში, Just-მა ბირჟაზე ბრუნვადი $200-მილიონიანი ფონდი ჩაუშვა, რომელიც, თავის მხრივ, ჯერჯერობით S&P 500-ს ჯაბნის.

გაზომვაა ის, რაც მაქგლეშენს ამოძრავებს Rise Fund-ში, რომელსაც უჭირს სოციალურ სიკეთეებში დაბანდებული მილიარდები გაამართლოს იმ პირობებში, როცა არავის შეუძლია, განსაზღვროს, რა არის “სიკეთე”. ამავე მიზნით, Rise-მა გამოზარდა, შემდეგ კი, ამას წინათ, დამოუკიდებელ ფირმად აქცია Y Analytics-ი, რომელიც ამ პოზიტიური გავლენის გაზომვას უძღვნის თავს, ხოლო ეს გავლენა საკვანძო ნაბიჯია, კაპიტალიზმი პრობლემების გადაჭრაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული რომ გახდეს.

მსგავს წამლებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. “თუ ვერ ვიპოვით ბაზარზე დაფუძნებულ გამოსავალს, არათანასწორობის ექსპონენციური ზრდა რომ მოვაგვაროთ, მივიღებთ პოპულისტურ კანონმდებლობას, რომელიც ყოველი ლურსმნისთვის ახალ ჩაქუჩს შექმნის”, – ამბობს ჯონსი. და ის მართალია. ალექსანდრია ოკასიო-კორტეზის ერთობ პოპულარიზებული საშემოსავლო გადასახადის 70%-იანი ტარიფი მოწმობს, რამდენად არასწორად ესმით ის, თუ როგორ იქმნება ამ ქვეყანაში ქონება: მესაკუთრეობით და არა მოგებებით. ელიზაბეთ უორენის სიმდიდრის დაბეგვრას შემფასებელთა ლეგიონი დასჭირდებოდა. “ამ ყველაფერს ერთი პრობლემა ახლავს, – ამბობს ვენჩურ-კაპიტალისტი ვინოდ ხოსლა, – საერთაშორისო მობილობას აქვს ადგილი”.

პრაქტიკულად, ყველა მილიარდერი, ვისაც ველაპარაკე, აღიარებს, რომ მილიარდერებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესება გარდაუვალია. ზოგს, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს გადასახადები სასარგებლოდაც კი ესახება. გეიტსის, ბაფეტის, ხოსლასა და სხვების თანახმად, სუპერმდიდრებისგან გადასახადების ამოღების სწორი გზა ტრანზაქციის წერტილზე გადის. ეს ან მემკვიდრეობის გადასახადი უნდა იყოს, ოღონდ იმ ორაზროვნების გარეშე, დღეს რომ ამ გადასახადს უსარგებლოს ხდის, ან კაპიტალური მოგებების უფრო მაღალი გადასახადი უნდა დაწესდეს მხოლოდ უკიდურესად მდიდრებისთვის, ზრდის ჩახშობა რომ ავირიდოთ თავიდან.

და კიდევ უკეთესი – საგადასახადო კოდექსის ისე დახვეწა შეიძლება, რომ ზრდა უფრო წახალისდეს და უფრო თანასწორად გავრცელდეს. Facebook-ისა და Spotify-ს შონ პარკერის ინჟინერიით ჩაშვებული ე.წ. შესაძლებლობის ზონები უკვე ამოქმედებულია და არაჩვეულებრივ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს 50-ივე შტატის შეჭირვებულ რეგიონებს. კორპორაციული საგადასახადო ტარიფების კორექტირება შექმნილი სამუშაო ადგილების საფუძველზე (მეტი სამუშაო ადგილი, ნაკლები გადასახადები) კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი იდეაა.

თავისუფალი ბაზრის მარადიული სილამაზე განვითარების უნარში მდგომარეობს. მოდი, პროგნოზის გაკეთება ამქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ კაპიტალისტს, უორენ ბაფეტს მივანდოთ – კაცს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიის მესამედზე მეტი უცხოვრია და რომელმაც თავისი პირველი აქციები 1942 წელს იყიდა, ანუ იმ დროს, როცა სრულებითაც არ იყო წარმოუდგენელი, აშშ-ს მეორე მსოფლიო ომი რომ წაეგო: “ჯერჯერობით ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელიც ამქვეყნად დაიბადება, იქნება დღევანდელ შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვი”. დადეთ ბაფეტის, და კაპიტალიზმის, წინააღმდეგ ფსონი, ოღონდ ამ რისკზე პასუხისმგებლობა თავად გეკისრებათ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველო და აბრეშუმის დიდი გზა: მითი თუ რეალობა?

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

საქართველო და აბრეშუმის დიდი გზა: მითი თუ რეალობა?

საქართველო და აბრეშუმის დიდი გზა: მითი თუ რეალობა?

წინა სტატია

The Sky is the Limit
03 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ენერგოპარტნიორი ქვეყნები - საიდან ვყიდულობთ და ვყიდით ელექტროენერგიას
03 მაისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა