ჩაითრევს თუ არა ევროპა დანარჩენ მსოფლიოს?

ჩაითრევს თუ არა ევროპა დანარჩენ მსოფლიოს?

სანამ მედიის სათაურებში ევროპის პრობლემები ჭარბობს, ორი სხვა ამბავიც ხაზს უსვამს, თუ რატომაა ევროკავშირი სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს როგორც აშშ-სთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

ერთი ამბავი კარგადაა ცნობილი. ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა (ECB-ი) დააანონსა, რომ კონტინენტის სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკების ჭაობიდან ამოსათრევად მასშტაბურ “რაოდენობრივ შერბილებას” მიმართავს. ECB-ი იმეორებს აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და იაპონიის ბანკის შეცდომებს. ის იყიდის სამთავრობო გარანტიებს (თუმცა, თეორიულად, ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკები იტვირთავენ რისკს), რომ გაზარდოს საბანკო რეზერვები და შეამციროს საპროცენტო განაკვეთები. ნორმალურ პირობებში, ბანკებს ამის შედეგად საკუთარი დაკრედიტების გაზრდა მოუნდებოდათ, ამ “მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი” ფულის აღებითა და მისი გამრავლებით. გარკვეული დროის შემდეგ რეზერვებში ჩადებული ერთი ევრო შექმნიდა 8 ან 10 ევროს ახალ კრედიტებში. მაგრამ ახლა ასე არ მოხდება.

საპროცენტო განაკვეთი არის ის ფასი, რასაც მსესხებელი იხდის ფულის “ქირაობაში”. ფასის კონტროლი ყოველთვის ვნებს და ამახინჯებს ბაზარს. საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ სერიოზულად დაამახინჯა საკრედიტო ბაზრები მთელ მსოფლიოში, რითაც ახალ მცირე და საშუალო ბიზნესებს ადეკვატური სესხების ჯანსაღ პირობებში აღება გაურთულა. ოჯახების უმეტესობაც მსგავს სიტუაციაშია.

ახლა მივადექით ნაკლებად ცნობილ ამბავს: როგორც კი ECB-მ აშშ- ის ფედერალური რეზერვის (Fed-ი) ჩავარდნილი პოლიტიკა გადმოიღო (არაა შემთხვევითი, რომ როდესაც Fed-ი შეჩერდა და დაასრულა რაოდენობრივი შერბილება, სამუშაო ადგილების შექმნა აშშ- ში გამოსწორდა), გაჩნდა ცნობები, რომ ECB-ი ევროპული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნებს გაამკაცრებს. იმ დაწესებულებებსაც კი, რომლებიც კაპიტალის სარეგულაციო დონეს აკმაყოფილებენ, მოუწოდებენ, მათი კაპიტალის მარაგი გაზარდონ.

ECB-ის გაუცნობიერებლობა გასაოცარია. როგორ უნდა გაზარდოს ბანკმა თავისი კაპიტალის მარაგი ახალი აქციების გაყიდვითა და დივიდენდების შემცირებით, ნაკლები სესხის გაცემის პირობებში? რეგულატორები შეპყრობილნი არიან ბანკის “რისკზე მორგებული აქტივების” ზომვით. ბანკებზე დამკვირვებლების უკუღმართი ხედვით, სესხი პორტუგალიაში ნაკლებად სარისკოა, ვიდრე სესხი Apple-ისთვის. პოლიტიკური კავშირების არმქონე ბიზნესები, ე.ი. კერძო სექტორის უდიდესი ნაწილი, უსამართლო მდგომარეობაშია.

რაოდენობრივი შერბილების ამ ახალი ვარიანტით შექმნილი რეზერვების უმეტესობა ECB-ში დაბინავდება. უარესი: ECB-ი ევროპის პოლიტიკოსებს აძლევს გამართლებას, თავი აარიდონ რეალური ზრდისთვის აუცილებელ საშინაო რესტრუქტურიზაციას, გაბერილი საჯარო სექტორებისა და მძიმე საგადასახადო განაკვეთების შემცირებასა და შრომითი ბაზრის ლიბერალიზაციას.

ევროპის გასაჭირში მყოფი ეკონომიკების სტაგნაცია გაგრძელდება. როგორც საბერძნეთის არჩევნებმა აჩვენა, ეს გასაჭირი მახინჯ პოლიტიკურ შედეგებში აისახება. საფრანგეთის ქსენოფობიურმა, ფაშისტურმა ეროვნულმა ფრონტმა ბევრი ახალი მხარდამჭერი მოიპოვა. წელს, მოგვიანებით ესპანეთში ჩასატარებელ არჩევნებშიც თითქმის გარდაუვალია რადიკალების დომინირება. მაისის არჩევნებმა ბრიტანეთში შესაძლოა ბიძგი მისცეს მოვლენების ჯაჭვს, რომელიც მოჩვენებათა კუნძულს ევროკავშირიდან გამოსვლამდე მიიყვანს.

ობამას უპასუხისმგებლობა ყველას საფრთხეში გვაგდებს

1950-იანებში, ბრიტანელმა მწერალმა და საზღვაო სამხედრო ისტორიკოსმა ს. ნორთქოტ პარკინსონმა შეამჩნია უცნაური კანონზომიერება, როდესაც იკვლევდა, თუ რა მოუვიდა ბრიტანეთის ფლოტს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სამხედრო აქტივობის დასრულებიდან ცოტა ხანში ფლოტის ზომა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამავდროულად დაიწყო საპირისპირო პროცესი: ბიუროკრატიის მიერ ფლოტის გაბერვა. პარკინსონმა მიაგნო ტრუიზმს: ორგანიზაციის ზომა არაა დაკავშირებული იმ სამუშაოს რეალურ მოცულობასთან, რაც აბარია.

პარკინსონის კანონი დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტშიც მუშაობს. თავდაცვის ანალიტიკოსმა მაკენზი იგლენმა ამას წინათ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ “2009 წლიდან პენტაგონის სამოქალაქო პერსონალი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა… მაშინ როცა აქტიურ მისიაზე მყოფი სამხედრო პერსონალი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. ამავდროულად, სამხედრო აღჭურვისა და შეიარაღების ათეულობით პროგრამა გაუქმდა”. მძიმე გლობალური ტენდენციების ფონზე, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით სულელური და სახიფათოა. სამხედრო მეთაურები, მშვენივრად ახსოვთ რა, რომ სამოქალაქო ოფიციალურ პირებს ექვემდებარებიან, თავიანთი უკიდურესი წუხილის შესახებ ძალზე დელიკატურად გვამცნობენ.

რესპუბლიკელების ხელში მყოფ კონგრესსაც კი გაუჭირდება, პრეზიდენტი აიძულოს, მეტი რესურსი დაუთმოს ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, მაგრამ ვალდებულია, ეცადოს. სულ უფრო მეტ დემოკრატს ეხილება თვალი ობამას უცნაურ და უპასუხისმგებლო ქცევასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. სირცხვილს იწვევს კონტრასტი ISIS-ის მიერ იორდანიელი პილოტის ბარბაროსულ მკვლელობაზე იორდანიის მეფე აბდულას რეაქციასა და ამერიკელი ჟურნალისტისთვის წინა ზაფხულში თავის მოკვეთაზე ბარაკ ობამას რეაქციას შორის (სინანულის მოკლედ გამოხატვის შემდეგ ჩვენი მთავარსარდალი სწრაფად გაეშურა ხუთი საათის განმავლობაში გოლფის სათამაშოდ). კონგრესის მოქმედების საჭიროება დრამატულად იზრდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და ნიგერიაში მდგომარეობის დამძიმება და ისლამური ტერორიზმის გავრცელება გრძელდება.

ამას წინათ, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე, სენატორმა ჯონ მაქკეინმა (რესპუბლიკელი – არიზონა) ობამას თავდაცვის მდივნობის კანდიდატს, ეშტონ კარტერს ჰკითხა, აქვს თუ არა ადმინისტრაციას ISIS-თან შებრძოლებისა და დამარცხების სტრატეგია, და თუ აქვს, როგორია ეს სტრატეგია. საწყალი კარტერი სრულიად დაიბნა. ნათელია, პასუხი ის იყო, რაც ყველამ უკვე დიდი ხანია იცის: ობამას არანაირი გეგმა არა აქვს. და ეს მთელმა მსოფლიომ იცის.

ელექტროსიგარეტების უსაფუძვლო დევნა

ცრურწმენები ცოცხალია. არა იმ ტიპის, რითაც სპორტსმენები არიან ცნობილი, არამედ ბევრად საშიში: იმ ტიპის, რომლებიც მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას, და რომლებიც საუკუნეების წინ ალქაჯებზე ნადირობას განაპირობებდა. ერთი მაგალითი: უცნაური ომი, რომელსაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტრონული სიგარეტების წინააღმდეგ აწარმოებენ. ელ- სიგარეტები ღვთიური საჩუქარი იყო ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდოდათ, მოწევისთვის თავი დაენებებინათ, ან სულაც არ შეხებოდათ ეს ცუდი ჩვევა. ეს ხელსაწყოები არ ქმნის ბოლს – მხოლოდ ორთქლს – მაგრამ ადამიანს ნიკოტინისგან მიღებულ სიამოვნებას ანიჭებს, ფილტვების მოსპობის გარეშე.

ტინეიჯერებს შორის მოწევის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა 1975 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ ადამიანების გამოკითხვა დაიწყო. არაა შემთხვევითი, რომ ელექტროსიგარეტების მოხმარება ტინეიჯერებში მნიშვნელოვნად გახშირდა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ მიესალმებოდნენ, როგორც მოწევის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტიან საშუალებას, რაც ოდესმე შექმნილა, ელექტროსიგარეტს ეპყრობიან როგორც ეშმაკისეულ ხელსაწყოს, რომელიც თამბაქოში გაუცნობიერებელთა ანკესზე წამოსაგებად არის გამიზნული და მომხმარებლის ჯანმრთელობას საშინელ საფრთხეს უქმნის. ბოლო მაგალითია კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განყოფილების ანგარიში, “საზოგადოებრივი ხიფათი ჯანმრთელობას”, სადაც აპოკალიფსურად ხატავენ ელ- სიგარეტებს და მათი მოხმარების შესამცირებლად გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუხმობენ.

ირკვევა, რომ ეს ანგარიში სამეცნიერო თვალსაზრისით ნაგავია: მასში დამახინჯებულია ფაქტები, სამეცნიერო ნაშრომები უკონტექსტოდაა ციტირებული და მრავლადაა ურცხვი ტყუილი. ჯანმრთელობის ექსპერტი სალი სეტელი ლაკონიურად და დაწვრილებით ამსხვრევს ამ ვითომ-მეცნიერების აშკარა მაგალითს Forbes.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში: “საოცარია, რომ საჯარო სააგენტო, რომელსაც კალიფორნიის მოსახლეობის ჯანმრთელობა აქვს მინდობილი, ასეთ ცალმხრივ, მეცნიერულად უვარგის დოკუმენტს ავრცელებს”.

ვაი რომ კალიფორნია არ არის გამონაკლისი ამ უსაფუძვლო თავდასხმებში. ამ ისტერიაში ჯანდაცვის სხვა უწყებების ოფიციალური პირებიც ერთვებიან. მრავალი ქალაქი და შტატი სიგარეტებზე არსებული შეზღუდვების მსგავს შეზღუდვებსა და აკრძალვებს აწესებს ამ სიცოცხლის გადამრჩენელ მოწყობილობებზე. პოლიტიკოსები კი მათზე სადამსჯელო გადასახადების შემოღებას ითხოვენ.

ქვეყნის ახალი მთავარი მედიკოსი, დოქტორი ვივეკ მურთჰი, სამართლიანად აღნიშნავს, რომ ელექტრონული სიგარეტების საკითხში “სიცხადის უკიდურესი აუცილებლობა” არსებობს. თუ ფაქტებზე დაფუძნებულ, არაისტერიულ მიდგომას ავირჩევთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ არ გქონდეთ იმედი, რომ რამე მსგავსი მოხდება. მოწევის მოწინააღმდეგე ჯვაროსნების ფანატიკურ შემართებას ობიექტური მეცნიერება ვერ შეაჩერებს. მიზეზი? ელ-სიგარეტები მეტისმეტად წააგავს ნამდვილს – ეს იგივეა, რაც იდიომატური ხარის თვალწინ წითელი ტილოს ფრიალი. არსებობს მეორე ფაქტორიც: არატოლერანტული, პურიტანული აზროვნება, რომელიც შეურაცხყოფილია იმით, რომ ელ- სიგარეტები სიგარეტებისგან თავის შეკავებას ან მათთვის თავის დანებებას მეტისმეტად აადვილებს. ამ მიდგომით, მოწევაზე უარის თქმა უნდა ნიშნავდეს ტკივილს და არა სიამოვნებას!

იმის მაგივრად, რომ ფოკუსირება აზრიან გაიდლაინებზე მოახდინონ, რომლებიც ელ- სიგარეტების უსაფრთხო და საიმედო წარმოებას უზრუნველყოფს, ანტიმწეველი ჯიჰადისტები კავდებიან იმით, რაც ტოტალური გადაბუგვის სამხედრო ტაქტიკას ჰგავს. თამბაქოს ყველა ნაწარმს აღიქვამენ თანაბარ ბოროტებად – სამეცნიერო თვალსაზრისით მცდარი მიდგომა – და ყველაფერი, რაც წააგავს სიგარეტებს, კუპრისა და ბოლის გარეშეც, უნდა ჩაკლან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *