“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

ციფრული მარკეტინგის ქართულმა სააგენტო “რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ განაცხადა. “რედბერი” მოზიდულ ინვესტიციას კლიენტებთან მეტი ინტეგრაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სრულფასოვან სააგენტოდ გარდაქმნისთვის გამოიყენებს. 

მოზიდული რესურსი სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, არსებულ სერვისებს ახალი სერვისები დაუმატოს და მათი ეფექტური ინტეგრაციით ბაზარზე სრულიად უნიკალური შეთავაზება გააკეთოს – ინოვაცია, როგორც სერვისი. “რედბერიში” შეიქმნება ციფრული ინოვაციების სრულყოფილი შიდა ეკოსისტემა, რაც აერთიანებს: კრეატიულ საკომუნიკაციო სერვისებს, ციფრული პროდუქტების დიზაინსა და დეველოპმენტს, კონტენტის ფროდაქშენს, ციფრულ გაყიდვებს, მედიადაგეგმარებასა და საკონსულტაციო სერვისებს. 

შექმნილი ეკოსისტემა სრულიად ხელმისაწვდომი იქნება “რედბერის” კლიენტებისთვის, რაც სააგენტოს მათთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს. კლიენტებთან ბიზნესპარტნიორობის გზით “რედბერი” შექმნის ახალ ციფრულ პროდუქტებს და განავითარებს გაყიდვის ციფრულ არხებს. მოზიდულ ინვესტიციას “რედბერი”, ასევე, გამოიყენებს ახალი ციფრული სტარტაპების შექმნისა და განვითარებისთვის. 

ლევან კეცხოველი – “რედბერის” მმართველი პარტნიორი: “ძალიან მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედგა და თავის მხრივ, ეს შეთანხმება საუკეთესო პრეცედენტია ჩვენს ინდუსტრიაში, ქვეყნის წამყვანმა საინვესტიციო კომპანიამ, ინვესტიცია ჩადოს ინტელექტუალურ რესურსში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და წინსვლისთვის. ბოლო წელი განსაკუთრებით  შედეგიანი აღმოჩნდა “რედბერისთვის”. ჩვენს მიერ განხორციელებულმა კამპანიებმა უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო საერთაშორისო ასპარეზზე. შექმნილმა  გადაწყვეტებმა კი რთული პრობლემები წარმატებით გადააჭრევინა და ბიზნესის ხელშესახები ზრდა მოუტანა ჩვენს კლიენტებს. ასეთი მომენტუმის დროს, მჯერა, ეს სწორედ ის სინერგიაა, რომელიც ფრთების კიდევ უფრო ფართოდ გაშლაში დაგვეხმარება და თითოეულ რედბერელს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. “რედბერის” სწორედ თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმი, ენერგია და ენთუზიაზმი ქმნის.  

“მოზიდული ინვესტიცია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. შევძლებთ, გავხდეთ სააგენტო, რომელიც კლიენტებს წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის სერვისების სრულყოფილ სპექტრსა და ურთიერთობის პარტნიორულ მოდელს შესთავაზებს.  ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ბაზრისთვის ძალიან დროული და სასარგებლო მოვლენა იქნება. მომხმარებლები ბრენდებისგან სულ უფრო და უფრო მეტად მოელიან იმავე ხარისხის გამოცდილების მიღებას, როგორსაც ტექნოლოგიური გიგანტებისგან იღებენ. შესაბამისად, ტრადიციული ბრენდების სწორი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება”, – განაცხადა “რედბერის” მმართველმა პარტნიორმა გაგა დარსალიამ. 

ირაკლი გილაური: “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი: “მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ “საქართველოს კაპიტალი” წარმატებით შევიდა სწრაფად მზარდ ციფრულ სექტორში. ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებში ინვესტიცია კარგად თავსდება ჩვენს პორტფელთან და გვაძლევს ციფრული შესაძლებლობების განვითარების საშუალებას ჩვენს ბიზნესებში. “რედბერის” მენეჯმენტის გუნდთან თანამშრომლობით მოველი არსებული სტრატეგიული ხედვის აღსრულებას და დივერსიფიცირებული ბიზნესმოდელის შექმნას, რომელიც სხვადასხვა ციფრულ სერვისებს გააერთიანებს”. 

“რედბერის” შესახებ:

“რედბერი” 2014 წელს დაარსდა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ციფრული მარკეტინგული სააგენტოა საქართველოში. სააგენტო მომსახურებას უწევს წამყვან ქართულ კომპანიებს ეკონომიკის მრავალ სექტორში.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *